საიტოს მეთოდი #1

მე საიტო სენსეის მოწაფე ვარ 1986 წლიდან:

ივამაში მივარჯიშია ათასობით საათის განმავლობაში, ზამთარ-ზაფხულ:

ზოგჯერ თვით ო-სენსეის იარაღიც მიხმარია, ვფიქრობდი, სული შეიძლება უსულო საგნებსაც ჰქონდეთ-მეთქი…

ამის მაგალითი ზევიდან მოდიოდა:

მიმუშავია მინდორში საიტო სენსეის დასახმარებლად და მიცხოვრია უკომფორტოდ, რომ მისგან ცოდნა მიმეღო:

მადლიერების ნიშნად საიტო სენსეის ხშირად დავწვევივარ სადილად ივამაში და ბევრი რამე მისწავლია იქაური შეხვედრებიდან:

დიდხანს მიცხოვრია თვით აიკიდოს ფუძემდებლის სახლში:

ო-სენსეის ბიბლიოთეკა დამილაგებია და მისი ჰაკამა დამიკეცავს, თავი არ დამიზოგავს, რომ ჩემი პატივისცემა გამომეხატა:

ერთი სიტყვით, დასავლეთიდან აღმოსავლეთისკენ გზა განვვლე, რომ მორიჰეი უეშიბას დოჯოში მეცხოვრა, იქ გამეფებული სულისკვეთებით გავჟღენთილიყავი და, ჩემი შესაძლებლობების ფარგლებში, ძველი იაპონიის სულს ჩავმწვდარიყავი:

ამიტომაც საიტო სენსეი თავის მხრივ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ გამოემართა და მე მას ჩემთან, ანტიბში ვუმასპინძლე 1989 წელს:

მის დასახვედრად ჩემი პირველი მასწავლებელი, ტამურა სენსეიც დავპატიჟე:

დროთა განმავლობაში საიტო სენსეიმ აიკი-კენისა და აიკი-ჯოს ხუთი მოკუროკუ და მე-6 დანი მომანიჭა:

გარდაცვალებამდე თხუთმეტი თვით ადრე მან ეს წერილი გამომიგზავნა, სადაც ჩემდამი ნდობას გამოხატავს და ამას ჩემთვის ყველა ხარისხსა და წოდებაზე უფრო დიდი მნიშვნელობა აქვს:

ამ ყველაფრის თქმა შეიძლება ვინმეს სასაცილოდ ეჩვენოს. მაგრამ თავის გამოსაჩენად არ ვაკეთებ, ამას თავისი მიზეზი აქვს. იმიტომ, რომ ამ პირველი სტატიით უაღრესად დელიკატურ შრომას ვიწყებ: შევეცდები განვმარტო, თუ რატომ შექმნა საიტო სენსეიმ სწავლების მეთოდი, მაშინ როცა ო-სენსეის ასეთი რამ არ ჰქონია და რა შეიძლება მოჰყვეს შედეგად ამგვარი მეთოდის შექმნას აიკიდოს პრაქტიკაში.

მაშასადამე, ზემოთქმულით მინდა ის აზრი მაინც გავფანტო, რომელიც ჩემდამი გამოთქმულ ყველა კრიტიკულ მოსაზრებებში უპირველესი იქნება - რომ მე არა ვარ კვალიფიციური ამ თემაზე სალაპარაკოდ. მე ეს მეთოდი შევისწავლე, ის მე საიტო სენსეიმ პირადად, ყოველდღიურ რეჟიმში, ივამაში გადმომცა. მე ამას ვასწავლი უკვე 27 წელია და ის ისე ვიცი, როგორც პიანისტმა თავისი გამები. მათთვის, ვისაც არ ჰქონია შემთხვევა, ჩემგან ესწავლა ტატამზე, ფაქტებმა და საბუთებმა ალბათ საკმარისად დაარწმუნა ჩემს ლეგიტიმურობაში, უბრალოდ, ბოდიშს ვიხდი, თუ ისინი ცოტა ისე გადმოვალაგე, როგორც ამას ბოსტნეულით მოვაჭრე გააკეთებდა თავისი ბოსტნეულით. ვიდრე დავიწყებდე, მინდა ვთქვა ის, რაც აუცილებლად უნდა გვქონდეს გონებაში მთელი მომავალი სტატიების მანძილზე: საიტო სენსეის მიერ შემუშავებული აიკიდოს შესწავლის მეთოდი ნათლად გვიჩვენებს, თუ რაოდენ ჭკვიანურადაა შექმნილი მექანიზმები, რომლებითაც სხეული იძენს ტექნიკას. იგი საოცრად ეფექტურია საიმისოდ, რომ ადამიანმა სწრაფად და ზუსტად შეისწავლოს აიკიდოს მოძრაობების შემადგენელი ფუნდამენტური ელემენტები. უმნიშვნელოვანესია, რომ ეს მეთოდი გამოვიყენოთ, სხვას გადაცვეთ და თან დავიცვათ.

მომდევნო კვლევამ შეიძლება ვინმეს აფიქრებინოს, თითქოს მე კრიტიკულად ვიყო ამ მეთოდისადმი განწყობილი და თითქოს ერთგვარად შორს მეჭიროს თავი მისგან: ამგვარი გრძნობა რეალობის სწორი ანარეკლი ვერ იქნება, მე კი არ დავიღლები იმის გამეორებით, რომ ეს მეთოდი დღემდე ჩვენს ხელთ არსებული საუკეთესო ინსტრუმენტია, რომლითაც დამწყებს აიკიდოს გზისკენ შეგვიძლია წარვუძღვეთ. ამას ვამბობ ხმამაღლა და მკაფიოდ, ეს აუცილებლად უნდა გავიგოთ და არ დავივიწყოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჯობს, საერთოდ არ წაიკითხოთ მომდევნო სტატიები.

