ფილიპ ვოარინო: უჩი დეში ივამაში

ეს ინტერვიუ თავდაპირველად გამოქვეყნდა საიტზე aikidoka.fr 2007 წლის 21 დეკემბერს.

Aikidoka Magazine:

გამარჯობა, ბატონო ვოარინო.

ფილიპ ვოარინო:

გამარჯობა.

როგორ დაიწყეთ აიკიდო?

დავრეკე ძიუდოს კლუბში ნიცაში, იქ რობერ ბოგერი ასწავლიდა. ვიკითხე აიკიდო, მან კი მიპასუხა „აქ აიკიჯიცუს ვასწავლით და ეს გასაოცრად უფრო ეფექტურიაო.“ სინამდვილეში ბ-ნი ბოგერი ძიუდოს და ჯიუჯიცუს მასწავლებელი გახლდათ. სწორედ იქ დავიწყე ვარჯიში. შემდეგ შევხვდი ნობუიოში ტამურას, პიერ შასანს და, ბევრად უფრო მოგვიანებით, მორიჰირო საიტოს.

როდის გაემგზავრეთ ივამაში პირველად?

1985 წლის აგვისტოში შევხვდი ჩემს ამხანაგს პაოლო კორალინის კოლ-სიურ-ლუში, სემინარზე. ის საიტო სენსეისთან თავისი პირველი სტუმრობიდან ახალი დაბრუნებული იყო და მირჩია, ივამაში წავსულიყავი. ექვსი თვის მერე, 1986 წლის თებერვალში გავემგზავრე. ტოკიოში რომ ჩავედი, სტენლი პრანინი დამხვდა და დამარიგა, როგორ ავსულიყავი ივამაში. ქაღალდის პატარა ნაგლეჯზე სამი სიტყვა დამიწერა იაპონურად. ჯიბეში ჩავიდე. ზედ ეწერა: „ივამა მადე, კუდასაი“ (ივამაში, თუ შეიძლება). ეს იმ შემთხვევისთვის, თუკი დავიკარგებოდი.

ვინ იყვნენ უჩი დეშებად, როდესაც თქვენ ახვედით ივამაში?

იყვნენ დონი ლაიონი და ჯონი, და იყო ასევე პატრიცია გერი. როდესაც შეერთებულ შტატებში დაბრუნდა, დონი აიკიდოს ასწავლიდა ვაშინგტონში. სულ რაღაც ათი წელი. ახალგაზრდა გარდაიცვალა, 1996 წელს. ბოლო მომენტამდე ასწავლიდა. იყო კიდევ ერთი, მურატა, იაპონელი უჩი დეში.


დონი ლაიონი წინა პლანზე, პატრიცია გერი და ფილიპ ვოარინო (ივამა 1986 წ.)

მხოლოდ ხუთნი იყავით?

დიახ, ზამთარი იყო. თებერვალი მკაცრი თვეა იაპონიაში. უჩი დეშები უფრო ბევრნი იყვნენ წელიწადის უფრო მშვიდ დროებში. დილაობით საიტო სენსეი იარაღის გაკვეთილებს გვიტარებდა ჩვენ ხუთს. ერთ დილას თოვდა, ლოგინებიდან განთიადამდე წამოგვყარა, ღამის სიბნელეში გავყევით ბამბუკის ჯოხებით შეიარაღებულები, რომლებითაც აზალიის ბუჩები გადავბერტყეთ და იქიდან თოვლი ჩამოვყარეთ, რომ ტოტები არ დამტვრეულიყო. ერთი საათის შემდეგ, რომ არ შეგვციებოდა, თავსაფრები დაგვირიგა და ვარჯიში დაიწყო. იარაღზე ყოველთვის დილას და გარეთ ვვარჯიშობდით. ასეთ პირობებში მიღებული ცოდნა ბევრად უფრო ღრმა კვალს ტოვებს, ვიდრე ნებისმიერ სემინარზე სპორტულ დარბაზში ორას კაცთან ერთად.


ვარჯიში თოვლში საიტო სენსეისთან ერთად (ივამა 1991 წ.)

იაპონელი მოწაფე მხოლოდ ერთი იყო?

იაპონელთა უმრავლესობა მუშაობდა. დილის საათებში ვერაფრით ვერ ახერხებდნენ მოსვლას. მათი დროის გრაფიკის ამ სულელური მიზეზის გამო იაპონელები ცოტას ვარჯიშობდნენ იარაღზე თვით ივამაშიც კი, და პრაქტიკულად თითქმის მხოლოდ დასავლეთ ევროპელებმა მიიღეს საიტო სენსეისგან უშუალოდ აიკი კენისა და აიკი ჯოს სწავლება.

გამონაკლისი შემთხვევების გარდა იაპონელები მხოლოდ და მხოლოდ ტაი ჯიცუს ვარჯიშებს ესწრებოდნენ საღამოობით. და ამ დროს (ანუ საღამოობით) ბევრი ხალხი გროვდებოდა. ყველაზე მაღალი ხარისხები ჰქონდათ იზოიამას. ნემოტოს, ინაკაგაკის, საიტო სენსეის შვილს – ჰიტოჰიროს, მის სიძეს – უმევასას, შიბატას… სტენლი პრანინი რეგულარულად ამოდიოდა ტოკიოდან, ხანდახან იყვნენ უცხოეთიდან ჩამოსული სტუმრებიც, მაგალითად, ტომიტა შვედეთიდან და იკედა შვეიცარიიდან.

