სავარძელი ისტორიის დინების მიმართულებით

ეძღვნება ყველას, ვინც უარი თქვა იქ ჩაჯდომაზე.

არის სიტყვები, რომლებიც მყისიერად აღძრავენ ერთიანობის სურვილს.
ადამიანები ერთმანეთს უპირატესად კეთილშობილური ღირებულებებით აღიარებენ: სიმამაცით, სულგრძელობით, ძმობით, კეთილმოსურნეობით, გამბედაობით, ერთგულებით... თუნდაც ზომიერად ავლენდნენ ისინი ამ თვისებებს.
სიტყვა ევოლუცია ლექსიკონის ამ კატეგორიას და ამ კეთილშობილებას განეკუთვნება.

ევოლუცია ყოველთვის დადებითია, ის ამა თუ იმ სახეობის სიკეთისა და გადარჩენისათვის ხდება. ფიქრობენ, რომ საბოლოოდ სწორედ ის დაიხსნის ადამიანს ძალადობისა და სატანჯველაგან, რომლებიც უხსოვარი დროიდან მძიმე ტვირთად აწევს მას.

სიმართლე ითქვას, ამგვარად ჩამოყალიბებული კრედოთი სწორედ პროგრესის ცნება იკვეთება აქ, ის, რომელიც მეცნიერებისა და ტექნიკის მიღწევების მიღმაა მატერიალური თვალსაზრისით და ის, რომელიც იდეებისა და ზნე-ჩვეულებათა ევოლუციაში გვხვდება სულიერების თვალსაზრისით.

ადმიანთა საზოგადოება გარდაიქმნება უკეთესობისკენ: აი ასეთი ზოგადი იდეა გავრცელდა მთელი თავისი დოგმებით, როგორც აღორძინებიდან მოყოლებული უცვლელი ქარგა დასავლური საზოგადოებებისა, რომელმაც ყველაზე დიდი კვალი დატოვა ბოლო ორი საუკუნის ისტორიაში. აზრი, რომელიც ასე ჩამოაყალიბა ჰეგელმა: « სამყაროს ისტორია თავისუფლების შეცნობის პროგრესია ».

ორმა მსოფლიო ომმა, ამათგან ერთმა ატომურმა, ვერ შეცვალა გონების ეს ბედნიერი განწყობა. ოპტიმიზმია თუ სიბრმავე, მაგრამ ევოლუცია თითქმის რელიგიასავით თავსმოხვეული აღმოჩნდა ყველასთვის, როგორც ჩვენი დროის ერთგვარი რწმენა.

განვითარება! აი საკვანძო სიტყვა. არ უნდა ჩამორჩე, უნდა მიჰყვე მოძრაობას, მილიონობით followers-ს და ქარის მიმართულებით იცურო. ქარისა, რომელიც ცოტათი მტვერს კი აყენებს თავიდან, მაგრამ მერე ამ მტვერს დალექვას დააცდის. როდესაც ამბოხება გუგუნებს, ეს ყოველთვის ისტორიის მიერ ნიშანდასმულ გზებზე ხდება, იმათ ზურგსუკან, ვისაც თავი მთავარი მოქმედი პირი ჰგონია და სინამდვილეში მხოლოდ უბრალო მსახიობია და სხვა არაფერი. რაოდენ იოლია ოდაო, როგორც აჯანყებულმა, რაოდენ მოსახერხებელია, იჯდე დისიდენტად სენ-ჟერმენ დე პრეზე, რაოდენ კომფორტულია დაიდგა სავრძელი ისტორიის დინების მიმართულებით. თანაც მნიშვნელობა არა აქვს ამ მიმართულება, ის ყოველთვის მხოლოდ გარემოებათა მიხედვით იცვლება.

არსებული წესრიგის მიუღებლობა ახალ წესრიგს წარმოშობს, რომელიც ყოველთვის ძველზე უფრო სახიფათოა. ძირს მეფე, გაუმარჯოს სტალინს! ბედნიერება ხვალვე და სიკვდილი იდეებისთვის, რომელბიც მეორე დღეს ფასს დაკარგავს. აქედან ნათელი ხდება, რომ იდეალები იდეოლოგია იყო და სხვა არაფერი.

