„უწინარესად ის ჩემი მეგობარია“

პიერ შასანი 2013 წლის 27 აპრილს, 93 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ტამურა სენსეი 2010 წლის 9 ივლისს გარდაიცვალა. ის და პიერი დიდი ხნის მანძილზე იყვნენ თანამებრძოლები და მეგობრები.

პიერის გარდაცვალების გამო ვიფიქრე დრული იქნება, თუ ტამურა სენსეის ერთ-ერთი ინტერვიუდან შემდეგ ნაწყვეტს გამოვაქვეყნებ-მეთქი, რომელიც 1983 წელს ჩამოართვა ბობ ობრემ ჟურნალ ‘ბუშიდოსთვის’ (1983 წლის მეოთხე ტრიმესტრის M – 1724-2). გირჩევთ, სტატიის სრულად წასაკითხად ჟურნალ ‘ბუშიდოს’ მიმართოთ.

ეს საუბარი დიდი ღირებულებისაა აიკიდოს ისტორიისათვის, რადგან იგი იმ პრივილეფირებულ ადამიანურ ურთიერთობებს ასახავს, რომელიც პიერ შასანსა და ტამურა სენსეის ჰქონდათ საფრანგეთში აიკიდოს განვითარების უმნიშვნელოვანეს მომენტში და საშუალებას გვაძლევს, გავიგოთ, თუ რა მეგობრობისა და პირადი კონფლიქტების შედეგია აიკიდოს ახლანდელი სიტუაცია ჩვენს ქვეყანაში.

TAI-ის მიერ ამის გამოქვეყნება ამავდროულად გარკვეულ შეხედულებათა მრავალფეროვნების წარმოჩენასაც ემსახურება.

ფილიპ ვოარინო, 2013 წლის 17 მაისი

/…/ 

აიკიდოს გაერთიანება ევროპაში

ბუშიდო: თქვენი გადაწყვეტილება, ჩამოსულიყავით ევროპაში ნამდვილად მომავალზე იყო გათვლილი, ხომ?

ტამურა: მარსელში ჩემს ცოლთან ერთად ჩამოვედი 1964 წელს. 31 წლის ვიყავი. მე სულაც არ ვიყავი პირველი იაპონელი, ვინც საფრანგეთში აიკიდო წარმოადგინა. მოშიძუკი, აბე, ნორო და ერთი ფრანგი, ნოკე უკვე არსებობდნენ. ამიტომ ჩემი ჩამოსვლისას დამოკიდებულება ცოტა არ იყოს ასეთი იყო - „კიდევ ერთიც მოსულა“. ყოველ შემთხვევაში, ბაქანზე ნაკაძონო, ნორო და ნოკე დამხვდნენ.

ბუშიდო: რატომ მაინცა და მაინც ევროპა?

ტამურა: იცით, ჩემი ცოლი რუმიკო მუსიკოსია. თანაც ბებია გერმანელი ჰყავდა. თავდაპირველად გერმანიაში წასვლა გვქონდა განზრახული, ოჯახიც ოცნებობდა, რუმიკო იქ დაოსტატებულიყო, და ეს მაშინ, როცა ის უკვე უკრავდა იაპონიის ტელევიზიის ორკესტრში. მაგრამ იქამდე ნაკაძონომ და ნორომ მომწერეს, პარიზში დოჯოს გამართვის და ჩვენთან თანამშრომლობის დიდი შესაძლებლობებია ხარისხიანი აიკიდოს დასამკვიდრებლადო. დადებითი გადაწყვეტლების მისაღებად ძიუდოს დანერგვის მაგალითი უკვე მქონდა. თუმცა, როცა ჩამოვედი, ჯერ მზარ არაფერი არ იყო. მაშინ ჟან ზენი, რომელსაც ტადაში აბესთან ერთად ახალი გამოცემული ჰქონდა ორი წიგნი აიკიდოზე, დამიკავშირდა და მარსელში, თავის დოჯოში შემომთავაზა გაკვეთილების ჩატარება. და რაკი ერთი პატარა და ერთოთახიანი ბინა მზად იყო ჩემი ცოლისა და ჩემთვის, ჩვენც დავრჩით. უნდა დავაზუსტო, რომ აიკიდო ჯერ კიდევ ველურ მდგომარეობაში იყო. ერთ ფრანგს, გვარს არ დავასახელებ, საფრანგეთის მასშტაბით ამ ტერმინის ექსკლუზიური უფლების შეძენაც კი სურდა.  

