როპო #5

ომოტე-ურა, ის, რაც აიკიდოს დაარსებიდან დღემდე დაფარულია

საბრძოლო ხელოვნება არის ხელოვნება, სადაც იყენებენ ერთს, რათა დაარტყან რამდენიმეს. ამიტომაც ივარჯიშეთ მუდამ იმ შეგნებით, რომ მოწინააღმდეგე ოთხი და რვა მხრიდან მოდის. — ო-სენსეი, ბუდო, 1938

ო-სენსეისეული სწავლების შედეგი – და მე შემიძლია დავამოწმო, რომ საიტო სენსეის სწავლებაც ასეთივე გახლდათ – ისაა, რომ ტექნიკა აიკიდოში არ იცვლება იმის მიხედვით, მოწინააღმდეგე ერთია თუ რამდენიმე. აიკიდოს ილეთი, რომელიც არ უნდა იყოს ის, ისევე უცვლელად უნდა მუშაობდეს ოთხი მეტოქის წინააღმდეგ როგორც მუშაობს ის ერთის წინააღმდეგ. კრივის რინგისაგან განსხვავებით, ბრძოლის ველი სივრცის 360°-იან მართვას მოითხოვს. აიკიდო მუშტი-კრივი არ გახლავთ, ეს ბუდოა.

აიკიდოს ტექნიკის ეს საოცარი თვისება ნაჩვენებია, მაგალითად, უჩი კაიტენ ნაგეს მიხედვით, ამონარიდი წიგნიდან Traditional Aikido, ტომი 5 (შდრ. როპო #2, ირიმი 1, ლურჯი ისრები გადაადგილების ასახსნელადაა):

ნათლად ჩანს, რომ უჩი კაიტენ ნაგეს სრულიად კლასიკური მოძრაობა, შესრულებული ერთი მეტოქის წინააღმდეგ, ზუსტად ისევე მუშაობს ჯგუფური შეტევის შემთხვევაშიც, და თან ისე, რომ არაფრის შეცვლა არაა საჭირო. საიტო სენსეის ირიმი ისეთია, როგორიც საშუალებას აძლევს მას, დატოვოს ხიფათის ზონა ტექნიკის შესრულების პროცესშივე, და ამ მოქმედებით პირისპირ მოიქციოს ის საფრთხე, რომელიც მის იქამდე ზურგსუკნიდან ემუქრებოდა.

თუმცა, ამ მაგალითის საპირისპიროდ, აიკიდოს ილეთთა დიდი რაოდენობა, რომელიც დღეს ისწავლება ფართოდ ერთი მეტოქის წინააღმდეგ, სახიფათო გამოსაყენებელი იქნებოდა ჯგუფური შეტევის ჭრილში. ასეა, მაგალითად, ამ ირიმი ნაგეს დროს, რომელსაც ოსტატი უეშიბა ასრულებს იოკომენ უჩის შეტევის საპასუხოდ:

ძალიან კარგად ჩანს, რომ ამგვარი შესრულება, მიუხედავად იმისა, რომ იგი ეფექტურია ერთი მეტოქის წინააღმდეგ, ო-სენსეის ზურგს მოწყვლადს დატოვებდა, თუკი თავდაპირველად ის ოთხი მოწინააღმდეგის ალყაში იქნებოდა.

იგივე ხდება ამ ტენჩი ნაგეს დროსაც, რომელსაც ვხვდებით წიგნში Traditional Aikido ტომი 3. აქაც სახიფათოდ იქნებოდა მიშვერილი საიტო სენსეის ზურგი, თუკი დასაწყისში იგი რამდენიმე მოწინააღმეგის წრეში იდგებოდა:

იოლად შეიძლება ბევრი სხვა მაგალითის პოვნაც. მაშ რა არის ამ ანომალიების არსი? რა მიზეზით ისწავლება მხოლოდ ერთი მეტოქის წინააღმდეგ გამოსაყენებლად ვარგისი ილეთები აიკიდოს ილეთებად

მაშინ როცა თავად ო-სენსეი განმარტავდა, რომ ჭეშმარიტი აიკის ყველა მოქმედება იმპერატიულად უნდა ითვალისწინებდეს ოთხ და რვა მიმართულებას?