ასე რომ, ყველაფერი ვითარდება, თუმცა არაფერი მოძრაობს სინამდვილეში, ერთი და იგივე შეცდომები მეორდება დაუსრულებლივ. შემაძრწუნებელია ინერტულობა ადამიანთა საზოგადოებისა, რომელიც ძალ-ღონეს არ იშურებს, რათა თავი ისე მოგვაჩვენოს, ვითომ « თავისუფლებაშეცნობილი » მოქმედებს. რომელი თავისუფლების? იმ განვითარების თავისუფლებისა, რომელიც ბრმა და კაციჭამიაა და რომელიც ყველა ჯურის დიქტატორს გამრავლება-გაფურჩქვნის საშუალებას აძლევს? და რა შეცნობაზეა აქ ლაპარაკი, თუკი მოქმედება უპრინციპოა, მოძრაობა კი გაუთვლელი? ჟანრების აღრევა და უკონტროლო გველეშაპის შექმნა, აი რა საზარელება იმალება მომხიბვლელი ევოლუციის მიღმა, პრინცესად გადაცმული მედუზა, რომელიც დამბლას სცემს და ადგილზე აშეშებს ცივილიზაციას.

ეგებ დროულია, გავიხსენოთ აქ, რომ ევლუციის თეორია არ ამტკიცებს, ყოველგვარი ევოლუცია კარგია სახეობისთვისო, არამედ უფრო იმას, რომ ბუნებრივი სელექცია ხდება ევოლუციათა გათანასწორებით, ანუ, ერთი მხრივ, ემხრობა თავისი გარემოს სახეობას, მეორე მხრივ კი ასუსტებს მას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ევოლუცია სინამდვილეში თავისუფლად შეიძლება იყოს ინვოლუცია და საფრთხის ქვეშ დააყენოს ინდივიდები, რომლებიც ამას ემსხვერპლნენ.

ჰალუცინაცია კოლექტიურია, რომელიც ადამიანთა ძილს მოქმედების ნიღაბს არგებს. თუმცა მაინც შესაძლებელია ყოველგვარი დინების გარეთ, ჰარმონიულად და სიღრმისეულად მოქმედება ინერტულობის წინააღმდეგ. ვან გოგის, ნიცშეს, არტოსა და კამიუსნაირმა ადამიანებმა გვიჩვენეს, რა გზებს შეგვიძლია დავადგეთ. მათ თუ სისტემები არ აუგიათ, ეს იმიტომ, რომ ჭეშმარიტი სიბრძნე არ ანგრევს არსებულ წესრიგს იმისათვის, რომ მის ადგილას სხვაგვარი წესრიგი მოახვიოს ვინმეს თავს. ბრძენი არავის არაფერს არ ახვევს თავს, ის უძრავია, როგორც ცენტრი, თუმცა მისგან იღებს სათავეს ყველაფერი. არ-მოქმედება არ გახლავთ უმოქმედობა, პირიქით, ის სრული მოქმედებაა, სამყაროს კანონებზე მორგებული მოქმედება. ჭეშმარიტი ევოლუცია, ის, რომელსაც შეუძლია წაგვიძღვეს სხვაგან და არა წინასწარ გამოცხადებული კატასტროფისკენ, ჯერ არ დაწყებულა.

რაც შეეხებათ აიკიდოში მოვარჯიშეებს, ვაგლახ, არც ისინი დაზოგა ნაირნაირი მხრიდან მომავალი ევოლუციის დიქტატურამ. არავის წარმოდგენაც არა აქვს, რას აკეთებდა სინამდვილეში ფუძემდებელი, არადა ისე ჩანს, რომ ყველამ ძალიან გაასწრო მას. ამისათვის საუბრების მოსმენაც კმარა და იმის წაკითხვაც, რაც იწერება.

