უფეხებოდ სიარული

ოსტატი ნაკაძანო ხმარობდა გამოთქმას „უფეხებოდ სიარული“, როდესაც სამოციან წლებში საფრანგეთში აიკიდოს ასწავლიდა.

ვინ ხვდებოდა მაშინ, რას ნიშნავდა ეს სინამდვილეში?

ყოველ შემთხვევაში მე წლების განმავლობაში ვერ ვხვდებოდი. ამაზე ლაპარაკი, იცოცხლე, კარგად შემეძლო, რაკიღა ვასწავლიდი. სწავლება ხომ ნიშნავს, რომ დიდი ხნის განმავლობაში იმ ახსნა-განმარტებებს იძლევი, რომლის არსიც თავად არ გესმის. ბევრი მასწავლებლის მსგავსად მეც გალექსილი ვიყავი მენჯის ჩაბრუნების, მუცლით წინ მიწოლისა თუ მსგავს რამეთა მნიშვნელოვნების თაობაზე. იოლი ჭეშმარიტებები და ზედაპირული ცოდნა ბევრად შორს და ქვევით რჩებოდა იმ რეალობისგან, რომლის დახატვასაც ოსტატი ნაკაძანო ცდილობდა ამ მუშტის დატყმის მსგავსი გამოთქმით.

უკეთ რომ გავიგოთ, პრობლემას უკუღმა მივუდგეთ და დავფიქრდეთ, რას უნდა ნიშნავდეს უფეხებოდ სიარული? ფეხებით სიარული არის ის, რასაც ადამიანები ყოველ დღე აკეთებენ: ნაბიჯებს ადგამენ. მაგრამ, როდესაც ისე დავდივარ, როგორც ქუჩაში დადის ხალხი, ორ რამეს ვერ ავიცილებ თავიდან: პირველი - ფეხები უნდა ავწიო და სხეულის წონა ერთი ფეხიდან მეორეზე უნდა გადავიტან-გადმოვიტანო ხოლმე, მეორე - ისე უნდა გადავადგილდე სივრცეში, რომ დავტოვო ის ადგილი, რომელიც ერთი წამის წინ მე მეჭირა. „კლასიკურ“ სიარულთან დაკავშირებული ეს ორი გარდაუვალი რეალობა მოსაშორებელია აიკიდოს პრაქტიკიდან, სადაც „ნაბიჯების კეთება“ შესაფერი საქმე ვერ არის.

პრობლემაც ის გახლავთ, საიდან გავიგოთ, როგორ შეიძლება განსხვავებულად სიარული.

ავიღოთ მაგალითი: ვდგავარ, ტერფები პარალელურად და მხრების სიგანეზე მაქვს და 90°-ით მარჯვნივ მინდა შებრუნება. შემიძლია ეს მოძრაობა მარჯვენა თეძოს მარჯვენა მხარეს გახსნით შევასრულო, რაც ჩემს მარჯვენა ფეხს წრიულად გამოიყვანს უკან და მარჯვნივ. მარჯვენა ტერფი საწყისი პოზიციიდან უკან და მარჯვნივ დგება 90°-იანი კუთხით და ამას მარცხენა თეძოს დატრიალების გამო დაუყოვნებლივ მოჰყვება მარცხენა ფეხი, რომლიც მარჯვენა ფეხის პარალელურად იდგმება. ახლა თავდაპირველი პოზიციიდან 90°-იანი კუთხით ვარ შემობრუნებული. ამგვარი ტრიალისას ფეხებს მორიგეობით ვწევდი ზევით და წონა გადამქონდ-გადმომქონდა აქეთ-იქით, ხოლო მოძრაობას იმ ადგილას ვერ ვასრულებდი, სადაც თავიდან ვიდექი: ჩემი სხეულის მიერ დაკავებულმა სივრცემ მარჯვნისკენ გადაინაცვლა. მე „ფეხებით ვიარე“.

