სლავური სული

2014 წლის 25-31 აგვისტოს მელის სიამოვნება, მეორედ ჩავიდე საქართველოში, თბილისში ITAF საქართველოს წარმომადგენლობის მიწვევით.

ძალიან მიხარია, რომ კვლავაც ვიქნები ჩემს ქართველ მეგობრებთან ერთად. მათ მიერ წამოწყებული, სრულიად მოხალისეობაზე დაფუძნებული მთარგმნელობითი სამუშაოს წყალობით მოხდა, რომ TAI-ის საიტი უკვე ნათარგმნია ქართულად (300 სტატიაზე მეტი) და რომ იტალიურმა და თურქულმა ვერსიებმაც იხილეს დღის შუქი.

მაგრამ ბოლოდროიდნელი და ყველაზე ღირსშესანიშნავი ძალისხმევა უდაოდ საიტის რუსულად მთარგმნელებს ეკუთვნით.

მათი სახით მინდა მივესალმო საქართველოს, რომელმაც ხელი გაუწოდა თავის მეზობლებს კავკასიონის გადაღმა, იმ საზღვრების გავლით, რომლებიც ხშირად მტკივნეული იყო ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებში.

მათი წყალობით დღეს მე შემიძლია საგანგებოდ მივმართო რუს მკითხველებს, განსაკუთრებით კი მათ, ვინც საიტო სენსეის სწავლებას მიჰყვება და მათ ჩემი სათქმელი ვუთხრა.

მე მორიჰირო საიტოს მოწაფე ვარ. დიდხანს ვიცხოვრე ივამაში. მისგან 25 წლის წინ იარაღის ხუთივე მოკუროკუ, ხოლო თხუთმეტი წლის წინ მე-6 დანი მივიღე. საიტო სენსეი ცხოვრების ბოლომდე მენდობოდა.

მე კარგად ვიცი მეთოდი, რომელიც ივამაში ვისწავლე და მერე უცვლელად ვასწავლე ოცდახუთი წლის განმავლობაში. დღესაც ვიყენებ ამ მეთოდს და დაწვრილებით განვმარტე სტატიაში „გადასვლა“, თუ რატომ არის ის აუცილებელი, რატომ უნდა დავიცვათ იგი და რატომ არ უნდა შევცვალოთ შიგნით არაფერი.

ამას იმიტომ ვწერ, რომ დისკურსმა, რომელიც ჩემგან რამდენიმე წელია ისმის, შეიძლება აფიქრებინოს ვინმეს, რომ მე გავემიჯნე ამ მეთოდს და რომ სწავლება, რომელსაც მე ვთავაზობ მოწაფეებს მას შემდეგ, კავშირი აღარა აქვს საიტო სენსეის სწავლებასთან. ამას არაფერი აქვს საერთო ჭეშმარიტებასთან და გაუგებრობა იქნებოდა ამის დაჯერება.

საიტო სენსეის აზრი, რომელიც მას არაერთხელ გამოუთქვამს, იყო, რომ მისი სწავლების მთავარი ღირსება ადამიანის ინტროდუცირება და აიკიდოსათვის მომზადებაა. საუკეთესო მომზადებააო, ხშირად უთქვამს. მაგრამ ასევე ძალიან ხშირად იმეორებდა, რომ ეს სამუშაო, რაც არ უნდა აუცილებელი ყოფილიყო ის, ჯერ მაინც არ იყო აიკიდო, რომ ეს მხოლოდ საშუალება გახლდათ ფუძემდებლის აიკიდოსთან მისასვლელად, ინსტრუმენტი მოწაფის ხელში.

მიუხედავად ამ გაფრთხილებისა, მის მოწაფეთაგან მრავალს ჰგონია, რომ საკმარისია იმეორო მეთოდი უბოლოოდ, რომ ერთ მშვენიერ დღეს აიკიდო თვითონ, ბუნებრივად გაჩნდეს, მეტ-ნაკლებად სპონტანურად. ცდებიან.

ცხადია, ადამიანმა შეიძლება სულ უკეთ და უკეთ იმეორო მეთოდი, ეს შესანიშნავი რამაა, იგივეა, რომ პიანისტმა გამები იმეოროს. მაგრამ გამების აზრი ისაა, რომ ერთ დღესაც დაუკრას მან. საუკეთესო იარაღიც კი უსარგებლო ხდება, თუკი ის არ ემსახურება იმას, რისთვისაც არის ის მოფიქრებული.

