შეუძლებელია ნამდვილი აიკიდოს სწავლა

„აიკიდო ჯორნალმა“ ამას წინათ თავის საიტზე შემდეგი შეკითხვა დასვა: „შეუძლებელია ნამდვილი აიკიდოს სწავლა თუ არა იაპონელი შიჰანისაგან?

ეს შეკითხვა უპირველეს ყოვლისა ისტორიული ხასიათის პასუხს იმსახურებს.

საუკუნის მეოთხედში, რომელიც მეორე მსოფლიო ომს მოჰყვა, სავსებით გასაგებია, რომ აიკიდოს სწავლა მხოლოდ და მხოლოდ ვინმე იაპონელისაგან თუ შეიძლებოდა, შიჰანი იქნებოდა იგი თუ არა. ამის მიზეზი მეტად მარტივია: აიკიდოს სწავლება შეეძლო მხოლოდ და მხოლოდ იმას, ვისაც თვითონ ჰქონდა ნასწავლი. მორიჰეი უეშიბა კი აიკიდოს თავის თანამემამულეებს ასწავლიდა.

მართალია, დასავლეთ ევროპელები შეხვდნენ ო-სენსეის ცხივრების ბოლოს, მაგრამ ეს ხანმოკლე და, განსაკუთრებით, ნაგვიანევი შეხვედრები იყო. 1950-იანი წლების დასაწყისში აიკიდოს მასწავლებლები პიონერები იყვნენ ამ საქმეში და, ცხადია, იაპონელებიც იქნებოდნენ, ევროპელებმა ხომ არაფერი არ იცოდნენ ამ დისციპლინის შესახებ. ეს ის ხანა იყო, როდესაც პირველი ევროპელი თეთრქამროსნები საფრანგეთში ჩადიოდნენ კვირაობით ტადაში აბეს გაკვეთილებზე დასასწრებად. როდესაც ორშაბათობით თავ-თავიანთ დოჯოებში ბრუნდებოდნენ, მათ სთხოვდნენ ეჩვენებინათ ახლადნასწავლი მასალა და, ბუნებრივია, ისინიც... ასწავლიდნენ შეცდომებს. ამგვარად გაიდგა ფესვები აიკიდომ ჩვენს ქვეყნებში. რასაკვირველია, უშუალოდ ომისშემდგომ პერიოდში აიკიდოს იაპონელის გარდა სხვა ვერავისგან ისწავლიდა კაცი.

დღეს 2003 წელია. დასავლეთში აიკიდოს გამოჩენიდან ორმოცდაათ წელზე მეტი გავიდა. ჩვენს ქვეყნებში ზოგიერთ მასწავლებელს ორმოცდაათწლიან პრაქტიკაზე მეტიცა აქვთ და ჯერ კიდევ ტატამიზე არიან. ზოგ იაპონელ შიჰანს კი ოცდაათწლიანი გამოცდილებაც არა აქვს. ჰოდა როგორ უნდა წავიკითხოთ „აიკიდო ჯორნალში“ დასმული შეკითხვა?

კულტურული განსხვავებები

კარგად თუ ჩავუფიქრდებით, მე მგონი, ასე შეიძლება ჩამოყალიბდეს ეს: „კულტურულ განსხვავებებთან დაკავშირებული გარკვეული რაოდენობის მიზეზების გამო დასავლეთევროპელს ვერაფრით ვერ ექნება აიკიდოს ჭეშმარიტი გაგება. და თუკი ვერ გაიგებს, ცხადია, ვერც სხვას გადასცემს იმას, რაც თვითონ ვერ გაიგო. ამიტომაც მისგან მხოლოდ და მხოლოდ აიკიდოს ფერმკრთალ აჩრდილს თუ შეისწავლით. მარტო იაპონელებს ძალუძთ ავთენტური აიკიდოს სწავლება. იაპონელი შიჰანი არის ნიმუში და მას უნდა მიჰყვეთ.“