არსებობს სხვა ხერხიც 90°-ით მარჯვნივ შესაბრუნებლად. საწყის პოზიციაში ტერფები პარალელურად მაქვს, საყრდენი ფეხის წინა ნაწილზე გადამაქვს, რაც ქუსლების „შემსუბუქების“ ეფექტს მაძლევს. ახლა უკვე ორივე ფეხზე ერთდორულად შემიძლია ბრუნვა სხეულის ვერტიკალური ღერძის გარშემო, ისე, რომ მიწას აღარ ვწყდები. ამას რომ ვაკეთებ, ანუ როდესაც მარჯვნისკენ 90°-იან კუთხეს ვაღწევ, ჩემი ტერფები უკვე აღარაა ერთმანეთის პარალალური, ანუ ჩემი პოზიცია აღარაა კვადრატული, არამედ სამკუთხაა და ამას უკუღმა სამკუთხედი ეწოდება (ურა სანკაკუ): მარჯვენა ფეხის ტერფსა და მარცხენა ფეხის თითებს შორის შექმნილი კუთხე დაახლოებით 120°-ია. არც ფეხის აწევა და არც წონის გადატან-გადმოტანა არ დამჭირვებია, ჩემი სხეული თავისი ღერძის გარშემო დატრიალდა. ადგილზე გადაადგილდა, თუ შეიძლება ასეთი პარადოქსული გამოთქმა ვიხმაროთ. მე „უფეხებოდ ვიარე“.

შესანიშნავი კი ის არის, რომ პოზიცია, რომელშიც აღმოვჩნდი, აიკიდოს პოზიციაა, ერთადერთი და განუმეორებელი, სხვა არ არსებობს. სწორედ აქედან ხდება შესაძლებელი ღერძის ყოველნაირი ბრუნვა. და აქ განსაკუთრებულ ყურადღებას ვითხოვ, რადგან იმის კარგი გაგება, რაც ახლა ითქმება, არსებითი და უმთავრესია აიკიდოს პრაქტიკისთვის: თუ ვიგულისხმებ ფეხებს, მაშინ ამ დგომს დავარქმევ ჰიტო ე მის, სამაგიეროდ, თუ ვიგულისხმებ მთელ სხეულს ერთიანობაში, მაშინ ამ პოზიციას ჰანმის ვუწოდებ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ჰანმი ჰქვია სხეულის გლობალურ პოზიციას, როდესაც ფეხები ჰიტო ე მიშია. ჰანმი და ჰიტო ე მი უერთმანეთოდ არ არსებობს. ისინი ერთი რეალობის შემადგენელი ნაწილებია. თქვა - ჰანმი და ჰიტო ე მიო, იგივეა, რომ თქვა - სხეული და ფეხებიო. ფეხები სხეულის ნაწილებია და რაკი ცალკე სახელი ჰქვია მათ, არ ნიშნავს, რომ ისინი განცალკევებული ელემენტებია. ჰიტო ე მი ისევე შეადგენს ჰანმის ნაწილს, როგორც ფეხები შეადგენს სხეულის ნაწილებს.

აქვე ვაღიარებ, რომ დიდი ხნის მანძილზე იმის საპირისპიროს ვასწავლიდი, რასაც ახლა აქ ვწერ. ჰანმი და ჰიტო ე მი მოწაფეებისთვის მისწავლებია, როგორც სხვადასხვა რამ. მე ამაში ფეხების განსხვავებულ დგომსაც ვხედავდი, თითქოს ჰიტო ე მი ჰანმის ვარიანტი ყოფილიყოს, თითქოს აიკიდოში ფეხების ორგვარი პოზიცია არსებულიყოს. აიკიდოში ფეხების ერთადერთი პოზიციაა და უბრალოდ ჰიტო ე მის საფუძველი არ მესმოდა.

ამ მიზეზის უკეთ გასაგებად ხელთ ხმალი აიღეთ და მარჯვენა ჩუდანის დგომში დადექით, ფეხები სამკუთხედად დააწყვეთ, ოღონდ ჰიტო ე მისგან განსხვავებულად. თქვენი ჭიპიდან გამომავალი წარმოსახვითი ხაზი გააგრძელეთ წინ, პირდაპირ, როგორც მიდის, და თქვენი მუცლის ამ პროექციას დააკვირდით: თქვენივე ხმლის ღერძიდან სადღაც თხუთმეტი გრადუსით გადახრილი და აცდენილი იქნება მარცხნისაკენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ თქვენი ენერგია თქვენი შეტევის ხაზიდან თხუთმეტი გრადუსით გვერდითაა მიმართული. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ძალა გაფანტულია და ეფექტურობის არავითარი შესაძლებლობა აღარა გაქვთ. ანუ ბრძოლის დაწყებამდე უკვე მკვდარი ხართ. გაასწორეთ ახლა თქვენი სამკუთხა დგომი ისე, როგორც ამას აიკიდო მოითხოვს: გასწიეთ წინა ფეხის ქუსლი იქამდე, ვიდრე ის უკანა ფეხის თითების ხაზს არ მიაღწევს 120°-იანი კუთხით, როგორც ეს ზევით ვნახეთ. ეს მოძრაობა, თუკი ის სწორადაა შესრულებული მენჯის მარჯვენა მხარეს შეტრიალებით, თქვენს მუცელს 15°-ით მარჯვნივ, ზუსტად თქვენივე ხმლის გაგრძელებაზე გამოიტანს, ხოლო თქვენ ფიზიკურად ძლიერ და თვალნათლივად მყარ სამკუთხედში დაგაყენებთ.