ოსტატი უეშიბა ერთ უბრალო ეპიზოდად იქცა აიკიდოს ისტორიაში და მალე რაღაც პატარა, სასაცილო ამბად იქცევა მისი ცხოვრება. რადგან ხელოვნება რასაკვირველია, განვითარდა მას შემდეგ, რაც ის ო-სენსეის მეთვალყურეობის ქვეშ აღარაა. ის უკეთესობისკენ ტრანსფორმირდა, ადამიანთა საზოგადოების მსგავსად.

დიდხანს უარეს ხელის ცეცებით მოხუცი ოსტატის არქაიზმებს, უხეშ მოძრაობებს, ხორკლიან ტექნიკასა და რაღაც აბდაუბდა საბრძოლო ასპექტს. ათასობით მუყაითმა მიმდევარმა შეასწორა ეს უხერხულობები, დახვეწეს მოძრაობები და გზა გაუხსნეს აიკიდოს XXI საუკუნისკენ. მადლობა მათ. მოძრაობები უფრო მომრგვალდა, უფრო ელეგანტური გახდა, უფრო ესთეტიკური და მათ ახალი გემო მიიღეს ბოჟოლესავით. თანამედროვე სამზარეულო, უგემოებო სამზარეულო, უწესებო სამზარეულო.

რა დასანანია, რომ ოსტატი უეშიბა ვერ გამოხატავს თავის შესაფერ და შესაბამის მადლიერებას მემკვიდრეობის მიმღებთათვს. ბოკენის ჩაკაკუნებას თავში. სისულელეებია ეს ყველაფერი, ამნეზია, ჟესტიკულაცია, არაკომპეტენტურობა, თვითკმაყოფილება, ამპარტავნება, უმნიშვნელობა, ხარახურა. სიტყვები არ მყოფნის იმის სათქმელად, თუ რას იწვევს ჩემში აიკიდოს განვითარების თანამედროვე იდეა.

რამდენჯერ შეიძლება განვმარტო, რომ აიკიდო ვერ განვითარდება, იმიტომ რომ აქ ლაპარაკია პრინციპზე და რომ პრინციპი ვერ იქნება უკეთესი ან ნაკლებად უკეთესი, პრინციპი არსებობს და სხვას ვერაფერს დაუმატებს ადამიანი. ან ვიცით ეს პრინციპი ან არ ვიცით, ან ვხედავთ მას ან ვერ ვხედავთ, მაგრამ ვერ გამოვიგონებთ და ვერ გავაუმჯობესებთ მას. თავმდაბლად ვცდილობთ ჩავწვდეთ და დავიცვათ ეს პრინციპი, თუკი გვინდა, რომ სამყაროსთან ჰარმონიულად ვიმოქმედოთ. მთელი ფიზიკა იცავს უმცირესი მოქმედების პრინციპს და აიკიდოკა ვითომ რა წითელი კოჭია, რომ არ დაიცვას?

აიკიდო მდგომარეობს იმაში, რომ ადამიანმა თავისი არსება უნდა მიუძღვნას პრინციპს იმ იმედით, რომ სამაგიეროდ ეს უკანასკნელი თავისი თავის გამოხატვას ინებებს იმ ადამიანის სხეულის, სულისა და გონების გავლით, რომელიც მას საამისოდ სთავაზობს. ამას არაფერი აქვს საერთო რელიგიასთან და თავისუფლად შეიძლება გამოდგეს ხელოვნების განსაზღვრებად ყველაზე ზოგად სიბრტყეში. ყოველ შემთხვევაში, პრინციპთან ამ შერწყმით გახდა ოსტატი უეშიბა ჩვენი წინამორბედი. და თუკი ვინმეს თვალში ეპატარავება ეს ამბავი, უბრალოდ იმიტომ, რომ ო-სენსეი იმაზე ბევრად უფრო შორს წავიდა, ვიდრე მათ თვალთახედვას შეუძლია მისწვდეს.

