ფაუსტი #3 - სამი საწყისი („სან გენ“)

ფაუსტი #2-ში, აიკიდო გოეთეს ტექსტის გაგებაში დაგვეხმარა. მაგრამ თუ სამყაროში საგნები ურთიერთმოწესრიგებულადაა და თუ ყველაფრიდან ყველაფრისკენ არსებობს გასასვლელ-გადასასვლელი, განა დაუჯერებელია ის ამბავი, რომ თავის მხრივ გრძნეულის მონუსხვამ მოჰფინოს ნათელი აიკიდოს?

Aus Eins mach Zehn,
Und Zwei laß geh’n,
Und Drei mach gleich,
So bist Du reich.

ერთჯერ ათი,
და გაუშვი ორი,
და გააკეთე სამი მსგავსი,
ასე მდიდარი გახდები.

ფაუსტი #2“-ში ვნახეთ, თუ როგორ განსაზღვრავს მართლაც სამი პირველი მიმართულება ექვს მხარეს, რომელთაც აიკიდოში მოვარჯიშე იყენებს სივრცული განვითარებისთვის და როგორ მდიდრდება ამ სამი ღერძის გამოჩენისას - და მხოლოდ ამ მომენტში - კრეაციისა და ყველა იმ ილეთის სიმდიდრით, რომლებიც ამიერიდან მის განკარგულებაშია.

თუმცა სამი მიმართულებითი ღერძის ეს გამოჩენა უკვე მეორადი დინამიკაა სამებისა, რომელიც ერთგვარი პულსაციით ვითარდება. აიკიდოში მართლაც არსებობს სამებაზე უფრო ფუნდამენტური განზომილება, პირველადი არსი, სამმაგი საწყისი გული, რომელიც ყველაფერზე უფრო ძველია, გარდა საწყისის გონებისა, და რომლის მიმართაც ეს სამი მიმართულება შემდგომი გაფურჩქვნა-განვითარებაა. სწორედ აიკიდოს ამ გულს, რომელიც ერთი და ამავდროულად სამია, ეწოდება სან გენი: სამი საწყისი. სწორედ იგი – გამართულობისა და სიმარტივის სასწაული – არის ჩვენთან მაშინ, როცა ადამიანი, როგორც ო-სენსეი ამბობდა, „უბრალოდ ფეხზე დგას“.

უკვე აღვნიშნეთ, რომ „ბუდო“, ო-სენსეის მიერ დაწერილი ერთადერთი წიგნი, ჩვეულებრივი წიგნი არაა. ეს არის დოკუმენტი, რომლის ღრმა აზრიც დაფარული რჩება. საკითხავად საჭირო გასაღების გარეშე კაცი იქ ფუძემდებლის მიერ აიკიდოს რამდენიმე ილეთის საკმაოდ ბანალური წარმოდგენის მეტს ვერაფერს დაინახავს. და თუ ამ სტადიაზე გავჩერდებით, წიგნის „ტექნიკური“ ნაწილი მხოლოდ ისტორიული და საკმაოდ იმედგაცრუების მომტანი იქნება.

არადა ყველაფერი ხელის გულზეა, საკმარისია თვალები გავახილოთ. სან გენის წარმოშობა შესანიშნავადაა აღწერილი. ო-სენსეი მას გულდასმით და დაწვრილებითაც კი ხსნის საპატიო ადგილას, იქ, სადაც ეგების ამისი პოვნა: აიკიდოს მოძრაობებისადმი მიძღვნილი ნაწილის თავშივე, წიგნის ამ სექციის დასაწყისში.

აი აიკიდოს ტრიადა, ისე, როგორც ეს 39-დან 41-ე გვერდამდეა წარმოდგენილი „ბუდოს“ ინგლისურ თარგმანში (Kodansha International), საიდანაცაა ნათარგმნი ფრანგული ვერსია (შესაბამისად, გვ. 43-45):

1 – ჰანმი არის ერთაერთი საწყისი, ურომლისოდაც აიკიდოს მოძრაობა ვერ იარსებებს. ეს ტოტალური მოძრაობის უძრავი სიწყნარეა. ეს გულის გულია.

