ფედერალური ძონძ-საფარველი

ძალიან განსაკუთრებული შემთხვევის გარდა, კარდიდატი, რომელიც აიკიდოს ამა თუ იმ ხარისხს მიიღებს, წესისამებრ, შემდეგ საფეხურზე მყისიერად ვერ იქნება წარდგენილი.

აიკიდოს იაპონურმა ადმინისტრაციამ საჭიროდ ჩათვალა, რომ ყოველი საფეხურის შემდგომ ერთგვარი მინიმალური ვადა დაწესებულიყო მომდევნო საფეხურის მიღწევამდე. თითქოს სარი აზრი ძევს ამაში. ერთ მშვენიერ დღეს რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა მაგიდასთან და ამ ვადების სიგრძეები ოფიციალურად გადაწყვიტა:

  • ორი წელი მე-2 დანამდე,
  • სამი წელი მე-3 დანამდე,
  • ოთხი წელი მე-4 დანამდე,
  • ხუთი წელი მე-5 დანამდე,
  • ექვსი წელი მე-6 დანამდე,
  • შვიდი წელი მე-7 დანამდე
  • და რვა წელი მე-8 დანამდე.

არა მგონია, ვინმეს სადაოდ მოეჩვენოს ამ ზოგადი წესის სასარგებლოობა ხარისხთა ადმინისტრაციის ბიუროკრატიული თვალსაზრისით. მაგრამ აიკიკაის მიერ განხორციელებული ეს მკაცრად სწორხაზოვანი დანაწევრება (2-3-4-5-6-7-8 წელი) აჩვენებს, რომ აქ ლაპარაკია მხოლოდ და მხოლოდ მართვის ინსტრუმენტზე და ამ თვალსაზრისით ის ძალიან ნიშანდობლივი და უაღრესად მიახლოებითია.

ეს ინსტრუმენტი ვერასოდეს გაითვალისწინებს ინდივიდის წინსვლის რეალობასა და სინამდვილეს. ის ამისთვის არ მოუფიქრებიათ. ცოცხალი არსების ევოლუცია ასე სწორხაზოვნად არ ხდება. სამხედრო სახელმძღვანელოებში ნათქვანია, რომ ხის სარტყელი, რომელიც ზარბაზნის ლულას არტყია, გარკვეულ დროს ანდომებს გაციებას, ჰოდა აიკიდოში მოვარჯიშეც გარკვეულ დროს ანდომებს ერთი დონიდან მეორეზე ასვლას. მაგრამ ამ ვადების დასაზუსტებლად გამოყენებულ დოზიმეტრში ფრანგულ ჩამჩას თუ ვიცნოთ, ეს აიკიკაის გასაკიცხად არაა გამიზნული.

ზოგი კანდიდატი „ტიპიურ“ ვადაზე მეტ ხანს მოანდომებს მოსაპოვებელი ხარისხის (დანის) სიმწიფემდე მისასვლელად. და პირიქით, სულაც არაა შეუძლებელი, მაგალითად, რომ რომელიმე ბრწყინვალე მე-2 დანმა მე-3 დანის დონეს სამ წელიწადზე ნაკლებ დროში მიაღწიოს. თავისი ვადამდელი კომპეტენტურობის მიუხედავად იგი სხვებივით რეგლამენტით გათვალისწინებულ სამ წელიწადს მოიცდის.

და ერთგვარი ლოგიკა არის იმაში, რომ ამგვარად თითოეულმა დაიცვას თამაშის წესები. მაგრამ განა წარმოუდგენელია ამ წესების გამო რამე შეღავათი გაკეთდეს?

როდესაც მესმის ხოლმე, რომ ფედერალურ კანდიდატებს არ შეუძლიათ წარდგნენ მე-4 დანის გამოცდაზე მხოლოდ იმის გამო, რომ ამ ოთხწლიან ვადას ორი დღე აკლია, ვეკითხები ხოლმე საკუთარ თავს, რატომ არ იჩენს UFA სიბეჯითეს და რატომ არ ეს გამოთვლის ამ ვადებს წუთებში, რომ რომელიმე თაღლითს ოცდახუთი ან ოცდაათი წამი არ დააკლდეს.