სასწრაფოდ დავაზუსტებ, რომ ეს შეხედულება ზუსტად შეესაბამება იმ გრძნობას, რომელიც იაპონელებს აქვთ აიკიდოში მოვარჯიშე დასავლეთევროპელების მიმართ. ჩემთვის ბევრად უფრო იოლი იქნებოდა, აქ საკუთარი გამოცდილება გამეზიარებინა, მაგრამ მირჩევნია, მოვიხმო ამონარიდები, რომელთა მხედველობაში არმიღებაც უფრო რთული იქნება. თავის წიგნში „აიკიდოს სული“ კიშომარუ უეშიბა 136-ე გვერდზე გვიხსნის, რომ ეს „კულტურული განსხვავებები ხელს უწყობს იაპონელ მოწაფეებს“, მაგრამ, თითქოს ამ ფრაზის შესარბილებლად, იქვე დასძენს, „დასავლელთა შორის ზოგიერთი უდიდეს შეუპოვრობას იჩენს თავისი სულის ძიების გზაზე ბუდოს საშუალებით, როგორც საშუალო იაპონელი, რომელიც აიკიდოში ვარჯიშობსო.

ჩანს, როდესაც კიშომარუს კომპლიმენტის თქმა სურს, უნებლით თავისი თავაზიანად ცინიკური ღრმა აზრი წამოსცდება. ეს უკანასკნელი ფრაზა სხვა არაფერია, თუ არა ეს: საუკეთესო დასავლელი საუკეთესო შემთხვევაში სულ ოდნავ თუ შეიძლება წავიდეს იმაზე შორს აიკიდოს წვდომაში, სადამდეც ნებისმიერი საშუალო იაპონელი მიდის.

მაშ რასი თქმა სურს დოშუს, როდესაც „კულტურულ განსხვავებებზე ლაპარაკობს“? ცხადია, გულისხმობს, რომ იაპონური კულტურული ტრადიცია ძალიან განსხვავებულია დასავლური ტრადიციისგან. და რაკი აიკიდო იაპონური კულტურის ემანაციაა, დასავლეთი მისი სიღრმისეული გაგებისათვის ბოლომდე მზად არ არის. ამ მოსაზრებას ორგვარად შევეწინააღმდეგები.

აიკი და დაო, ჩინური ფესვები

პირველი ის, რომ აიკიდო იშვა არა იაპონური ტრადიციის, არამედ უფრო ჩინური ტრადიციისგან. აიკიდო იგივე აიკი დაოა, შეიძლება სასარგებლო იყოს ამის შეხსენება. კიშომარუ უეშიბა იზიარებს ამ მოსაზრებას, რადგან 110-ე გვერდზე თავად წერს: „ბუდოს სხვადასხვა სკოლებს ინისა და იანის განსხვავებული ინტერპრეტაციები აქვთ, მაგრამ მათი ეს ინტერპრეტაციები ძველი ჩინეთის მოაზროვნეთა ნაფიქრალიდან გამომდინარეობს.“


ტადაში აბე სენსეი (1926-1984)

და ჩინეთი გვასწავლის ამას. დაო არ ჩანს. ის ყველაფერზე ადრე იყო. შეუძლებელია ამაზე ლაპარაკი. მიზეზის გამო, რომელიც ჩვენ აღგვემატება, საწყისი ენერგია – კი – მიმართულია გამოჩენისაკენ.

ამისათვის ის წინასწარ უნდა გაიყოს, გნებავთ პოლარიზდეს. ჩინელები ინსა და იანს უწოდებენ იმ ორ ელემენტს, რომლებიც ამ საწყისი გაყოფის შედეგად წარმოიშვა.

ინი და იანი კის პირველი ნაყოფია, მაგრამ ამას ჯერ ფორმები არ ჰქონდა, ეს იყო ფორმის გამოჩენის საშუალება. პირველი თვალსაჩინო ფორმა მერე იყო. ის ინისა და იანის კავშირიდან აღმოცენდა, ინისა და იანისა, რომელთა უშრეტი კომბინაციები შემდგომში დასაბამს მისცემენ ყველაფერს, რაც კი სამყაროში არსებობს.

