ვის ეკუთვნის სიტყვა?

სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალის Aikido journal 30-ე და 31-ე ნომრებში. მადლობა ჟურნალს, რომ ნება დაგვრთო განგვეთავსებინა ის TAI-ს საიტზე.

„აიკიდოს სხვადასხვა მიმდინარეობების“ მესვეურები – გამოთქმა თავისთავად არასწორია, მაგრამ მეც ვიყენებ ამას აზრის გადმოცემის გასაიოლებლად – სულ უფრო და უფრო ხშირად დაიმოწმებენ ხოლმე მორიჰირო საიტოს სწავლებას. ისე ხშირად, რომ უკვე მიკვირს.

ცხადია, მიხარია, რომ ამგვარი მრავალჯერადი დამოწმებებით აღიარებული იქნა ჩემი მასწავლებლის სწავლების მნიშვნელოვნება ო-სენსეის აიკიდოს თაობიდან თაობისთვის გადაცემის საქმეში. მაგრამ ეს სულ ახალი აღმაფრენა აუცილებლად უნდა შევადარო იმ სკეპტიციზმს, რომლითაც ზურგი მაქციეს ივამადან დაბრუნებულს 80-იან წლებში. ეს ის ხანა იყო, როდესაც იაპონიიდან ჩემს ბარგთან ერთად ჩამოვიტანე აიკი კენის, აიკი ჯოსა და ბუკი ვაზას ცნებები, ხანა, როდესაც გულუბრყვილოდ მჯეროდა, რომ ეს ცოდნა საკმარისი აღმოჩნდებოდა სიწრფელით შემეცვალა აიკიდოს ის კონცეფცია, რომელიც მაშინ მეფობდა როგორც საფრანგეთში, ისე სხვაგან.

ძალიან დიდი დრო დამჭირდა, ვიდრე ჩვენი უძველესი ხალხური სიბრძნის არსს ჩავწვდებოდი – წყალს ნუ დაალევინებ იმ ვირს, რომელსაც არა სწყურიაო.

დღეს მეტი თავმდაბლობაც მაქვს სხვებისთვის რამის მიხვედრინების უნარის თაობაზე და ვიცი, რა უნდა ვილაპარაკო. და როდესაც ვკითხულობ, მაგალითად, აიკიდო ჯორნალის უკანასკნელ ნომერში ჩემი ამხანაგის, ჟერარ ბლეზის მცდელობას, გაარკვიოს, თუ რა არის მთავარი ო-სენსეის აიკიდოში, ვფიქრობ, არ ღირს კაცმა ყველა შანსი სცადოს საიმისოდ, რომ ყველამ გაუგოს, როცა ის სიტყვით გამოდის. მთავარი, როგორი გულით აკეთებს ის ამას.

მე ვიზიარებ იმ მთავარ პუნქტს ჟერარის ამ ინტერვიუში, რომელიც შემდეგნაირად შეიძლება ჩამოყალიბდეს: ო-სენსეის გარდა დღემდე აიკიდო არავის გაუკეთებია. არავის არ ჰქონია ფუძემდებლისნაირი გამოცდილება. სწორედ ამიტომ მიდის აიკიდო დღეს სრულიად სხვადასხვა მიმართულებით, თითოეულის ინტერპრეტაციის, უნარის, გემოვნებისა და გაგების მიხედვით.

ვიზიარებ იმ ხედვასაც, რომ მიუხედავად იმ სირთულისა, რაც იმის გაგებას სჭირდება, თუ რა შექმნა და რას დაარქვა აიკიდო ო-სენსეიმ, საბედნიეროდ, შეიძლება ითქვას, რომ იმედი გადაწურული არ არის და არსებობს გარკვეული ბილიკები, რომლებითაც შეიძლება იმ გზის გავლა, რომელიც მან გაკვალა ჩვენამდე. არა ვართ განწირულები საიმისოდ, რომ გზა აგვებნეს.

და ამ მხრივ, მეც მასავით ვფიქრობ, რომ შეუძლებელია აიკიდოს მიუახლოვდე, თუ არ გესმის ის მიმზიდველი ძალა, რომელიც, როგორც ო-სენსეი ხსნიდა ნათლად, ჭეშმარიტი ბუდოს წყაროა: როგორ მოვიტყუოთ მეტოქე და როგორ შევიპყროთ შეუმჩნევლად მისი სული და გონება მთელი სხეულის მოძრაობით, როგორ წარვუძღვეთ იქით, სადაც მას თავისი შეტევა ჰგონია, მაგრამ, სინამდვილეში ეს სხვა არაფერია, თუ არა მახე, რომელშიც ჩვენი მოძრაობა აბამს მას.

