პატივი საიტო სენსეის

ეს გახსენება გამოქვეყნდა ჟურნალის Aikido Journal N°2-ში, 2002 წლის თებერვალში. ფრანგული Aikido journal-ის საიტი

როდესაც საიტო სენსეიმ დასახმარებლად დაგვიძახა, მე და პატრისიას არასდროს არ გვქონდა წაქცეული ხე ჩვენი ხელის ღონით. ბებერი ალუბლის ხე რამდენიმე თვის მკვდარი იყო და ზეზეულად ხმებოდა. სამივე შეწყობილად მივაწექით. „კოკიუ ჰო“, ღიმილით გვითხრა საიტო სენსეიმ. რამდენიმეწუთიანი ძალისხმევის შემდეგ ხე ძირს გავაწვინეთ. ფესვები ივამას შავი და ფხვიერი მიწიდან ამოიგლიჯა.

2002 წლის 12 მაისის ღამეს და 13-ის გამთენიისას მორიჰირო პროტექტორმა და ტაძრის მცველმაც სამუდამოდ დატოვა ივამას ეს მიწა, რომელიც უყვარდა და უვლიდა ო-სენსეის სიცოცხლეშიც და მერეც, ამ დღემდე.

ამ ათი-თორმეტი წლის წინ, გარდაცვალებამდე სულ ცოტა ხნით ადრე დიდმა რინჯირო შირატამ პატივი მიაგო მორიჰირო საიტოს სტენლი პრანინისთვის (Aiki News-ის, Aikido Journal-ისა (აშშ) და Aikido journal-ის საიტის მთავარი რედაქტორი. მის კალამს ეკუთვნის მრავალი ნაშრომი თუ სტატია) მიცემულ ინტერვიუში, რომელიც შემდგომ წიგნში „აიკიდოს ოსტატები“ შევიდა. ამ სიტყვებს დღეს განსაკუთრებული რეზონანსი მიეცა:

კარგად რომ ჩაუფიქრდეს კაცი, ყველაზე დიდი სამსახური ო-სენსეის მორიჰირო საიტო სენსეიმ გაუწია. ქედს ვიხრი მის წინაშე. ო-სენსეის ემსახურებოდა ცოლის შერთვამდე. სასოფლო-სამეურნეო საქმეებში ეხმარებოდა. დაქორწინების მერე მისი ცოლი უეშიბა სენსეის ცოლს ემსახურებოდა. ფაქტობრივად, მთელი ოჯახი ემსახურებოდა ფუძემდებელს. ამ უკანასკნელმა მთელი გულწრფელობით ასწავლა და საიტო სენსეიმაც ასევე მიიღო ეს ცოდნა. ამიტომაც მიიღო მან მემკვიდრეობად მომცრო მიწა და ამიტომაც მიენდო მას დოჯოს დაცვა. მისნაირად არავის უვარჯიშია. მან მონაწილეობა მიიღო უეშიბა სენსეის მიერ განსაზღვრული აიკიდოს დასრულებაში.

ღმერთები უთუოდ მისი მადლიერნი იყვნენ აიკიდოს საქმის მიმართ გამოჩენილი ერთგულების გამო. არც უბრალოდ წაუყვანიათ აქედან. მისი გამგზავრებაც აღნიშნეს. უკანასკნელი მოსასვენებელიც შესთავაზეს, გამოსათხოვარი წვეულებაც, როგორც თავად ის აღნიშნავდა ხოლმე გულმხურვალედ თავისი უჩი დეშების გამგზავრებას.

1969 წლიდან ასობით იაპონელი და უცხოელი ოსტატი ადის ივამაში ყოველ გაზაფხულს, აპრილის თვის მიწურულს ო-სენსეის გარდაცვალების ხსოვნისათვის პატივის მისაგებად. საიტო სენსეი ყოველწლიურად დიდი რუდუნებით ამზადებდა ამ მოვლენას, რასაც მისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა.

კიდევ ერთხელ და უკანასკნელად მიიღო მონაწილეობა ტაძრის ამ მცველმა ამ ცერემონიაში… სრულიად პარალიზებულმა. მოწაფეები იძულებული გახდნენ, სკამზე მჯდარი ხელით ეტარებინათ. ჭამა, სულ ცოტა წითელი ღვინო მოსვა და თავისი უკანასკნელი აუდიტორიის წინაშე სამარისებურ სიჩუმეში წარმოთქვა სიტყვა. საათზე მეტ ხანს ილაპარაკა და მხოლოდ ხანდახან ჩერდებოდა მორფინის პომპის ასამუშავბლად.

უკანასკნელად შეახსენა ყველას კამაე და კოკიუ და დაჟინებით მოითხოვა აიკიდოს პრინციპების პატივისცემა.

ეს 33-ე შეკრება არ იყო მხოლოდ მორიჰეი უეშიბას გარდაცვალების აღსანიშნავი, იგი მორიჰირო საიტოს გამოსამშვიდობებელი წვეულებაც აღმოჩნდა. ო-სენსეი კეთილმოსურნე მზერით დასცქეროდა სიკვდილის კართან მიმდგარ თავის მოწაფეს, რომელსაც თავისი მისია უკვე შეესრულებინა.

ივამას კამიზა ახალმა ძალებმა გაამდიდრა. დღეს მხოლოდ ო-სენსეის სული არ დასტრიალებს ამ საკურთხეველს და იცავს ამ ადგილს. მორიჰეი საიტო ო-სენსეი მასთან ერთად დაჰყურებს ამ ყველაფერს.

დაე, კიდევ დიდხანს იარსებოს ამ დოჯომ და მიწის ამ ერთმა პატარა კუთხემ. რადგან სწორედ აქ ჩადის მიწაში აიკიდოს ფესვები. დაე, გაიფურჩქნოს და იქცეს მიწისა და ცის შემაერთებელ ხიდად, რაც ასე ძლიერ გვჭირდება ჩვენ.

ფილიპ ვოარინო, 2002 წლის თებერვალი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/pativi-saito-senseis?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)