ფრანსუა ბაირუ და აიკიდო?

არსებობს განა ხალხების სული? გვაძლევს კი ისტორიის ეპიზოდები ნიშნებს იმისას, რომ ერთ ქვეყანას ერთი ბედი უწერია, ხოლო მეორეს მეორე?

როდესაც ეპოქათა ჭრილში ფრანგი ხალხის ხასიათით ინტერესდებიან, პირველ რიგში ის უცვლელობა უკვირთ ხოლმე, რომელიც თან ახლავს მისი გონებისთვის ყველაზე დამახასიათებელ თვისებას: კრიტიკას. საფრანგეთის ხალხს ყველა სხვაზე მეტად ამოძრავებს ურთიერთგამომრიცხავი წინააღმდეგობა. გალიელი ბანდების აჯანყება რომაელი დამპყრობლის წინააღმდეგ, მე-14 საუკუნის დიდი ამბოხებები ფეოდალების წინააღმდეგ, ფრონდა, კამისარების აჯანყება, 1789 წელი, 1848 წლის რევოლუცია, პარიზის კომუნა, დრეფუსის საქმე, თავისუფალი საფრანგეთი და წინააღმდეგობის მოძრაობა... საფრანგეთში დავა და კამათი ბუნებრივი რამაა. პიერ დაკმა ახირება უწოდა ამ ტემპერამენტს: „მე წინააღმდეგი ვარ ყველაფერი იმისა, რაც მომხრეა და მომხრე ვარ ყველაფერი იმისა, რაც წინააღმდეგია.“ ყოველგვარი მოქმედება ჯახს იწვევს და ფრანული სული ვერასროდ ისე კარგად ვერ განისაზღვრება, როგორც რეაქციის დროს, ხოლო „რეაქციონრულად“ წიდებული სული ამ უნარის ერთი განსაკუთრებული შემთხვევაა და მეტი არაფერი. ფრანგი ხალხი მხოლოდ მაშინაა ფრანგი ხალხი, როცა ყველაზე უფრო ბნელი და ტრგიკული დროება დგას. მას დაბრკოლებები სჭირდება, მის გზაზე მუდამ ქარიშხლები უნდა მძვინვარებდეს. სწორედ ასეთ დროს წარმოაჩენს ხოლმე ის თავის ნათელ მხარეს.

საკმარისია, ქარიშხლებმა მოიკლოს და ამ ხალხის ინტუიტიურად რეაქციული ენერგია თავისი აქტივობისათვის აუცილებელი საშუალებების ნაკლებობას განიცდის. დეკოლონიზაციიდან - ამ უკანასკნელი დიდი ეროვნული საქმიანობიდან - მოყოლებული ფრანგი ხალხი მოკლებულია თავისი ხასიათის სისრულისათვის აუცილებელ კლიმატს. სრულიად გაუაზრებლად, ომის შემდეგომმა ხვავმა, ბარაქამ და კომფორტმა მოუჩლუნგა და მოუდუნა გონება, რაც ამ ხალხის მისიას სულ არ შეესაბამება. მისი ისტორიული ბუნებრივი ძალა გულღრძოობად გარდაიქმნა. ფრანგთა ენდემური ცუდი გუნება, რომელსაც თითქოს ვერასდროს ვერაფერი ვერ აკმაყოფილებს, ნამდვილი მიზნის არქონის შედეგია. როდესაც ადამიანმა აღარ იცის, რისთვის ვარგა, ამქვეყნად თავისი ადგილის შეგრძნებას კარგავს. ხოლო მოხმარება შემოქმედების მტერია, შემოქმედებისა, რომელისაც ყველა საზოგადოებაში დაბრკოლებები სჭირდება გასაფურჩქნად. ფრანგული სული, რომელიც ერთადერთი პერსპექტივისთვისაა განწირული - უმიზნოდ აწარმოოს მატერიალური სიკეთეები და აქედან უაზროდ მიიღოს მოგება -, იხუთება და სასო ეკვეთება. არა ოდენ პურითა ცხონდეს კაციო. მას შეუძლია ერთხანს გაერთოს ასე, მაგრამ მერე თავის ენერგიას თავისავე საზიანოდ მიმართავს. რა იყო 68 წლის მაისი, თუ არა ძალისა და ჯანმრთელობის გაფართხალება, გულუბრყვილო ქანი ამ მძიმე თავსახურის ასახდელად? ბოლომდე ვერ მიყვანილი მცდელობა. ცოტა უკან რომ დავიხიოთ, მეოცე საუკუნის მეორე ნახევარი შავ-ბნელ პერიოდად მოჩანს: საფრანგეთი მიწისქვეშა ომში საფრანგეთის წინააღმდეგ. მემარცხენეობა მემარჯვენეობის წინააღმდეგ და პირუკუ. კლასთა შორის ბრძოლა ჭამა-სმის ქვეყანაში. ფრთხილად ვიყოთ, იმიტომ რომ აუცილებელი არაა, რომ უარესი ქაოსი ქუჩაში იყოს, ის მთელი ხალხის ცნობიერებაშია, რომელმაც სამყაროს კომპლექსურობა სასაცილომდე დაამცრო, იქამდე, თითქოს შეიძლება არსებობდეს სიმართლის პარტია და შეცდომის პარტია და რომ სხვა გზა არ არის, თუ არა ერთის გამარჯვება მეორეზე. აი სად სუფევს ჭეშმარიტი უწესრიგობა. და თუ მანქანებს დაწვავენ რამდენიმე გარეუბანში, ეგ კიდევ არაფერი.