პასუხი ამ შეკითხვაზე ომოტესა და ურას გაგებაზე გადის, რასაც ბევრი არაფერი აქვს საერთო ამ კონცეფციების გამარტივებულ ვერსიებთან, იმასთან, რაც თითოეულ ჩვენგანს აიკიდოს დაწყებისას უსწავლია: იკიო ომოტეა, როცა წინ გავდივარ, ხოლო იკიო ურაა, როცა უკან გავდივარ, ნიკიო ომოტეა, როცა წინ გავდივარ, ხოლო ნიკიო ურაა, როცა უკან გავდივარ და ა. შ. თითქოს ორი იკიო, ორი ნიკიო და ა. შ. იყოსო, რომლებიც სიტუაციათა მიხედვით იცვლება, დადებითი და უარყოფილი, როგორც წინათ უწოდებდნენ.

ასე მარტივად არ არის საქმე.
პირველ რიგში გასაკეთებელი კონსტატა ის გახლავთ, რომ ვერც ერთი ომოტე ტექნიკა ეფექტური ვერ არის იმ ჩარჩოებში, როდესაც შეტევა მოდის ოთხი და რვა მხრიდან. ომოტეს ეფექტურობა შემოსაზღვრულია ერთი მეტოქის წინააღმდეგ მუშაობისას. ეს ცხადზე ცხადია და ამის შემოწმება ყველას შეუძლია დოჯოში.

ყველამ ვიცით, რომ ილეთის შესრულების „სხვა ხერხიც“ არსებობს და ამ სხვა ხერხს სახელად ურა ჰქვია. მაგრამ ეს სახელი, ურა, მხოლოდ იმიტომ კი არ ეწოდება, რომ ტორი უკეს უკან გადის: მას ეს სახელი ჰქვია უწინარეს ყოვლისა იმიტომ, რომ იგი დაფარულია.

ვეცადოთ, კარგად გავიაზროთ ეს: ურა არ არის დაფარული იმ გაგებით, რომ მას არ ასწავლიან, პირიქით, ურა ფართოდ ისწავლება ყველა დოჯოში და ამაზე ყველა თანხმდება. ურა დაფარულია იმ გაგებით, რომ ის იხსნება და ისწავლება, როგორც მოქმედების „სხვა ხერხი“, ომოტეს ბუნებრივი დანამატი. ის ომოტეს საპირწონედ აღიქმება, ტექნიკურ ალტერნატივად, თუ გნებავთ. სიმანდვილეს კი ფარდა ფარავს: ფაქტობრივად, ურა ერთადერთი შესაძლო ტექნიკაა ერთი უმნიშვნელოვანესი მიზეზის გამო, რომელზეც ფუძემდებელი მიგვთითებს ერთი ფუნდამენტური კრიტერიუმით: მხოლოდ ურა არის ერთნაირად ეფექტური როგორც ერთი თავდამსხმელის, ისე ჯგუფური თავდასხმის შემთხვევაში, მხოლოდ ურაა შესაძლებელი ბრძოლის ველზე. სინამდვილეში ურა არის ჭეშმარიტი აიკიდოს ტექნიკა, რომელიც ომოტეს ინტერპრეტაციაში განზოგადებულმა გაუგებრობამ დაფარა.

თუმცა ურა ტექნიკა მუდად დამალულ-შეფარული არ გახლავთ. უჩი კაიტენ ნაგეს მაგალითი ამას ნათლად გვიჩვენებს. თუკი მართლა არსებობს იკიო ომოტე და იკიო ურა, სამაგიეროდ ყველამ იცის, რომ არ არსებობს უჩი კაიტენ ნაგე ომოტე და უჩი კაიტენ ნაგე ურა. რაკი ომოტეს ცნება არ გვხვდება ამ შემთხვევაში (მიუხედავად იმისა - შევნიშნოთ ესეც - რომ ილეთი უკეს წინ სრულდება), ვერც ურას ცნება გაჩნდება ვერავითარ შემთხვევაში – განსაზღვრებიდანვე გამომდინარე – იმდენად, რამდენადაც ეს ორი კონცეპტი აზრს მხოლოდ ერთმანეთთან მიმართებაში იძენს. იმიტომ, რომ უჩი კაიტენ ნაგე ავთენტური ილეთია, რომელიც ერთნაირად კარგად მუშაობს როგორც მოწინააღმდეგეთა ალყის, ისე ერთი მეტოქის შემთხვევაში. უბრალოდ, ისე ხდება, რომ იგი შეუნიღბავად ისწავლება, დასაწყისიდანვე.

