ტაკემუსუ აიკი: ინტერვიუ ფილიპ ვოარინოსთან

ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალის „აზიური ტრადიციული საბრძოლო ხელოვნებები“ N°43-ში, 2000 წლის იავნარში.

საიტო სენსეის ყოფილი უჩიდეშები იკრიბებიან კონტინენტთაშორისო ორგანიზაციაში, „ტაკემუსუ აიკი ინტერკონტინენტალში“, აიკიდოს შესახებ აზრის ჩამოსაყალიბებლად და გასავრცელებლად.

საბრძოლო ხელოვნებები: ბატონო ვოარინო, დიდი ხანია, ჩვენს ჟურნალში არაფერი გამოგიქვეყნებიათ. შეგიძლიათ, მოკლედ შეგვახსენოთ თქვენი განვლილი გზა?

ფილიპ ვოარინო: აიკიდოში ვარჯიში 1977 წელს, ოცი წლის ასაკში დავიწყე. ამ თარიღსა და 1985 წლებს შორის ჩემი მასწავლებელი ნობუიოში ტამურა გახლდათ, რომელმაც პირველი და მეორე დანები მომანიჭა.

1985 წელს, მორიჰირო საიტო სენსეის შევხვდი და მაშინვე შევწყვიტე ტამურა სენსეისთან სწავლა. 1986-1993 წლები ძირითადად იაპონიაში, კერძოდ იბარაკის პრეფექტურის სოფელ ივამაში, ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას დოჯოში გავატარე საიტო სენსეის უჩი დეშად. ამ წლებში საიტო სენსეისგან მივიღე მესამე, მეოთხე და მეხუთე დანები. ასევე მივიღე ხუთივე ტრადიციული მოკუროკუ, რაც ადასტურებდა აიკიდოს იარაღის – აიკი კენისა და აიკი ჯოს – ცოდნას და თან სწავლების უფლებას მანიჭებდა. 1986 წლიდან მოყოლებული ბევრ ქვეყანაში ვასწავლი აიკიდოს, ხოლო 1996 წლიდან სათავეში ვუდგავარ აიკიდოს საერთაშორისო ცენტრს ბრიუსელში.

მეორე მხრივ, გახლავართ აიკიდოს ერთ-ერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კოლეგიალური დირექტორატის წევრი. ამ ორგანიზაციას Takemusu Aiki Intercontinental-ი ეწოდება.

ს.ხ.: შეგიძლიათ ეს ორგანიზაცია გაგვაცნოთ?

ფ.ვ.: T.A.I. 1992 წელს საიტო სენსეის რამდენიმე და სრულიად სხვადასხვა ეროვნების უჩი დეშისა და ევროპული აიკიდოს რამდენიმე პიონერის, სენსეების ტადაში აბესა და მაცუჰარუ ნაკაძონოს 1950-იანი წლების მოწაფეების ურთიერთთანამშრომლობის წყალობით დაიბადა.

ს.ხ.: მაშასადამე T.A.I. მხოლოდ ივამა-ჯგუფის პირმშო არ ყოფილა.

ფ.ვ.: რა თქმა უნდა, არა. ასოციაციაში ყველაფერს კოლეგიალური დირექცია წარმართავს, რომელიც შედგება, რასაკვირველია, ივამელი უჩი დეშებისა და ასევე იმ ბევრი სხვა ადამიანისგან, ვინაც დიდი წვლილი შეიტანა ევროპული აიკიდოს ჩამოყალიბებასა და განვითარებაში. T.A.I არ არის ფედერაცია იმ გაგებით, როგორც ჩვეულებრივ გვესმის ხოლმე. ის ეროვნულ ფედერაციებსა და კლუბებს კი არ უყრის თავს, არამედ საერთაშორისო მასშტაბით აერთიანებს ინდივიდებს, ფიზიკურ პირებს, რომელნიც ამავე დროს თავისუფალნი არიან, რომ თავიანთ ეროვნულ ფედერაციებს ეკუთვნოდნენ.

ამ ასოციაციის შექმნისას ჩვენ არ გვიფიქრია დავპირისპირებოდით ან გავჯიბრებოდით აიკიდოს სხვა, უკვე არსებულ ფედერაციებს ან ფედერაციებს, რომლებიც მომავალში შეიქმნება. პირიქით, T.A.I. პერმანენტულად თანამშრომლობს ეროვნულ ფედერაციებთან.