ჰიტო ე მის ჩვენებაა აუცილებელი პირობა იმისათვის, თუ გვინდა სწორი სამკუთხა (სანკაკუ) პოზიციის არჩევა ხმლით ხელში. რასაკვირველია, ეს პრობლემა სამკუთხა დგომისთვისაა დამახასიათებელი და ის არ არსებობს ხმლის იმ სკოლებში, სადაც იმთავითვე ოთხკუთხა (შიკაკუ) დგომი აქვთ არჩეული.

თუ ხმალს გვერდზე გადადებთ აიკიდოში შიშველი ხელის პრაქტიკისათვის, არაფრის შეცვლა არ მოგიწევთ ფეხებისა და სხეულის ამ სიღრმისეულ კანონში. და თუ თქვენ შიშველი ხელითაც ისევე კარგად იმოქმედებთ, როგორც ამას კენითა და ჯოთი ახერხებდით ყველა გარემოებაში ზუსტი ჰანმის, ანუ უზადო ჰიტო ე მის შენარჩუნებით, გამოვა, რომ თქვენი პრაქტიკა მოძრაობათა ერთიანობის იმ პრინციპს ემყარება, რომლიც აიკიდოს გულში ძევს. რადგან ღრმა კავშირი, რომელიც აიკიდოს მოძრაობებს ერთიან ოჯახში აქცევს, სწორედ ამაშია. ჰიტო ე მი და ჰანმი რიაის გულია, ისინი აერთიანებენ აიკიდოს ტექნიკურ ფორმებს, ისე, როგორც დნმ-ის კლაკნილები აერთიანებენ ერთმანეთში ჩვენი პლანეტის ცოცხალ ფორმებს, მცენარე იქნება ეს, მწერი თუ ცხოველი და ჩვენს სამყაროს ერთიან ოჯახად აქცევს.

უფეხებოდ რომ ვიაროთ, ამისთვის სხეულმა თავის გარშემო, ღერძზე უნდა იტრიალოს, როგორც ჩიკორი ან მევლანას მობზრიალე დერვიშები შვრებიან. ამგვარ როტაციას მხოლოდ ფეხების სამკუთხედი დგომი, ჰიტო ე მი აქცევს შესაძლებლად. მაშ ჯიუტად და უკიდურესი სიზუსტით უნდა ვიმუშაოთ ამ მეტად უცანურ დგომზე, რომელიც ამასთან ძალიან მოუხერხებელიცაა, როდესაც პირველად ცდის ადამიანი.

დღეს მესმის, სწავლებისას რატომ ამახვილებდა ასეთი დაჟინებით ყურადღებას ამ პოზიციაზე შიოდა სენსეი, იქამდე, რომ ლამის მუხლის ამოგდება ხდებოდა შესაძლებელი, ხოლო მისი წიგნების ყდებს ყველას ერთაერთი - ამ დგომის ამსახველი ფოტოები ამშვენებდა. მესიჯი ნათელი იყო, ცხვირწინ და თვალწინ გვქონდა ყველაფერი, მაგრამ სახარებაც ხომ ამას ამბობს: „თვალები იმისთვის გვაქვს, რომ ვერ დავინახოთო“.