ტექნიკა ომოტე წინ სრულდება, ეს ცხადზე ცხადია, და სწორედ ეს გვიშლის ხელს, დავინახოთ ის ისეთად, რისთვისაც არის ის სინამდვილეში. რადგან არა მხოლოდ იმიტომ უწოდებენ მას ომოტეს, რომ იგი წინ სრულდება: უწინარეს ყოვლისა იმიტომ, რომ იგი მოცემულია გაჩახჩახებული სინათლის ფონზე, იმიტომ, რომ ის ხილვადია.

ომოტეს თავიდანვე ასწავლიან დამწყებებს. მას კი, რომელიც აიკიდოსთვის მოვიდა, საიდან ეცოდინება, რომ მას დაუყოვნებლივ არ მისცემენ იმას, რის საძიებლადაც არის მოსული? საიდან მიხვდება, რომ ეს ტექნიკა, რომელსაც მას სასწავლად სთავაზობენ, მასზე შეიძლება სატყუარასავით მოქმედებდეს? არადა ჩვენ ხომ ვიცით, რომ რაკი ის რამდენიმე მეტოქის წინააღმდეგ არ მუშაობს, გამოდის, რომ ომოტე ვერ იქნება ავთენტური აიკიდოს ტექნიკა.

მაშინ რატომ ომოტე? და რა არის ბოლოს და ბოლოს ომოტე? რატომ უნდა ვაკეთოთ დიდხანს მოძრაობები, რომლებიც არ შეესაბამება ო-სენსეის მიერ განსაზღვრული აიკიდოს კრიტერიუმებს? იმიტომ, რომ სინამდვილეში ომოტე სამზადისია აიკიდოსათვის. ომოტე აიკიდოს მოსამზადებელი ტანვარჯიშია. ის აუცილებელი ტანვარჯიშია, რასაკვირველია, მაგრამ ის მხოლოს და მხოლოს ტანვარჯიშია და ის ჯერ არ არის აიკიდო.

1980-იან წლებში, იავამაში, სადილის დროს ერთ-ერთმა ჩვენმა ამხანაგმა შეკითხვა დაუსვა საიტო სენსეის, თუ რატომ იწყებოდა ტაკემუსუს პრაქტიკაში ვარჯიშები პირდაპირ ტაი ნო ჰენკათი და კოკიუ ჰოთი და რატომ არ იყო მოსათელ-გასახურებელი ტანვარჯიში გაკვეთილის დასაწყისში. საიტო სენსეის პასუხი, სრულიად გაუგებარი იმხანად მაგიდის ირგვლივ შეკრებილთათვის, სავსებით ცხადი ხდება დღეს:

მოძრაობები, რომლებსაც თქვენ აკეთებთ გაკვეთილის დროს, იკიო, ნიკიო და ა. შ., აიკიდოსთვის მოსამზადებელი ტანვარჯიშია.

ის ომოტეზე ლაპარაკობდა, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩვენ ეს არ გვესმოდა, რადგან ვერც ერთი ჩვენგანი ერთი წამითაც კი ვერ წარმოიდგენდა იმხანად, რომ ომოტე ჯერ კიდევ არ იყო აიკიდო. მტკიცედ და ურყევად გვწამდა ჩვენი ომოტე აიკიდოსი.

აიკიდოს არ ასწავლიან დამწყებებს, ის ისწავლება მხოლოდ და მხოლოდ ზედა ხარისხების შემდეგ, და მხოლოდ მაშინ, როცა ცოდნა იმისა, რაც მომავალს უნდა გადაეცეს, არ არის დაკარგული. აიკიდო საიდუმლო, დაფარული, ეზოთერული სწავლებაა.

ორ მაგალითს მოვიხმობ ამ ურთიერთკავშირსა ომოტესა და ურას შორის.

ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ ზევით ნაჩვენები ტენჩი ნაგე არაეფექტური იქნებოდა, თუკი საიტო სენსეის გარს შემოერტყმებოდა რამდენიმე მოწინააღმდეგე. ეს სავსებით ბუნებრივია, რაკი ეს ომოტე ვერსია გახლავთ. მაგრამ სად არის დაფარული ვერსია, ურა ვერსია, რომელიც ერთნაირად სწორად მუშაობს როგორც ერთი, ისე რამდენიმე მეტოქის წინააღმდეგ? აი აქ:

კარგად შეხედეთ ამ ორ ფოტოსურათს: ერთი მეორის გაგრძელებაა, იმისგან განსხვავებით, რაც თვალის სწრაფი შევლებისას შეიძლება იფიქროს ადამიანმა. 1-ლი ბიჯის შემდეგ ო-სენსეის მარჯვენა ფეხი უკან გააქვს და ამ ბრუნვისათვის იყენებს ერთ-ერთს იმ ორი ირიმისაგან და მიდის იმ კვადრატთან, რომელიც მისი სხეულის უკანაა (ამ გადაადგილების უკეთ გასაგებად შდრ. როპო #2, ირიმი 4).

ამ ირიმის ორი უმთავრესი შედეგი აქვს:

  1. – ო-სენსეი მრავლობითი შეტევის თავმოყრის ადგილს ტოვებს იმით, რომ შედის ევენტუალურ თავდამსხმელთა წრეში და ამგვარად მათ მიმართ ზურგით კი არა, არამედ სახითაა.
  2. – უკეს წინისაკენ ისრუტავს ტორის ბრუნვისაგან წარმოქმნილი ენერგია (ენერგია, რომელიც, ცხადია, არ არსებობს ბრუნვის გარეშე შესრულებული ტენჩი ნაგე ომოტეს დროს). ამგვარად, ვარდნის მომენტში უკე იმ სახიფათო ადგილას აღმოჩნდება, რომელიც ტორის ეკავა ბრუნვამდე.

საიტო სენსეი, ჩვეულებრივ, ტენჩი ნაგეს ომოტე ვერსიას ასწავლიდა. თუ შიგადაშიგ ურა ვერსიის სწავლებასაც გამოურევდა, ახსნით მაინც არ ხსნიდა, რომ ეს ერთადერთი შესაძლო ფორმაა ჯგუფური შეტევის შემთხვევაში. ამგვარად ის თითოეულ მათგანს უტოვებდა ომოტე-ურას შორის არსებული მიმართების აღმოჩენის შანსს. გამგებმა გაიგოს და მოსახდენი მოხდესო. ეს ფატალისტური იდეა უძევს საფუძვლად ო-სენსეის ზემოხსენებულ ფრაზას: „თუ არავინ დამდებს პატივს, გამომყვეს მე, რას ვიზამთ, არ მეყოლება თანამგზავრი“.

სურათების მომდევნო ორი სერია გვიჩვენებს სანკიოს იოკომენ უჩის შეტევიდან (Traditional Aikido ტომი 5) :

პირველი სერია კლასიკურ ომოტე სამუშაოს წარმოგვიდგენს, რომელსაც ყველა იცნობს (გავდივართ წინ…). მეორე სერია კი წარმოგვიდგენს ურა სამუშაოს, რომელსაც ასევე ყველა იცნობს (გავდივართ უკან…). არადა, ყურადღებით თუ მოვეკიდებით, შევამჩნევთ, რომ თავის კომენტარებში საიტო სენსეი არც ერთხელ არ ახსენებს ომოტეს და ურას. ომოტე ტექნიკას ის მოიხსენიებს საბაზო სავარჯიშოთი (basic exercise), ურა ტექნიკას კი იგი კის სავარჯიშოს უწოდებს (ki exercise).