არ გეჩვენებათ უცნაურად, რომ საიტო სენსეიმ ო-სენსეის იარაღის ფლობის ტექნიკა თქვენ, დასავლელებს გადმოგცათ და რომ იაპონელები ვერ ახერხებდნენ ამის სწავლას?

ცხოვრების მნიშვნელოვან მომენტებში, მაშინ, როდესაც მართლა ხდება რაღაც, არის ორი შესაძლებლობა, რა მიზეზითაც არ უნდა იყოს ის: ან ხართ იქ, ან არ ხართ იქ. იმ ოცი წლის განმავლობაში, როდესაც საიტო სენსეი ყოველდღიურ რეჟიმში ასწავლიდა აიკი კენსა და აიკი ჯოს, იაპონელები იქ არ იყვნენ. დასავლელები იქ იყვნენ. მორჩა და გათავდა. ვერავინ ვერაფერს ვერ უშველის ამას. იმ ოცზე მეტი წლის განმავლობაში, როცა ო-სენსეი ივამაში ცხოვრობდა და აიკიდოს იკვლევდა, საიტო იყო იქ. შეიძლება არ ყოფილიყო იქ. ისტორია ასე მიდის წინ.

როგორი გეჩვენათ ატმოსფერო ივამას დოჯოში?

როგორიც მოეჩვენებოდა მე-20 საუკუნის დასავლელ მოქალაქეს, უეცრად რომ აღმოჩენილიყო წინა (ანუ მე-19) საუკუნის სოფლურ ქვეყანაში, იაპონიაში. ივამა, კარგად უნდა გავიგოთ ყველამ, სოფელია. და ოცი წლის წინ მორალი და ქცევა იქ ჯერ კიდევ მე-19 საუკუნისა იყო.

ერთ ამბავს გიამბობთ, რაც მიგახვედრებთ, რისი თქმაც მინდა. აგვისტოსა და მარტში ივამას დოჯო ღებულობდა სტუდენტთა ჯგუფებს იაპონიის სხვადასხვა უნივერსიტეტებიდან ერთკვირიანი ინტენსიური ვარჯიშებისათვის. აიკიდო ერთ-ერთი საგანი იყო მათ პროგრამში. ერთ ნაშუადღევს, შუა ტაიჯიცუს ვარჯიშის საიტო სენსეიმ რამდენიმე წუთით დატოვა დოჯო. რომ დაბრუნდა, ისე გააგრძელა გაკვეთილი, ვითომც არაფერიაო. ვარჯიშის დამასრულებელი რეის შემდეგ დაიწყო ლაპარაკი და ხმაში სწრაფადვე გამოერია რისხვა. ჩვენ, უჩი დეშებმა ერთმანეთს გადავხედეთ და შევეცადეთ, მივმხდარიყავით, კიდევ რა სისულელე ჩავიდინეთ ამჯერად. საიტო სენსეი გავიდა თუ არა, სტუდენტები ერთბაშად გაცვივდნენ იმ ადგილისკენ, სადაც ეძინათ. რამდენიმე წამის შემდეგ ჯგუფის სამი სემპაი ქათქათა კეიკოგიებითა და ულამაზესი ჰაკამებით გამოვიდა. ხუთი წუთის მერე საიტო სენსეი ისევ განრისხებული გამოვიდა თავისი სახლიდან, რომელიც სულ რაღაც ორმოცდაათიოდე მეტრში იდგა. ამ მომენტში ის სამი იაპონელი გამწვანებული უფრო იყო, ვიდრე გაყვითლებული. საიტომ სამი სიტყვა თქვა, რომლებიც მათრახის ტკაცუნივით გაისმა. სამი უბედური დოჯოში შეჰყვა დაუკანალზე იმდენი როზგები მიიღეს, რომ ცრემლები წამოუვიდათ. აღარც არასდროს დაავიწყდებოდათ ეს. აღარც ჩვენ, სხვათა შორის. ერთი გერმანულენოვანი შვეიცარიელი, რომელიც სულ რამდენიმე დღისჩამოსული იყო, თვალებს არ უჯერებდა და საზარელი აქცენტით ჩურჩულებდა ინგლისურად: „This is Middle Age ! This is Middle Age !

როდესაც ვარჯიშის დროს საიტო სენსეი თვალს მიეფარა, სტუდენტების საცხოვრებლისთვის თვალის შესავლებად წასულა. იქ კი იაპონიისთვის შეუფერებელი უწესრიგობა დახვედრია. გაკვეთილის ბოლოს ასეთი სიტყვით მიუმართავს მათთვის:

თქვენ ხართ იაპონიის და თქვენი უნივერსიტეტის სირცხვილი. მე თქვენ ასეთ არჩევანს გაძლევთ: ათ წუთში მთელი თქვენი ჯგუფი იარაღიან-ბარგიანად დატოვებს დოჯოს და არც ერთი თქვენი უნივერსიტეტიდან აღარ დაიშვება ამ დოჯოში. ან შეგიძლიათ აირჩიოთ და არ წახვიდეთ აქედან და არ აჰყაროთ პატივი თქვენს უნივერსიტეტს. ასეთ შემთხვევაში, როდესაც დავბრუნდები, მინდა ვნახო სამი პასუხისმგებელი სემპაი და მე მათ გავროზგავ.

