საიტო სენსეის ჯვაროსნული ლაშქრობა

ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალის - Dojo Arts martiaux N°39-ში - 1990 წლის იანვარში.

„ტურ დე ფრანსი“ (1) მხოლოდ ველოსიპედისტებისთვის არ არის განკუთვნილი. მორიჰირო საიტომ, მე-8 დანმა და მსოფლიოში აიკიდოს ერთ-ერთმა ყველაზე მაღალმა ფიგურამ, 20-დან 30 ოქტომბრამდე განახორციელა „ტურ დე ფრანსი“, რაც ამავე დროს, ნამდვილი გმირობის ტოლფასი მოქმედებაა. ხუთი ათასი კილომეტრი მანქანით, ექვსი ქალაქის სტუმრობა, ჯამში ათას ხუთასი მოვარჯიშე საფრანგეთის ექვსსავე კუთხეში (2) სემინარების დროს, რომელთა ხანგრძლივობა ადგილის მიხედვით იცვლებოდა ორიდან სამ დღემდე. აიკიდოკები მთელი ევროპიდან და ამერიკიდან იყვნენ. მოვლენას ორი სატელევიზიო არხი და ხუთი დიდი ყოველდღიური გაზეთი აშუქებდა. გიჟური პარი, დაუძლეველი სირთულე, მაგრამ დიდი შრომისა და დაღლილობის ფასად ჩატარებული ეს ტურნე მნიშვნელოვან თარიღად იქცა აიკიდოს ისტორიაში, მოვლენა, რომელიც მის ცენტრში მყოფ ისტორიულ ფიგურას გაუტოლდა.

ტექნიკური საფუძვლები

საიტო სენსეი, რასაკვირველია, ამ ტურნეს სული და გული იყო და ის ენერგია და სიცოცხლე შთაბერა, რომელიც თავად მას ახასიათებდა. პარიზსა და ეპინალში, ჩვეულებრივ გაკვეთილებსა თუ მასწავლებელთათვის განკუთვნილ კურსებსა და კონტრ-ტექნიკის შემსწავლელ საგანგებო გაკვეთილებს დიდი წარმატება ხვდა წილად. ორლეანში, ტულუზაში, ანტიბსა და ნიცაში საიტო სენსეი შეეცადა, ნათელი გაეხადა ის კავშირი, რომელიც შიშველი ხელის ტექნიკასა და იარაღის ტექნიკას აერთიანებს, მთავარი მახვილი კი ჰანმის ცნების ფუნდამენტალურობაზე დასვა.

რეაქცია ყველგან ერთსულოვანი იყო და ამ ჭეშმარიტი პედაგოგიური სისტემით გამოწვეულ ენთუზიაზმსა და გაკვირვებას შეიცავდა. საიტო სენსეიმ აიკიდოს სამყაროსთვის სწავლების მართლაც ღრმად ორიგინალური და უნიკალური მეთოდი შემოგვთავაზა. ის ფუნდამენტური ტექნიკური მხარეების თვალსაჩინოდ წარმოჩენასა და ნელ გამეორებას ემყარება. ამ მეთოდის ნათლად გამოხატული მიზანი ამ ტექნიკური მხარეების გადარჩენა და დაცვაა, ტექნიკური მხარეებისა, რომლებიც მოთმინებით და უდიდესი სიზუსტით დახვეწა ფუძემდებელმა და რომელთაც დღეს დაკარგვის საფრთხე ემუქრება.

ეს ტექნიკური ბაზა აიკიდოს საფუძველი, ამავდროულად მისი არსი, განსაზღვრება და ღირებულებაა. უამისოდ აიკიდო უსულგულო და სრულიად უინტერესო ტანვარჯიში ხდება. თანაც ამ საბაზო ელემენტების დაცვა-შენარჩუნება და სწავლება – ბანალური სათქმელია და – მათ ცოდნაზე გადის. ბევრისთვის შოკისმომგვრელი იქნება, მაგრამ ფარდა უნდა აეხადოს იმას, რომ ამ ბაზის ღრმა ცოდნა თავის მრავალგვარი იმპლიკაციებით დღეს 1945 წლის შემდგომ ფორმირებულ იაპონელ ექსპერტთა დიდი უმრავლესობისთვის უცხოა. მიზეზი კი უმარტივესია: იმ პერიოდის ახალგაზრდა მოწაფეთაგან თითქმის არც ერთს არ ჰქონია საკმარისად ხანგრძლივი უშუალო კონტაქტი ფუძემდებელთან საბაზო ტექნიკის ყველა დეტალის ასათვისებლად.