მეც ჟერარივით ვარ დაწრმუნებული, რომ მოწინააღმდეგის მოზიდვის უნარის საქმეში უმთავრესი დაბრკოლებები უკეს ხელოვნურად შექმნაში მდგომარეობს. თანამედროვე აიკიდომ უკეს სტატისტის როლი მიანიჭა და ასწავლა და მთელი მისი დანიშნულება ნაგეს მოძრაობის წარმოჩინებაში მოაქცია. ნაგეს ლამაზი როლი ხვდა წილად მემკვიდრეობით. უკე კი აღარაა დაპირისპირებული მხარე და წინმსწრებ რეაგირებას ახდენს გამომდინარე იქიდან, რომ იცის, თუ რომელი ილეთი შესრულდება. და თუკი ეს მონდომებული თანამშრომლობა ორი პარტნიორის მიერ გამართული სანახაობის სახეს აჩენს – და პარტნიორის ცნება აქ სრულ დატვირთვას იძენს – სინამდვილეში ხელს უშლის ნაგეს თავისი ჭეშმარიტი დანიშნულებით გამოიყენოს ესა თუ ის ილეთი, რაც აუცილებელი თვისებების აღმოჩენასა და განვითარებაში მდგომარეობს და რაც ბოლოს და ბოლოს აიკიდოზე ლაპარაკის საშუალებას მოგვცემდა.

ჟერარ ბლეზს მისი დასკვნების უმრავლესობაში ვეთანხმები, მაგრამ ვერაფრით ვერ ვიქნები მისი თანამეგზური, როდესაც ის იაღარის სფეროში გადადის. და ახლავე ავხსნი, რატომაც.

პრეამბულად მინდოდა მეთქვა, რომ ჰიკიცუჩი სენსეი არ ასწავლიდა აიკიდოს ბოს მეტოქის წინააღმდეგ, იმიტომ რომ საბრძოლო ლოგიკა არ ესმოდა იმ მოძრაობებისა, რომელთაც თვითონ ასრულებდა. მინდოდა მეთქვა ისიც, რომ ჰიკიცუჩი სენსეი არ ხმარობდა აიკი კენს, იმიტომ რომ ო-სენსეის მისთვის არასოდეს მიუცია ცოდნა ამ სფეროში. ისიც მინდოდა მეთქვა, რომ...

თუმცა არა, რასაკვირველია, ამ ყველაფერს არ ვიტყვი. არ ვიტყვი ამ ყველაფერს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ მე არავითარი კვალიფიკაცია არა მაქვს ვილაპარაკო ჟერარ ბლეზის მასწავლებელზე, რომელსაც არასდროს შევხვედრივარ.

ჰოდა მინდა, რომ ამ უწყინარმა და უბოროტო თვალის ჩაპაჭუნებამ მიახვედროს ჩემი ამხანაგი ჟერარი მიახვედროს, თუ რამდენად სისულელედ მეჩვენება მისი მსჯელობა იმის შესახებ, თუ რა ისწავლა საიტო სენსეიმ ო-სენსეისაგანა აიკი კენსა და აიკი ჯოში.

რაღაც შემთხვევებში უნდა იცოდეს კაცმა, ვის უნდა ეკუთვნოდეს სიტყვა. ჟერარ ბლეზი არ არის საიტო სენსეის მოწაფე და არ იცნობს მას, ისევე როგორც მე არ ვიცნობ ჰაკიცუჩი სენსეის. ის ისე არ იცნობს მორიჰირო საიტოს ცხოვრებას და ფუძემდებლისგან მიღებულ გამოცდილებას, რომ განსაჯოს და თანაც ასე გადაჭრით, როგორც პასუხობს იგი აიკიდო ჯორნალის ერთ-ერთ ასეთ შენიშვნას:

აჯ: საიტო სენსეი ყოველთვის ვარჯიშობდა იარაღით ო-სენსეისთან ერთად. ჟბ: მთლად ეგრეც არ არის.

ჟერერის მიერ მოხმობილი არგუმენტები მხოლოდ და მხოლოდ საიტო სენსეის 1985 წელს იტალიაში მიცემულ ინტერვიუს და მისი სიტყვების მეტად მიკერძოებულ ინტერპრეტაციას ემყარება.

საიტო სენსეი არ ამბობს, ო-სენსეისთან იარაღში არ ვვარჯიშობდიო, ის სრულიად საპირისპიროს ამბობს: ივამაში ის უშუალოდ ო-სენსეისთან ვარჯიშობდა და თანაც რეგულარულად, კენით კენის წინააღმდეგ, ჯოთი ჯოს წინააღმდეგ და კენით ჯოს წინააღმდეგ. წყვილში იარაღის პრაქტიკისას ო-სენსეი, რასაკვირველია, უხსნიდა თავის პარტნიორს, საიტოს, ყველა ამ სიტუაციის ლოგიკას და იმას, თუ რატომ იყო საჭირო ასეთი და ასეთი გადაადგილება, ანდა ასეთი და ასეთი მოძრაობა ამა და ამ ვითარებაში. საიტომ ფუძემდებლისგან ისწავლა იარაღის ხმარება პირადი ვარჯიშებით და ეს ვარჯიშები 20 წელზე მეტი ხანს გრძელდებოდა. მაგრამ ჟერარ ბლეზის კითხვისას ეს ოცწლიანი პრაქტიკა არ ჩანს და გამოდის, საიტო სენსეის ერთ მშვენიერ დილას გაღვიძებია და აიკი კენისა და აიკი ჯოს ხმარების წესები გამოუგონია, მაშინ როცა ო-სენსეი თავის ბაღში რაღაცეებს მარგლავდა.

