ხმლით ჭრა: იოკომენ უჩი

მეთოდში და, ზოგადად, აიკიდოში, შომენითა და იოკომენით შესრულებული ჭრები ისწავლება, როგორც ორი განსხვავებული შეტევა ხმლით.

არადა განსხვავება, რომელიც შომენ უჩისა და იოკომენ უჩის შორის არსებობს, არ მდგომარეობს განზრახვაში, გააკეთო შომენი ან განზრახვაში, გააკეთო იოკომენი. აქ არ იგულისხმება ორი განსხვავებული რამ, როგორც დილით წყვეტს ხოლმე ადამიანი, ჩაი დალიოს თუ ყავა.

განვმარტავ.

შომენ უჩი ხმლით სრულყოფილად ვერტიკალურ ჭრას ნიშნავს. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ მაშინაა შესაძლებელი, როცა დარტყმის დროს დგომი არ იცვლება. თუ მე ისეთ პოზიციაში ვარ, რომ შემიძლია ისე დავუშვა ჩემი ხმალი, რომ არც წინ და არც უკან ნაბიჯი არ მქონდეს გადასადგმელი, მაშინ ვერტიკალი შეიძლება იყოს სრულყოფილი და ამის გამო ამ ჭრას შომენი დაერქმევა.

სამაგიეროდ, თუ მანძილი ისეთია, რომ სამიზნემდე მისაღწევად თეძოების შენაცვლება მჭირდება და ამას, მაგალითად, წინ გადადგმული ნაბიჯით ვაკეთებ, მაშინ ჰანმის ამ ცვლილებასთან დაკავშირებული ბიომექანიკური ელემენტი გავლენას ახდენს და ცვლის მოძრაობას.

რადგან უკანა თეძოს წინისაკენ, ხოლო წინა თეძოს უკნისაკენ სინქრონული გადასვლა ხერხემლის გარშემო უცილობლად მოხაზავს წრიულ მოძრაობას, რომელსაც, ცხადია, მცირე, მაგრამ მაინც საკმარისი ამპლიტუდა ექნება საიმისოდ, რომ გადაეცეს ძვალთაშორისი ბმებისა და კუნთოვანი კავშირების გავლით სხეულის ზედა ნაწილს, რომელსაც ხმალი უჭირავს. როდესაც ხმალი ქვევით ეშვება ზუსტად ამ მომენტში, ერთადერთი რამ ხდება, მოიხაზება ის ძალიან მსუბუქი კუთხე, რომელიც სრულიად აუცილებელი შედეგია თეძოების შეცვლით გამოწვეული საწყისი ტრიალისა.

სწორედ ამას ეწოდება იოკომენი და მხოლოდ და მხოლოდ ამას.

მაშასადამე, განსხვავება იოკომენსა და შომენს შორის თავისუფალი არჩევანის შედეგი არ გახლავთ « იოკომენის დარტყმასა » და « შომენის დარტყმას » შორის, მას განაპირობებს მხოლოდ და მხოლოდ თეძოების შენაცვლებისაგან გამოწვეული სხეულის შებრუნება გარკვეული კუთხით. სწორედ ამიტომაც სხეულის კუთხე, რომელსაც ის იოკომენიანი ხმლის დროს იღებს ხოლმე, აუცილებლად უმნიშვნელოა: იმიტომ, რომ ის თეძოების შენაცვლებასთანაა დაკავშირებული და სხვა არაფერთან.

აქედან გამომდინარე, მეხსიერებაში უნდა ჩავიბეჭდოთ შემდეგი წესი: თუკი წინა და უკანა თეძოები იცვლება, ხმლით ჭრა აუცილებლად იოკომენი იქნება.

სიმეტრიული წესიც ასევე ღირებულია: თუკი წინა და უკანა თეძოები არ იცვლება, ხმლით ჭრა აუცილებლად შომენი იქნება. მართლაც, იოკომენით ჭრა თეძოების შეუნაცვლებლად იგივე იქნებოდა, ჭრა რომ გაგვეკეთებინა კუთხით, რომელიც არ წარმოადგენს აუცილებლობას, რომელიც არ გამოდის თეძოების მოძრაობისაგან და სადაც ხელები სხეულის ქვედა ნაწილისაგან დამოუკიდებლად იმოძრავებდა. ეს კი აიკიდოში არ შეიძლება, ეს დამწყებთა კლასიკური შეცდომა გახლავთ, რომლებიც ხმალს თავიანთ თავების ზემოთ ხელების გრძელ-გრძელი მოძრაობებით იქნევენ და ამით წისქვილებს მოგვაგონებენ, რადგან მათ შომენისა და იოკომენის ერთიანობა არ ესმით.

სინამდვილის შესაბამისი იქნებოდა თქმა, რომ იოკომენი სხვა არაფერია, თუ არა თეძოების შენაცვლებისას გაკეთებული შომენი. და ის ჭეშმარიტება, თუკი თავს ძალას დავატანთ და დავუკვირდებით, რომ იაპონურ ხმალს ერთადერთი ჭრა აქვს, რომლის ანგულაციაც შეიძლება შეიცვალოს რამდენიმე გრადუსით, მაგრამ ეს მხოლოდ ბიომექანიკასთან დაკავშირებული საჭიროების გამო ხდება და არა ხმლიანი ადამიანის « გადაწყვეტილებით », გარკვეული კუთხე მისცეს თავის ჭრას.

ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან ამით აიკიდოს ორ ფუნდამენტურ იდეას ვუახლოვდებით:

  • პირველი ის გახლავთ, რომ ტექნიკა ერთი და განუყოფელია და რომ მხოლოდ შესრულების ყაიდას შეუძლია გააჩინოს ილუზია მისი ნაირგვარობისა. აიკიდო ღაღადებს „ერთიანობას“ და ჭრაც აიკიდოში ერთადერთია.
  • მეორე კი ეს გახლავთ, რომ ადამიანი არ ირჩევს ყველაზე შესაფერის საბრძოლო ტექნიკას (რაკი იოკომენი მართლაც შომენზე უფრო შესაფერისი შეიძლება იყოს გარკვეულ სიტუაციებში), სწორედაც პირიქით, ტექნიკა ხდება მისთვის აუცილებელი მისი სურვილისაგან დამოუკიდებელი კრიტერიუმების შესაბამისად, რომელიც ამასთან ყველაზე სწორ პასუხს სთავაზობს იმ კერძო პრობლემაზე, რომელთანაც ისაა შეჭიდებული.

და შორს არაა აქედან იდეა, რომ სამყაროსთან ჰარმონიაში მყოფი ადამიანი მხოლოდ იმას აკეთებს, რომ მთელ თავის არსში უშვებს ძალას, რომელიც მას უზომოდ აღემატება, რომლის გაქანებაც იმდენად მიდის მასთან, რაოდენი ზეადამიანური აუცილებლობაც აქვს მას, მაგრამ რომელიც იმდენად გამოიხატება მისი გავლით, რამდენადაც არ ცდილობს ის, საგანთა ბუნებრივ დინებას შეეწინააღმდეგოს თავისი უადგილო და მოუხერხებელი სურვილებით.

აი, როგორ ვიგებთ უკეთ ადამიანის ადგილს სამყაროში ხმლით ჭრის ერთი უბრალო ტექნიკის მაგალითზე.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის ოქტომბერი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/xmlit-chra-iokomen-uchi
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)