ეს „არჩევანი“ მხოლოდ ამას არ ნიშნავდა. წარმოიდგინეთ… სახელის გატეხა და საკუთარი სახლის, ოჯახისთვის პატივის აყრა… იაპონელისთვის! საიტო სენსეიმ ეს შესანიშნავად იცოდა. იმ დღეს სრულად გავიაზრე, თუ რას ნიშნავდა პასუხისმგებლობის აღება. იმავე საღამოს შესანიშნავ გუნებაზე დამდგარმა საიტომ ყველა უჩი დეში სადილად დაპატიჟა იამაბიკოში, თავისი ვაჟის ჰიტოჰიროს რესტორანში. თვითონ იმზარეულა. იმდღევანდელ ინციდენტზე სიცილით აგვიხსნა, რომ ო-სენსეისთან სასჯელი ბევრად უფრო მკაცრი იქნებოდა და რომ დროება ძალიან შეცვლილიყო… აი ასეთი იყო ატმოსფერო ივამაში: ძალიან დაძაბულ და ემოციურად დატვირთულ მომენტებს ბუნებრივი სასწორის მსგავსად მაშინვე მოდუნება და ლამის ოჯახურ გარემოში გამართული თავყრილობები ენაცვლებოდა.

როგორი იყო იმდროინდელი უჩი დეშის ტიპიური დღის განრიგი?

ადგომა გარიჟრაჟზე: 5 საათზე ზაფხულში და 7-ზე ზამთარში. ერთი საათი სამეურნეო საქმეები, რომელშიც შედიოდა, რასაკვირველია, დოჯოსა და მისი მისადგომების მოვლა-დასუფთავება: ლარნაკში წყლის გამოცვლა კამიზასთან, თანაც ისე, რომ ლარნაკში ყვავილების განლაგება არ არეულიყო (ჩვენდა სანუგეშოდ, პატრიცია აგვარებდა ამ საქმეს), ფოცხით უნდა მოგვესწორებინა ჯინჯას მისადგომები დილის იარაღის ვარჯიშისთვის, დაგვეხვეტა ტყე ტაძრის გარშემო, თან ისე, რომ ხავსი (იაპონიაში წმინდად ითვლება!) არ დაგვეზიანებინა, დაგველაგებინა შოკუდო (სამზარეულო-სასადილო ოთახი), გაგვეწმინდა ბანჯო (რაც მუსიკალური ინსტრუმენტი სულ არ არის)... შემდეგ იარაღით ვარჯიში, ყველთვის სუფთა ჰაერზე (წვიმის შემთხვევაში ტაჩი დორი, ჯო დორი ან ტანკენ დორი დოჯოში).


მოედნის მომზადება და...


...ვარჯიში აიკი ჯინჯა წინ (ივამა 1990 წ.)

მერე გვეღისებოდა ხოლმე დილის საუზმე. დილის დარჩენილი ნაწილი ეძღვნებოდა მუშაობას საიტო სენსეისთან ერთად: ვჭრიდით და ვაწყობდით შეშას ზამთრისთვის, ვძირკვავდით ბამბუკებს, რომლებიც მოედებოდა ხოლმე ბოსტანს და გაგვყავდა თხრილები, რომ ბოლქვები ძალიან არ დაზრდილიყო, ვთიბავდით ბალახს, ვუვლიდით ტყეს ჯინჯას გარშემო, ვჭრიდით ძლიერი ქარებისგან წაქცეულ ან დაზიანებულ ხეებს და ვწვავდით ტოტებს (საიტო სენსეის ძალიან უყვარდა ცეცხლი)...


საველე სამუშაოები ივამაში (1987 წ.). ფილიპ ვოარინო და სტივენ სოლომონი

ნაშუადღევს იყო თავისუფალი ვარჯიში, 17.00 საათამდე, ანუ ბავშვების გაკვეთილამდე, რომელშიც უჩი დეშებსაც უნდა მიეღოთ მონაწილეობა. ჩაის და ყავის დრო 18.00-ზე, ანუ 19.00-იან რეგულარულ ვარჯისამდე. ვახშამი 20.30 საათზე. მარტში და აგვისტოში, სტუდენტების გაშუკუს დროს ორი დამატებითი ვარჯიში იყო კიდევ, ერთი 10.00-ზე და მეორე 15.00-ზე. უჩი დეშებისთვის დღეში ხუთი საათი გამოდიოდა ვარჯიში იმ სტუდენტთა იმ ახალ ჯგუფებიანად, რომლებიც ყოველი კვირის დასაწყისში ჩამოდიოდნენ, ყოველთვის ვიყავით მხნედ და შემართებით. ეს რიტმი ძალიან გამომცდელი იყო. ზამთრობით ოფლი იყინებოდა ღამის განმავლობაში. ხანდახან ნულს ქვემოთ 10°-ზეც კი ჩამოდიოდა ტემპერატურა დოჯოში, სადაც გვეძინა სქელი პლედების ქვეშ. გამთენიისას კი ხესავით გაშეშებული კეიკოგი უნდა ჩაგვეცვა. ზაფხულობით ოფლით გაჟღენთილი კეიკოგი გაშრობას ვერ ასწრებდა... და უჩი დეშებს გავარდნილი ჰქონდათ სახელი, რომ მაინც და მაინც კარგი სუნი ვერ უდიოდათ.

როდესაც თქვენ ივამაში ახვედით, თქვენ უკვე იყავით მასწავლებელი, მგონი. უკვე ასწავლიდით იარაღის ხმარებას?