მართალია, და საიტო სენსეი ამას მუდამ უხსნიდა იმათ, ვისაც ყურის დაგდება და გაგება უნდოდა, რომ კუმიტაჩებს და კუმიჯოებს სწორედ მან მისცა ის ფორმა, რაც მათ დღესა აქვს. მაგრამ ასევე ყოველთვის განმარტავდა, რომ მან მხოლოდ პროგრამის ჩარჩოები შეიმუშავა, შიგთავსი კი მას არ გამოუგონია, ჰაერიდან არ მოუტანია.

რასაც გაკვრით ამბობს 1985 წლის ინტერვიუში, მაგრამ რაც ასჯერ მაინც უამბნია დეტალურად ყველა ივამელი უჩი დეშისთვის, ისაა, რომ ო-სენსეის სწავლება უშრეტ და სასწაულმოქმედ შადრევანს ჰგავდა. ამ შადრევნის ნაკადები ო-სენსეის უდაოდ გენიალური შთაგონების დინებას მიუყვებოდა და სრულიად ვერგანჭვრეტადი და უსარგებლო იყო იმისთვის, ვინც ყოველდღიურად მის გვერდით არ იდგა. თვით ამ უკანასკნელისთვისაც არ იყო იოლი საქმე ამ შემოთავაზებული ცოდნის დაჭერა.

საიტო სენსეი განმარტავდა, რომ ამ გაკვეთილების დროს ო-სენსეი არ კმაყოფილდებოდა მხოლოდ ნაცნობი რაღაცეების კეთებით, პირიქით, ცვლიდა, აშორებდა ან უმატებდა ახალ ხერხებს კენისა და ჯოს ხმარებაში. შუა კვლევა-ძიებაში იყო. სინამდვილეში სწორედ მაშინ აზუსტებდა თავის ხელოვნებას. და სწორედ ის ანიჭებს საიტო სენსეის განსხვავებულობას და რეპუტაციას აიკიდოს იარაღის სფეროში, რომ იგი აქტიური და მოქმედი მოწმე გახლდათ კრეაციის ამ ფაზისა: აიკი კენისა და აიკი ჯოს დაბადებისა, ანუ იმ მომენტისა, როცა კენი და ჯო პირველად იქნა გამოყენებული აიკიდოს კანონების მიხედვით. რადგან ეს პრაქტიკა, ცხადია, იმის ნაწილს შეადგენდა, რასაც ო-სენსეი დებდა აიკიდოს კონცეფციაში. ეს არ გახლდათ რაღაც ბუნდოვანი „დამატება“, როგორც ამას თანამედროვე უტვინობა ღაღადებს,რომელიც იქამდე მივიდა, რომ დაუფიქრებლად აცხადებს, აიკიდო მთლიანობაა და მთლიანობის შევსება რამის დამატებით შეუძლებელიაო.

ჯეელი საიტოს ტვინისთვის მიწოდებული ინფორმაციის სიუხვეს, ცხადია, სრულიად არ ჰქონდა სისტემატური და მოწესრიგებული ხასიათი. ეს იყო უშრეტი და ანარქიული შადრევანი, რომლის მდინარებასა და არზსაც მხოლოდ და მხოლოდ ო-სენსეი იჭერდა. საიტო მიხვდა – და მე ვფიქრობ, სწორედ ამაშია მისი წილი გენია – რომ ის ვერასდროს ვერ მოიხელთებდა ცოდნის ამ სიმდიდრეს, ვერასდროს გარს ვერ შემოუვლიდა და ვერ ჩასწვდებოდა, თუ არ მოუყრიდა თავს ამ ყველაფერს, არ დაალაგებდა, დააჯგუფებდა და მოაწყობდა ირგვლივ გაფანტულ ამ ცოდნას.

ამ განსაკუთრებულ კონტექსტში – როგორც თვითონ ამბობს მოკრძალებით „უკეთ გაგებისათვის“ – სთხოვა ო-სენსეის ნებართვა სისტემაში მოექცია ის მრავალრიცხოვანი ფორმები, რომელთაც ფუძემდებელი მის თვალწინ ასრულებდა ყოველ დილას. ამ უკანასკნელმა მისცა თანხმობა აიკი კენისა და აიკი ჯოს ზემოხსენებული მეთოდის დამუშავებაზე.