ეს უწესრიგობა არ უკვირს იმას, ვისაც გავლილი აქვს გზა, რომლსაც აიკიდო გვთავაზობს სამყაროს შესაცნობად. არც სხვაზე მეტად აწუხებს. ყველა მოვლენა თავის წიაღში ატარებს თავის თავის საწინააღმდეგო მარცვალს და, საბედრნიეროდ, „როცა სახელმწიფოები ცვივიან არეულობაში, მაშინვე ლოიალური ფუნქციონერები გამოჩნდებიან ხოლმე“. გზა ყველაფრისგან საპირისპიროს შობს. აქ ლაპარაკი არ არის უბოლოო კამათებზე იმის გასარკვევად, მემარცხენეობა უფრო ჰუმანურია თუ მემარჯვენეობა უფრო კომპეტენტური. უბრალოდ უნდა გვესმოდეს, რომ შეუძლებელია ქვეყნის მართვა, თუ ჰომანურობის ან კომპეტენტურობის ნაკლებობაა. აიკიდო გვიჩვენებს, რომ ადამიანის სხეულის დინამიკა უფრო მეტად არც მარჯვენა თეძოდან მოდის და არც მარცხენადან. მოძრაობა ხერხემლის ბრუნვით წარმოიშვება, რომელიც მარჯვენა და მარცხენა მხარეებს კოორდინირებულად ითრევს. თუ მე მოწინააღმდეგის სფეროში ვიჭრები, ეს იმიტომ ხდება, რომ ხან მარჯვენა მხარე შედის და მარცხენა ეცლება, ხან პირიქით, მარცხენა შედის და მარჯვენა ეცლება. განა შეიძლება თქმა, რომ მარჯვენა და მარცხენა დაპირისპირებული მხარეებია? გარკვეული თვალსაზრისით, კი. მაგრამ თუ შევხედავთ როგორც ჯერ არს, მივხვდებით, რომ სწორედ ამ დაპირისპირებულობის გამო ხდებიან ისინი ერთმანეთის შემავსებლები და შეუძლიათ ერთად იმოქმედონ ერთი, საერთო მიზნით.

როგორც ნებისმიერი ადამიანის სხეულს, საფრანგეთსაც სჭირდება ხერხემალი. პერიფერიაში შობილ მოძრაობას, მემარჯვენეს, მემარცხენეს, ულტრა-მემარჯვენეს ან ულტრა-მემარცხენეს, ხვალინდელი დღე არა აქვს. ჭეშმარიტი მოძრაობა მხოლოდ ცენტრში იბადება. რადგან, რაც არ უნდა მრავალი იყოს პრობლემა, რომელსაც გამოსავალი მოუძებნა მთავრობამ, თითოეული მათგანი სათავეს მაინც ცენტრში იღებს. მაშასადამე ცენტრიდან უნდა თითოეულს მოვლა, კანონის მსგავსად უნდა დაცვას ადამიანის სხეულმა ეს წესები იმისათვის, რომ ადამიანმა სამყაროს ენერგიით შეძლოს მოძრაობა.