ს.ხ.: რატომ აირჩიეთ სიტყვა „ტაკემუსუ“, რომელიც ზოგადად საიტო სენსეის სკოლასთანაა გაიგივებული?

ფ.ვ.: საიტო სენსეი, ცხადია, ტაკემუსუ აიკიდოს ასწავლის, მაგრამ არ შეიძლება „ტაკემუსუს“ დაყვანა რაიმე მარკის ან სტილის აღსანიშნავად. ტაკემუსუ ინისა და იანის ერთიანობის ნაყოფია. თავად ო-სენსეი წერდა:

ტაკემუსუ ვა მიოია ნო იკი ნი აიკი შიტე. ტაკემუსუ შესაქმის ცეცხლსა და წყალს შორის ჰარმონიის შექმნაა.

აიკიდოში იანი ცეცხლია, ირიმია, ინი – წყალი, ტენკანი. ირიმისა და ტენკანის ჰარმონიის წყალობით აიკიდოკა სწორ ფორმას ქმნის, რომელიც ზუსტად შეესაბამება სამყაროს შექმნის პროცესს. მხოლოდ და მხოლოდ ამ პირობით შეიძლება თქვას მან ო-სენსეისთან ერთად: „მე ვარ სამყარო“. ტაკემუსუ აიკიდოს მთავარი პრინციპია. აიკიდო ვერ იარსებებს უტაკემუსუოდ. სრულად უნდა შეიცავდეს ამას.

ს.ხ.: გრძნობთ, რომ დღეს სწორედ ასე ხდება?

ფ.ვ.: არა. და თქვენს შეკითხვას მივყავარ იმ მიზეზების ჩამოთვლისკენ, რომლებიც T.A.I.-ს შექმნას დაედო საფუძვლად.

ჩვენ ვართ რამდენიმე ადამიანი, რომლებიც ვფიქრობთ, რომ ფუძემდებელი მორიჰეი უეშიბას აიკიდოს ბევრი არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც აიკიდოს სახელწოდებით კეთდება დღეს დოჯოთა ძალიან დიდ უმრავლესობაში…

ს.ხ.: რას დაარქმევდით იმას, რაც დღეს კეთდება?

ფ.ვ.: სპორტულ ბუდოს. სპორტულ ბუდოს სათავე დაუდო კიშომარუ უეშიბამ. ო-სენსეის ვაჟი მართლაც ფიქრობდა, რომ მამამისის ხელოვნება ძალიან რთული გასაგები იქნებოდა მოკვდავთა უმეტესობისთვის. თვითნებურად გადააკეთა მამამისას აიკიდო, შეცვალა ტექნიკური ფორმები და არც კი შეყოყმანებულა ისე ამოიღო სრულიად აიკიდოდან ისეთი რაღაცეები, როგორებიცაა, მაგალითად, აიკი კენი და აიკი ჯო.


ოსტატ უეშიბას დოჯო

როდესაც ამის ახსნას ვცდილობდი რმდენიმე წლის წინ, პოლემიკათა წამოწყებაში დამდეს ბრალი. დღეს მე არ ვამბობ ამას, შავით თეთრზე წერია ჰომბუ დოჯოს ოფიციალური გაზეთის - „აიკიდო შიმბუნის“ 1999 წლის 20 იანვრის ნომერში აიკიკაის დირექტორის მორიტერუ უეშიბას (ფუძემდებლის შვილიშვილის) კალმით.


ოსტატი ნაკაძანო

იმ მოვლენათა მთელი ჯაჭვის გასაგებად, რამაც აიკიდო საბოლოოდ სპორტულ ბუდოდ აქცია, უნდა ვიცოდეთ, რომ კიშობარუ უეშიბა აიკიკაის ყოვლისშემძლე ტექნიკური დირექტორი იყო 1948-1999 წლებში. აქედან გამომდინარე, ის იყო მთავარი მასწავლებელი მთელი იმ თაობისა, რომელმაც ომისშემდეგომი აიკიდო აიკიკაიში, ტოკიოში გაიცნო. როდესაც მისი მოწაფეები სამშობლოდან სხვა ქვეყნებში დაიფანტნენ 1960-1970-იან წლებში, მათ, ბუნებრივია, სრულიად ალალად თავიანთი მასწავლებლის მიერ მოდიფიცირებული აიკიდოს სწავლება დაიწყეს მთელ მსოფლიოში. ნახევარი საუკუნის წინ კიშომარუს მიერ წამოწყებულმა გამარტივების პოლიტიკამ შედეგად ო-სენსეის აიკიდოს გაღარიბება და მის სპორტულ ბუდოდ ქცევა მოიტანა. მე არც ვარ ავტორი ამ გამოთქმისა, ის არიკავა სენსეის ეკუთვნის. მადლობა ეკუთვნის მას, სახელი რომ გამოუძებნა იმას, რასაც ვერაფრით ვერ ვუწოდებთ აიკიდოს.

