ოსტატი ივამადან (საიტო სენსეის მოგზაურობა საფრანგეთში 1989 წელს)

ეს სტატია თავდაპირველად გამოქვეყნდა ჟურნალის - Karate Bushido N°160-ში - 1989 წლის ივლის / აგვისტო.

იმ წლის ოქტომბერში საიტო სენსეი, მე-8 დანი, საფრანგეთში ჩავიდა. ივამაში 20 წელზე მეტი ხნის განმავლობაში ის ო-სენსეი უეშიბას მარჯვენა ხელი იყო. ფილიპ ვოარინო, რომელიც იაპონიაში მისი მოწაფე იყო, საიტო სენსეიზე გველაპარაკება.

ათ წელზე მეტი ხნის მანძილზე ტამურა სენსეი ჩემი ერთადერთი მეგზური იყო აიკიდოში. მან აღმიძრა ამ ხელოვნების შესწავლის სურვილი, მან შემასწავლა ვარდნა. და მე თუ 1986 წელს ევროპა დავტოვე და იაპონიაში გავემგზავრე, ეს რაიმე ეჭვების გამო არ მომხდარა, უბრალოდ, აიკიდომ დიდი მნიშვნელობა შეიძინა ჩემს ცხოვრებაში და მომეჩვენა, რომ დადგა დრო, სხვების თვალით შემეფასებინა ჩემი ხელოვნება.

1989 წელს საიტო სენსეის ორლეანში (საფრანგეთი) მოგზაურობის ამსახველი საარქივო ვიდეო. რეპორტაჟი ამ ტურნეს ორგანიზების თაობაზე საიტო სენსეი ჩართვებით. ის მოკლედ წარმოგვიდგენს აიკიდოს იმ მდიდარ პროგრამას, რომლითაც ეს ხელოვნება ისწავლება ივამაში.

ივამას აღმოჩენა

ტამურა სენსეისთვის შეურაცხყოფის მისაყენებლად არ წავსულვარ ივამაში. ო-სენსეიმ საცხოვრებლად აირჩია ეს პატარა სოფელი და, როგორც თვითონ ამბობდა, „ღვთაებრივი ნებით“ მოხდა ესაო. იქ აიშენა სახლი, დოჯო, აიკიდოს ტაძარი, და იცხოვრა ოცდახუთი წელი ინტენსიური ვარჯიშითა და კვლევა-ძიებით. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე პატივისცემისა და მადლიერების ნიშნად ამ თავისი საყვარელი ადგილის დაცვა და ამაზე პასუხისმგებლობა იმ ერთადერთ მოწაფეს უანდერძა, რომელმაც ოც წელზე მეტი ხნის მანძილზე ყოველი დღე გაატარა მასთან ერთად _ მორიჰირო საიტოს. 1969 წლიდან საიტო სენსეი სათავეში ჩაუდგა ო-სენსეის სულით გაჟღენთილ, ისტორიითა და სიყვარულით გავსებულ ამ დოჯოს. ხანდახან ის იქ უჩი დეშებს (სიტყვასიტყვით შიდა მოწაფე, რომელიც ოსტატთან, დოჯოში ცხოვრობს) იღებდა უწინდელივით, რომლებიც ამოდიოდნენ, რომ ამ დიდ ფერმაში სოფლის ცხოვრებით ეცხოვრათ და რომლებსაც მათი შესრულებული სამუშაოს საფასურად და სამადლობელოდ აიკიდოს ასწავლიდნენ.

