საიტოს მეთოდი #4

შეხსენება

საიტო სენსეის მიერ შემუშავებული აიკიდოს შესწავლის მეთოდი ნათლად გვიჩვენებს, თუ რაოდენ ჭკვიანურადაა შექმნილი მექანიზმები, რომლებითაც სხეული იძენს ტექნიკას. იგი საოცარად ეფექტურია საიმისოდ, რომ ადამიანმა სწრაფად და ზუსტად აითვისოს აიკიდოს მოძრაობების შემადგენელი ფუნდამენტური ელემენტები.
უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს მეთოდი გამოყენებული, გადაცემული და დაცული იყოს.
მომდევნო კვლევამ შეიძლება ვინმეს აფიქრებინოს, თითქოს მე კრიტიკულად ვიყო განწყობილი ამ მეთოდისადმი და თითქოს ერთგვარად შორს მეჭიროს თავი მისგან: ამგვარი გრძნობა რეალობის სწორი ანარეკლი ვერ იქნება, მე კი არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ეს მეთოდი დღემდე ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო ინსტრუმენტია, რომლითაც დამწყებს აიკიდოს გზისკენ შეგვიძლია წარვუძღვეთ. ამას ვამბობ ხმამაღლა და მკაფიოდ, ეს აუცილებლად უნდა გავიგოთ და არ დავივიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯობს, საერთოდ არ წაიკითხოთ მომდევნო სტატიები.

ვხედავთ, რომ მიმართულება, საითაც სრულდება იონკიო ომოტე, იდენტურია იმ მიმართულებისა, საითაც იკიო ომოტე, ნიკიო ომოტე და სანკიო ომოტე სრულდება, ისე, როგორც გაანალიზებულია ეს [სმ #2]-სა და [სმ #3]-ში: ტორის წინა და მარჯვენა მხარეს.

ახლა ერთმანეთს შევადაროთ იონკიოს ამ სერიის მე-3 ფოტო და სურათი, რომელზეც საიტო სენსეი იკიოს შეცდომას აჩვენებს, ისევე, როგორც ნიკიოსა და სანკიოს შესაბამის ფოტოებს შევადარეთ:

აქაც, როგორც ნიკიოსა და სანკიოს დროს, ვამჩნევთ, რომ უკე ძალიან შორსაა, თავის მარცხენა ფეხს ეყრდნობა, და რომ მისი ხელი წინისკენაა გადავარდნილი, ნაცვლად იმისა, რომ ტორის მუცლის წინ იყოს გაკონტროლებული.

დავიხსომოთ ეს და მცირე ხნით იმ აუცილებელ ინფორმაციაზე შევყოვნდეთ, რომელიც შემდგომში კიდევ უფრო მეტ სიღრმეებში შესვლის საშუალებას მოგვცემს.

ადამიანის მაჯას ოთხი მხარე აქვს:

იკიო, ნიკიო, სანკიო და იონკიო ოთხი გაუძრავებაა, რომლებიც ადამიანის მაჯის ამ ოთხ მხარეს შეესაბამება:

ეს ოთხი გაუძრავება უკეს ხელის მიერ შესრულებული კონცენტრული სპირალის ოთხ თანამიმდევრულ სტადიას შეესაბამება და ამ ხელის სამ სახსარზე (იდაყვზე, მაჯასა და მხარზე) თანდათანობით ზემოქმედებს. ეს სპირალი იწყება იკიოთი, რომელიც უკეს ხელის ბრუნვის პირველ საფეხურს წარმოადგენს, გრძელდება ნიკიოთი და სანკიოთი, რომლებიც, როგორც მს #2-სა და მს #3-ში, ვიხილეთ, ჩახრახვნის ორი მომდევნო ნაბიჯია და მთავრდება იონკიოთი, რომელიც ხვეულას დაბოლოებაა მისსავე ცენტრალურ წერტილში.

დავაკვირდეთ, რა ხდება იკიოდან სანკიომდე: ტორის მარჯვენა ხელი თანამიმდევრობით იღებს შიდა მხარეს (იკიო), მერე გარეთა მხარეს (ნიკიო), შემდეგ ქვედა მხარეს (სანკიო) და სპირალურად ბრუნავს უკეს მაჯის გარშემო ამ სამი ჩავლების მიხედვით, თანდათანობით შორდება მაჯას თითებისკენ, ანუ ბერკეტის ნულოვანი წერტილიდან ამავე ბერკეტის მაქსიმალური ნიშნულამდე მიდის.