ერთი იყოფა და გვაძლევს ორს, ორს რომ ერთი ემატება, გამოდის სამი, სამი კი შესაქმის რიცხვია. მაგრამ სამი სხვა არაფერია, თუ არა ხილული ერთი, რადგანაც როდესაც ორი ერთდება, ისევ ერთი ხდება. ინისა და იანის კავშირი ერთ ფორმაში ჩანს, იმიტომ რომ კი ისევ ერთდება. ერთდება გამოვლინებით და გამოვლინებაში. ამით იხსნება ჰერმეტული ფორმულა 1 = 2 = 3.

სამკუთხედი საუკეთესო გეომეტრიული გამოსახულებაა ერთის ამ დაყოფისა. ეს არის საოცრად დინამიური ფიგურა, რადგანაც იმ შესაქმის სიმბოლოს წარმოადგენს და გამოხატავს მთელ იმ სამუშაოს,რომელსაც ერთი უკეთებს თავის თავს მის შიგნით მყოფი ინისა და იანის ჯერ გამოსუნთქვით, შემდეგ კი შესუნთქვით, რათა მის შიგნით მათ შექმნან რამე თავიანთი ერთიანობით. აი რატომაა მიღებული სამკუთხედი შესაქმის სიმბოლოდ.

აი, რატომაა სანკაკუ, აიკიდოს დგომი სამკუთხედი. ტენკანი და ირიმი აიკიდოს სამკუთხედის საფუძველია, როგორც ინი და იანი – სამყაროს სამკუთხედისა. ტენკანისა და ირიმის ჰარმონიული შერწმით აიკიდოკა შესაქმის პროცესში მონაწილეობს, რადგან უბრუნება ისევ ერთს. რა თქმა უნდა, ის მხოლოდ და მხოლოდ ეფემერულ ტექნიკურ ფორმებს ქმნის, მაგრამ ამის გარეგნულად გამოსავლენად – და სწორედ ესაა უმნიშვნელოვანესი – ქმნის სამყაროს მიერ არჩეული გეგმის მიხედვით.

აიკი არის შეერთებული კი, რომელსაც უბრუნდება აიკიდოკა, როდესაც მისი მოძრაობები სამყაროს ბუნებრივ მოძრაობებს ემორჩილება, სამყაროსას, რომელიც დინამიკურ ჰარმონიაში აერთიანებს სიმეტრიულ ძალებს – საპირისპიროსა და ერთმანეთის შემავსებლებს, ანუ, სხვაგვარად, ინსა და იანს.

აიკიდო ადამიანური მიკროკოსმოსის სახით მაკროკოსმოსის ზუსტი გამოხატულებაა, ისე, როგორც ეს ჩინურ კოსმოგონიაში აღიქმება. ამის გათვალისწინებით და იმის გამო, რომ იაპონიაში დიდხანს მიცხოვრია, ყოველგვარი ცუდი აზრების გარეშე ვსვამ შემდეგ შეკითხვას.

მართალია, რომ იაპონელს, რომელიც ტრადიციის მიხედვით თავისი დროის უმეტეს ნაწილს ყოველდღიურ შრომაში ატარებს, დასავლეთის კულტურის წარმომადგენელზე უკეთ ესმის ჩინური კულტურა, რომელიც ესოდენ მდიდარი და ესოდენ შორსმდგომია ადგილობრივი იაპონური კულტურისაგან?

და ამ შეკითხვაზე პასუხით მივადექი მეორე რაღაცას, რაშიც მინდა დოშუს სიტყვებს შევეწინააღმდეგო.

დასავლური ცივილიზაცია

შეუძლებელია რამენაირად დაეუფლო აიკიდოს, თუ საკუთარი არსების ყველაზე ღრმა ბოჭკოებით – ანუ მთელი სხეულით – არ შეითვისე ის სამყარო, რომელზეც ახლახანს იყო ლაპარაკი. მართალია, რომ თანამედროვე დასავლეთევროპელებს არა აქვთ იგივე მსოფლხედვა. მაგრამ ნურც ის დაგვავიწყდება, რომ არც ჩვენი ბებერი დასავლეთია გუშინ დაბადებული. ფესვებიც ღრმა აქვს. აყვავებულიინდუსტრიული ცივილიზაცია ისტორიის მხოლოდ და მხოლოდ უახლესი ეპიზოდია. სამწუხაროდ, იაპონელებს ძალიან ხშირად მწირი და დამახინჯებული ცოდნა აქვთ დასავლური ცივილიზაციის შესახებ. და მე ვშიშობ, კიშომარუ უეშიბაც სწორედ ასეთი ნაწილობრივ და ზედაპირულად იცნობს დასავლეთს.