სპორტული ბუდო ერთგვარად აიკიდოა, ოღონდ უტაკემუსუო. აიკიდო არ შეიძლება სპორტში ავურიოთ. და T.A.I.-ს შექმნა სწორედაც რეაქცია გახლდათ მორიჰეი უეშიბას ხელოვნების ტრანსფორმაციის ამ პროცესზე. ასოციაცის მიზანია შეძლებისდაგვარად შევინარჩუნოთ აიკიდოს შემოქმედის მიერ დატოვებული ავთენტური მემკვიდრეობის მთლიანობა.

ს.ხ.: მაშასადამე თქვენ არ ეთანხმებით მოსაზრებას, რომ აიკიდო უნდა განვითარდეს და ამგვარად თანამედროვეობას მოერგოს.

ფ.ვ.: მე კარგად ვიცნობ მაგ მოსაზრებას და ის სულ უფრო და უფრო მართობს. ევოლუცია ჩარლზ დარდვინის მერე მოდაშია. ყველას შევახსენებ, რომ ნატურალისტმა აჩვენა სახეობათა ტრანსფორმაცია სხვადასხვა ხანებში, მაგრამ აზრადაც არ მოსვლია იმ სასიცოცხლო პრინციპის ევოლუცია, რომელიც თავად ამ ევოლუციას აქცევს შესაძლებლად. ვისაც ჭეშმარიტად ესმის, რას ნიშნავს აიკი, იმისთვის აზრი არა აქვს აიკიდოს ევოლუციაზე ლაპარაკს. იგივეა, რომ ვთქვათ: წრის ცენტრი უნდა ვითარდებოდეს, მოდაში რომ იყოს. წრის ცენტრი წრის ცენტრშია, რის გარეშეც წრე ვერ იქნებოდა. აიკი არის პრინციპი, რომელიც მოდა არ არის. მოძრაობა სწორია, თუკი მასში უნივერსალური მოძრაობის პრინციპია დაცული, სხვანაირად არასწორი იქნება.

აიკიდოს ევოლუციონისტური თეორიის სათავეებამდე ასვლა ძნელი საქმე არ გახლავთ. კიშომარუ და მორიტერუ უეშიბებმა განაცხადეს და დაწერეს კიდეც რამდენიმე წლის წინ, რომ ფუძემდებლის აიკიდო ძალიან რუდიმენტული იყო და რომ აიკიკაიმ ის ევოლუციის წყალობით გააუმჯობესა.

ეს პოზიცია, რასაკვირველია, სხვა არაფერია, თუ არა აიკიდოს ტრანსფორმაციის პოლიტიკის გამართლების ნაგვიანევი მცდელობა. ეს პოლიტიკა კი ო-სენსეის სიცოცხლეშივე და მისი სურვილის საწინააღმდეგოდ გაჩაღდა. დღეს აიკიკაის მიერ აღზრდილი მასწავლებლები თავიანთ აზროვნებას ამ პოზიციაზე რომ ასწორებენ, ამაში გასაკვირი არაფერია.

ს.ხ.: ვიცით, რომ საიტო სენსეის წარსულში აზრთა სხვადასხვაობა ჰქონდა აიკიკაისთან. მან შთაგაგონათ T.A.I.-ს შექმნა ?

ფ.ვ.: საიტო სენსეიმ ო-სენსეისთვის მიცემული სიტყვა შეასრულა. მან ერთგულად დაუჭირა მხარი კიშომარუს აიკიკაიში. მას არასდროს მოუსურვებია უჩი დეშების ორგანიზაცია.

ს.ხ.: თუმცა მას მუდმივად იწვევენ ევროპასა და შეერთებულ შტატებში.