და ეს ისტორიის უცნაური ირონიით მოხდა: იმ ხანის დეშითა (3) უმრვლესობა ტოკიოში ცხოვრობდა და იქვე სწავლობდა აიკიდოს. ო-სენსეი კი, გავრცელებული აზრის საპირისპიროდ, არ ცხოვრობდა ტოკიოში და იქ მხოლოდ და მხოლოდ ეპიზოდურად ჩადიოდა ხოლმე. ჰომბუ დოჯოში სწავლების პასუხისმგებლობა თავის ვაჟს, კიშომარუს გადააბარა, ვინც რეალურად ნამდვილი მასწავლებელი იყო დღევანდელი ექსპერტების უმეტესობისა. 1942-1969 წლებში ო-სენსეი უმთავრესად ივამაში, თავის სოფელში, დედაქალაქიდან შორს საქმიანობდა, სადაც მიწა, სახლი და დოჯო ჰქონდა. სწორედ იქ მორიჰირო საიტო ერთადერთი მოწაფე იყო, რომელიც 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში დარჩა ფუძემდებლის გვერდით და ყოველდღიურად ესწრებოდა მის პირად დილის ვარჯიშებს იარაღზე და საღამოს ვარჯიშებს ტაიჯიცუში, რომლებსაც სამეზობლოს ხალხისთვის ატარებდა ხოლმე ო-სენსეი.

ახალგაზრდა მორიზო, ასე ერქვა მაშინ, გამოირჩა სხვებისგან მგზნებარებით, თანმიმდევრულობით, სიმდგრადით, პროგრესით, ხასიათის უაღრსესი სიმტკიცით და ერთგულებით. ამ თვისებების გათვალისწინებით მიიღო ო-სენსეიმ გადაწყვეტილება, რომელიც უნდა ვიცოდეთ, თუკი გვინდა გავიგოთ ის მიზეზები, რომლებიც დღეს საიტო სენსეის უბიძგებს იმოქმედოს ისე, როგორც მოქმედებს.

– მორიზო, – უთხრა მას ო-სენსეიმ, – დღეიდან შენ მორიჰირო (4) გერქმევა და ჩემი სიკვდილის მერე შენ იქნები ჩემი სახლის, დოჯოს, ივამას აიკიდოს ტაძრის ერთგული მცველი და, ამ ყველაფერთან ერთად, შენ დაიცავ აიკიდოს ფესვებს.

20 წელია, მორიჰირო საიტო იცავს და უვლის აიკიდოს ტაძარს, 1969 წელს გარდაცვლილი ფუძემდებლის სახლს, თავში უდგას უეშიბა სენსეის ივამას დოჯოს, ისტორიულ ადგილს, სადაც 1942 წელს აიკიდო დაიბადა. 20 წელია თავდადებით და უდიდესი პატიოსნებით ასწავლის აიკიდოს იმ საფუძვლებს, რომლებიც მხოლოდ და მხოლოდ მას გადაეცა სრული სახით. სიტყვა თავდადება აქ უადგილო არა რის, რადგან ელემენტარული სტატიკური ფორმების ამ დაუღალავი და ბეჯითი მეთოდური გამეორებით მან მოიკლო ის სიამოვნება, რომელსაც ყველა აიკიდოკა განიცდის უწყვეტი დინამიკური მუშაობისას.

ხის ფესვები

სანახაობრივი და მომხიბვლელი დინამიკური აიკიდო, რომელსაც ყველა დღევანდელი ექსპერტი აჩვენებს, რასაკვირველია, უაღრესად დიდ ღირებულებას მატებს მას, ვინც ამას აჩვენებს. სამწუხაროდ, ამას სატანური სილამაზე აქვს. არ შეუძლია სხვას გადასცეს სულ უმცირესი სერიოზული ცოდნაც კი, მათ შორის ნამდვილი ოსტატების მხრიდანაც, სადაც იგი უბრალო თვალში ნაცრის შეყრაზე მეტია. ამაში სწავლების მისაღები მეთოდი არ მოიძევება. ბახის მოსმენით მუსიკოსი ვერ გახდები, მუსიკის სასწავლად სოლფეჯიოს უნდა ახალო ტვინი. მხოლოდ ამის სწავლის შემდეგ ხდება ბახი ნამდვილად „სასარგებლო“. არც აიკიდო წარმოადგენს გამონაკლისს ხელოვნებათა ზოგადი კანონიდან. საუბედუროდ, დღეს ოსტატები აღარ არიან, ეს სოლფეჯიო სხვებს რომ ასწავლონ.