დიდი გონებაგამჭრიახობა არ არის საჭირო იმის გასაგებად, რომ ჩვენი ცივილიზაცია უიმედოდ ცდილობს აზრი შესძინოს თავის მატერიალურ განვითარებას. იმის გამო, რომ ვერ ხედავს წარმმართველ პრინციპს, რომელსაც შეეძლო ერთიანი გაეხადა მისი მოქმედება, ის მოუწესრიგებლად ერთვება ყველა სფეროსა თუ დარგში, მეცნიერება კი ნებსით თუ უნებლიეთ უზრუნველყოფს დესპოტურ და უმუხრუჭო ტექნოლოგიას, რომელიც ახრჩობს და ანადგურებს სულიერებას.

ამ ანარქიულ წინ გაქცევას უწოდებენ ცივილიზაციის განვითარებასა და პროგრესს, რომელსაც სინამდვილეში კაცობრიობის დასრულების დაწყება შეუძლია. ამ კონტექსტში აიკიდოს სულიერება, რომელიც მდგრადი ცენტრალური წარმმართველი პრინციპის შედეგია, შეიძლება მხსნელ მოდელად ექცეს ყოვლად დეზოირენტირებულ თანამედროვე საზოგადოებას. აიკიდო-მეთქი ვამბობ და არა ის, რაც დღეისათვის, სამწუხაროდ, აიკიდოს სახელით არის შემოთავაზებული.

რადგან აიკიდო საპოვნელია თავიდან, უნდა ჩამოსცილდეს მას არაკომპეტენტური და პრეტენზიული თაობების მიერ დაგროვილი ტალახის ფენები. ხელახლა უნდა გამოვიტანოთ დღის სინათლეზე ოსტატი უეშიბას მიერ აღმოჩენილი ალმასი, რომლის ცქერით მხოლოდ და მხოლოდ თვითონ ტკბებოდა. რა არეულ-დარეულობაა, რა ზარალია და რამდენი დროის დაკარგვა მოგვიწევს კიდევ!

საბედნიეროდ, პრინციპი არასდროს არ იკარგება მთლიანად. ის შეიძლება დროებით მიეფაროს თვალს, მაგრამ დგება დღე, როდესაც რომელიმე განსაკუთრებული ადამიანი წყვდიადის გარკვეული პერიოდის შემდეგ ახერხებს ახადოს საბურველი. ოსტატმა უეშიბამ თავის დროზე ეს გააკეთა ჩვენთვის. აქ არ შედიან ის ბედოვლათები, რომლებიც ფიქრობენ, გავასწარითო. კიდევ ერთხელ მინდა გავიხსენო, რომ დევს ადვილად ვერ ააცოცდები მხრებზე და აიკიდოს განვითარების ნაცვლად შეიძლება უკეთესი ყოფილიყო, იმაზე დაფიქრებულიყვნენ, თუ რა შეიძლება ადამიანში განვითარდეს აიკიდოს წყალობით.

რაც შემეხება მე, ცხადია, მე უიმედო შემთხვევა ვარ ევოლუციისთვის, მეზოზოურ ერაში ჩარჩენილი. მაგრამ მით უკეთესი, თუ არ ვვითარდები, მით უკეთესი, თუ გუშინდელი სამყაროს გადმონაშთად ვჩანვარ, ამიტომაც შემიძლია სანდო მოწმე ვიყო ამ ყველაფრისა. და თუ სიგიჟეა უდაბნოს შუაგულში ლაპარაკი, ეულად დგომაა მოდის წინააღმდეგ, ეულად ყოფნა მოდურ ევოლუციონისტთა მთელი ჯარის წინააღმდეგ, მე მირჩევნია ვიყო გიჟი და ჩემმა სიგიჟემ ამგვარად მიაგოს პატივი იმას, ვინც შეძლო და დაინახა მაშინ, როდესაც სხვა ვერავინ ხედავდა: ო-სენსეი მორიჰეი უეშიბას. როდესაც ყველაფერი თავდაყირა დგება, შეიძლება მხოლოდ სიგიჟეღა რჩება სიბრძნისთვის პატივის მისაგებად.

სირცხვილი იმას, ვინც ამაზე ცუდი რამ იფიქროსო, როგორც ამბობენ ინგლისელები.

ფილიპ ვოარინო
2 ნოემბერი 2016, მიცვალებულთა ხსენების დღე

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/savarzeli-istoriis-dinebis-mimartulebit
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)