ფ.ვ.: მართალია, მაგრამ ამ მიწვევებს მას ყოველთვის რომელიმე დოჯო ან მოწაფე უგზავნის. სწორედ ასე იყო, როდესაც 1989 წელს მე ვიტვირთე პასუხისმგებლობა საიტო სენსეის მოგზაურობაზე საფრანგეთში. თქვენ უნდა გახსოვდეთ, რადგან თქვენი ჟურნალი აშუქებდა ამას.

ს.ხ.: ასეთი რამის ორგანიზება მძიმე ტვირთი უნდა იყოს ერთი ინდივიდისთვის ან თუნდაც ერთი დოჯოსთვის. რატომ არ უნდოდა უჩი დეშთა კავშირი?

ფ.ვ.: ვფიქრობ, მთავარი მიზეზი კულტურათა განსხვავებაშია საძიებელი. თავისუფალი ინიციატივისა და საერთო მიზნის მქონე ინდივიდთა გაერთიანებით შექმნილი სტრუქტურის გაგება სრულიად უცხოა იაპონური სულისთვის. ნება მიბოძეთ, ორი მაგალითი მოვიხმო, რომელნიც გაგიადვილებთ ზემოთ თქმულის გაგებას.

როდესაც ნობუიოში ტამურამ ფეხი დაადგა მარსელის პორტში თავის მეუღლესთან ერთად 1963 წელს, ის ამ დროს საქორწინო მოგზაურობაში იყო. ძალიან ცოტა ვინმემ თუ იცის, რომ მას დაკისრებული ჰქონდა ნახევრად ოფიციალური მისია: დეტალურად შეესწავლა, თუ როგორ მუშაობდა ევროპული სპორტული ორგანიზაციები და მოემზადებინა რაპორტი აიკიკაის მმართველი ინსტანციებისთვის, რომელთაც ვერაფერით ვერ გაეგოთ, რა არის ფედერაცია.

აიკიდოს საერთაშორისო ფედერაციის ეფემერული ისტორია მეორე მაგალითია იაპონური გონების მოუქნელობისა, როდესაც საქმე ასოციაციურ სტრუქტურას შეეხება. F.I.A. 1975 წელს მადრიდში დააარსა რამდენიმე ევროპელმა თავკაცმა, რომელთაც სურდათ, აიკიდო რაიმე საერთაშორისო სტრუქტურით აღეჭურვათ, რაც აიკიდოს საშუალებას მისცემდა საუკეთესო პირობებში განვითარებულიყო პლანეტარული მასშტაბით. 1980 წელს პარიზში F.I.A. -ს მესამე ყრილობა ჩატარდა. მნიშვნელოვანი მოვლენა გახლდათ. 40 წევრი ქვეყნითა და 100 000 მოვარჯიშით საერთაშორისო ფედერაცია ამიერიდან მძლავრი ორგანიზაცია ხდებოდა, რომლის დინამიკაც უცხო იყო აიკიკაისთვის. კიშომარუს ეყო პოლიტიკური გამჭრიახობა და მიხვდა, რომ იაპონიას შეიძლებოდა მსოფლიო აიკიდოს კონტროლი გაეშვა ხელიდან. მაშინ გადაწყვიტა აიკიდოს ინტერნაციონალიზაცია აიკიკაიზე მოერგო და ამისთვის საერთაშორისო ფედერაცია გაეწირა. მომდევნო წელს F.I.A.-ს შტაბბინა საბოლოოდ დამკვიდრდა იაპონიაში, F.I.A.-ს საბანკო ანგარიში იგივეა, რაც აიკიკაის საბანკო ანგარიში და გადაწყდა, რომ ყველა „საერთაშორისო“ ყრილობა ამიერიდან მხოლოდ იაპონიაში გაიმართებოდა. F.I.A განაგრძობს არსებობას, მაგრამ ყველანაირი არსისგან დაცლილია.

ცხადია, ამ მაგალითებით მხოლოდ და მხოლოდ იმის ჩვენება მინდოდა, თუ როგორ არის მოწყობილი იაპონური კულტურის მიხედვით ძალაუფლება, რომელიც კლანის მეთაურის ხელშია და მხოლოდ ის არის უფლებამოსილი, მიიღოს გადაწყვეტილებები, რაც, თავის მხრივ, მნიშვნელოვნად წარმართავს შიგნით შემავალი საზოგადოების მომავალს.

ცნობიერების კულტურული ასპექტიდან გამომდინარე, სწორედ ასეთივე მიზეზების გამო არ სურდა საიტო სენსეის უჩი დეშების დაარსებული საერთაშორისო ორგანიზაციის გზით სიარული.