ჩემი აზრით, ეს ორ რამეს აჩვენებს მკაფიოდ მის გონებაში:

  1. ომოტე უკავშირდება არა იმდენად იმ ფაქტს, რომ ვიღაცა წინ გადის, არამედ იმას, რომ ილეთის ამგვარი შესრულება აღმზრდელობითი სავარჯიშოა, ერთგვარად კონვენციური სამუშაოა.
  2. ურა კი უკავშირდება არა იმდენად იმ ფაქტს, რომ ვიღაცა უკან გადის, არამედ იმას, რომ ილეთის მხოლოდ ამგვარი შესრულებაა შესაძლებელი რეალურ სიტუაციაში, სახელდობრ, რამდენიმე მოწინააღმდეგესთან.

მართლაც, ძალიან ნათლად ჩანს:

  1. რომ სანკიო „ომოტე“, ეფექტური ერთი მოწინააღმდეგის შემთხვევაში, ზურს მოწყვლადად ტოვებს რამდენიმე მოწინააღმდეგის მიერ ალყაში მოქცევის დროს,
  2. რომ სანკიო „ურა“ საშუალებას აძლევს ტორის, დატოვოს მის ზურგსუკან მდებარე მრავლობითი შეტევის თავმოყრის ადგილი, შეიჭრას მოწინააღმდეგეთა წრეში და სახით აღმოჩნდეს თავდამსხმელებთან, რომლებიც თავიდან მის ზურგსუკან იყვნენ, როგორც ვნახეთ ეს ტენჩი ნაგე ურას დროს.

მაშასადამე, ომოტე ერთ პარტნიორთან ერთად საკეთებელი სასწავლო რამაა, სხეულის აგებულების სწავლისთვის, ზოგიერთი ბაზის შეძენისათვის აუცილებელი რამ, მოსამზადებელი სავარჯიშო აიკიდოსათვის. მაგრამ ომოტეს არ ძალუძს ერთდროულად სხვადასხვა მიმართულებებიდან მომავალი შეტევების მართვა. ეს პრაქტიკა სასარგებლოა სწავლისათვის და მას თავისი ადგილი აქვს ტატამზე, მაგრამ სუიციდურია რამდენიმე მოწინააღმდეგესთან რეალური კონფლიქტის დროს. იგი არ უნდა ისწავლებოდეს როგორც აიკიდო, რადგან ეს ჯერ არ არის აიკიდო.

ურა ერთადერთი ჭეშმარიტი მოძრაობაა, ანგარიშს უწევს ოთხ და რვა მიმართულებას და ბრძოლის ველის ამ წესს იცავს: ზურგსუკნიდან მომავალი თავდამსხმელები ყველაზე საშიშნი არიან, ზურგი არ უნდა დარჩეს გახსნილი და დაუცველი. მაგრამ ეს სწავლება დაფარულია. ურა აიკიდოს დაფარული გულია, განსხვავებით ომოტესაგენ, რომელიც მისი ხილული ნაწილია, გარეგანი ნაწილია, მოკლედ რომ ვთქვათ, გარეგნობაა.

აქვე ინტერესით შეგვიძლია გავიხსენოთ საიტო სენსეის პირველი წიგნი, გამოცემული 1970-იანი წლების დასაწყისში: « Aikido, it’s heart and appearance » ( აიკიდო, მისი გული და გარეგნობა ).

ყველაფერი ხელის გულზეა და თანაც დასაბამიდანვე, უბრალოდ კითხვა უნდა იცოდეს ადამიანმა. დაფარული რაღაცეები მხოლოდ იმ ხედვის უკიდურესი სისუსტის ბრალია, რომლითაც ჩვენ ვუყურებთ მათ. საიტო სენსეიმ იცოდა აიკიდოს დაფარული გული, მის დასანახად ხანდახან გვაჭყეტინებდა კიდეც შიგნით, მაგრამ მისი მისია არ ყოფილა ამისთვის ფარდის ახდა, მისი დანიშნულება პირიქით, ომოტეს გაძლიერება გახლდათ. მან ეს მისია ისეთი სიზუსტით შეასრულა, როგორიც უდიდეს მოწიწებას იმსახურებს. რაც შემეხება მე, შემიძლია ვთქვა - მას რომ ის სიბეჯითე არ გამოეჩინა, რითაც მაიძულა დამეცვა ომოტეს წესები, შესაძლოა ვერც ვერასდროს აღმომეჩინა ურა.

ფილიპ ვოარინო, კლერის კონცხი, 2014 წლის 31 დეკემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ropo-5?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)