აი, როგორ შეუძლია აიკიდოს პრაქტიკას საჯარო გზის განათება. მალე ფრანგები თავიანთ პრეზიდენს დაასახელებენ, მას, ვინც გახდება ღერძი, რომლის გარშემოც მოწესრიგდება და ირტიალებს მთელი მათი ქვეყანა. უაღრესად მნიშვნელოვანია, რომ ეს კაცი იყოს „აიკი“. ანუ მან ჩვენი ქვეყნის ორი საპირისპირო ენერგია უნდა შეითავსოს. და ეს კავშირი არ მდგომარეობს მემარჯვენეობის ან მემარცხენეობის დაზოგვაში და არც იმ ვიწრო და მომცრო სივრცეში ცხოვრებაში, რომელსაც ამგვარი კომპრომისი დატოვებდა. ეს კავშირი ვერ იქნება ეკლექტური. სულ პირიქით, ეს ფრანგი ხალხის ურთიერთგამომრიცხველი, მაგრამ თან ურთიერთშემავსებელი ძალების სინთეზია. რადგან მხოლოდ სინთეზს შეუძლია შვას ჭეშმარიტი დინამიკა, სწორი მოძრაობა, მოძრაობა, რომელიც არ უნდა ავურიოთ მომხრეთა ჟესტიკულაციებში.

შეუწყნარებლობა და სექტანტობა სიბრმავეა. სხვადასხვა დონეზე პრეტენდენტთა გამოსვლებში გამოხატული ამ ტიპის ფანატიზმი მხოლოდ და მხოლოდ კონფლიქტებს მოასწავებს, რომლებიც ჰარმონიის დაცვითა და ძალების წონასწორობით ნამდვილად ვერ გადაწყდება. დიდი სისუსტეა იფიქრო, რომ ოპოზიციის პრობლემის გადაჭრა მასზე ძალითა და დომინირებითაა შესაძლებელი. ამგვარი გამარჯვება მოჩვენებითია. ამას არ გვთავაზობს აიკიდო. სიმართლე არ არის შეცდომის წინ აღმართული მონოლითი. უშეცდომოდ სიმართლე ისევე ვერ იარსებებდა, როგორც სინათლე უწყვდიადოდ. არ არსებობს სიმართლის პარტია და შეცდომის პარტია. უნდა იყოს რეალობის პარტია. რეალობა საპირისპიროთა წონასწორობაა, რომლებიც ერთმანეთს იმ სამყაროს ჰარმონიაში ეჯიბრებიან, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ვინმეს წინააღმდეგ მართლად ყოფნა დამარცხებაა. უნდა იმოქმედო ისე, რომ მართალი იყო ვინმესთან ერთად. შემეცნებისა და მოქმედების კანონები არსებობს, ისინი ერთიანია, თუმცა ჩვენ სხვადასხვა ფორმებით გვეცხადებიან. და სახესხვაობათა ეს სიმრავლე, რომელიც ძნელად გასარჩევად აქცევს მას, ადამიანისთვის შეცდომის წყარო ხდება. კანონები თვით საგანთა გულებშია დამალული. სწორედ იქ უნდა შევიცნოთ ისინი. სწორედ ასე უნდა მართვა, ყველგან, სადაც აკლია, უნდა შეავსო იქიდან, სადაც ზედმეტია. ცვლილიებასა და ადაპტირებაში. თუ დოგმა საჭიროა, მაშინ ის უნდა იყოს ერთი - სულის გახსნილობა, გონების თავისუფლება, რომელიც პრობლემას არ შექმნის მემარჯვენეობისა და მემარცხენეობის შედარებითი ცნებებით.

დიოგენე დღისით, მზისით ლამპით ხელში დასეირნობდა აკროპოლში. „ადამიანს ვეძებ“-ო, ამბობდა. მომიტევოს ამ კეთილმა კაცმა ეს პლაგიატი, მაგრამ მეც ადამიანს ვეძებ. ადამიანს, ვისაც შეეძლება შეიტყოს, სადაა მოვლენათა ცენტრი და იქ დადგეს მოქმედებისთვის. ადამიანს, რომელიც დგას იქ, სადაც აიკიდო მიუთითებს, რომ იდგეს, თუ ჩვენ გვინდა უცვლელ კანონთა მიხედვით ვიმოქმედოთ, რომელნიც, ზოგადად, მოქმედებას და, კერძოდ, პოლიტიკურ მოქმედებებს წარმართავენ. ადამიანს საფრანგეთისთვის, რომელსაც ის ასე ძალიან სჭიდება.

ფილიპ ვოარინო, 2007 წლის 11 თებერვალი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/pransua-bairu-da-aikido?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)