ივამას დოჯო

ს.ხ.: თუ სწორად გავიგე, T.A.I. საიტო სენსეის ნების საწინააღმდეგოდ შეიქმნა. ასეა?

ფ.ვ.: ვერც ასე ვიტყვით. საიტო სენსეის რჩევა T.A.I-ს დაარსებამდე კარგა ხნით ვკითხეთ და მისი პოზიცია ასეთი იყო: „მე არ ვმონაწილეობ“. მაგრამ ჩვენს წამოწყებას დიდი წარმატება უსურვა. და გასაგებიც არის. საიტო სენსეის მთელ ცხოვრებას წარმართავდა ერთადერთი საზრუნავი: ერთგულად, ზუსტად და არაფრის შეუცვლელად გადაეცა მომავალი თაობებისთვის ის მემკვიდრეობა, რაც ო-სენსეისგან პრივილეგირებულ პირობებში მიიღო თვითონ. თუ იმუშავებდა და მსოფლიოში გარკვეული გავლენით ისარგებლებდა ასოციაცია, რომელიც იმავე იდეალებს დაიცავდა, რასაც თვითონ მიუძღვნა მთელი სიცოცხლე, და რომელიც მისი მოწაფეების უმრავლესობამ დააარსა, საიტო სენსეიში სიხარულის და სიამაყის გარდა სხვა გრძნობას ვერ გამოიწვევდა. დღეს ივამელი უჩი დეშების ამოცანა მიღებულ ცოდნაზე დაყრდნობით ძლიერი და დამოუკიდებელი ევროპული აიკიდოს შექმნაში მონაწილეობაა. ეს იქნება ყველაზე დიდი პატივი, რომელიც მათ შეუძლიათ მიაგონ საიტო სენსეის.

ს.ხ.: ფრანგთაგან ცოტა ვინმე თუა, ვისაც მორიჰირო საიტოს ჭეშმარიტი უჩი დეშობით შეუძლია იამაყოს. რა ურთიერთობა გაქვთ მათთან?

ფ.ვ.: ჩემ გარდა ერთადერთი ადამიანია საფრანგეთში, რომელმაც საკმარისად დიდხანს იცხოვრა ივამაში და შეუძლია უჩი დეშობის პრეტენზია ჰქონდეს. ლაპარაკია პარტისია გერიზე, რომელიც დღეს პარიზში ასწავლის. პირველად ჩვენ ერთმანეთს 1986 წელს, ივამაში შევხვდით. შესანიშნავიურთიერთობა გვაქვს. ეს არის მეგობარი, რომელიც არაერთხელ დახმარებია თავის საქმიანობაში T.A.I.-ს.

ს.ხ.: დანიელ ტუტენიც ახლოს იყო საიტო სენსეისთან, არა?

ფ.ვ.: დიახ, ის ბრეტანში ასწავლის და მან მიიწვია საიტო სენსეი რენში. ის მასამიჩი ნოროს მოწაფეა,რომელმაც არც თუ დიდი ხნის წინ ჩემი დახმარებით აღმოაჩინა ივამას სწავლება. მისი თხოვნით წარმოვუდგინე საიტო სენსეის სწავლება სემინარის სახით დინარში, 1993 წლის ნოემბერში. დაინტერესდა და ისურვა, მე ის საიტო სენსეისთვის გამეცნო. მას შემდეგ რამდენჯერმე იყო ივამაში.

ს.ხ.: შეგიძლიათ უფრო კონკრეტულად აღგვიწეროთ იმ ორგანიზაციის საქმიანობა, რომელსაც თქვენ ეკუთვნით?

ფ.ვ.: T.A.I. აწყობს ხოლმე საერთაშორისო სემინარებს, სემინარებს მასწავლებლებისთვის, საერთაშორისო გამოცდებს. მიანიჭებს ხარისხებს და მასწავლებლის საერთაშორისო დიპლომებს.

ს.ხ.: ანუ თქვენ მუშაობთ იმავე დონეზე და იმავე პრეროგატივებით, რომლებითაც აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია და აიკიდოს ევროპული ფედერაცია.

