როპო #1 (განახლებული)

მას შემდეგ, რაც 12 მიმართულება (6 შიდა და 6 გარე მიმართულება) აღმოვაჩინე, რომელთაც მორიჰეი უეშიბა არაორაზროვნად მოიხსენიებს თავის წიგნში „ბუდო“, მას შემდეგ, რაც – ვფიქრობ – გეომეტრიულად გიჩვენეთ, თუ როგორაა მოწყობილი ეს გადაადგილებები ჰანმის დგომიდან და მას შემდეგ, რაც დაგეხმარეთ გაგებაში – იმედი მაქვს – რატომ უწოდებდა ო-სენსეი ჰანმის ამ დგომს როპოს (ექვს მიმართულებას), ხარისხობრივად ისეთივე რამეს ვგრძნობ, როგორსაც ჰაინრიხ შლიმანი გრძნობდა ჰისარლიკის ბორცვზე წერაქვის პირველი დარტყმებისა და პირველი არქეოლოგიური აღმოჩენების დროს: არავითარი ეჭვი აღარ რჩებოდა, ქალაქი ტროა აქ იყო, მხოლოდ რამდენი მეტრით ჯერ კიდევ მიწის ქვეშ?

აქამდე შეგრძნება მქონდა, რომ უმთავრესი გასაღები ჩემთან იყო აიკიდოს ფუძემდებლის გაგებისათვის. მაგრამ ეს გასაღები მეტწილად დაფარული გახლდათ მაინც, ჩემი სხეული ამ ცოდნას საკმარისად ვერ ითავისებდა, ხოლო ინტელექტუალური ხედვა, რომელიც მე ამის შესახებ მქონდა, არასრული ჩანდა. თუმცა თავად არ მესმოდა, რატომ. რაღაც აკლდა, რისი განსაზღვრაც ვერა და ვერ ვახერხებდი.

ამიტომაც გადავწყვიტე, აღარაფერი დამეწერა იქამდე, ვიდრე ამ ყველაფერს უფრო ნათლად არ დავინახავდი. ეს უკანასკნელი თვეები ინტენსიურად ვიმუშავე, რომ მეცადა და გამეგო, თუ რა ვიპოვე სინამდვილეში. მიზანი იყო, უკეთ აღმექვა ის სამყარო – ჩემთვის სრულიად ახალი – რომელიც ჩემ თვალწინ იძენდა ფორმას. ო-სენსეისეული ეს სამყარო, ერთი შეხედევით ნაცნობი, ძალიან განსხვავდება იმ მოსამზადებელი აიკიდოსაგან, რომელსაც სრულად ეკავა ჩემი თვალსაწიერი ბოლო 35 წლის განმავლობაში. კარგა ხანია, აიკიდოსათვის ეს მზადება გაუაზრებლად ფარავს მოვარჯიშეთა თვალთაგან თავად აიკიდოს, სწორხაზოვანი აიკიდო კი მრავალმიმართულებიან აიკიდოს მალავს.

არაფერი მაქვს შესაცვლელი იმ 2 x 6 = 12 მიმართულებაში, რომლებიც დეტალურადაა აღწერილი ტექნიკურ სტატიებში. ისინი აუცილებელ საძირკველს წარმოადგენს ცოდნისათვის და კიდევ ერთხელ ვურჩევ მკითხველს ამ სტატიების გადაკითხვას. მხოლოდ ამ ბაზიდან შეიძლება გახდეს ხილული და გასაგები აიკიდოს გადაადგილების სასწაულებრივი სისტემა, რომლის შესახებაც ახლა შევეცდები, აზრი გაგიჩინოთ. დასაწყისისთვის ის 12 მიმართულება შევაჯამოთ და უწინარესად ყველაზე არსებითი რამ გავიხსენოთ: ეს 12 შესაძლებლობა ჩნდება ჰანმიდან და მხოლოდ და მხოლოდ ჰანმიდან.

დავიწყოთ კენ ნო კამაედან, ანუ მიგი ჰანმიდან (მარჯვენა ჰანმიდან), როგორც ეს ო-სენსეის ფოტოზეა ნაჩვენები:


ჩანახატი 1

თითოეულ ტერფს ორი არჩევანი აქვს: დატრიალდეს ან საათის ისრის მიმართულებით ან საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით.

თუ მარჯვენა ტერფი ტრიალებს საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით, მაშინ ის ტრიალებს ადამიანის მუცლისკენ, თუ გნებავთ, ჭიპისკენ, ადამიანის სფეროს შიდა მხარისკენ და ესაა ტრიალი შიგნითკენ. მარჯვენა ტერფისთვის მისაწვდომი ხდება მიმართულება B, მიმართულება C და მიმართულება A. მაგრამ ის ვერ მივა მიმართულებამდე D, რომელიც მისი ბრუნვისთვისთვის მიუწვდომელია.

მიმართულებებს B, C და A, რომელთაც ის შიდა ბრუნვისას აღწევს, ამის გამო და ამ კონტექსტში ეწოდება შედა მიმართულებები.

თუ მარჯვენა ტერფი პირიქით, საათის ისრის მიმართულებით ტრიალებს, მაშინ ის ტრიალებს ადამიანის ზურგისკენ, ადამიანის სფეროს გარეთკენ და ეს გარე მიმართულებაა. ამ მარჯვენა ტერფისთვის მისაწვდომი ხდება მიმართულება D, მიმართულება A და მიმართულება C. მაგრამ ის ვერ მივა მიმართულებამდე B, რომელიც მისი ბრუნვისთვისთვის მიუწვდომელია.