რაკი სამკუთხედზე ვლაპარაკობთ, იცის მან, მაგალითად, რომ იუდაიზმის ყველაზე ღრმა სიმბოლო, სოლომონის ბეჭედი, რომელიც ორი სამკუთხედის შეერთებით მიიღება, საპირისპიროთა ერთიანობას ნიშნავს? წვეტით ქვევით მიმართული სამკუთხედი წყალს ნიშნავს, ზევით მიმართული კი – ცეცხლს. ასე რომ, იაპონური კამიზა ერთადერთი რამ არაა, სადაც ცეცხლსა (კა) და წყალს (მი) ვხვდებით.

ნეტა წმინდა სამების ქრისტიანული ეზოთერიზმი თუ გაუგონია? მამასა, ძესა და სულიწმინდას შორის ზუსტად ის ერთიანობა, ზუსტად ის სამკუთხა ურთიერთობა არსებობს, რომელიც ინისა და იანის თაობაზე მოვიხსენიეთ და რომელიც კავშირია სამყაროსა და ძლიერებას შორის – ერთი – წარმოჩინებული სამყაროა. რამდენი სამკუთხედია ამოტვფრული ჩვენი ეკლესიების თაღებზე?

დოშუ დაინტერესებულა ნეტა არქაული საბერძნეთით? ორმაგი სპირალი, რომელსაც ლემნისკოსი ეწოდება და რომელსაც ჩვენს ტაძრებზე ხშირად ვაწყდებით, ჰელენთა შორის არ აღიქმებოდა რაიმე უბრალო დეკორატიულ მოტივად. ეს ამ ორი ასპექტის გამოვლინების სახე იყო, რიტმი ევოლუციისა და ინვოლუციისა, მოკლედ, დაოს გზის შესანიშნავი შესატყვისობა.

ნეტა ყურადღებით დაათვალიერა კიშომარუმ ჩვენი ექიმების სიმბოლო? ღვთაება მერკურის ბეჭედი, რომელიც ორ გველს აცალკევებს და axis mundi-ს, ანუ სამყაროს ღერძს განსახიერებს, რის გარშემოც ტრიალებს და ერთმანეთს აწონასწორებს კოსმოსში მოქმედი ორი სიმეტრიული ძალა. და ბოლოს, წაუკითხავს კი შესაქმე? ადამისა და ევას ლამაზი ხატებით შენიღბული ზღაპარი ინისა და იანის შესანიშნავი მაგალითია დასავლურ კულტურაში. ადამი და ევა სამოთხედ წოდებული ედემის ბაღიდან გამოდიან და ერთიანობით „სათავეს უდებენ ყველაფერს ცოცხალს“.

სინამდვილეში სამყაროს ეს დაბადება არაა არც ებრაული, არც ბერძნული ან ქრისტიანული. არც ჩინურია. მარტივად – გამოხატავს ტრადიციას, რომელიც სამყაროს წარმოშობას შეეხება და ამის გამო – ამა თუ იმ სახით – ყველა კულტურაში და კონტინენტზეა.

საერთო კულტურული საფუძვლები

მაშასადამე, მე ვამტკიცებ, რომ დასავლელებს თავიანთ კულტურაში აქვთ საფუძვლები, რითაც მათ არ ეუცხოვებათ ჩინური კულტურა. და თუკი კვალიფიციურ მასწავლებელთან სწავლისათვის აუცილებელ რამდენიმე წელს გაატარებს, მას სულ ცოტა იმდენივე შანსი ექნება აიკიდოს შეცნობისა, რამდენიც იაპონელს.