მონტესკიეობა სულ არ არის საჭირო იმის გასაგებად, რომ შეიძლება განასხვავო კანონის არსი და მისი ბრმა სიზუსტით შესრულება. უკეთ გასააზრებლად აი, როგორ და რა ვადებში ჩააბარა გამოცდები მორიჰირო საიტომ ო-სენსეის:

  • 1946 : დაიწყო აიკიდო ივამაში
  • 1947 : მე-2 დანი (დაწყებიდან მხოლოდ ერთ წელიწადში და თან 1-ლი დანის ჩაუბარებლად)
  • 1949 : მე-3 დანი (მხოლოდ ორი წლის შემდეგ)
  • 1950 : მე-4 დანი (მხოლოდ ერთი წლის შემდეგ)
  • 1955 : მე-6 დანი (მხოლოდ ხუთი წლის შემდეგ და თან მე-5 დანის ჩაუბარებლად)
  • 1962 : მე-7 დანი (ერთადერთი ეტაპი, რომელზეც საიტო სენსეიმ „ვადები“ დაიცვა)
  • 1968 : მე-8 დანი (მხოლოდ ექვსი წლის შემდეგ)

თვალის ერთი გადავლებაც კმარა გამოსათვლელად, რომ მორიჰირო საიტოს მიერ 22 წელიწადში გავლილი გზა აიკიკაის კრიტერიუმების დაცვით მხოლოდ 35 წელიწადში იქნებოდა შესაძლებელი. არადა რამე ეჭვისმაგვარიც კი არაფერი მსმენია აიკიკაის მხრიდან საიტო სენსეის ტექნიკური ავტორიტეტის მიმართ.

ფედერალური ინსტანციების ასეთმა წვრილმანმა ფორმალიზმმა ჟიდის ფრაზა გამახსენა:

სადაც მუსიკა სურთ, იქ მჭევრმეტყველება და ტვინის ჭყლეტა ხვდებათო.

სადაც აიკიდო სურთ, იქ აწი ბუღალტრული არგუმენტები ხვდებათო. ჭეშმარიტება ის გახლავთ, რომ იოლი არ არის, ზუსტად და დარწმუნებით შეაფასო აიკიდოში მოვარჯიშის ტექნიკური ღირებულება. ზუსტად სად მდებარეობს მიჯნა ბრწყინვალე მე-3 დანსა და საშუალო მე-4-ს შორის?

როდესაც მორიჰირო საიტო ვითარდებოდა, იყო ვიღაც – და ეს ვიღაც შემთხვევით ო-სენსი იყო –, ვისაც შეეძლო თავისი ავტორიტეტით შეეფასებინა თავისი მოწაფის ტექნიკური დონე ნებისმიერ მომენტში. ამ პასუხისმგებლობის მთელი სიმძიმე ერთ კაცს აწვა მხრებზე, მაგრამ ამ კაცის ავტორიტეტი მისსავე ცოდნაზე იყო დამყარებული.

და აქვე ჩემს თავს ვეკითხები, ის გაცხოველებული სიბეჯითე, რომლითაც ფედერაციები ამოფარებულან ურყევი წესების უკან, სიღატაკის დაფარვის სურვილიდან ხომ არ მომდინარეობს-მეთქი. სიღატაკე, რომელიც ამ ორგანიზაციების წიაღში ამა თუ იმ მოვარჯიშის შესაფასებლად აუცილებელი ინდივიდუალური კომპეტენციის გაქრობას ახდიდა ფარდას იმ შემთხვევაში, თუკი აბსურდულობამდე შემზღუდველი ადმინისტრაციული კადრი გაუქმდებოდა, კადრი, რომელიც საგამოცდო ჟიურის მშვენიერ ყავარჯნად ადგება ხოლმე.