ო-სენსეის ეს მკაფიო თანხმობა ასევე შეადგენს იმ პუნქტების ნაწილს, რომლებიც ან არ იცის, ან მხედველობიდან გამორჩა ჟერარ ბლეზს. ეს სულაც არ იყო მინდობილობა, რომელიც საიტოს ყველაფერის გამოგონების ან ნებისმიერი რამის შეთხზვის საშუალებას მისცემდა. სწორედ აქედან გამოსჭვივის ო-სენსეის გონებაგამჭრიახობაც – ხვდებოდა, რომ მომავალი თაობებისთვის აიკიდოს გადასაცემად აუცილებელი იყო, ეს ცოდნა გარკვეულ ფორმებში ყოფილიყო მოქცეული, მაგრამ, საკუთარი ტემპერამენტიდან გამომდინარე, არ შეეძლო, თავი ამ საქმისთვის მიეძღვნა და გადაწყვიტა პასუხისმგებლობა გაენაწილებინა სანდო მოწაფისთვის, რომელსაც პირიქით – თავისი ტემპერამენტით უნარი შესწევდა სწავლების მთელი სისტემა აეგო. მაგრამ სწავლების ეს სისტემა საზრდოს ივამაში ო-სენსეისა და საიტოს ყოველდღიური პრაქტიკის ნოყიერი ნიადაგიდან იღებდა და მთელი მისი არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს. აი ერთ-ერთი პუნქტი, რომელიც ჟერარ ბლეზის ინტერვიუს აკლია, იმიტომ რომ ის საიტო სენსეის მხოლოდ და მხოლოდ ერთი მოკლე ინტერვიუს ერთი პატარა ნაწყვეტით თუ იცნობდა.

მე თუ არ ვეთანხმები ჩემს ამხანაგ ჟერარს იმაში, თუ როგორ ერთი ხელის მოსმით უსვამს ხაზს იმ გარემოებებს, რომლებშიც იშვა აიკიდოს იარაღის სწავლების მეთოდი, რითაც იარაღის საფუძველისა და არსის გაგებაა შესაძლებელი, კიდევ უფრო არ ვეთანხმები იმ პედაგოგიურ პოზიციაში, რომლითაც თავის ცოდნას გადასცემს მომავალ თაობებს.

რადგან ამ ინტერვიუში იმის განცხადების შემდეგ, რომ აიკიდოში იარაღი არარსებული რამაა, ჟერარი უცნაურად იწყებს იმის ახსნას, რომ ბოთი ვარჯიში მაინც საჭიროა აიკიდოში, მაგრამ აქ ადამიანმა უნდა ივარჯიშოს მარტომ.

ამ ურთიერთგამომრიცხავ აზრთა პარადოქსის მიღმა, რომელზეც არ მინდა, დიდხანს შევყოვნდე, არის ერთი უფრო სიღრმისეული პრობლემა. მართლაც, როდესაც ხედავენ, სადამდე მიიყვანა „სიცარიელეში“, უმეტოქეოდ გამეორებამ ისეთი მოძრაობებისა, როგორებიცაა სანჯუიჩი ნო ჯო ან ჯუსან ნო ჯო, თავი პანტომიმაზე დამყარებულ თამაშში ჰგონიათ, სადაც მსახიობთა მონაცვლეობის შედეგად ერთი და იგივე სცენა თანდათანობით შეუცნობელი ხდება.

და, ჩანს, ჟერარ ბლეზი თავად დაკარგულა პანტომიმის ამ გზებზე, როდესაც ამბობს, საიტო სენსეიმ ჯოს 33 მოძრაობიანი კატა შექმნაო. ცხადია, მოძრაობა 33 კი არა, 31-ია. თუმცა ეს მოძრაობები – კუმიჯოებისაგან განსხვავებით – საიტოს არ შეუქმნია, ისევე როგორც არ შეუქმნია ჯოს 13 მოძრაობიანი კატა. სანჯიუიჩი და ჯიუსან ნო ჯო აიკიდოს ფუძემდებელმა შექმნა და თვითონვე ასრულებდა რეგულარულად. ყველას, ვისაც ივამაში უსწავლია ჯიუსან ნო ჯო, ჩემსავით ეხსომება, როგორ იხდიდა ხოლმე ბოდიშს ყოველთვის საიტო სენსეი, როდესაც ამ მოძრაობებს ასწავლიდა – სამწუხაროდ, მხოლოდ ეს ცამეტი მოძრაობა დავიხსომე, რაც დაახლოებით ნახევარია იმისა, რასაც ო-სენსეი ასრულებდა მთლიანობაშიო. ჯიუსანი ორჯერ უფრო გრძელი იყო, ანუ ფუძელმდებლის სწავლების ნახევარი უკვალოდ დაიკარგა.

სწორედ ამგვარი მონაკვეთების დაკარგვის თავიდან ასაცილებლად და ასევე იმის თავიდან ასაცილებლად, რომ ო-სენსეისაგან ნაანდერძევი ტექნიკის შინაარსი შეიძლება უაზრო პანტომიმის ეფექტად გარდაქმნილიყო, საიტო სენსეიმ სისტემური ხერხი შეიმუშავა და მოწაფეებს ავასეს პრინციპით ამეცადინებდა, ანუ მეტოქესთან ერთად. ეს პუნქტი სხვაგვარი ინტერპრეტირებისა და დაბნევის საშუალებას აქრობდა. რადგან სხვაგვარად ვერ გაიგებს კაცი აიკიდოში ჯოსა და კენის ხმარების აზრს, თუ არ ჩასწვდა საფუძველს და მიზეზს ყოველი მოძრაობისა, გადაადგილებისა მეორის, აიტეს მიმართ.