მოდით, კარგად დავუფიქრდეთ ამას: მორიჰეი უეშიბას პრაქტიკა სინათლის წლების მანძილითაა მორიჰირო საიტოს ყველაზე დაწინაურებული მოწაფეებისაგან დაშორებული. საიდან გაჩნდა ეს განსხვავება, მაშინ როცა საიტო სენსეის მეთოდი, მართალია ძალიან შორიდან, მაგრამ მაინც ყველაზე ეფექტურია ო-სენსეის აიკიდოსთან მისაახლოებლად?

მართალია, რომ აიკიდოს ფუძემდებელი ჩვეულებრივი ადამიანი არ იყო, მაგრამ ეს ვერ ხსნის ყველაფერს. სხვა მიზეზი არსებობს და ის ასე ყალიბდება: მეთოდის ბოლოს, იქ, სადაც წყდება იგი, არსებობს გზა და ეს გზა გასავლელია. საიტოს მეთოდის დანიშნულება ჩვენი მიყვანაა იქ, სადაც ეს გზა იწყება. იგი ვერ წავა ამაზე შორს, ამ ადგილას იგი თავისი მოქმედების ველის მიჯნას ეხება. რაც ამის მიღმაა, უკვე მის სფეროს აღარ განეკუთვნება. მსოფლიოში ყველაზე ლამაზ გოგონასაც მხოლოდ იმის გაცემა შეუძლია, რაც მას აქვს.

ეს გზა მე-4 დანის შორიახლოს ჩნდება, როდესაც დამწყების მუშაობამ ნაყოფი გამოიღო და მეთოდი უკვე შესწავლილია. ეს გზა დაფარულია. ცოტა ვინმემ თუ აღმოაჩინა მისი არსებობა. და ამიტომაც, როგორიც არ უნდა იყოს ნიჭი, გარჯა და სურვილი მავანთა და მავანთა, კიდევ უფრო ნაკლებია იმათი რიცხვი, ვინც ჭეშმარიტად დადგა ნაბიჯი იქ, სადაც მორიჰეი უეშიბას ნაკვალევია.

მე არ გთავაზობთ მორიჰირო საიტოს მეთოდის მიტოვებას, მე გთავაზობთ, იგი გამოიყენოთ იმ მიზნით, რისთვისაც იგი იქნა შემუშავებული: როცა შესაბამისი მომენტი დადგება, ოსტატი უეშიბას სამყაროს შესწავლა დაიწყოთ. ანუ აქ არ იგულისხმება მეთოდის თაროზე შემოდება, იგულისხმება, რომ დავეყრდნოთ მას, რათა მისი წყალობით აღმოვაჩინოთ ის, რაც აღმოსაჩენია, მაგრამ რაც მასზე ბევრად უფრო შორსაა.

ამ გზაზე დადგომა სულ არ ნიშნავს საიტო სენსეის შეურაცხყოფას, პირიქით, ეს მისი ნების აღსრულებაა, ეს ყველაზე შესაფერისი პატივის მიგებაა მისთვის: რაც მის ცხივრებას აზრს სძენს. და პირუკუ, მხედველობიდან დაკარგვაა იმ მიზნისა, რისთვისაც შექმნა მან ეს მეთოდი, თუკი უსასრულოდ გავიმეორებთ მას და იგი არასდროს მიგვიყვეანს ო-სენსეის აიკიდოსთან.

ამიტომაც ვპატიჟებ რუს მოვარჯიშეებს, თავისუფლად ჩამოვიდნენ ჩემ შესახვედრად თბილისის სემინარზე. სიტყვა, რომელსაც ვცდილობ ადამიანებს გავაგონო, რთულია, ის ძალისხმევას მოითხოვს გაგებისათვის, მხოლოდ სხეული საკმარისი არ არის, აქ გონების თვისებებია საჭირო და კიდევ უფრო მეტად სულის თვისებები. ეს თვისებები კი, მწამს, ნამდვილად არის სლავური სულის სიღრმეში.

ფილიპ ვოარინო, 2014 წლის 18 ივნისი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/slavuri-suli?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)