2 – გულის გულს ცირკულარული სუნთქვა, თავის თავის გარშემო ბრუნვა აამოძრავებს. აქ ჩნდება ირიმი, ჰანმიში კონცენტრირებული ენერგიის უეცარი ამოფეთქვა, როგორც ეს ო-სენსეის მიერ არჩეულ ამ ორ ფოტოზე ჩანს:

მნიშვნელოვანია, კარგად დავინახოთ, რომ ამ სტადიაში ტერფები არ არის გადაადგილებული სივრცეში, ისინი მხოლოდ ადგილზე ტრიალებს 180°-ით. ეს ბრუნვა სხეულს საშუალებას აძლევს გავიდეს შეტევის ხაზიდან, მაგრამ ისე, რომ ვერ ვიტყვით, ტორი ისევე გადაადგილდა, როგორც ამას ტერფების აწევისა და საწყისი პოზიციის დატოვების დროს გააკეთებდაო. შეიძლება ითქვას, რომ აქამდე ის „გაუნძრევლად გაინძრა“.

3 – საკუთრივ გადაადგილება კი საჭიროების შემთხვევაში მომდევნო ფაზაში იწყება, თუ ტორი გადაწყვეტს, რომ ირიმის ბრუნვა სივრცეში გადაადგილებით დაასრულოს ერთ-ერთი ტერფით (წინა ტერფი უკანასკენ ან უკანა წინისკენ), როგორც ეს შემდეგ ფოტოზეა ნაჩვენები:

ამ დროს სხეული იცვლის ადგილმდებარეობას სივრცეში, როგორც ბზრიალა, რომელიც თან გადაადგილდება და თან საკუთარი თავის გარშემო ბრუნავს. სივრცეში ამ გადაადგილებას შობს ერთ-ერთი ტერფის მობილობა, ამ მობილობას, თავის მხრივ, შობს ირიმის ბრუნვა, ირიმის ბრუნვას კი შესაძლებელს ხდის ჰანმის დგომი. და სწორედ ამ გადაადგილებას ეწოდება ტაი ნო ჰენკა.

თუ ამ სამ ეტაპს ყოველ მხარეს შევასრულებთ, სივრცის ყველა მიმართულებას მივიღებთ: ახლახანს აღწერილი პროცესი კი აიკიდოში შესაძლო მოძრაობებს სრულად აჯამებს. განძრევის სხვა ხერხი არ არსებობს... თითოეული ჩემი სიტყვა აწონილ-დაწონილია, აიკიდოში განძრევის სხვა ხერხი არ არსებობს... თუკი საღი აზრით გვინდა ვიმოქმედოთ.

ამიტომაც წარმოადგინა ო-სენსეიმ ეს სამი ეტაპი თავისი წიგნის დასაწყისში: რადგან ისინია - სამი ერთში - აიკიდოს ყველა მოძრაობის ერთადერთი სათავე. მაგრამ ზუსტად ასევეა ერთი სამში, რადგან ჰანმი არ ქრება მოძრაობასთან ერთად, ჰანმი რჩება... ყოველთვის. ჰანმი აიკიდოს უძლეველი გულია:

მაშასადამე ერთი ორშია, ისევე, როგორც სამში და სწორედ ამ გაგებით შეგვიძლია, სამართლიანად დავწეროთ შემდეგი ტოლობა: ერთი = ორს = სამს.

სწორედ ამ ფუნდამენტური მიზეზის გამო უნდა დაიწყოს აიკიდოს ყველა გაკვეთილი ტაი ნო ჰენკას კეთებით: იმიტომ, რომ ტაი ნო ჰენკა ერთდროულად არის ჰანმი, ირიმი და ტაი ნო ჰენკა.

ტაი ნო ჰენკა სამი საწყისის პრაქტიკაა, რომელსაც ჩვენ ყველანი ისე ვიმეორებთ ყოველ გაკვეთილზე წლების განმავლობაში, რომ არც კი გვესმის მისი ნამდვილი არსი. სან გენი თავიდანვე ხელის გულზე დევს... ო-სენსეიმ თავისი ერთადერთი ნაშრომის თავფურცელზე დაგვიდო, რომ ჩვენ უკეთ დაგვენახა, უკეთ გაგვეგო, ჩვენ კი ვერაფერი დავინეხეთ… სულ ვერაფერი. ჩვენი სიბეცითა და უმეცრებით ეს სასწაულებრივი სიზუსტე, ადამიანის სხეულის ეს უწმინდესი სამკაული, ეს სათავე ყველა სათავისა ბანალურ მოთელვა-გახურებად მივიჩნიეთ.