ამ ლოგიკური საყრდენით მოვარჯიშე მიხვდება ან ვერ მიხვდება, რაზე ლაპარაკობდა ო-სენსეი, ეს სხვა საქმეა, მაგრამ ჯანსაღი კვლევისა და სწავლის გზას მაინც დაადგება. და თუკი სწორედ ამგვარი სწავლება მიიღო საიტო სენსეიმ ო-სენსეისაგან, თვითონ რატომღა დაიწყებდა სხვაგვარად სწავლებას?

სხვათა შორის მე ერთი შეკითხვა მაქვს ჩემს კოლეგა ჟერართან. თუკი, როგორც იგი განსჯის, წყვილში ვარჯიში ასე და ამგვარად აბინძურებს და ართულებს გაგებას, რატომ ასწავლის იკიოს, შიჰო ნაგესა და კოტე გაეშს პარტნიორთან ერთად? თუ მის ლოგიკას მივყვებით, არ აჯობებს სარკის წინ პოზა მივიღოთ ეს მოძრაობები მარტომ ვიმეოროთ?

ზოგადი დასკვა, სადამდეც ჟერარ ბლეზი მივიდა, რადიკალური და საინტერესოა, იმიტომ რომ ის თან სიმართლეა და თან ეს სიმართლე წარმოშობს მისი შეცდომის საფუძველს:

მე არ ვიყენებ იარაღს აიკიდოში, იმიტომ რომ, როდესაც ო-სენსეი ცოცხალი იყო, იარაღს არ ხმარობდნენ.

ტოკიოელი მოწაფეები, როგორიცაა, მაგალითად, ტამურა სენსეი, ადასტურებენ ამ რეალობას, და ჰყვებიან, რომ იარაღის სასწავლად ტრადიციული რიუების კარებზე უწევდათ მიკაკუნება, ვთქვათ, იაიდოსი და კენჯიცუსი.

ჟერარის ფრაზაში ჭეშმარიტება იმაშია, არ ხმარობდნენო, რომ ამბობს. რა თქმა უნდა… ასეა… არ ხმარობდნენ სხვები... მაგრამ ო-სენსეი თვითონ ხმარობდა იარაღს. და იარაღს ხმარობდა საიტოსთან ერთად, ივამაში. სწორედაც რომ აი ის სხვები არ იყვნენ იქ, მაგრამ ამ სხვებს შეეძლოთ ამაში დაენახათ იარაღის სკოლებისთვის დამახასიათებელი სიზუსტე. სწორედ ამაზე სწყდება გული ჟერარ ბლეზს აიკიდოს იარაღის წარუმეტებელი კვლევისას. იქ ისწავლებოდა სერიოზულად ხმლისა და შუბის ურთიერთკავშირი, შეტევების სიზუსტე, სიტუაციებისა და გადაადგილებების ლოგიკა, ერთი სიტყვით ავთენტური და ინტენსიური პრაქტიკა: სრულიად საწინააღმდეგო იმ ფსევდო-სწავლებისა, რომელსაც ჟერარ ბლეზი შეხვედრია აიკი კენისა და აიკი ჯოს სფეროში.

თუმცა ჟერარი ერთგვარად მართალიცაა: ის მორიჰეი უეშიბა, რომელსაც იგი აღწერს, ანუ აიკიდოს იარაღის მაჩვენებელი, მაგრამ არ მსწავლებელი, მართლა არსებობდა. ეს ის მორიჰეი უეშიბაა, რომელიც თაობებს გადასცეს და დასავლეთში ექსპორტზე გაიტანეს ტოკიოელმა მოწაფეებმა, რომელთაც მხოლოდ ასეთი მორიჰეი ჰყავდათ ნანახი. უბრალოდ, ეს ის მორიჰეი უეშიბა არ არის, რომელიც ორი ათწლეულის მანძილზე დღეში ორ-ორ საათს ატარებდა საიტოსთან ერთად და იარაღის ხმარებას ხვეწდა და აზუსტებდა.

სადაო არ გახლავთ, რომ სხვა უშუალო მოწაფეება ეპიზოდურად მიიღეს რაღაც ცოდნა ო-სენსეისგან იარაღის თაობაზე ამ ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე. მაგრამ ეს ძალიან ზედაპირულად და დანაწევრებულად მოხდა საიმისოდ, რომ მათ სიღრმისეული ცოდნა შეეძინათ და მერე ამ ცოდნის სხვისთვის გადაცემა შესძლებოდათ. მაშასადამე არაფერი უჩვეულო იმაში არ არის, რომ ჟერარ ბლეზმა მათთან ვერაფერი იპოვა ისეთი, რისი მიცემაც ამ უკანასკლნელთ მისთვის შეეძლებოდათ.

შეცდომა კი მისი მხრიდან ის არის, რომ დასკვნა ამ ფაქტიდან გამოაქვს – არ მინახავს, ანუ არც არსებობსო. სიღრმისეულად სწორედ ამ შეცდომას უშვებს მთელი თანამედროვე აიკიდოც: უარყოფა რეალობისა, რომელიც მან არ იცის, იმიტომ რომ არ იცის.