ვარჯიში აიკი კენით

მორიჰირო საიტო უკანასკნელია, ვინც, თანამედროვე აიკიდოს განვითარების დინების საწინააღმდეგოდ, გააზრებულად აირჩია თავისი გზა, უარი თქვა სწავლებისას დინამიკური ფორმების გამოყენებაზე და სრულად მიუძღვნა თავი მხოლოდ და მხოლოდ საბაზო ტექნიკის გადაცემას. უმადური პროპედევტიკული შრომაა, მაგრამ აუცილებელი მისთვის, ვინც აიკიდოში სხვა რამეს ეძებს და არა მთელი ცხოვრების ილუზიებში გატარებას. ორი მიზეზი განაპირობებს საიტო სენსეის მოქმედებას ამ ცხოვრებში. პირველი იმ უდიდესი მოვალეობის შეგრძნებაა, რომელსაც იგი განიცდის ო-სენსეის მიმართ, ვინც მკაფიოოდ დააკისრა დაცვის ეს მისია. მეორე თანამედროვე სწავლებისაგან გაჩენილი საფრთხის მძაფრი შეგრძნებაა. უფესვებო ხე მკვდარი ხეა. ხოლო სწავლების ტიპი, რომელიც ფუძემდებლის გარდაცვალების შემდგომ გამეფდა – აქ იაპონელი და დასავლელი მასწავლებლების სერიოზული ტექნიკური ნაკლოვანება იგულისხმება – მოვარჯიშეთა მთელ ახალ თაობას აიკიდოს ფესვებს უჭრის. ნებისმიერი, ვინც არ ფლობს საბაზო ტექნიკას, ვერ ისწავლის მას გამუდმებული დინამიზმის პირობებში გადმოცემულ აიკიდოში.

გვესმის ეს, რას ნიშნავს? რას და, ფუნდამენტური ტექნიკური ელემენტების მზარდი და განსაყოველთავებული უვიცობისაგან აიკიდო გადაგვარების იმ გზას დაადგა, რომელიც ორ ან სამპარტნიორიანი ბალეტის ესთეტიკური ფორმისკენ მიმართავს მას, სადაც პარტნიორებს მხოლოდ და მხოლოდ ქორეოგრაფიული შეთანხმებები ამოძრავებთ ყოველგვარი საბრძოლო რეალობის გარეშე.

მარტო ერთი მაგალითი: თუ ნაგეს ხელი, რომელსაც უკეს თავი უჭირავს კაიტენ ნაგეს დროს კისერზე დევს თავის კინკრიხოს ნაცვლად და ამგვარად ბერკეტს არ აკეთებს, ეს ტექნიკური შეცდომაა და უკეს თავისუფლად შეუძლია გამართვა. მიუხედავად იმისა, რომ ხელს არაფერი არ უშლის, ის ამას არ აკეთებს და თავაზიანადაც ვარდება. სხვა საბრძოლო ხელოვნებათა მიმდევრებს საკმარისი საფუძველი აქვთ სკეპტიკურად შეხედონ ამ აიკიდოს. უეშიბა სენსეის სიცოცხლეში იაპონური ბუდოს დიადი წარმომადგენლები აღფრთოვანებულები შესცქეროდნენ და დიდ პატივს სცემდნენ აიკიდოს. და ამ ტურნეს დროს საიტო სენსეიმ სევდიანად გამანდო, რომ თუ მომავალშიც ასე გაგრძელდებოდა, თუ აიკიდო თავის საბრძოლო ბუნებას დაკარგავდა, იგი სრულიად უსარგებლო ცრუ ხელოვნებად გადაიქცეოდა.

იმ რადიკალური არჩევანის გამო, რომელიც ყველასგან გამოარჩევს, და ისტორიაში თავისი პოზიციის გამო, მორიჰირო საიტო სხვებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ექსპერტია აიკიდოში. მისი როლი, რაკიღა იგი უფრო ფუნდამენტურია, ნაკლები შარავანდედითაა მოსილი, მაგრამ სწორედ ეს აქცევს მას არაჩვეულებრივ ოსტატად. მისი მისია აიკიდოს საბაზო ტექნიკის ხელუხლებლად დაცვაა, იმ აიკიდოსი, რომელსაც ო-სენსეი იყენებდა და ასწავლიდა დინჯი და აუჩქარებელი, უზუსტესი დამუშავების შემდგომ. რადგან – ეს შეიძლება არ მოეწონოთ თანამედროვე აიკიდოს ტალანტებს, მაგრამ – ყველაფერი ევოლუციური არ არის აიკიდოში. ტაძარს სვეტები აქვს. დიდი მწერლები ერთმანეთს ენაცვლებიან და ორიგინალურ ნაწარმოებებს თხზავენ, მაგრამ ყველა ერთსა და იმავე ანბანს იყენებს. აიკიდოს ანბანი, ეს ზუსტი ბაზები, კვლევასა და ძიებაში გატარებული ცხოვრების ბოლოს ამ სახით ჩამოაყალიბა ერთმა სწორუპოვარმა კაცმა. და ეს ანდერძი ხელშეუხებელია.