მე არ ვასწავლიდი რეგულარულად, უბრალოდ ვცვლიდი ხოლმე სხვა მასწავლებლებს და ვეხმარებოდი სემინარების დროს. მე თვითონ ჩავატარე რამდენიმე სემინარი იარაღზე, მაგრამ ვასწავლიდი იმას, რაც მაშინ ვიცოდი: იაიდოს, კენ ჯიცუსა და შინდო მუსო რიუს ჯოდოს. ახლა, როდესაც ეს ძველი დრო მახსენდება, ვხვდები, რამდენად გადღაბნილი და აზელილი იყო ყველაფერი ჩვენს გონებაში. არხეინად ვურევდით ერთმანეთში აიკიდოს, კენ ჯიცუს და ჯოდოს, თანაც ისე, რომ ვერც ვხვდებოდით, რას ვაკეთებდით. და არც არავის აწუხებდა ეს. საერთოდ არ გვქონდა გაცნობიერებული, თუ რა განსხვავებაა ამ სხვადასხვა დისციპლინების საბაზო ტექნიკებს შორის. წარმოდგენა არა გვქონდა, სინამდვილეში რა არის აიკი კენი და აიკი ჯო. უნდა ითქვას, რომ ეს იყო დრო, როდესაც მუსო შინდენ რიუს იაიდოს ასწავლიდნენ აიკიდოს გაკვეთილების დროს. იაი აიკიდოს მასწავლების სერტიფიკატის მოსაპოვებელ პროგრამაშიც კი იყო, რაც ადამიანთა გონებაში დაბნეულობას იწვევდა. როდესაც მე დავბრუნდი და ლაპარაკი დავიწყე აიკი კენსა და აიკი ჯოზე, გაუგებრობისა და გაუცხოების ყრუ კედლის წინ აღმოვჩნდი. ხალხი ამბობდა – „კი, კი... იარაღი... ჰო, ვიცით, რაც არის ეს...“ და სრულიად გულწრფელნიც იყვნენ ამ დროს. მათ იცოდნენ... სიტყვა. მაგრამ ამ სიტყვაში ისინი დებდნენ ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებულ რაღაცეებს: კენისა და ჯოს ორ-სამ ავასე მოძრაობას, ცოტა კენ ჯიცუს, ჯოდოს, იაიდოს, და ამ კოქტეილს ემატებოდა ჯო დორი და ტაჩი დორი, რასაც იმხანად ბევრი „აიკიდოს იარაღის“ ნაწილად თვლიდა. აიკი კენისა და აიკი ჯოს არსებობაც კი არ იცოდნენ. მეც მათ შორის.

მაშასადამე ივამაში თქვენმა ყოფნამ დაეჭვება და გადაფასება გამოიწვია.

ივამაში ბევრი რამე თავიდან ვისწავლე. ყველაფრის დაშლა მომიწია მანამ, სანამ ახლის აშენებას დავიწყებდი ჯანსაღ საფუძველზე. ბევრი დრო დავკარგე, ვიდრე ჩემი და საიტო სენსეის გზები გადაიკვეთებოდა. მაგრამ დრო იყო ასეთი... არავინ არაფერი არ იცოდა... გატაცებით ვეძებდით, ყველა კარზე ვაკაკუნებდით და ყველაფერს განურჩევლად, ერთმანეთისგან დაუცალკევებლად ვყლაპავდით. ენთუზიასტები, გაუმაძღრები და გულუბრყვილოები ვიყავით.

რა თქმა უნდა დღესაც ვკითხულობ სხვათა და სხვათა ინტერვიუებს და ვამჩნევ, რომ ბევრი მასწავლებელი ისევ ისე თვლის, და ფიქრობს, რომ იარაღის ნებისმიერი სკოლით შეიძლება მუშაობა და, იმ საბაბით, რომ აიკიდოს ასწავლის, ესეც ავტომატურად აიკიდოდ გადაიქცევა. ეს არის უდიდესი შეცდომა. ეს შეცდომა ჩვენ ყველამ დავუშვით ოცდაათი წლის წინ. მაგრამ ეს ოცდაათი წლის წინ მოხდა და ჩვენ არავითარი ინფორმაცია არა გვქონდა. დღეს ცოდნის მიღების პირობები სხვაგვარია. მას, ვინც თავს შეიწუხებს და მოძებნის, შეუძლია იპოვოს უფრო ავთენტური სწავლება. უნდა ეძებო შენი მასწავლებელი. აიკიდო უნდა დაიმსახურო.


ვარჯიში ატაგო სანზე (ივამა), 2000 წელი.

რატომ ამახვილებდა ამდენ ყურადღებას საიტო სენსეი ბაზაზე? განა აიკიდო თავისი დინამიკური ფორმით არ ვლინდება?