ფ.ვ.: სიმართლე გითხრათ, T.A.I.-ს პრეროგატივები ბევრად აღემატება F.I.A.-სა და F.E.A.-ს პრეროგატივებს. ხარისხების მაგალითი ნახეთ. კანდიდატები, რომლებიც გამოცდას F.I.A.-სა და F.E.A.-ს ეგიდით აბარებენ, აიკიკაის დიპლომებს იღებენ. გასაკვირად არ მიგაჩნიათ, რომ საერთაშორისო სუვერენულ ასოციაციების შემთხვევაში ხდება ასე?

ეს ორი ფედერაცია რეალურად მეურვეობის ქვეშ არიან. იაპონური კომერციული საზოგადოება – ეს არის აიკიკაის ოფიციალური სტატუსი – იღებს ფულს გაცემულ დიპლომებში მთელი მსოფლიოდან. T.A.I კი პირიქით, თავისუფალია ყოველგვარი მეურვეობისგან.

სხვა მაგალითი ავიღოთ: მასწავლებელთა უწყვეტი ფორმირება. 1960-იან წლებში აიკიდოს განვითარება გარდაუვლად იყო დაკავშირებული სემინარებთან, რადგან მასწავლებლების ჩამოსათვლელად თითებიც კმაროდა, ხოლო მათი ტექნიკური დონე ჯერ კიდევ დაბალი იყო. აიკიდოს სწავლა შეიძლებოდა მხოლოდ და მხოლოდ წყაროსაგან, სხვაგვარად რომ ვთქვათ, მოცემულ მომენტში იქ მყოფი მოცემული იაპონელი ოსტატისაგან. და მთელი საფრანგეთიდან მხიარულად მოდიოდნენ ერთდღიანი სემინარების გულისთვის. დღეისთვის სიტუაცია საგრძნობლად შეიცვალა, ევროპაში ათასობით ხარისხიანი მასწავლებელია. რა კეთდება მათი უწყვეტი ფორმირებისთვის? ფედერაციები უდრტვინველად განაგრძობენ მოვარჯიშეთა `დიდი წირვების~ მოწყობას და ამის რწმენა უკვე არაერთმა დაკარგა საბოლოოდ. არაფერი კეთდება მასწავლებლებისთვის, რომლებმაც მოვარჯიშეები უნდა ჩამოაყალიბონ და ხვალინდელი აიკიდოს პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ. T.A.I.-ს მესვეურებმა გაიაზრეს მასწავლებელთა უწყვეტი ფორმირების მნიშვნელობა და ორგანიზაციის ერთ-ერთი მიზანიც სწორე დეს გახლავთ. მასწავლებელთა დონის და პროგრესის მისაღწევად T.A.I ტრადიციულ სამდონიან სისტემას იყენებს: კირიკამი, მოკუროკუ და მენკიუ-კაიტენ, და ამგვარად მასწავლებლის ჭეშმარიტ საერთაშორისო დიპლომს გასცემს.

ს.ხ.: ცოტა ხნის წინ თქვენ მინიშნება გააკეთეთ აიკი კენსა და აიკი ჯოზე. ზოგიერთი მასწავლებელი იმ აზრს იცავს, რომ აიკიდო მხოლოდ და მხოლოდ შიშველი ხელის ხელოვნებაა და რომ იმ წამიდან, როდესაც ადამიანი კენს ან ჯოს იღებს ხელში, ეს უკვე აიკიდო აღარ არის.

ფ.ვ.: ვიყოთ სერიოზულები. ეგეთებს მინდა ხოლმე ვუთხრა: „შეხედეთ ო-სენსეის ფოტოებს და ფილმებს. ყოველ მეორეში იარაღი უჭირავს ხელში“.

ჭეშმარიტება უმარტივესია. თუკი აიკიდო ძალიან ზოგადად ცნობილია, როგორც შიშველი ხელის ტექნიკა, სადაც კენსა და ჯოს მეორეხარისხოვანი როლი აქვს, ეს იმას ნიშნავს, აიკიდოს ყველგან ასწავლიან იაპონელი ოსტატები, რომელთაც ო-სენსეის მეთვალყურეობით აიკი კენისა და აიკი ჯოს სწავლის შემთხვევა არ ჩავარდნიათ ხელში. და როდესაც ვამბობ, ყველგან-მეთქი, პირველ რიგში ვგულისხმობ – რაგინდ დაუჯერებლად არ უნდა მოგეჩვენოთ – ჰომბუ დოჯოს. ამ ოსტატების ინტერესია, რომ ეს ნაკლოვანება არ გაცხადდეს. ყოველ შემთხვევაში, დიდხანს ასე ვფიქრობდი მათი ასეთი ქცევის ასახსნელად. დღესაც მირჩევნია ვიფიქრო, რომ ისინი გულწრფელნი არიან და რომ მხოლოდ ამ დარგის არცოდნა უშლით ხელს რიაის გაგებაში. T.A.I. -ს მასწავლებელთა სწავლება კი პირიქით, მთლიანად რიაის ცნებაზეა დამყარებული.