სწორედ ამიტომ არ მოსწონს არავის, რომ საიტო სენსეი ჯვაროსნულ ლაშქრობაში წამოვიდა იაპონიასა და მთელ მსოფლიოში. იმის გამო, რომ მან გადაწყვიტა უდიდესი სიზუსტითა და ერთგულებით ესწავლებინა ეს ყველაფერი როგორც ივამაში, ისე თავისი მოგზაურობების დროს უცხოეთში, საიტო სენსეი უდიდესი შანსია იმათთვის, ვინც ვერ მოესწრო ო-სენსეის, თავისი თვალით იხილოს ფუძემდებლის სწავლება, ფუძემდებლისა, რომელმაც ბევრ მოწაფეს შორის სწორედ ის გამოარჩია გარდაცვალების მერე მისი საქმის გამგრძელებლად. ამას ფასი არა აქვს და მორიჰირო საიტოს ერთ-ერთ ყველაზე დიდ ოსტატად აქცევს.

ტურნეს შედეგების შეჯამება

ჰოდა იმ სიმაღლის შემდეგ, რომელზეც ჩვენ ეს დიდი ადამიანი აგვიძღვა, მიჭირს ამ ტურნეს ორგანიზაციის ბურუსებში ჩასვლა. არ ვამბობ იმ წარმატებაზე, რომელშიც ჩემი რამდენიმე ერთგული მეგობრის მხარდაჭერას ვგულისხმობ სხვადასხვა ქალაქებში, არც რეგიონალური ინფრასტრუქტურის მხარდაჭერაზე ვამბობ რამეს. მადლობას ვუხდი ამ ერთგულ, ნიჭიერ და მოქმედ კაცებსა და ქალებს, რომლებიც თავიანთი ფედერაციების სიამაყეს წარმოადგენენ. სამაგიეროდ, რამდენიმე პატარა ფედერალურმა, რეგიონალურმა და ნაციონალურმა მბრძანებელმა, რომლებიც ხშირად დოჯოს წარმომადგენლის ფუნქციებს ღვთის ნების განსახიერების ფუნქციაში ურევენ და ფიქრობენ, რომ მათი არჩევა მათ დოჯოთა ერთიანობის ინიციატივის ჩაკვლის უფლებას აძლევთ, უყოყმანოდ გააკრიტიკეს და დაფარულად გაიბრძოლეს საიტო სენსეის საფრანგეთში ჩამოსვლის წინააღმდეგ. ყველაზე ცუდი რაც არის, აიკიდოს მიმართ გულგრილ ამ ბრძანებლებს ეშინოდათ, რომ თუკი მოწვევა და ორგანიზება პირდაპირ და ექსკლუზიურად ეროვნული ინსტანციებიდან არ იქნებოდა წამოსული, დიდებისა და ძალაუფლების პატარა ნაგლეჯი მათ ამგვარად ხელიდან დაუსხლტებოდათ. ამგვარი საზიზღარი ქცევა მომდინარეობდა უღირსი ან ბეცი ადამიანებისგან, რომელთაც ვერ გაიგეს, რომ ფედერაციის სასიცოცხლო ორგანო, მისი უმთავრესი უჯრედი დოჯოა. ხოლო ფედერაცია, რომელიც მიწისქვეშ იბრძვის თავისივე საკუთარი დოჯოების ინიციატივების წინააღმდეგ და მათ გასანადგურებლად, სნეულმმართველებიანი ფედერაციაა.

მოკრძალებას მოვიხმობ და აღარ შევალ ამ უღირსი წვრილმანობის შავბნელი ჭაობის სიღრმეში. მინდა აღვნიშნო - ამ პესიმისტურ ნოტზე რომ არ დავასრულო - თუ როგორ მოეწონა საიტო სენსეის საფრანგეთი ამ ორი კვირის განმავლობაში, როგორი კმაყოფილება მოჰგვარა ფრანგ აიკიდოკებთან შეხვედრამ და რა სიამოვნებას განიცდიდა ყოველ ჯერზე ტატამიზე შესვლისას, როდესაც უნდოდა მოესწრო და გადაეცა ის ცოდნა, რომელიც აუცილებელია თავისი სახელის ღირსი აიკიდოსათვის.

ფილიპ ვოარინო, 1990 წლის იანვარი

(1) ტურ დე ფრანსი, იგივე ტური საფრანგეთის გარშემო – ერთ-ერთი ყველაზე დიდი ველორბოლა ევროპაში, გრძელდება დაახლოებით 1 თვის განმავლობაში. (2) თვითონ ფრანგები ფორმის გამო საფრანგეთს მოფერებითა და შინაურულად „ექვსკუთხედს“ ეძახიან. (3) დეში – (იაპ.) მოწაფე. (4) „ჰიროს“ აღმნიშვნელი იეროგლიფი იაპონურში დაცვას და მოვლა-პატრონობას ნიშნავს.


ოსტატთა შორის ერთ-ერთი უდიდესი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/saito-senseis-jvarosnuli-lashkroba?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)