მართალია, აიკიდო მხოლოდ და მხოლოდ დინამუკური შეიძლება იყოს. მაგრამ საქმე ის გახლავთ, რომ ამ დინამიკური ფორმით უკვე ათი წელი ვვარჯიშობდი, როდესაც იაპონიაში წავედი. სხვათა შორის, როდესაც ტატამზე პირველად შევდგი ფეხი, იმ დღიდან ასე ვვარჯიშობდი. ამგვარი პედაგოგიკა იყო იმხანად გამეფებული. ყველა ფიქრობდა, რომ კმაროდა, ელეგანტურად და დინამიკურად გემოძრავა და ეს უკვე აიკიდო იყო. სინამდვილეში რაღაც ფეხების მოძრაობა და ცეკვა გამოდიოდა. და თავშიც არავის მოგვდიოდა, რომ ელეგანტურობა და დინამიზმი აიკიდოს პრინციპების დაცვით უნდა განხორციელებულიყო. რა პრინციპების, სახელდობრ? რომელ ჩვენგანს შეეძლო ამაზე სხვანაირად ელაპარაკა და არა რაღაც უაზრო და საყოველთაოდ მიღებული ფორმულირებებით? თანაც ეს პრინციპი უჩინარი რჩება ამ საბაზო ტექნიკის გარეშე. აი რატომ არის ბაზის შესწავლა ასეთი მნიშვნელოვანი. და ჭეშმარიტება ის გახლავთ, რომ არაფერი არ ვიცოდით ამ ბაზის შესახებ. ივამაში სწორედ ეს განსხვავება დავინახე, განსხვავება იმას, რასაც მე აიკიდოს სახელით ვაკეთებდი და აიკიდოს დინამიკური პრაქტიკის რეალურობას შორის. საბაზო ტექნიკის გარეშე ეს დინამიკური პრაქტიკა სხვა არაფერია, თუ არა ცუდი ქორეოგრაფია. როდესაც დღეს ვიბარებ გამოცდებს მესამე დანს ქვევით, ნაკლებად მაწუხებს ის, თუ რა სიმაღლეზე მოისვრიან უკეს, და მეტ ყურადღებას ვაქცევ ტექნიკის ფილიგრანულობას, რამდენად მკაფიო და ლაღია ნაგეს მოძრაობა, რამდენად იცნობს და იცავს იგი საბაზო ტექნიკას.

აქაცაა სიტყვის არსის სწორად გაგების პრობლემა. ცხადია, აიკიდოს ყველა მასწავლებელი აცხადებს, რომ ის სკრუპულოზურად იცავს ამ საბაზო ტექნიკას. და ხდება ხოლმე ისე, რომ სრულიად საწინააღმდეგო რამ ჩანს. ნუთუ უნდა დავასკვნათ აქედან, რომ ამ საბაზო ტექნიკას... განსხვავებული გეომეტრია აქვს? სინამდვილე ისაა, რომ კონსტრუქციული ლაპარაკისათვის აუცილებელია, წინასწარ განვსაზღვროთ, რას ვგულისხმობთ სიტყვაში „კიჰონი“, ან რას გულისხმობდა ამ ტერმინში ო-სენსეი. საკმარისია, ერთხელ განსაზღვრო, რა არის საბაზო ტექნიკა და გეცოდინება, ვინ იცავს ამას და ვინ არა. სხვანაირად ეს რაღაც უაზრო სიტყვად დარჩება.

როგორი იყო თქვენი დაბრუნება საფრანგეთში?

როდესაც ივამადან პირველად ბრუნდები, რაღაც დრო გჭირდება გონზე მოსასვლელად. საფრანგეთი უცნაური, თითქმის უცხოც კი გეჩვენება. ო-სენსეი დოჯო დახურული ადგილია, ქვეყნის დასალიერი. იქ იძენ ჩვევებს, რაც სრულიად საპირისპიროა თანამედროვე სამყაროსთვის. ცხოვრების პირობები რთულია: მუდმივი სიცივე, ტემპერატურა ზამთარში -15°-მდე ეცემა, კედლები ქაღალდისაა და გათბობა არ არის, საკვები ზუსტად იმდენია, შიმშილით რომ არ მოკვდე (თუ ნაწლავებს არ დაგიზიანებს), ვარჯიში ფიზიკურად დატვირთულია, იქ მყოფთა სიმრავლე და სიმჭირდოვე პერმანენტული, ენა ბარიერია, რომელიც კომუნიკაციას გიზღუდავთ... მახსოვს, ერთი უჩი დეში იყო, ვაინს სალვატორი, ამერიკელი ნიუ ჯერსიდან. ერთ დღეს წაგვიკითხა წერილი, რომელსაც თავის საცოლეს უგზავნიდა. წერილი ასე იწყებოდა: „აქ ყველაფერი კარგადაა და ყველაფერი მაქვს, რაც მჭირდება, გარდა...“ და ამას მოსდევდა ორგვერდიანი გრძელი სია იმ ყველაფრისა, რაც ივამაში გვაკლდა. ვაინსს აკლდა ყველაფერი, ერთადერთი რამ, რაც არ აკლდა, იუმორი იყო.


უჩი დეშებისთვის ცხელი წყალი არ იყო (ივამა, 1986 წელი).

მაგრამ ეს სპარტანული ცხოვრება მიედინებოდა ერთგვარი ბუშტის წიაღში, რომელიც უჩი დეშებს წყვეტდა იმ ყველაფრისგან, რაც დოჯოს ცხოვრებასთან უშუალო კავშირში არ იყო და რომელიც ერთგვარად იცავდა გარე სამყაროსაგან. სახლში დაბრუნება უხეშად ძირს დახეთქებას ჰგავდა. და ჩვენ თუ კომფორტში ვცხოვრობთ, ჩვენს საზოგადოებათა რეალობა სხვა მრავალი რამითაა მკაცრი. მე ვიცნობდი უჩი დეშებს, რომლეთაც რეაბილიტირება ვერ მოახერხეს თავის ქვეყანაში და ივამაში აბრუნდნენ საცხოვრებლად.

არის განსხვავება ომამდელ აიკიდოსა და ივამური პერიოდის აიკიდოს შორის?