მიმართულებებს D, A და C, რომელთაც ის გარე ბრუნვისას აღწევს, ამის გამო და ამ კონტექსტში ეწოდება გარე მიმართულებები.

თუ მარცხენა ტერფი საათის ისრის მიმართულებით ტრიალებს, მაშინ ის ტრიალებს ადამიანის მუცლისკენ, ჭიპისკენ, ადამიანის სფეროს შიდა მხარისკენ და ესაა ტრიალი შიგნითკენ. ამ მარცხენა ტერფისთვის მისაწვდომი ხდება მიმართულება C, მიმართულება B, და მიმართულება D. მაგრამ ის ვერ მივა მიმართულებამდე A, რომელიც მისი ბრუნვისთვისთვის მიუწვდომელია.

მიმართულებებს C, B და D, რომელთაც ის შიდა ბრუნვისას აღწევს, ამის გამო და ამ კონტექსტში ეწოდება შიდა მიმართულებები.

თუ მარცხენა ტერფი პირიქით, საათის ისრის საწინააღმდეგო მიმართულებით ტრიალებს, მაშინ ის ტრიალებს ადამიანის ზურგისკენ, ადამიანის სფეროს გარეთკენ და ეს გარე მიმართულებაა. ამ მარჯვენა ტერფისთვის მისაწვდომი ხდება მიმართულება A, მიმართულება D და მიმართულება B. მაგრამ ის ვერ მივა მიმართულებამდე C, რომელიც მისი ბრუნვისთვისთვის მიუწვდომელია.

მიმართულებებს A, D და B, რომელთაც ის გარე ბრუნვისას აღწევს, ამის გამო და ამ კონტექსტში ეწოდება გარე მიმართულებები.

შეგვიძლია შევამოწმოთ, რომ ამგვარად მართლა არსებობს ექვსი შიდა მიმართულება (DAC და ADB), და ექვსი გარე მიმართულება (BCA და CBD), თითო შიდა და თითო გარე სპირალი, როგორც ამას ასწავლიდა და წერდა ო-სენსეი:

რაც შეეხება გადაადგილებას, არსებობს ექვსი გარე მიმართულება (სოტო როპო), ექვსი შიდა მიმართულება (უჩი როპო), და ასევე ერთი გარე სპირალი (სოტო ტომოე) და ერთი შიდა სპირალი (უჩი ტომოე). — მორიჰეი უეშიბა, „ბუდო“, 1938, იაპონური ვერსიის გვ. 9.

Nota bene: ეს ფრაზა უშუალოდ იაპონური ვერსიიდანაა ნათარგმნი და მას ვერ იპოვით ვერც ინგლისურ და ვერც ფრანგულ ვერსიებში, რომლებიც არასრული ვერსიებია (შდრ. ამ პუნქტში „ო-სენსეის გადაადგილება #1“).

წესი
ყოველთვის, როცა ერთი ტერფი მოძრაობს, ცხადია, ის ამას მარტო არ აკეთებს, მას ბუნებრივად მოჰყვება მეორე, შემდეგი წესის მიხედვით, რაც ბრუნვის გარდაუვალი შედეგია და რასაც აიკიდოში ირიმი-ტენკანი ეწოდება:

როდესაც პირველი ტერფი, რომელიც არ უნდა იყოს ის, ბრუნავს შიგნითკენ, მეორე ტერფი აუცილებლად დატრიალდება გარეთკენ. როდესაც პირველი ტერფი, რომელიც არ უნდა იყოს ის, ბრუნავს გარეთკენ, მეორე ტერფი ყოველთვის გადაადგილდება შიგნითკენ.

4 x 3 = 12 ზემოთ ნახსენები მიმართულება საშუალებას გვაძლევს დავარტყათ ერთ მოწინააღმდეგეს, საიდანაც არ უნდა მოდიოდეს ის, წრის 360°-დან, თან გავაკეთოთ ირიმი, ანუ შევიჭრათ მეტოქის დაცვაში და ამასთან და ამავდროულად წამით ადრე დავტოვოთ შეტევათა თავმოყრის ადგილი.

თუმცა რაღაც მაინც აკლია ამას: ამგვარად შესრულებული ეს 12 მიმართულება ერთ ჯერზე მხოლოდ ერთი მოწინააღმდეგის დაძლევის საშუალებას იძლევა.

აიკიდოს ირიმი კი ამაზე უფრო სრული რამაა, მას ერთი შესანიშნავი თვისება აქვს, რომელიც სრულიად შეუმჩნეველი რჩება, თუკი ადამიანი გადაადგილების ამ სისტემას არ იცნობს: აიკიდოს ირიმი გააზრებულია ორი მოწინააღმდეგის უვნებელსაყოფად ერთი ბრუნვის დროს, თანაც, რომელიც არ უნდა იყოს არჩეული საწყის მიმართულებად 12 შესაძლო მიმართულებათაგან.

ეს შედეგი ვერ მიიღწევა ო-სენსეის მიერ გამოყენებული გადაადგილების სისტემის სრულყოფილი გაგების გარეშე. შევეცდებით აქ ავხსნათ ეს.

ეძღვნება ჟანინს და ყველაფერს, რაც მან გააკეთა აიკიდოს განვითარებისთვის ევროპაში 1950-იანი წლების მიწურულიდან. მას არასდროს არავითარი სამაგიერო არ მოუთხოვია იმისათის, რაც მან გააკეთა, მან შთაბერა მნიშვნელობა სიტყვას მეგობრობა.
მადლობა.

2014 წლის ამ 19 ნოემბერს.
ფილიპ ვოარინო

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ropo-1-ganaxlebuli
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)