თუმცა ჟერარ ბლეზი განსხვევდება კიდეც თანამედროვეობისგან. განსხვავდება იმით, რომ ის არ კმაყოფილდება წყნარად ამ სიცარიელით. მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, იარაღის ფლობა ისწავლოს მიუხედავად ყველაფრისა. ამისთვის ის ტრადიციულ სკოლებს მიმართავს, მაგრამ „აცალკევებს“, როგორც თვითონ ამბობს ამას:

(ოსტატი უეშიბა) აჩვენებდა, რა იყო აიკიდო იარაღით, მაგრამ არ ასწავლიდა როგორც სკოლაში ასწავლიან ხოლმე ხმლის ჭერას, ჯოხის ჭერას, როგორ უნდა შეტევა, ჩხვლეტა, როგორი სიტუაციები არსებობს იმის მიხედვით, თუ სად გიტევენ... ამიტომაც მე ეს სრულიად გამოვაცალკევე.

სრულიად გამოვაცალკევეო“. სწორედ ამაშია საქმე. ჟერარ ბლეზმა – იმიტომ, რომ ვერ მოხვდა ისეთ გარემოებებში, სადაც ო-სენსეისგან ნაანდერძევი აიკიდოს იარაღის რეალურად შესწავლის შესაძლებლობა მიეცემოდა – გამოაცალკევა იარაღის პრაქტიკა აიკიდოს პრაქტიკისაგან.

ის შინდო მუსოს ჯოდოს სკოლის მასწავლებელია. სწორედ ამიტომ დავდიოდი მასთან და მის მეგობართან, ჟან-პიერ რენიესთან, პარიზში, ოცდახუთი წლის წინ, ცოტა ხნით ადრე, ვიდრე იაპონიაში გავემგზავრებოდი და საიტო სენსეის გავიცნობდი. იმხანად მეც ჯოდოს მივდევდი და შინდო მუსოს სკოლის უკანასკნელი სოკეს – შიმიზუ სენსეის – პირდაპირი მოწაფის, პასკალ კრიგერის მოწაფე გახლდით. ჟერარი და ჟან-პიერი შიგეჰირო მაცუმარას მოწაფეები იყვნენ. ეს უკანასკნელი კი ჯოდოს მასწავლებელი იყო კენდოს ფედერაციის წიაღში.

მაშინ ჟერარის მსგავსად მეც „ვაცალკევებდი“ ყველაფერს. და მეც იმავე მიზეზებით ვაცაკლევებდი: მინდოდა იარაღის გამოყენება მესწავლა, აიკიდოს პრაქტიკაში კი ვერაფერს ვერ ვპოულობდი ისეთს, რაც სულ მცირედ მაინც დააკმაყოფილებდა ამ ჩემს მოთხოვნას. აიკიდოში მოვარჯიშეებს იარაღის შესანახი შესანიშნავი ბუდეები ჰქონდათ და ასე მხარზე გადებული დასეირნობდნენ. ეს იყო და ეს.

და საიტოს რომ არ შევხვედროდი, მეც ნამდვილად ჟერარ ბლეზის ანალოგიურ მსჯელობებში დავრჩებოდი. რადგან შინდო მუსო სოლიდური სკოლაა და შეკითხვებზე სერიოზულ პასუხებს იძლევა.

პრობლემა კი ის გახლავთ, რომ ეს პასუხები, რაგინდ საინტერესოც იყოს ისინი, აიკიდოს კანონებს არ შეესატყვისება.

და მაინც საჭიროა, დაისვას აქ შემდეგი შეკითხვა: რატომ ფლობდა ო-სენსეი იარაღს ისე თავისებურად, რომ გაოგნებულს ტოვებდა იაპონიის ტრადიციული იარაღის ოსტატებს თავისი საჩვენებელი გამოსვლების დროს? პასუხიც აქედანვე მომდინარეობს: იმიტომ, რომ ო-სენსეი ხმალსა და ჯოხს აიკიდოს კანონებით ხმარობდა, ხოლო ეს კანონები ტრადიციული რიუების კანონებისგან განსხვავდება.

მე აქ ვერ შევალ ამ პუნქტის ტექნიკურ სირთულეებში, რაც ტატამის მოითხოვს, მაგრამ ყურადღება მინდა გავამახვილო, თუ რამდენად გასაგებია იმისთვის, ვისაც სერიოზულად შეუსწავლია აიკი კენი და აიკი ჯო, თუ რას წერს ჟერარ ბლეზი:

ვაღიარებ, რომ მე ვერ ვხედავ კავშირს აიკიდოს ტექნიკასა და იარაღს შორისო.

ძალიანაც გასაგებია, რომ ვერ ხედავს ამ კავშირს: იმ ხერხს, რომლითაც ჟერარ ბლეზმა შეისწავლა იარაღის ხმარება, და აიკიდოს შორის მართლაც არავითარი კავშირი არ არსებობს. სწორედ ამიტომაც, რაკი თავიდანვე იფიქრა, ეს ორი რამ ერთმანეთთან შეუთავსებელიაო, ისინი ცალ-ცალკე შეისწავლა.

ოდნავ ქვევით ჟერარი ამავე განწყობით განაგრძობს:

როდესაც იარაღის ოსტატებს გაიცნობთ, მიხვდებით, იარაღი რა არის. და ეს შორდება აიკიდოს.