მართალია, რომ ზოგი მითი სხვებზე უფრო გამძლე გამოდგა და რომ ო-სენსეის შესახებ ლამაზი ლეგენდები არსებობს. არადა ფუძემდებელი ჩვეულებრივი ადამიანი იყო. უბრალოდ, მან ისე იმუშავა სამყაროს ამ სიმეტრიული ძალების გაერთიანებაზე, როგორც სხვამ არავინ. და ეს იმიტომ, რომ თავი არ დაუზოგავს ამის ძიებაში და მიაღწია იმას, რომ თავის ხელოვნებაში გაერთიანებული კის გამოხატვა შეძლო. აქედან გამომდინარე, თუ იაპონელი არ იმუშავეს საკმარისად, ვერაფერსაც ვერ მიაღწევს, ხოლო თუ დასავლელი იმუშავებს, ის ისევე შორს წავა, როგორც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია წინსვლა თავისი ნიჭისა და უნარის გათვალისწინებით.

არსებობს XXI საუკუნეში ავთენტური იაპონელი შიჰანი?

მე, სხვათა შორის, იმ დასავლელთა მოსაზრებასაც ვეწინააღმდეგები, რომლებიც ამტკიცებენ, რომ აიკიდოს სწავლა მხოლოდ და მხოლოდ „იაპონელი შიჰანისაგან“ შეიძლება.

რატომღა ვარჯიშობენ აიკიდოში, თუკი ფიქრობენ, რომ ამ ხელოვნების კარები მათთვის უიმედოდაა ჩარაზული? სატრაბახოდ ხომ არა?

უფრო შორს წავიდეთ. აუცილებელია რამდენიმე ნიღბის ჩამოხსნა საიმისოდ, რომ მორიჰეი უეშიბას აიკიდო მარტივ სპორტად არ გადაიქცეს. ო-სენსეის მოწაფეები, რომლებმაც აიკიდოს დაუდეს სათავე მთელ მსოფლიოში, დღეს გარდაცვლილები არიან. მაშასადამე შეიძლება ის ლეგიტიმური კითხვა დავუსვათ საკუთარ თავს, რომელიც აიკიდო ჯორნალის შეკითხვის დროს მოუვა კაცს თავში: არსებობს კი 21-ე საუკუნეში ნადვილი იაპონელი შიჰანი?

შოჯი სუგიამამ, მინორუ მოშიძუკის მოწაფემ, ასე გამოხატა თავისი სათქმელი საბრძოლო ხელოვნებების ჟურნალის სვეტში რამდენიმე წლის წინ:

თანამედროვე აიკიდო, დოშუს – უეშიბა სენსეის ვაჟის შემოქმედება, კაცისა, რომელსაც თავისი ხასიათისა და ფიზიკური სისუსტის გამო ცოტა რამ გაეგებოდა ბრძოლისა, ქორეოგრაფიაა. ის, რაც საბრძოლო ხელოვნების რეალობას ქმნიდა, სიყვარულისა და ჰარმონიის ცუდად ინტერპრეტირებული კონცეპტებით შეცვალეს იმ მოვარჯიშეებმა, რომელთაც ეს საბაბად მოიდეს, რომ მძიმე ვარჯიში თავიდან აეცილებინათ. ადვილია – და მოვრჯიშეები უარს არ ამბობენ ამაზე – მოძებნო მიზეზები საკუთარი ტექნიკური ნაკლოვანებების გასამართლებლად, რაც საბოლოოდ მათ გონებრივ დაქვეითაბას იწვევს.

კაცი, ვინც ამას ამბობს, იაპონელია, რომელსაც ორმოცდაათწლიანი პრაქტიკა აქვს და ორმოცი წელია, ასწავლის დასავლეთში, ტურინში, სადაც ცხოვრობს. აღსანიშნავია, რომ ის დასავლელ მასწავლებლებს კი არ აკრიტიკებს, არამედ პირიქით, კიშომარუ უეშიბას შესაძლებლობებს. ანუ შესაძლებლობებს იმ კაცისას, ვინც დღეს დასავლეთში მოღვაწე იაპონელი შიჰანები ჩამოაყალიბა.