საფრანგეთში დაბრუნებიდან მალევე მონაწილეობა მივიღე ტამურა სენსეის სემინარში. და არ გავაზვიადებ, თუ ვიტყვი – შოკი იმხელა იყო, რომ ძალიან დიდი ხანი დამჭირდა იმის გასაგებად, თუ რა მოხდა. ამიერიდან ისე ვხედავდი ტამურა სენსეის განვითარებასა და მუშაობას, როგორც ამას წინა ათი წლის განმავლობაში ვერ ვახერხებდი. ის თავად, რა თქმა უნდა, არ შეცვლილიყო ძირფესვიანად, უბრალოდ იმას, რასაც მე ვხედავდი მის აიკიდოში, აღარაფერი ჰქონდა საერთო იმასთან, რასაც ადრე ვხედავდი მასში. თითქოს რაღაც ერთ წამში ამეხილა ყველაფერზე თვალი. არ იფიქროთ, რომ მე რაღაც ტრანსცენდენტურ წიაღსვლებში ვიკარგები, არა, მე უბრალოდ აიკიდოზე, უბრალოდ ტექნიკურ დონეზე ვლაპარაკობ. ტამურა სენსეი ასრულებდა შიჰო ნაგეს და მე ვეღარ ვხედავდი შიჰო ნაგეს, მე ვხედავდი შიჰო ნაგეს შესასრულებლად აუცილებელი ათი ელემენტარული ტექნიკური პუნქტის დაცვას. წინა ათი წლის მანძილზე შიჰო ნაგეს ერთიანი სრული სურათის მეტი არაფერი შემიმჩნევია, იმიტომ რომ ამ ილეთის შესასრულებლად აუცილებელი ეს ათი ელემენტი ჩემთვის უცნობი იყო. თუმცა ტამურა სენსეი სკრუპულოზურად ასრულებდა ამ ათივე პუნქტს.
მაშასადამე, ათი წლის განმავლობაში სრულიად მშვიდად და აუღელვებლად, აზრის და ეჭვის თავში გაუვლებლად ვუკეთებდი პაროდიას ხარისხიან აიკიდოს, რომელსაც მუდმივად წარმოაჩენდა ტამურა სენსეი.

ტექნიკური ბაზის ათვისება

მაშინ, წარსულზე რომ დავფიქრდი, მივხვდი, რატომაც მიჩნდებოდა კითხვები და ეჭვები ივამაში ჩემი ყოფნის დროს. საიტო სენსეისთან ჩასვლისას თამამად და თავმომწონედ ვასრულებდი ყველა ილეთს. მაგრამ თვეები რომ გავიდა, მივხვდი, რომ ეს მხოლოდ ლამაზი სანახაობა იყო და მეტი არაფერი. ჩემი აიკიდო შიგნიდან ცარიელი და გარედან აბსკივით გაბერილი იყო. მე არ მქონდა არავითარი ტექნიკური ბაზა, ვაკეთებდი თითქმის ყველაფერს, ოღონდ ისე, რომ ზუსტი წარმოდგენა არ მქონდა კიჰონზე, რაც თავისთავად სავსებით კონკრეტული ცნებაა. საიტო სენსეისგან ვისწავლე ის, რაც ათასჯერ მაინც მქონდა ნანახი ტამურა სენსეისთან, და ეს ჩემი დანახვის უნარის სისუსტეს აჩვენებდა: თუკი ყველა ილეთის ათი შესაძლო ვარიაცია მაინც არსებობს, თითოეულისთვის დამახასიათებელი უცვლელი ბირთვიც არსებობს და კიჰონის გამეორება მიზნად ამ ფუნდამენტური ტექნიკური ბირთვის ათვისებას ისახავს, რომლის გარეშეც აიკიდო უფესვებო ხეს დაემსგავსებოდა.