ეს ფრაზა საოცარია, თუ კარგად ჩასწვდებით არსს. ვინც კითხვა იცის, აქ მოხმობილი ინფორმაცია შემდეგს ნიშნავს: მე, ვინც სერიოზულად შევისწავლე იარაღი აიკიდოს ჩარჩოებს გარეთ, ვაცხადებ, რომ შეუძლებელია, სერიოზულად გამოიყენო იარაღი აიკიდოს ჩარჩოებში.

მაგრამ მაშინ ბუნებრივად ჩნდება ეს შეკითხვა: რას აკეთებდა ო-სენსეი იარაღით? კაშიმას, შინკაგეს თუ იაგიუს? ის, რომ ფუძემდებელმა თავისი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე ეს სკოლები შეისწავლა და რომ მათი ტექნიკური ფონდის რაღაც ნაწილი გამოიყენა, ცხადია, და ამაზე არავინ დაობს. სამაგიეროდ, აქედან იმ დასკვნის გამოტანა, რომ ის მხოლოდ და მხოლოდ იმეორებდა მათი სწავლების პროგრამას, სრულიად დაუშვებელია. ჟერარ ბლეზსაც კი არ სჯერა ეს, როდესაც არაერთხელ ხსნის თავის ინტერვიუში, რასაც ო-სენსეი აკეთებდა იარაღით, აიკიდო იყოო.

მაშ რა გამოდის? ო-სენსეი როდესაც იარაღს იღებდა ხელში, ის აიკიდო იყო, მაგრამ სხვას არავის არ შეუძლია ეს? იმის მაგივრად, რომ წყალი დაასხას ლეგენდებისა და მითების წისქვილზე, ფუძემდებელი ამ-ნო-მურაკუმო-კუკი-სამუჰარა რიუს ინაკარნაცია იყოო, განა არ ჯობდა ჟერარ ბლეზი იმ დასკვნამდე მისულიყო, რომ სინამდვილეში არსებობს საშუალება იმის გაგებამდე და გამეორებამდე მისაღწევად, რასაც ო-სენსეი აკეთებდა იარაღით, უბრალოდ, არ მას გაუმართლა და არ შეხვდა გზად ეს შესაძლებლობა? და თუკი ის ფიქრობს, რომ აიკიდოში მოვარჯიშეთა თითქმის სრული შემადგენლობა,რომელიც იარაღით მანიპულირებს, ნამდვილად შემოირტყამს იარაღის რომელიმე ტრადიციული სკოლის პირველ თეთრ ქამარს, განა ეს მხოლოდ იმიტომა არაა მართალი, რომ ამ მოვარჯიშეებს – მის მსგავსად – არასდროს ჰქონიათ შესაძლებლობა მეთოდურად შეესწავლათ აიკიდოს იარაღის ვრცელი და სტრუქტურირებული მასალა?

არადა რამდენიმე ელემენტს მაინც შეეძლო ჟერარ ბლეზი აიკიდოს იარაღის სწორ გზაზე დაეყენებინა, რაც დღემდე არ იცის და, სამწუხაროდ, ეს არცოდნა წლებთან ერთად მეჩვენება, რომ დოგმად ექცა. ის ასე ამბობს:

(…) თუ ავიღებთ ოსტატი უეშიბას წიგნებს, თვით ყველაზე გვიანდელებსაც კი, როგორიცაა 1933წელს გამოცემული ‘ბუდო ნო რენშუ’, იქ იარაღი არ არის. ძალიან საინტერესოა ეს – იქ იარაღს ვერ ვხედავთ.

ჯერ ერთი, მინდა შევახსენო, რომ ო-სენსეის წიგნები არ დაუწერია, მას მხოლოდ ერთი წიგნი აქვს დაწერილი.

მართლაც, ‘ბუდო ნო რენშუ’ ოსტატი უეშიბას დაწერილი წიგნი არ გახლავთ, ეს ჩანახატების კომპილაციაა, რომელიც ტაკაკო კუნიგოშიმ (1933 წელს ვარჯიშობდა მასთან) შეადგინა ერთადერთი მიზნით – გაეადვილებინა ტაიჯიცუს მოძრაობების გახსენება, რადგანაც იმხანად ილეთებს სახელები არ ჰქონდა და მათი დახსომება დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. ამიტომაც გასაგებია, რომ ამ შესანიშნავ ნაშრომში იარაღის ტექნიკის შესახებ ვერაფერს იპოვით.

ო-სენსეის მიერ დაწერილი ერთადერთი წიგნი ელემენტად თუ გამოდგება საიმისოდ, რომ გავიგოთ ფუძემდებლის მოსაზრებები იარაღის თაობაზე მეორე მსოფლიო ომამდე. ამ წიგნს „ბუდო“ ეწოდება და ის 1938 წელსაა დაწერილი.

ამ ძალიან მოკლე წიგნში ტექნიკური ხასიათის 30 ფოტო თუ მოიძევება. ამ 30 ფოტოდან კი 9 იარაღსა აქვს მიძღვნილი, 4 კი ექსკლუზიურად იარაღია იარაღის წინააღმდეგ.