ეს არგუმენტი წინა სტატიებში მოვიშველიე და აქ ვეღარ დავუბრუნდები. ჩანს, რომ ეს თვალსაზრისი რომელიმე კერძო ინდივიდისა არ გახლავთ. ისეთი მსხვილი ფიგურებისთვის აიკიდოში, როგორებიც კოიჩი ტოჰეი, ტადაში აბე, და მორიჰირო საიტო არიან, კიშომარუ მხოლოდ და მხოლოდ „კარგი მოხელე“ იყო, რომელსაც ტექნიკური პასუხისმგებლობების კისრება არ შეეძლო.

შუ-ჰა-რი

აიკიდო ჯორნალის შეკითხვას იმ გზებისკენ მივყავართ, რომელთა არსებობაც კი არ ვიცოდით წინათ, არახალხმრავალი გზებისკენ, ძალიან შორს აიკიდოს იმ გატკეპნილი გზებიდან, საითაც მოვარჯიშეთა დიდი რაოდენობები მიიჩქარიან.

მართლაც, შეიძლება უფრო რთულია წარმოსადგენად, რომ იპოვო ნამდვილი იაპონელი შიჰანი და შეიძლება ნაკლებ გასაკვირი იყოს, რომ ავთენტური დასავლელი შიჰანები გამოჩნდნენ. ეს იმიტომ, რომ დასავლელებს აქვთ ერთი თვისება, რომელიც იაპონელთა უმრავლესობას ჯერ კიდევ აკლია: კრიტიკული აზროვნება.

სწორედ ეს კრიტიკული აზროვნება უშლის ხელს იმ ინტერპრეტაციული შეცდომის ჭეშმარიტებად მიღებას, რომელიც განსჯის უნარის სისუსტისაგან იშვა – იყოს ეს თუნდაც კაცისაგან, რომელსაც მემკვიდრეობით უაშიბას გვარი ერგო. შუ-ჰა-რი, ამბობენ იაპონელები: სკრუპულოზურად გაიმეორე მოდელი, რომ მერე ფორმებისაგან განთავისუფლდე.

ესაა ფორმულა, მაგრამ შეცდომების იმიტირებაც შეიძლება და აი მაშინ ძალიან ცოტა შანსი რჩება, რომ ოდესმე ფორმებისგან განთავისუფლდები. „შუ“ არ უნდა იყოს პასიური ფაზა. სხეული და გონება ერთად მუშაობს. სიფხიზლე არასდროს არ უნდა მოდუნდეს.

დასავლეთი მომზადებული და მოწოდებულია

რამდენიმე ვართ სხვადასხვა ქვეყანაში, ვინც ვფიქრობთ, რომ დასავლეთი მომზადებული და მოწოდებულია გადაიბაროს აღმოსავლეთისგან აიკიდოს განვითარების ესტაფეტა და, რომ თუ ის ამ მისიას ვერ შეასრულებს, აღმოსავლეთი ჩამოიშლება. ამის მაგალითად აიკიკაი გამოდგება, რომლის „წყალობითაც“ იაპონური აიკიდო დღეს უკვე იქცა ქორეოგრაფიად.

ტაკემუსუ აიკი ინტერკონტინენტალი (TAI ) არის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც ამ – მომავალი თაობებისთვის გადაცემის – მიზნით შეიქმნა. იგი ტრადიციული განწყობით მუშაობს და შორსაა ყოველგვარი პოლიტიკური თუ მერკანტილური ანგარიშებისგან, მუშაობს, რომ მრავალ ქვეყანაში თავი მოუყაროს მამაკაცებსა და ქალებს, დარწმუნებულებს იმაში, რომ აიკიდო სხვა რამეა, ვიდრე რაღაც საყვარელი გასართობი.