მაშასადამე რა მოხდა?
მორიჰეი უეშიბამ შექმნა აიკიდო.
მორიჰირო საიტო კი მიხვდა, რომ მკაცრი სიზუსტით შემუშავებული სწავლების მეთოდის გარეშე ფუძემდებლის აიკიდო ო-სენსეის გარდაცვალების შემდეგ მალევე დაიკარგებოდა. და ამიტომ შექმნა ეს მეთოდი.

მაგრამ აიკიდო ვრცელი და ღრმა რამაა, ხოლო მეთოდი, რაგინდ გენიალური და სასარგებლოც არ უნდა იყოს ის, მხოლოდ პედაგოგიურ არჩევანთა გარდაუვალი შედეგია, გამარტივებაა, ჩარჩოა, საზღვარია, რომელიც ვერასდროს ვერ მოიცავს აიკიდოს უსაზღვრო მრავალფეროვნებას. და რაკი კარგად ვიცნობ მეთოდს, მისი საზღვრები და ჩრდილოვანი მხარეებიც არანაკლებ კარგად ვიცი. ცხადია, მესმის, რომ არ ვარგა, გაამახვილებინო ყურადღება ამ საზღვრებზე ახალბედას, რომელმაც მოძრაობები ეჭვის შეუტანლად უნდა იმეოროს. მაგრამ როცა ირგვლივ ვუყურებ ამხანაგებს, რომლებიც საიტოს მეთოდით ასწავლიან, ვხედავ, რომ ყევლაზე მაღალ ხარისხიანთა შორისაც კი არაა განსხვავება აიკიდოს სწავლების ამ მეთოდსა და თვითონ აიკიდოს შორის. მე კი პირიქით, შეგრძნება მაქვს, რომ ერთგვარი აღრევაა საიტო სენსეის მიერ ჩვენთვის მიზნის მისაღრევად მოცემულ საშუალებასა და თვით ამ მიზანს შორის. მეჩვენება, რომ ის, რასაც ტაკემუსუს ბევრი მასწავლებელი აიკიდოდ ასაღდებს დღეს, სხვა არაფერია, თუ არა ისევ და ისევ ეს მეთოდი, უბრალოდ, შესრულებული უკეთ და უკეთ და სულ უფრო სწრაფ-სწრაფად. ამგვარ ხედვას პერსპექტივა არა აქვს და ათიდან ცხრა შემთხვევაში გულაცრუებასა და ვარჯიშისთვის თავის დანებებას იწვევს. იქამდე ძალიან ბევრი წყალი ჩაივლის, მეთოდი მხოლოდ და მხოლოდ მოსამზადებელი ტანვარჯიშია აიკიდოსთვის, ის ჯერ აიკიდო არ არის. მეთოდი იარაღია, ქაფჩაა, რომელითაც კალატოზი კედელს აგებს, აიკიდო კი ტაძარია და ქაფჩა და ტაძარი ერთმანეთში არ უნდა ავურიოთ.

ახლა რასაც გავაკეთებ, აქამდე არავის გაუკეთებია. შევალ მეთოდის წიაღში და შიგნიდან გაჩვენებთ, როგორ და რატომ ვერ იქნება ის აიკიდო. ცხადია, ეს საშიში შრომაა, საშიშია, იმიტომ რომ ამან შეიძლება ვიღაცეებს აფიქრებინოს, შეგვიძლია მეთოდს გვერდი ავუაროთო. ეს ღრმა შეცდომა იქნება, თუმცა საფრთხე რეალურია და იგი იმ აიკიდოკას შეცდომას მიაგავს, რომელიც საბაზო ტექნიკის სრულად დაუფლებამდე კონტრ-ილეთების სწავლას დაიწყებს. ამ წამოწყებამ შეიძლება რომელიმე დოჯო დაშალოს, საიტო სენსეის მიერ შესრულებული შესანიშნავი შრომა, მისი ცხოვრების შემოქმედება წყალში ჩაყაროს, შეიძლება ო-სენსეის აიკიდოს კვალიც დაგვაკარგინოს. აბა მაშინ რატომღა აკეთებ ამასო, მკითხავთ თქვენ. იმიტომ, რომ ეს საქმე ადრე თუ გვიან მაინც უნდა გაკეთდეს, როგორიც არ უნდა იყოს რისკი. მეთოდის ხიფათი ისაა, რომ კაცს შეიძლება საშუალება მიზანი ეგონოს, ესაა ივამა რიუს საფრთხე. მეთოდის არარსებობის საფრთხე მდგომარეობს აიკიდოს სახელის მინიჭებაში იმ მიზნებისათვის, რომლებიც წმინდა წყლის ფანტაზიებია და ესაა თანამედროვე აიკიდო. არის კი ვიწრობი ქარიბდასა და სცილას შორის? არ ვიცი, მაგრამ ჩემი ნავი იქით მიმყავს. მოსახდენი მოხდება. განძის კუნძულს ვერ იპოვი, ტაკოს თუ ცოტა არ დაისველებ.

ფილიპ ვოარინო
2013 წლის 9 მაისი, ხუთშაბათი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/saitos-metodi-1?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)