ბუშიდო: რა იყო მაშინ განსხვავებული ევროპულ აიკიდოში?

ტამურა: ყველაფერი. მოწაფეები სხვადასხვა ფერის ქამრებს ატარებდნენ, რაც იაპონიაში არასდროს მენახა. პირველ ვარჯიშზე კამიზას წინ, მოწაფეების პირისპირ ვიჯექი მედიტაციისთვის, სადაც ო-სენსეის ფოტოა. ამ დროს ვიღაც დაგვიანებით შემოვიდა, გვერდით მომიჯდა და ამიხსნა, მეც მასწავლებელი ვარო!  

ბუშიდო: როგორ ხედავდით თქვენს მისიას დასაწყისში?

ტამურა: უპირველეს ყოვლისა, მინდოდა სხვადასხვა ოსტატთა პიროვნული თვისებებით გამრავალფეროვნებული აიკიდოს გაერთგვაროვნებაზე მემუშავა. აიკიკაიში ყველანი ვფიქრობდით, რომ ეს ერთადერთი საშუალება იყო უცხოეთში მაღალხარისხოვანი აიკიდოს დასანერგად. მახსოვს, თავიდან ძიუდოკები ამბობდნენ, აიკიდო საბავშვო თამაშიაო. ისინი მართლა ვერ ხედავდნენ ინტერესს ამ ახალ საბრძოლო ხელოვნებაში, ამით უბრალოდ ძიუდოს ავსებდნენ. მაგრამ ყველა იმათი კონცეფცია, ვინც განვითარების დასაწისში საფრანგეთში აიკიდოს ასწავლიდა, იყო - ჩვენ სპორტს არ მივდევთ და სულიერი ერთიანობა გვინდა და არა ბიუროკრატიაო. ერთიანი და მაღალხარისხიანი აიკიდოო. ჩემი მიზანიც ეს იყო და ეს მერეც უცვლელი დარჩა.  

ბუშიდო: რა იყო თქვენი მაშინდელი იდენტობა?

ტამურა: მე მე ვიყავი.  

ბუშიდო: სხვაგვარად რომ ვთქვათ, რა გქონდათ ფრანგებისთვის მისაცემი პიროვნული თვალსაზრისით?  

ტამურა: ურთიერთობა, მეგობრობა.  

ბუშიდო: რამ გადაგაწყვეტინათ ევროპაში დარჩენა?  

ტამურა: მე ცოტათი სხვა იმიგრანტებს დავემსგავსე. სამშობლოში დაბრუნების ოცნება ნელ-ნელა დაჭკნა, საამისო შესაძლებლობებიც სულ უფრო და უფრო იშვიათად ეძლევა ხოლმე ადამიანს. საკუთარი ქონება არ მქონია და არც არასდროს დამიგროვებია აიკიდოს სწავლებით. საბედნიეროდ, სხვათა შორის. ყოველ შემთხვევაში, იაპონიაში აიკიდოს სასწავლებლად დაბრუნება ჩემთვის ტოკიოს აიკიკაიში დაბრუნების ტოლფასი იქნებოდა. როგორ მეთხოვა, ადგილი მომეცით-მეთქი, მაშინ, როცა უკვე ბევრი ოსტატი ასწავლიდა იქ და იყვნენ ახალგაზრდებიც, რომელთაც გამოცდილება სჭირდებოდათ. თანაც საფრანგეთში გატარებული ორი წლის თავზე პირველი შვილი შეგვეძინა. იქამდე საკმაოდ ბოჰემურად ვცხოვრობდით მე და ჩემი ცოლი და ბედნიერებიც ვიყავით ამით. ის მუსიკის გაკვეთილებს ატარებდა. ვიღაცამ გაზქურა გვაჩუქა. ორი ადამიანისთვის საკმარისი ჭურჭელიც გვქონდა. ხანდახან კრუასანებისა და ყავის ფულიც ჩაგვივარდებოდა ხელში.