ივამურ პერიოდამდე ათი წლით ადრე, ან სულაც 1935 წელს, ასაი შინბუნში ო-სენსეიზე გადაღებული ფირის ნახვაც კმარა იმაში დასარწმუნებლად, რომ აიკიდო რაღაცნაირად უკვე არსებობდა, მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელი არ ერქვა. 1942-1945 წლებში ყველა ვარგისი მამაკაცი ომში იყო. ო-სენსეი მარტოდმარტო იყო სოფელში. არ ჰყავდა უკე: ამ ფაქტს დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამ მიზეზით ამ სამი წელიწადის არსებითი ნაწილი იარაღის შესწავლას, აიკის პრინციპებისთვის მორგებას და ამაში ჩაღრმავებას მიუძღვნა. რადგან იარაღით აიკიდოს კეთება და ვარჯიში მაშინაცაა შესაძლებელი, როცა ადამიანი მარტოა. ო-სენსეის საქმიანობა ივამაში ომისშემდგომ წლებში, და ეს აღწერა კიდეც თავის დროზე მრავალმა თვითმხილველმა, ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს მათი საერთო პრინციპით გაერთიანებაში მდგომარეობდა. თუმცა მხოლოდ ეს არ გაუკეთებია. ო-სენსეი ოცი წლის მანძილზე მოთმინებით ინიშნავდა და სხლავდა იარაღისა და უიარაღო, ხელის ტექნიკას, რაც მაშინ არ ექვემდებარებოდა საერთო პრინციპს და რასაც შეიძლებოდა ხელი შეეშალა ამ ერთიანობის კოჰერენტულობისათვის.

მასწავლებლები, რომლებიც დღესაც ფიქრობენ, რომ იარაღი მხოლოდ ერთგვარი „პლუსია“ და რომ ეს მხოლოდ და მხოლოდ ერთგვარად „ავსებს“ მათ აიკიდოს პრაქტიკას კენისა და ჯოს სკოლით, ვერც კი ხვდებიან, რისთვის სწირავენ საკუთარ თავს – როგორიც არ უნდა იყოს ამ სკოლის საწყისი ღირებულება – კერძოდ, იმისთვის, რომ მათ ხელახლა მოუწევთ მთელი იმ სამუშაოს ჩატარება, რომელიც ო-სენსეიმ 1940-1960 წლებში შეასრულა და „მოარგო“ კენისა და ჯოს ხმარება აიკის პრინციპებს. ცხადია, ეს საკუთარ თავზე ძალიან დიდი წარმოდგენის ქონასაც ნიშნავს, მაგრამ ამავე დროს სრულიად უაზროა, რადგანაც ეს სამუშაო უკვე შეასრულა იდეალურ პირობებში სწორუპუვარმა ექსპერტმა, აიკიდოს შემქმნელმა, რომელმაც გვიანდერძა ეს ცოდნა აიკი კენისა და აიკი ჯოს სახით.

რა აზრი აქვს აიკიდოსნაირ საბრძოლო ხელოვნებაში ვარჯიშს ჩვენს ეპოქაში?

მე მგონია, რომ ამის პასუხი ო-სენსეის ამ გამონათქვამში ძევს:

ის, რასაც საბრძოლო ხელოვნებებში მოვარჯიშე ხალხი უწოდებს აიკის, ძირფესვიანად განსხვავდება იმისაგან, რასაც მე ვუწოდებ აიკის.

თუ აიკიდოს მიზანი მხოლოდ და მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ იყო ძლიერი და გაანადგურო მოწინააღმდეგე, ეს ო-სენსეის აიკიდო არ არის. მართალია, რომ უეშიბას აიკიდო საბრძოლო ხელოვნებაა, რომელიც საშუალებას გაძლევს გააუვნებელყო მოწინააღმდეგეები აიკის პრინციპის გამოყენებით. ეფექტიანობა ამ პრინციპის შესრულებაშია, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ ბრძოლის მეტად განსაკუთრებულ შემთხვევაში. აიკის პრინციპი არის წყარო იმისა, რაც არსებობს სამყაროში და ჩვენთვის კარგად ნაცნობი ბუნების კანონები სხვა არაფერია, თუ არა ამ პრინციპის შესრულება. არსებობს წითელი ძაფი, რომელიც ისეთ განსხვავებულ რაღაცეებს აერთიანებს, როგორებიცაა, ვთქვათ, ზღვის ზღარბი, აიკიდოს რომელიმე მოძრაობა და ნებისმიერი გალაქტიკა. აიკიდოს კეთება არ არის მხოლოდ აგრესორისთვის იდაყვის ან კეფის ჩამსხვრევა, ეს არის საბრძოლო პრაქტიკისაგან მოცემული მხარდაჭერის გამოყენება საიმისოდ, რომ შევისწავლოთ არსებული კანონები, რომლებიც ამ მზისქვეშეთს მართავს და, ამ შესწავლის შედეგად, უკეთ შევიცნოთ სამყარო, სადაც ჩვენ ვცხოვრობთ. ამ თვალსაზრისით, აიკიდო შეიძლება მივიჩნიოთ სასარგებლო ინსტრუმენტად სამყაროს შეცნობის საქმეში.

სხვა ივამელ მოწაფეებთან და აიკიდოს ისტორიულ ფიგურებთან ერთად, როგორებიც არიან პიერ შასანი და ჟორჟ რუსო, თქვენ დააარსეთ ასოციაცია TAI. რამ გიბიძგათ ამის შესაქმნელად და რას ფიქრობდა ამაზე საიტო სენსეი?