მაგრამ ეს ხელი სანკიოს დროს ფიზიოლოგიურად მაქსიმალურ წერტილს აღწევს, სადამდე მიღწევაც უკეს მაჯას თავის გარშემო ჩახვევაში შეუძლება. ის ამავდროულად აღწევს – და ეს მნიშვნელოვანი გახლავთ – მაქსიმალურ ბერკეტს, რომლის გამოყენებაც ამ სახსარზეა შესაძლებელი. სხვაგვარად რომ ვთქვათ, სანკიოს შემდეგ შეუძლებელია უკეს მაჯის სახსარზე დაწოლის კიდევ უფრო გაძლიერება, ვერც მარჯვენა ხელით და ვერც სხვა რამ ხერხით.

თუმცა არსებობს კონტროლის უკანასკნელი შესაძლო ფაზა, რადგან გვაქვს უკეს მაჯის უკანასკნელი მხარე, რომელიც აქამდე ჯერ არ გამოგვიყენებია – ზედა მხარე – და გაუძრავების სპირალის მეოთხე და უკანასკნელი სტადია, რომელიც ასევე უნდა შესრულდეს: ესაა იონკიო. მაშასადამე იონკიო სანკიოს გაგრძელებად უნდა აღვიქვათ უკეს ხელის ჩახვევის ლოგიკურ და თანამიმდევრულ პროცესში. სწორედ ამიტომ განმარტავდა ო-სენსეი კუდენებში ასე: „იონკიო გააკეთეთ მას შემდეგ, რაც ხელს ისე ჩახრახნით, როგორც ამას სანკიოს დროს შვრებით“. და ამ ურთიერთკავშირის საუკეთესო დასტური ისაა, რომ იონკიოს დროს ტორის მარჯვენა ხელი ინარჩუნებს უკეს მაჯის ჩავლებას ქვედა მხარეზე, ისე, როგორც ეს სანკიოს დროს მიიღწევა. ამის შემოწმება ქვევით, ო-სენსეის, ტადაში აბესა და საიტო სენსეის ფოტოებზე შეიძლება:

რაკი მარჯვენა ხელი სანკიოს ჩავლებას ვეღარ გასცდება, ხოლო უკეს მაჯის სახსარს უფრო მეტად ვეღარ დავაწვებით, საქმეში დამატებით ტორის მარცხენა ხელი ერთვება, ევლება საჩვენებელი თითის ბაზით უკეს მაჯის უკანასკნელ, ჯერარგამოყენებულ მხარეს (ზედა მხარეს), და ამგვარად საშუალებას გვაძლევს ჩახრახვნის უკანასკნელ საფეხურს მივაღწიოთ და დამატებითი იმპულსი არა უკეს მაჯაზე, რაკი ამ სახსრის ბლოკირება თავის მაქსიმალურ წერტილზეა ასული, არამედ მის იდაყვსა და მხარზე გამოვიწვიოთ:

მაშასადამე სანკიოსა და იონკიოს შორის ერთი და მარტივი ქრონოლოგია არსებობს. ურთიერთკავშირი კი უფრო რთულია: სანკიოს გაუძრავება ინტეგრირებულია, გარკვეულწინად „ინკორპორირებულია“ იონკიოს გაუძრავებაში, ის მასშია, ის მის ნაწილს შეადგენს, ზუსტად ისევე, როგორც ნიკიოა სანკიოს ნაწილი. შევიტანოთ სრული სიცხადე: იონკიო იგივე სანკიოა, ოღონდ უფრო შორს წასული, მეორე ხელის მოქმედების დახმარებით.

ამას ერთ შესანიშნავ კონსტატაციამდე მივყავართ: გაუძრავებები ერთმანეთთან დაუკავშირებელი ილეთები არაა და ისინი პედაგოგიური მოსახერხებლობისთვის განკუთვნილი ამა თუ იმ უბრალო მიზეზით არაა ასე დანომრილი, ისინი ერთმანეთისგან წარმოიშვებიან, ერთმანეთისგან იბადებიან, როგორც ნაყოფი იბადება ყვავილისგან... ტრანსფორმაციით.

ადამიანის სხეულის კანონებზე ტექნიკის ეს საოცარი მორგება მხოლოდ და მხოლოდ სანკიოსთან შედარებით (შდრ. კაჯო #17) სხეულის ღერძის მარჯვნისკენ დამატებით 30°-იანი ბრუნვითაა შესაძლებელი (დაუკვირდით, მხოლოდ 30°-ით). ამ საბოლოო ბრუნვის შედეგად უკეს ხელი სანკიოსთან შედარებით კიდევ უფრო იგრიხება და მატულობს დაწოლა იდაყვის სახსარზე, რაც ბოლოს ამ იდაყვის მიწაში ჩასობას იწვევს, თითქოს ხმალს ასობდეთ, თან სრულად ვიცავთ უკეს წონასწორობიდან წინ და გვერდით გამოყვანის პრინციპს, რასაც იკიოდან მოყოლებული გამოიყენება.