დღეს მესმის საიტო სენსეის პასუხის არსი, როდესაც ერთ-ერთმა მოწაფემ გულუბრყვილოდ ჰკითხა, აიკიდოს საიდუმლო სად ვეძებოო: „აიკიდოს საიდუმლო... აქვეა, მარტივად, თქვენს ფეხებშიო!“. მაშინ ეს სიტყვები სიბილას მისნობასავით მომხვდა ყურში და დიდხანს ვეძებე ამაში დაფარული აზრი. ვერც კი ვხვდებოდი, რომ საიტო სენსეის არასდროს ასე კონკრეტულად არ უთქვამს არაფერი. თვალწინ მიდგას სხვა მომენტიც, როდესაც მობილეტით გაგვიარა ივამას დოჯოს გვედითა მოედანზე, სადაც იარაღზე ვვარჯიშობდით თავისუფალ დროს, და მოგვაძახა შორიდან გულმოწყალე ღიმილით მუზარადის ქვემოდან: „ჰანმი, ჰანმი, ჰანმი!“ მესიჯი აქაც ძალიან ნათელი იყო და ბედნიერი ვარ, რომ ბოლოს და ბოლოს გავიგონე ის.

მინდა პერსპექტივა გავუხსნა ყველა მოვარჯიშეს, რომელსაც აქამდე მუდამ შისეისა და კამაეს ცნობილი ცნებებით კვებავდნენ, რომ ისინი იყვნენ უფრო მომთხოვნი, რომ არ შეჩერდნენ კარგი ქცევისა და კარგი დგომის ყოველდღიურ ბანალობებზე და რომ ეძიონ, შესაძლებელია თუ არა მართლა შეასხან ხორცი თავიანთ ცოდნას და თავის თავს დაუსვან შეკითხვა - შისეისა და კამაეს შესახებ ყველაფერი უფრო ნათელი ჰიტო ე მის გათვალისწინებით ხომ არ გახდებაო? მოგიწოდებთ, წაიკითხოთ ამის შესახებ ტამურა სენსეის „აიკიდოს“ 31-ე გვერდი, რომელიც კამაეს ეძღვნება, დღის შუქზე შეისწავლოთ აქ მოხმობილი ჩემი განმარტებები და გადაწყვიტოთ, ხომ არ აღწერენ შისეი, კამაე და ჰანმი იმ ერთადერთ რეალობას, რომლის სათავეც ჰიტო ე მია, ხოლო დაბოლოება - ირიმი.

თუ არ გავიგებთ, რომ შეიძლება ადგილზე გადაადგილება, ვერ იმას გავიაზრებთ, რომ შესაძლებელია გასვლით შესვლა: შეხვიდე მოწინააღმდეგის დაცვაში მისი შეტევის ხაზიდან მყისიერი გასვლით. ესაა ირიმის განსაზღვრება. ო-სენსეი თავად განმარტავდა აიკიდოს, როგორც ირიმის გამოვლინებას და ამიტომ გადაჭარბებულად არ გამოჩნდება, თუკი ამ პატარა გამოკვლევას შემდეგი პატარა ფორმულირებით შევაჯამებთ:

არ არსებობს აიკიდო ირიმის გარეშე, არ არსებობს ირიმი ჰანმის გარეშე და არ არსებობს ჰანმი ჰიტო ე მის გარეშე.

და ბოლოს, გულითად მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს, ალენ გრაზონს, რომლის ინტუიცია... და სიჯიუტე გადამწყვეტი აღმოჩნდა ჩემთვის ჰიტო ე მის პოზიციის ნათლად დანახვისათვის. და მეც დავინახე, რომ ესაა საძირკველი, რაზეც ფიზიკური აიკიდოს მთელი კონსტრუქცია დგას. დიახ, აიკიდოს საიდუმლო აქაა... უბრალოდ და მარტივად, ჩვენს ფეხებში.

ფილიპ ვოარინო, ანტიბი, წმინდა სამების ორშაბათი, 2011 წელი.

კომენტარები

უდიდესი მადლიერება ასეთი საკრალური ინფორმაციების მომწოდებლებო. თუმცა ბევრისთვის, მათ შორის ჩემთვისაც ჯერ დრო არ მოსულა ამ ინფორმაციის გონებასა და სხეულში გათავისებისა, მაგრამ ორიენტირების, იმ მწვერვალების ჩვენება, რომელნიც უნდა იქნან დაპყრობილი უდიდესი მადლია უბრალო მოკვდავთათვის. და თუმცა ზოგმა შეიძლება წაიკითხოს და ვერ გაიგოს, მაგრამ არიან ისინიც, ვისთვისაც ეს ცნობები, როგორც თესლის მარცვალი, მოხვედრილი ნოყიერ ნიადაგზე, ისე იქნება.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/upexebod-siaruli?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)