როდესაც ჟერარ ბლეზი ასკვნის, „ძალიან საინტერესოა ეს – იქ იარაღს ვერ ვხედავთო“, მე ჩემი მხრივ ვასკვნი, ჯობდა ერთი ისეთი ეგზეპლარი ეშოვა, საიდანაც ფურცლები ამოხეული არ იქნებოდა-მეთქი.

მაგრამ მეშინია, ბოლოს იძულებული გავხდები წინანდელივით დავასკვნა, რომ ყველაფერი „მათშია“. ჩანს, ეს „ისინი“ ვერასდროს ვერ ხედავენ აიკიდოში იარაღს, იქნება ეს ფუძემდებლის ყოველდღიური ცხოვრების სინამდვილეში თუ მისი ხელით დაწერილი წიგნის ფოტოგრაფიებზე. ჯობდა, „მათ“ თავიანთი თავისთვის ეკითხათ განვითარების გარკვეულ მომენტებში, ხომ არ დავხურე ფანჯარა, საიდანაც ო-სენსეის ხელოვნების პერსპექტივებს დავინახავდიო. ეს პერსპექტივები კი გაგების იმ გასაღებებს იძლევა, რომლებიც აგრერიგად აკლია თანამედროვე აიკიდოს.

მრავალი ფოტო არსებობს, რომელიც იარაღის პრაქტიკას აჩვენებს ბუდოს წიგნში. მაგრამ მაინც ვიმეორებ ჟერარისთვის იმ ყველაფერს, რაც უკვე ბევრჯერ ამიხსნია სხვადასხვა შემთხვევებისთვის.

ო-სენსეი ვარჯიშობდა იარაღით 1941 წლამდეც, ანუ ივამაში დასახლებამდე, რადგან 1904 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის დროს ის უკვე ინსტრუქტორი იყო ხიშტით ბრძოლის ხელოვნებაში. მაგრამ მხოლოდ მეორე მსოფლიო ომის დროს და მისი დასრულების შემდეგ შეურწყა ერთმანეთს ტაი ჯიცუს, კენისა და ჯოს მოძრაობები, რომელთა ერთიანაობასაც აიკიდოს სახელი დაერქვა.

ამ სინთეზის მოსახდენად ის ივამაში ჩაეფლო კენისა და ჯოს პრაქტიკაში. მან ჯერ ის ყველაფერი გამოხშირა იარაღის ტრადიციული სკოლებიდან, რაც აიკის პრინციპთან თავსებადი ვერ იყო. ეს პრინციპები კი თავის მხრივ მეტწილად ტაიჯიცუს მოძრაობებზე მუშაობისას აღმოაჩინა და დახვეწა (ჟურნალ „ასაი შიმბუნისთვის“ გადაღებული ფილმი ნათლად ასახავს აიკიდოს განვითარების მდგომარეობას, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელწოდება იმხანად ჯერ კიდევ არ არსებობდა). შემდეგ ო-სენსეიმ კენისა და ჯოს ყველა ეს შესაძლებლობა ამ პრინციპის ირგვლივ შეაჯგუფა და ის კავშირები დაადგინა, რომლებიც ამ მოძრაობებსა და ტაიჯიცუს შორის იყო.

ეს ყველაფერი, რასაკვირველია, არც ერთ დღეში მომხდარა და არც უპარტნიოროდ, რომელიც მთელი იმ ურიცხვი სავარჯიშოების დროს იყო საჭირო, რომლებიც აიკი კენისა და აიკი ჯოს ტექნიკის შემუშავებას, დამუშავებას, დაზუსტებასა და დახვეწას სჭირდებოდა სხეულის ტექნიკასთან ურთიერთკავშირის გათვალისწინებით. ეს პარტნიორი ჰიკიცუჩი შეიძლებოდა ყოფილიყო… რამდენიმე წლით ადრე რომ მომხდარიყო ეს. ბედმა ისე ინება, რომ საიტო აღმოჩნდა იქ და იმ დროს, როდესაც ფუძემდებელი ამ კვლევა-ძიებას უთმობდა თავის დროს.

ჟერარ ბლეზს, რომელმაც იაპონიაში იცხოვრა 70-იან წლებში, სულ ცოტა სიჯიუტე დააკლდა აიკიდოს იარაღის უნაყოფო ძიების საქმეში. ეს სიჯიუტე ბოლოს და ბოლოს აუცილებლად აიყვანდა ივამაში და აიკი კენისა და აიკი ჯოს არსებობას დაანახებდა. ეგებ სულ ცოტა ნდობაც დააკლდა ჟერარს იმ გზის მიმართ, რომელიც ფუძემდებელმა გაიარა და რომელსაც გვთავაზობდა ო-სენსეი თავის გლობალურ ხელოვნებაში. მან კი ჩათვალა, რომ შეეძლო გარკვეული ნაწყვეტები აეთვისებინა და დანაკლისი სხვა სკოლებში სიარულით და იქაური ტექნიკის ათვისებით შეევსო.

ფილიპ ვოარინო, შლერი, 2009 წლის აპრილი

როდრიგო ენსინასის ფოტო ლიცენზიით CC-BY-NC-ND

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/vis-ekutvnis-sitqva?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)