ტკივილი მაჯის ცნობილ „რადიალურ წერტილზე“ სულაც არაა არსებითი ამ ილეთის სწორი შესრულებისათვის (ზოგი ამას სულ ვერ გრძნობს), მაჯის ზედა მხარეზე დაწოლა ტკივილის მისაყენებლად კი არა, არამედ უკეს ძირს ჩასაყვანადაა მისი წონასწორობის კარგვის მიმართულებით. ამასთან მძიმდება იდაყვისა და მხრის ბლოკირება, ეს კი ემატება იმას, რაც ხელის მობილიზაციით მივიღეთ სანკიოს დროს. ეს საბოლოო შედეგი დამოკიდებულია სხეულის ღერძის მაქსიმალურ, უკეს საწყისი შეტევის ხაზიდან 180°-აინ ბრუნვაზე მარჯვნისკენ.

ტერფებით (ჰიტო ე მი) კუთხეების თანამიმდევრულად გავლა იკიოდან დაწყებული:

სამაგიეროდ, თუ იონკიო ომოტეს იმავე მიმართულებით შევასრულებთ, საითაც იკიო ომოტე კეთდება, შეუძლებელია, იდაყვი მოაკეცინო უკეს ჩაყვანისას, რადგან ეს ამ უკანასკნელის ხელს კიდევ უფრო წინ გადააგდებდა, ვიდრე ეს ნიკიოსა და სანკიოს შემთხვევაშია, რაც აუტანელი იქნებოდა. ნათლად ჩანს ფოტოებზე, თუ როგორ იქცევა ამ დროს საიტო სენსეი: უკეს ხელი ჩააქვს გაჭიმულად, იმ ფორმით, რომელსაც თავად ხსნის დასაწყისში, როგორც არასწორ იკიოს, და ამ გადაჭარბებულ დაშორებას ის წინ გადადგმული მარცხენა ნაბიჯით „ასწორებს“, რათა მის და უკეს სხეულებს შორის გაჩენილი სიცარიელე „შეავსოს“, ზუსტად ისევე, როგორც სანკიოს შესრულებისას. მხოლოდ ამ ნაბიჯით შეუძლია მოახრევინოს ხელი უკეს (თან ამ დროს შეიძლება სირთულემ იჩინოს თავი ფიზიკურად ღონიერი უკეს შემთხვევაში) და ამგვარად დაიბრუნოს ბოლოს და ბოლოს ეფექტური კონტროლი ამ ხელზე თავისი მუცლის წინ (მე-3 ფოტო):

ამიტომაც იონკიო კიდევ უფროა დამოკიდებული საკუთარი სხეულის ღერძის ბრუნვაზე, ვიდრე ნიკიო და სანკიო. ახლა ალბათ უკეთ გვესმის, თუ რატომ ვერ დაკმაყოფილდება სრულად ამ მოძრაობის შესრულების კრიტერიუმები და პირობები, თუკი მას იკიოს მიმართულებით გავაკეთებთ. იონკიო ომოტეს შესრულება იკიოს მიმართულებით საიტო სენსეის იმ ტექნიკურ კომპრომისებს აიძულებს, რომლებიც ახლა ვნახეთ. ამგვარ კონტექსტში ისინი გარდაუვალია და სრულიად ლოგიკურია.

საიტო სენსეიმ იცოდა ყველაფერი, რისი გამოაშკარავებაც ახლა ვცადეთ იონკიო ომოტეს შემთხვევაში. ყველაფრის მიუხედავად ის მაინც ასე ასწავლიდა ამ ილეთს, იმავე მხარეს, საითაც იკიო ომოტეა და უმცირეს ბოროტებად თვლიდა და ამიტომაც იღებდა იმ გარკვეულ პრობლემებს, რომლებიც ამ მოძრაობის ამდაგვარი შესრულებისას წარმოიშვებოდა. ეს კი ამ მოძრაობის ჭეშმარიტ ბუნებას ეწინააღმდეგება. ამ არჩევანის მიზეზების დადგენამდე იმ გაუძრავების განხილვა დაგვრჩა, რომელსაც თანამედროვე აიკიდო გოკიოს უწოდებს.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/saitos-metodi-4?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)