ყველაფერი დაიწყო ერთი რამის გაცნობირებით, რომ მას, რაც დღეს კეთდება აიკიდოს სახელით, გარეგნული და ფრიად ზედაპირული მსგავსების მეტი საერთო აღარაფერი არა აქვს იმასთან, რასაც ო-სენსეი აკეთებდა. ერთგვარი გამოსახულება დარჩა… ოპტიკური ილუზიაა. და ეს ილუზია ჩემთვის ერთადერთი თვალსაწიერი იყო ჩემი პრაქტიკის პირველი ათი წლის განმავლობაში. დიდი ძალისხმევა… ბევრი დრო… დიდი ენთუზიაზმი… სულ წყალში გადაიყარა. მოვალედ ვგრძნობდი თავს. როდესაც ადამიანი ბოლოს და ბოლოს თავს დააღწევს ჭაობს, რომელშიც ჩაფლული იყო, ბუნებრივად უჩნდება სურვილი, წარწერა ჩაარჭოს `ფრთხილად, მოძრავი ქვიშაა~. ამის თქმით მშვენივრად მესმოდა, რომ ამას ყურს არავინ დაუგდებდა. პლატონი ამბობდა, როცა გამოქვებულში ხარ და გარესამყარო არასდროს გინახავს, არ იცი, გამოქვაბულში რომ ხარო. ჰოდა როცა ვიღაც მოდის და გეუბნებათ – „თქვენ გამოქვაბულში ხართო“, არც გესმით რისი თქმა სურს მას თქვენთვის. იმისთვის, რომ გააზრებული გქონდეთ, რომ გამოქვაბულში ცხოვრობთ, ერთხელ მაინც უნდა იყოთ იქიდან გარეთ გამოსული. ესაა პრობლემა. მე ვამბობ, რომ იმაში მოვარჯიშეები, რასაც დღეს „თანამედროვე აიკიდოს“ ან კიდევ „სპორტულ აიკიდოს“ უწოდებენ, სწორედაც გამოქვაბულში სხედან. მაგრამ მათ ეს არ იციან. სიტყვები მათზე ვერ იმოქმედებს, რადგანაც ვერ წარმოუდგენიათ ის, რაზეც მე ვლაპარაკობ. მინდა მათ ვთხოვო, რომ ჩემს სიტყვებში არავითარი ქედმაღლობა არ დაინახონ. უბრალოდ, მე მათზე ადრე ვიჯექი გამოქვაბულში და ბედმა გამიღიმა, რომ იქიდან გამოსასვლელს მივაგენი. ივამელ უჩი დეშებს, რომლებიც TAI-ს ამ საქმეში გამომყვნენ, ვგონებ, იგივე სულიერი განწყობა ჰქონდათ, და ჩემსავით კარგად ჰქონდათ აწონ-დაწონილი, საიდან მოდიოდნენ. საიტო სენსეისთან შეხვედრამ რევოლუცია მოახდინა ჩვენს მსოფლმხედველობასა და აიკიდოს ჩვენეულ აღქმაში.

აიკიდოს პიონერების (იგულისხმება საფრანგეთში) განვლილი გზა, როგორებიც არიან პიერ შასანი და ჟორჟ რუსო, სხვაგვარია… მათი გამოცდილება კი უფრო ხანგრძლივი. მათ დააარსეს აიკიდოს დიდი ასოციაციები, რომლებიც დღესაც არსებობს მსოფლიოში: აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია, აიკიდოს ევროპული ფედერაცია, FFAB საფნგეთში და ACBA ბელგიაში. მათ აიკიდო 1950-იან წლებში დაიწყეს ტადაში აბესთან, რომელც ო-სენსეის ხელოვნების წმინდად საბრძოლო ასპექტს ასწავლიდა. როდესაც აიკიკაის 1960-იანი წლების თაობა მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში გაიფანტა, მან, ანუ ამ თაობამ, აიკიდო დააყენა იმ გზაზე, რომელიც არ იყო ო-სენსეისა და მისი მოწაფეებისა. აიკიდოს სწავლების ეს ტრანსფორმაცია მოხდა თანმიმდევრულად, უწყვეტად, არათვალშისაცემად, შეუმჩნევლად. სწორედ ამიტომაც პიერი და ჟორჟი თავისდა უნებურად მოექცნენ აიკიკაიდან წამოსული დინების ნაკადში, თუმცა არ ცნეს იმ აიკიდოს პრაქტიკის განზოგადება, რომელიც არ შეესაბამებოდა იმას, რაც მათ ადრე ჰქონდათ ნანახი და რაშიც ისინი თავის გემოზე ვერ იყვნენ, მაგრამ რაც მერე ძალით იქნა საყოველთაოდ თავს მოხვეული. TAI-ს დაარსებაში მონაწილეობის მიღებით მათთვის დრო დადგა და, მათივე წარსულისა და გამოცდილების გათვალისწინებით, საშუალება მიეცათ, ნათლად და მკაფიოდ გამოეცხადებინათ, რომ ისინი თავდებობას ვერ გაუწევდნენ აიკიდოს ამგვარ განვითარებას ბოლო ათწლეულების განმავლობაში როგორც იაპონიაში, ისე ევროპაში.

აც შეეხება საიტო სენსეის, მას მხოლოდ და მხოლოდ ძალიან ბუნდოვანი წარმოდგენა ჰქონდა, რა შეიძლებოდა ყოფილიყო ეს ასოციაცია. ძალაუფლების მისეული ხედვა უფრო დინასტიური ხასიათისა იყო. „ჩემ შემდგომ ჩემი ვაჟიო“ – მითხრა 1992 წელს, როდესაც ჩვენ TAI დავაარსეთ. ამიტომაც მას არასდროს მიუღია აქტიური მონაწილეობა არავითარ ასოციაციაში, არც TAI-ს არც ივამა რიუს და არც რომელიმე სხვა შემთხვევაში. მაგრამ, როდესაც 2000 წლის დეკემბერში ივამაში ავედი TAI-ს ცხრა სხვადასხვა ქვეყნის 25 წარმომადგენელ წევრთან ერთად, მათი დონის შემხედვარემ პირადად გამანდო თავისი კმაყოფილება შესრულებული სამუშაოსათვის. სწორედ ამის გამო მომანიჭა მაშინ მე-6 დანი.