არსებითი იდეა ო-სენსეის ავთენტური აიკიდოს გადაცემისა მომავალი თაობებისათვის მასწავლებელთა ფორმირებაზე გადის. მაშასადამე ტაი არის ასოციაცია, რომელიც საერთაშორისო მასშტაბით ემსახურება მასწავლებლებს. იგი დასავლური შთაგონების ნაყოფია და ჯებირივით აღიმართა დეკადენსის – აიკიდოს „ევოლუციის“ – წინააღმდეგ, რომელიც თვით იაპონიიდან მომდინარეობს.

ამ ბოლო თვეების მანძილზე TAI-მ ხუთი ფორმაციული სემინარი ჩაატარა ხუთ სხვადასხვა ქვეყანაში.

  • ბეირუთში ლიბანის მიმართულების პასუხისმგებელი პირის, ბ-ნი ფრანსუა შიდიაკის მხარდაჭერით.
  • ბრატისლავაში, სლოვაკეთის აიკიდოს ფედერაციის პრეზიდენტის, ბ-ნი შტეფან კურილას დახმარებით. ამ სემინარისთვის TAI-მ იაპონელ მასწავლებელთან, ჰიროკი ნემოტოსთან ითანამშრომლა.
  • არასში საფარნგეთის მთავრობასთან ტაის პიარზე პასუხისმგებელი პირის, როჟე ტრანის ორგანიზებით.
  • აუგსბურგში, ტაი-ს წიაღში მეშვიდედ შეიკრიბნენ გერმანული აიკიდოს სხვადასხვა მიმართულებები, რასაც თავკაცობდა ბავარიის აიკიდოს ფედერაციის პრეზიდენტი ედმუნდ კერნი.
  • და ბოლოს, ტურინში დიდი საზაფხულო სემინარი, სადაც რვა ქვეყნიდან შეიკრიბნენ ბ-ნი რენატო ვიჩეტინის მფარველობით.

დასკვნა

იკიდო გვასწავლის, როგორ არ ვთქვათ არაფერი ისეთი, რისი ჩვენებაც არ შეიძლება. ესაა არსებითი. ნამდვილი მოქმედება, ის, რაც არმოქმედებას ექვემდებარენა, ანუ, როგორც ლაო ძი იტყოდა,

ლამაზი სიტყვებით ბაზარში შეიძლება წასვლაო - ლაო ძი

არ ეწინააღმდეგება სამყაროს ბუნებრივ დინებას და ერწყმის მას – ესაა შეცნობის მამოძრავებელი ძალა. ამ მოქმედებით იღებენ მომავლის რწმენას TAI-ს წევრები, ქალები და კაცები.

დასავლელები წინ თუ წავიდნენ აღმოსავლელი კაცის, ო-სენსეის მიერ გაკვალულ გზაზე, ამაში პარადოქსული არაფერია, რადგანაც ჩინურ კულტურაში, რაც ნიადაგი აღმოჩნდა აიკიდოსთვის, მათ თავიანთი ტრადიციების საუკუნოვანად დამალული ფესვები იპოვეს.

შეწყვიტონ თავიანთი როლის შემცირება, ჰქონდეთ ნდობა საკუთარი თავისა, თავაღერილებმა იარონ ამ გზაზე, ხშირად ათასწლოვანი წარსულით მდიდრებმა და ამაყებმა, ბედნიერებმა იმით, რომ აღმოსავლეთისა და დასავლეთის ამ დიდი დაახლოების მთავარი მოქმედი პირები არიან, და ამ დაახლოებიდან გამოვა ახალი მსოფლიო! და ამიტომ მართალია, რომ:

იდეალური საბრძოლო ხელოვნება, რომელსაც ტაკემუსუ აიკის ვუწოდებ, ხალხს სიყვარულით აერთიანებს და კაცობრიობის მშვიდობისთვის ზრუნავს.

ესაა ო-სენსეის სიტყვები, რომელიც კიშომარუმ ციტატად მოიხმო „აიკიდოს სულში“.

ფილიპ ვოარინო, 2003 წლის 9 ოქტომბერი


ტურინი - იტალია (2003)
TAI მასწავლებელთა სამსახურში მყოფი ასოციაციაა.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/sheuzlebelia-namdvili-aikidos-scavla?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)