აიკიდოს აღმოცენება  

ბუშიდო: და მოწაფეები?

ტამურა: ისინი ახლობლები იყვნენ, მეგობრები, ნათესავებიც კი.  

ბუშიდო: ვინ იყვნენ თქვენი პირველი მოწაფეები?

ტამურა: განსაკუთრებით ეს სამი: მუსტიე, გერიე და ობერტო.

ბუშიდო: ეგენი დღესაც ვარჯიშობენ?  

ტამურა: ასწავლიან. მაგრამ როცა FFJDA-ს (საფრანგეთის ძიუოსა და ასოცირებული დისციპლინების ფედერაცია) დატოვება გადავწყვიტე, რათა FFLAB (საფრანგეთის აიკიდოსა და ბუდოს თავისუფალი ფედერაცია) დამეარსებინა, ისინი არ გამომყვნენ. ამ უარმა გამაკვირვა და გული დამწყვიტა.  

ბუშიდო: თუმცა ყველას არ მიუტოვებიხართ, პიერ შასანს, მაგალითად, რომელიც თქვენთან ერთად გადადგა.

ტამურა: პიერი გემთან დამხვდა, როცა საფრანგეთში ჩამოვედი. ყოველთვის მხარში მედგა. ის მაშინ ჯერ აიკიდოს ძველი კულტურული ასოციაციის გენერალური მდივანი იყო, მერე ტექნიკური დირექტორი ჩემთან ერთად აიკიდოს ეროვნულ კავშირში. ეხლა ის აიკიდოს ევროპული ფედერაციის პრეზიდენტია, თუმცა, უწინარესად, ის ჩემი მეგობარია.

ბუშიდო: უკან რომ დავბრუნდეთ, შეგიძლიათ მოხაზოთ თქვენი კარიერა საფრანგეთში?

ტამურა: 70-იანი წლების დასაწყისში სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ საფრანგეთის ძიუდოს ფედერაციის ფარგლებში გადაწყვიტა, რომ აიკიდო ისევ ამ ფედერაციას უნდა მიბმოდა. ან ასე იქნებოდა ან სულ არაფერი, რადგან ჩვენ სპორტად მივაჩნდით და თან ძიუდოსთან ასიმილირებულად. მე თვითონ არ ვთვლიდი აიკიდოს სპორტად. ნორო სენსეი შეეწინააღმდეგა და არასოდეს შესულა FFJDA-ში. ნაკაძონო სენსეი უკვე საკუთარი სწავლების გზით წასულიყო და დიდ შთაგონებას იღებდა კოტოტამადან (შინტოს საიდუმლო ხმები). ცხადია, არც ის ემხრობოდა აიკიდოს სპორტულ ფედერაციას და მოგვიანებით შეერთებულ შტატებში გაემგზავრა. ამიტომ, ნაცვლად იმისა, რომ აიკიდოსთვის დაშლა და სამინისტროებისთვის მისი კანონგარეშედ გამოცხადება მეცლია, აიკიდოს ეროვნული კავშირის ტექნიკურ დირექტორობას დავთანხმდი.  

ამ სტრუქტურამ საშუალება მოგვცა გაგვეცა სახელმწიფო დიპლომები, რითაც ადამიანს აიკიდოს სწავლების ნებართვა ეძლეოდა, შემდეგ კი კადრების სკოლა შევქმენით, რათა სრულფასოვანი პედაგოგები ჩამოგვეყალიბებინა. ყველა რეგიონში ჩავატარე მასწავლებელთა გადამზადების სემინარები. მაგრამ თავიდანვე ჩემი თანამშრომლობა FFJDA-სთან გულისხმობდა, რომ ერთ დღესაც აიკიდო ძიუდოსგან დამოუკიდებლობას მოიპოვებდა.  

ბუშიდო: კარდების სკოლებიო, გადამზადების სემინარებიო, როგორც ჩანს, თქვენი პედაგოგიკა გაევროპულდა?  