TAI-ს ჯგუფის ნაწილი ვარჯიშის შემდეგ (ივამა, 2000 წელი)

როგორ ხედავთ TAI-ს მომავალს?

სულ თავიდან TAI მხოლოდ მასწავლებლებისთვის იყო გამიზნული. წლებთან ერთად მისი მოქმედების არეალი ყველა დონის მოვარჯიშისათვისაც გაფართოვდა. გამორიცხული არ არის, რომ მომავალში TAI თავის საწყის მოწოდებას დაუბრუნდეს, ფართო საზოგადოებას ოდნავ დაშორდეს და თავისი დღევანდელი საქმე სხვა რომელიმე ორგანიზაციას გადაულოცოს, ისეთს, რომელიც მასწავლებელთა მომზადებით არაა დაკავებული.

თქვენ ინტერნეტში უძღვებით ძალიან თავისუფალ რუბრიკას: www.aikidotakemusu.com ფიქრობთ, რომ ეს თანამედროვე მედია აიკიდოს პეიზაჟს შეცვლის?

ინტერნეტი შესანიშნავი იარაღია. მჯერა, რომ მაგით ბევრი სასარგებლო რამის გაკეთება შეიძლება აიკიდოს გადაცემის საქმეში. ტატამი აუცილებელია, ეს ყოველდღიური წირვასავითაა. აიკიდოში გასაკეთებელი საქმე სხეულზე გადის. მაგრამ შემდეგ ის გონებში გადადის. სხეული ინფორაციას აწვდის. სხეული სწავლობს. საკმარისად გამიგონია დამწყებებისაგან „გავიგე!“ და მერე რაღაც საშინელებას უკეთებენ აიკიდოს რომელიმე მოძრაობას, იმისათვის, რომ მივმხვდარიყავი, რომ ტვინი ვერ გებულობს მანამ, სანამ სხეული არ შეიგრძნობს. პრევერი ამბობდა: „le mental ment monumentalement“ (1). მაგრამ, როდესაც სხეული გაიგებს, ტვინს და გონებას თავისი როლი ეძლევა. ძალიან დახვეწილი დიალოგი არსებობს გონებასა და სხეულს შორის. აქ კი მივადექით შეკითხვას, რომელსაც ჩემს თავს ვუსვამ ხოლმე, თუ რამდენად ჯეროვანია ის ტრადიციული გაყოფა სხეულისა და სულისა, რომელიც დეკარტის შემდგომ არსებობს. აქედან ვასკვნი დღეისთვის, რომ გონება სხეულის განვითარების განსაკუთრებული მდგომარეობა შეიძლება იყოს. აიკიდოს მივყავართ ამგვარი აზრებისაკენ. აიკიდო-მეთქი, ვამბობ და არა ის ტანვარჯიში, რომელიც ძალიან ხშირად ამ სახლის უკან იმალება. ინტერნეტი სხეულის სივრცე არ არის, ეს არის სივრცე, სადაც თავისი ადგილი შეიძლება იპოვოს ფიქრმა და შეკითხვებმა, რომელთაც ეს ფიქრი შობს. ეს დიალოგის სივრცეა.

როგორ ხედავთ აიკიდოს მომავალს?

ათასი წლის შემდეგ აიკიდო ისევ იარსებებს, მაგრამ ტრანსფორმირებული იქნება იმით, რასაც დღეს ევოლუციას უწოდებენ და რასაც მე დეგენერაციით, გადაგვარებით მოვიხსენიებ. ამის შესახებ ერთ ჭეშმარიტებას გაგახსენებთ, რისი დავიწყებაც არა ხამს: სიტყვა ევოლუცია გულისხმობს როგორც დეკადენსს, ისე პროგრესს. 3000 წლის აიკიდოში შეუძლებელი იქნება ო-სენსეის მესიჯის პოვნა. პრეცედენტები არსებობს. ნახეთ, ზუსტად იგივე ხდება აქაც – როგორ გაქრა იესოს თავდაპირველი მესიჯი ქრისტიანული რელიგიის ერთიმეორის მიყოლებით დაგროვებული შრეების ქვეშ. თუმცა მაინც დარმუნებული ვარ, რომ თითოოროლა მონასტრის წიაღში კიდევ შესაძლებელია ამის გაგონება. არსებობს ადგილები, სადაც ტრადიცია შენარჩუნებულია მაშინაც კი, როცა გარშემო ყველაფერი იქცევა. იმედი მაქვს, ერთი ასეთი ადგილი აიკიდოსთვის მუდამ იარსებებს. თუ შევძლებ, რომ ხელი შევუწყო ასეთი ადგილის არსებობას, ჩავთვლი, რომ დრო ფუჭად არ დამიკარგავს.

გმადლობთ, ბატონო ვოარინო

მადლობა თქვენ.

(1) ჟაკ პრევერი – მეოცე საუკუნის ფრანგი პოეტი (1900-1977 წწ.). მის ამ ფრთოსან გამონათვამში ფრანგულ ენაზე გარითმული სიტყვებით თამაშია, არსი კი შემდეგია: „გონება მონუმენტურად ტყუის“.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/pilip-voarino-uchi-deshi-ivamashi
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)