TAI-ს ყველა მოწაფემ იცის, რომ საშინელი განსაცდელის წინაშე აღმოჩნდება, თუკი გაბედავს და ეროვნულ გამოცდაზე ნახევრად FFAB-ის და ბახევრად FFAAA-სგან შემდგარი ჟიურის წინაშე წარდგება. ორი მიზეზით. -* პირველი ისაა, რომ საფრანგეთის ეროვნული გამოცდის ოფიციალურ კრიტერიუმებს ბევრი არაფერი აქვს საერთო ო-სენსეის აიკიდოსთან. -* მეორე კი ისაა, რომ ადმინისტრაციული სისტემა, რომელიც აიკიდოს ორ ორგანიზაციას უქმნის დანის მინიჭების მონოპოლიას, ამ უკანასკნელთ მსაჯულისა და მხარის სიტუაციაში აყენებს. როგორც კი ძალაუფლებისა და დომინანატური პოზიციის პირობები ერთ ხელში იყრის თავს, არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ ეს შემდგომ მსაჯულთა თვითნებობაში გამოვლინდება.

კარგა ხანია, დროა, სპორტის სამინისტრომ მგდომარეობა შეაჯამოს და შეაფასოს. უკვე ოცი წელია, სახელმწიფოს მედიატორები ერთმანეთის მონაცვლეობით ცდილობენ, ორი ფედერაციის წარმომადგენელთა შერიგებას, რომელთაც ერთ ჭერქვეშ ცხოვრება არ სურთ. ყველა ამ უშედეგო მცდელობამ მთლიანობაში ფრანგული აიკიდოს დისკრედიტაცია გამოიწვია.

FFAB და FFAAA პასუხისმგებელნი არიან ამ შედეგზე და ეს შედეგები მათ მიმართ პატივისცემას აქრობს და მათი ამ პასუხისმგებლობის საზღვრებს ნათლად წარმოაჩენს. UFA (Union des Fédérations d’Aikido - აიკიდოს ფედერაციათა კავშირი) მოჩვენებასავით ასოციაციაა. კარადიდან საფრთხობელასავით გამოიღებენ გამოცდებს მოჩვენებითი ლეგიტიმურობა რომ შესძინონ, მერე უკანვე დებენ შემდეგ ჯერამდე და ყველაფერი თავის ადგილს უბრუნდება. ვის უნდათ, რომ დააჯერონ, რომ ეს მაიმუნობა ფრანგული კანონის სულისკვეთებას გამოხატავს? თვალთმაქცობა, მასკარადია და ყველაზე უარესი რამ, რასაც მეტისმეტი ლმობიერებით თავდებობს ძალიან დიდი ხანია სპორტის სამინისტრო.

არ დადგა დრო, დასკვნები გამოვიტანოთ ამ ყოველჯერად მარცხთაგან? აიკიდოს გაერთიანებული დიდი ფრანგული ფედერაცია შეიძლება დაიბადოს, ოღონდ ერთი პირობით: რომ სკოლათა განსხვავებულობა აღიარებული და ანგარიშგაწეული უნდა იყოს. სურვილი, რომ ყველა ფორმა ერთ ყალიბში ჩაასხა, წინასწარვე მარცხისთვის განწირული წამოწყებაა ისეთი ქვეყნისთვის, რომელიც ყველის 365 სახეობას აწარმოებს.

თუკი სპორტის სამინისტროში ამ არგუმენტის მიმართ მგრძნობიარე და FFAB-სა და FFAAA -ს შორისდაუსრულებელი კამათებით დაღლილი ერთი პასუხისმგებელი პირი მაინც მოიძევება, და თუკი შემთხვევით ეს სტატია ხელში ჩაუვარდება, ვთხოვ, დამიკავშირდეს მე. არსებობს ხერხები საიმისოდ, რომ შეაჯერო სახელმწიფოს მოთხოვნები – როემლსაც, ტექსტებმა და განკარგულებებმა რომ იმუშაოს, ერთიანი ფედერაცია სჭირდება – აიკიდოს სხვადასხვა ჯგუფთა მოთხოვნები – რომლებიც თანახმანი იქნებიან ერთიან ეროვნულ სიაში ჩაეწერონ, თუკი შეუნარჩუნებენ სხვადასხვა სფეროებში ავტონომიურობას – და მოვარჯიშეთა ინტერესებს, რომელთან ყელში ამოუვიდათ ის ამბავი, რომ მათი ხელოვნება ფედერაციათა შავბნელ, უნაყოფო და უბოლოო უთანხმოებებში იხრწნება.

ფილიპ ვოარინო, 2007 წლის 24 ივნისი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/pederaluri-zonz-saparveli?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)