ტამურა: დიახ. წარმოიდგინეთ, იაპონურ სისტემას რომ მივყოლოდი და მე თვითონ დამენიშნა რეგიონალური ტექნიკური დირექტორები მათი ხარისხის ჩემეული შეფასების მიხედვით. იაპონიაში სენსეის შეფასება შეუვალია, აქ კი ეს მთელ ინსტიტუციონალურ სისტემას თავდაყირა დააყენებდა, რადგან დაწინაურება პედაგოგიკასთან დაკავშირებულ „ობიექტურ“ კრიტერიუმებს უნდა ექვემდებარებოდეს, უნდა ითქვას, რომ პიერ შასანი ბევრი ამ სტრუქტურის სათავესთან იდგა.  

ბუშიდო: თქვენი აზრით, ევროპული აიკიდო განსხვავდება იაპონური აიკიდოსგან?

ტამურა: არ მიყვარს მაგდაგვარი შეკითხვები. აიკიდოს ერთი არსი აქვს, მისი სახელი ერთიანობას ნიშნავს. რაც შეეხება კულტურის, პედაგოგიკის და ა. შ. განსხვავებულობას, რა თქმა უნდა, არსებობს! მე მათ პატივს ვცემ, მაგრამ მე ისევ იმას ვასწავლი, რაც ოსტატ უეშიბასგან ვისწავლე. მე დღესაც მისი მოწაფე ვარ.

ბუშიდო: FFLAB-ის შექმნით თქვენ გარკვეული რისკი გასწიეთ, რადგან ძიუდოს ფედერაციის ძლევამოსილებას აღუდექით წინ. რატომ?

ტამურა: ბოლოს გაირკვა, რომ აიკიდო დაპირებულ დამოუკიდებლობას ვერ მიიღებდა. ამიტომ მორალური გადაწყვეტილება მივიღე. წამოვედი და მათ, ვისაც უნდოდათ გამომყოლოდნენ, შეეძლოთ FFLAB-ის წიაღში ჰქონოდათ ჩემი სწავლება. საფრანგეთში ჩემი ცხრამეტწლიანი ცხოვრების მანძილზე მე გაერთიანებაზე ვიმუშავე და თუ FFLAB-მა აიკიდოს დამოუკიდებლობისაკენ უბიძგა, ჩვენ ეს ერთიანობა ამით ვიპოვეთ. თუმცა აიკიდომ თუ ჩემს ყველაზე ახლობელ მოწაფეებში ამოხეთქა, არიან ისეთებიც, ვისაც არ უნდოდა თავისი ტიტული და დოჯო საფრთხეში ჩაეგდო.

ბუშიდო: ელოდით ამას?

ტამურა: არა.

ბუშიდო: მათმა უარმა გული გატკინათ?

ტამურა: ძალიან.

ბუშიდო: ახლა რას ფიქრობთ მათზე?  

ტამურა: ვფიქრობ, ისინი შეცდნენ. იცით, ლოიალურობა ბუშიდოს ფუნდამენტური პრინციპია. რატომ? იმიტომ, რომ სხვის მიმართ ლოიალურობა ისევ საკუთარი თავის მიმართ პატივისცემის გამოხატულებაა. მეომარს, რომელიც ლოიალურობას კარგავს, სიწრფელე თვალსა და ხელს შუა გაუქრება და ცინიკოსად გადაიქცევა. ჩემს შემთხვევაში ჩემს მოწაფეებს ჩემი ოჯახის წევრებად ვთვლი.

ბუშიდო: თვით უძღებ შვილთაც?  

ტამურა: დიახ. როცა მე ეს დამემართა, კვირების განმავლობაში დეპრესიაში ვიყავი. აღარ ვიცოდი, ისევ ჩავდებდი თუ ვერა გულს ჩემს სწავლებაში. დღეს კი ვიცი, რომ თუ ის, ვინც თავისი წასვლით ყველაზე მეტად მატკინა გული, უკან დაბრუნდება, მე მას მივიღებ.  

ბუშიდო: რატომ?

ტამურა სენსეი მდუმარედ ჩაფიქრდება, მერე იღიმება და თავისი დამახასიათებელი თვალის ჩაპაჭუნებით იჩეჩავს მხრებს.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ucinaresad-chemi-megobaria?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)