ს.ხ.: შეგიძლიათ, აგვიხსნათ ზუსტად რას გულისხმობთ მაგაში ?

ფ.ვ.: ხშირად ლაპარაკობენ აიკიდოს სულიერ და ფილოსოფიურ ასპექტზე. დიდხანს ვეძებე და ვერსად ვერ ვიპოვე ახსნა, რომელიც ამ სფეროში ლოგიკაზე აღმატებული იქნებოდა. მიზეზი მარტივია, კერძოდ ის, რომ გასაღები, რომელიც აიკიდოში სულიერების კარს აღებს მოქმედებაში უნდა ვეძიოთ. მაგრამ არ კმარა ოცდაათი-ორმოცი წლის განმავლობაში აიკიდოდ მონათლული ერთი და იმავე მოძრაობების რუტინასავით გამეორება.

აქცენტს აქ სიტყვის – cum prehendere – ეტიმოლოგიურ მნიშვნელობაზე არ ვსვამ, რაც მრავალისა დაგაფანტულის ერთად აღებას ნიშნავს. აიკიდოს ტექნიკური ფორმების ნაირგვარობა სამყაროს ფორმებივით ურიცხვი და უსასრულოა. მაგრამ ამ ლაბირინთში ერთი გზა არსებობს. ეს გზა ხიდია, კავშირია, რასაკვირველია, შიშველი ხელის ფორმებს შორის, მაგრამ ის ასევე აკავშირებს ამ ფორმებს კენისა და ჯოს ფორმებთან და სწორედ ესაა არსებითი. და სწორედ ამიტომაა ესოდენ მნიშვნელოვანი, რომ ეს ტექნიკური ფორმები არ შეიცვალოს. ეს ორივე ერთი მესიჯის მატარებელია. ხოლო რომელიმე ავთენტური ფორმის დამახინჯება მთელ მესიჯს ხდის გაუგებარს.

აი ესაა რიაი და, სხვათა შორის, მისი აღმნიშვნელი იეროგლიფის აზრიც ესაა: დაფანტული ძვირფასეულობა ერთად უნდა შეგროვდესო. როდესაც ყველაფერი შეგროვდება და შეწებდება, ნათელიც მაშინ იფეთქებს. ჩვენ აქ ინიციაციაზე ვლაპარაკობთ. და ეს ტრადიცია მხოლოდ შორეული აღმოსავლეთის ქვეყნების სპეციფიკა არ გახლავთ. ძველეგვიპტური მითები სხვა რამეს კი არ მოგვითხრობდნენ. ოზირისი მოკლეს და მისი დანაკუწებული სხეული მთელ ქვეყანაზე მიმოფანტეს. იზისი ეძებს, პოულობს და აერთებს თავისი მეუღლის სხვადასხვა ნაწილებს. ამ შეერთებისგან ოზირისი მკვდრეთით აღდგება და ამით სიკვდილზე გამარჯვებას იზეიმებს. ერთიანობაზე შექმნილი ათასი წიგნი, რაც არ უნდა ბრწყინვალე იყოს ისინი, ერთი ნაბიჯით ვერ წასწევს წინ ვერავის ერთიანობის ამ გზაზე. აიკიდო კონკრეტული და შედეგიანი სამუშაოს მეთოდია იმათთვის, ვისაც ამ გზაზე წინსვლა უნდა. სასწაულებრივი ინსტრუმენტია. ნუ ვაქცევთ ამას რაღაც საყვარელ გასართობად.


სემინარის მონაწილენი ლიბანში


სემინარის მონაწილენი სლოვაკეთში

ს.ხ.: რა იყო T.A.I.-ს ბოლო მანიფესტაციები?