მთავარია, ეს გავიგოთ, დანარჩენი ყველაფერი ტექნიკაა.

როგორც კი ამ „საძირკველს“ ჩაყრის – რადგან სწორედ ესაა სათაური ამ მოკლე, მაგრამ უმნიშვნელოვანესი თავი II-სა – და ვიდრე „ტექნიკურ“ განმარტებებს შეუდგებოდეს, პუნქტების 1 - ჰანმი, 2 ირიმი, 3 - ტაი ნო ჰენკა შემდეგ ო-სენსეი მოკლედ ახსენებს ირიმი-ტენკანს (პუნქტი 4). რატომ ასე მოკლედ და ესოდენ მწირი განმარტებით?

ინგლისურ თარგმანში ნათქვამიც კია, ეს პუნქტი ილუსტრირებული არ არისო. მაგრამ ეს მართალი არ გახლავთ, ირიმი-ტენკანი შესანაიშნავადაა გამოსახული მე-40 გვერდის ფოტოებზე:

ზუსტადაც, ტენკანი სხვა არაფერია, თუ არა სხეულისა და ტერფების ახალი 180°-იანი ბრუნი, რომელიც პირველი ირიმის დასრულებისთანავე კეთდება. ეს უბრალოდ ირიმია, რომელიც საწყისი ირიმიდან 180°-ით სრულდება. ტენკანი იგივე ირიმია, ოღონდ მეორე, „ადგილზე“ გაკეთებული და რომელიც საწყის ჰანმიზე გვაბრუნებს.

მაშასადამე, ირიმი-ტენკანი სხვა არაფერია, თუ არა „ორმაგი“ ირიმი, ერთხელ ერთ და მეორედ მის საპირისპირო მხარეს. სწორედ ამიტომ ვხედავთ მასში დაბრუნების, დატრიალების (კაეში) ცნებებს, და სწორედ ამიტომ ჩნდება იგი პირველად, ილეთთა წარმოჩენის რიგში, კოტე „გაეშის“ ფორმით.

აი, რატომ აღარ განავრცობს გრძლად ო-სენსეი ტენკანს. ის არ მიიჩნევს იმის ხელმეორედ ილუსტრირების აუცილებლობას, რაც უკვე ილუსტრირებულია ირიმის შემთხვევაში, რადგან ირიმი და ტენკანი ერთი და იგივეა, რადგან ვერ ვიპალარაკებთ ტენკანზე, თუ არ ვილაპარაკებთ ირიმიზე, რადგან: ირიმი = ირიმი-ტენკანს.

Und Zwei laß geh’n,
Und Drei mach gleich,
So bist Du reich.

და გაუშვი ორი,
და გააკეთე სამი მსგავსი,
ასე გახდები შენ მდიდარი.

მოქმედების მოდალობა „შენ“-იდან, ანუ – ამიერიდან უკვე ვიცით – ერთიდან, არის სამება, ხოლო სამება აიკიდოში შემდეგი ფორმულით შეიძლება გამოისახოს:

ერთი = ჰამნის = ირიმის = ტაი ნო ჰენკას = [ ჰანმი + ირიმი + ტაი ნო ჰენკა) ]

ყველაფერი ითქვა, ის, რაც მისახვედრი დარჩა, სიტყვით ვერ გამოითქმის. და ახლა ყველაფერი შეიძლება დაიწყოს წინასწარ გათვალისწინებული გეგმის მიხედვით. ეს გეგმა იმისთვისაა, რომ შეიძლებოდეს, ყველაფერი მოხდეს და ზუსტად იგივეა, რაც აიკიდოს ფუძემდებელმა შეიმუშავა თავისი ერთადერთი წიგნის შესადგენად:

გრძნეულმა შეწვა შავ ბუხარში.
დე, აღტაცდნენ მისი ჯადოთი!

ფილიპ ვოარინო, ანტიბი, 2013 წლის 25 დეკემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/pausti-3-sami-sacqisi-san-gen
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)