ფ.ვ.: T.A.I. ყოველწლიურად აწყობს სხვადასხვა ქვეყანაში თითო ზაფხულის საერთაშორისო სემინარს. წელს, აგვისტოში ბრატისლავაში გაიმართა სლოვაკეთის აიკიდოს ფედერაციის მიწვევით, რომელსაც სათავეში უდგას ბატონი შტეფან კურილა. ამ მანიფესტაციამ თექვსმეტი ქვეყნიდან ჩამოსულ 150 მონაწილეს მოუყარა თავი. ტექნიკური მხარე კოლეგიალურად უზრუნველყო სამმა მე-6 დანიანმა და ორმა მე-5 დანიანმა მასწავლებელმა. ყველანი T.A.I.-ს ტექნიკური კომისიის წევრები იყვნენ.

ს.ხ.: თქვენ ახლა ის ხომ აგვიხსენით ჩვენ, რომ მონაწილეთა რაოდენობა და სამუშაოს ხარისხი ერთმანეთთან შეუთავსებელი ცნებებია?

ფ.ვ.: მართალია. დიდი სემინარები დღესასწაულებად უნდა მივიჩნიოთ. და დღესასწაული სასარგებლოა ბევრი რამისთვის. მაგრამ ასეთი ზეიმები მუშაობისა და სწავლა-განათლებისთვის არაა ზედგამოჭრილი. ჭეშმარიტი და კონსტრუქციული სამუშაო მხოლოდ და მხოლოდ მცირე სახელოსნოებში თუ სრულდება. სწორედ ამიტომ დიდი სემინარები არ უნდა წარმოადგენდეს პედაგოგიკის პრივილეგირებულ საშუალებას.

აგვისტოს მიწურულს T.A.I.-ს სემინარი ჩატარდა ბეირუთში ლიბანის აიკიდოს ფედერაციის მიწვევით, რომელსაც სათავეში უდგას ბატონი სალიმ კაი. ამ სემინარს უშუალოდ მოჰყვა სამუშაო შეხვედრები.

ს.ხ.: სლოვაკეთი და ლიბანი, ორი ქვეყანა, რომელთა შესახებაც ხშირად არ ლაპარაკობენ აიკიდოს კონტექსტში.

ფ.ვ.: და დასანანიც არის. ისინი იმსახურებენ, რომ მათზე ილაპარაკონ. სამაგალითოებიც კი გახლავან. სლოვაკეთის აიკიდომ სწრაფი განვითარება დაიწყო აღმოსავლეთის ქვეყნების განთავისუფლების შემდეგ, ლიბანის აიკიდო კი ომის დასრულების შემდეგ, ომისა, რომელმაც ქვეყანა ოცზე მეტი წლის განმავლობაში სისხლისგან დაცალა. ამ ორ ქვეყანას ერთი საერთო წერტილი აქვს: ენთუზიაზმმა და გულწრფელობამ, აიკის გზაზე ჩაბმულობის თვალსაზრისით, ბევრი დაბრკოლება გადაალახინა მათ, ის დაბრკოლებები, რომლებიც აქამდე საგულდაგულოდ ხერგავდა მათ ამ გზას.

მაგრამ ცდუნება და საფრთხეა მათთვის ჩასაფრებული. სპორტული ბუდოს ცდუნების ძალა ძალიან დიდია. მის ამ სიდიდეს ისიც განაპირობებს, რომ ის თვით იაპონიიდან მომდინარეობს. T.A.I.-ს შეუძლია, რომ იმ ქვეყნებს, რომლებიც ახლა აღმოაჩენენ აიკიდოს, დრო და ენერგია დააზოგინოს. დრო და ენერგია, რომელსაც ისინი ო-სენსეის მიერ გაკვალული გზიდან შორს დახარჯავენ.

ს.ხ.: პირადული შეკითხვით დავასრულოთ საუბარი, ბ-ნო ვოარინო. როგორი ურთიერთობა გაქვთ საიტო სენსეისთან?

ფ.ვ.: ჩინებული. რეგულარული მიმოწერა გვაქვს. ვგზავნი ხოლმე ჩემს მოწაფეებს, ვისაც სურვილი აქვს, ივამაში, სადაც მათ ყოველთვის კარგად ხვდებიან.

პატივისცემისა და მადლიერების უდიდესი გრძნობა მეუფლება ხოლმე საიტო სენსეის მიმართ, როდესაც წარმოვიდგენ იმ არჩევანს, რომელიც მან გააკეთა ეპოქალური მძლავრი დინების საწინააღმდეგოდ – მომავალი თაობებისთვის გადაეცა ერთადერთი აიკიდო, ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას აიკიდო.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/takemusu-aiki-interviu-pilip-voarinostan?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)