მაშინ ასეთი შეკითხვა გამიჩნდა: რატომ და როგორ ამათვისებინა წელიწადზე ნაკლებ ვადაში საიტო სენსეიმ ეს ტექნიკური ბაზა, მაშინ როცა ტამურა სენსეისთან გატარებულმა ათმა წელიწადმა ვერც კი დამანახა, რომ ეს ტექნიკური ბაზა საერთოდ არსებობდა?
პასუხი საინტერესოა. მინდა, რომ სწორად გამიგონ – მე სულ არ ვაპირებ ამით შევუტიო ტამურა სენსეის, ვის მიმართაც დიდ პატივისცემასა და მოწიწებას გამოვხატავ. პირიქითაც კი, უბრალოდ სწორად წაკითხვაა საჭირო. საიტო სენსეისა და ტამურა სენსეის შორის განსხვავება პედაგოგიურ არჩევანშია. ტამურა სენსეი ძალიან მაღალ დონეზე ასწავლის. ის ყოველთვის ისეთ აიკიდოს აჩვენებს, როგორიც უნდა იყოს აიკიდო, მუდმივ მოძრაობაში, კი ნო ნაგარეში და ამბობს, „ჰაერში დაიჭირეთ ჩემი ტექნიკაო“. რაც ნიშნავს – ჩემი სამუშაოს დინამიკურობისგან გამოწვეული სირთულის მიუხედავად მოახერხეთ და იპოვეთ ტექნიკური ბაზა, რაც ერთ მშვენიერ დღეს საშუალებას მოგცემთ თქვენც უშეცდომოდ იმოძრაოთ. და ტამურა სენსეის მოწაფეების დიდი მობილობა, რომელსაც ისინი ვარჯიშის დასაწყისიდანვე იძენენ, მისი სწავლებისთვის დამახასიათებელი ნიშანია.
თუმცა დასაწყისში ისინი დიდი სიზუსტით ვერ მოძრაობენ, თავიდანვე რასაკვირველია ცუდად ასრულებენ ყველაფერს კი ნო ნაგარეში, მაგრამ მრავალჯერადი გამეორებით დამწყები მოწაფე თანდათანობით აღმოაჩენს იმ საფუძვლებს, რომლებიც მას აკლია. მე ეჭვი არ მეპარება, რომ ეს შესაძლებელია. ტამურა სენსეიც ამბობს „ათასში ერთი, ათი ათასში კი ორიო“... ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს.

საიტო სენსეიმ სრულიად საწინააღმდეგო პედაგოგიური არჩევანი გააკეთა. ის ფიქრობს, რომ საბაზო ტექნიკის შესწავლა შეუძლებელია, თუკი დინამიკურ მუშაობაზე მეტისმეტად ადრე გაკეთდება აქცენტი. ბავშვი ნელა სწავლობს ასოებს თავის ანბანში, მერე ამათ სიტყვებში მოუყრის თავს, რაც შემდეგ წინადადებების აწყობის საშუალებას მისცემს, რაც, თავის მხრივ, ერთ მშვენიერ დღეს მას პოეტივით თავისუფლებას მიანიჭებს. როგორ ექნება აიკიდოკას ფრაზების აწყობის, ანუ ცოტა რეალურად მოძრაობის იმედი, თუ ამ თავისი დისციპლინის ფუნდამენტური ელემენტები არ ეცოდინება? საიტო სენსეი ამ თავისუფლებას მესამე დანის დონეზე აყენებდა. და განვითარების ამ ეტაპამდე აიკიდოკამ თავისი ყურადღების უმთავრესი ნაწილი თითქმის მხოლოდ და მხოლოდ კიჰონს უნდა დაუთმოს. მხოლოდ თანდათანობით განავითარებს დინამიკურ, უფრო რეალურ, უფრო პიროვნულ მუშაობას, ოღონდ ეს მუშაობა მყარ ფუძეზე უნდა იდგეს.


საიტო სენსეი და მისი ვაჟი, ჰიტოჰირო.

დამატებითი მეთოდები?

თავდაპირველად, ბაზის ძიებისთვის ხელშემწყობი სწავლის პირობები კი მხოლოდ და მხოლოდ სტატიკური ტიპის ვარჯიშშია თავმოყრილი, რასაც აიკიდოში კო ტაის ან კო ნო კეიკოს უწოდებენ. რადგანაც თუ ადამიანს არ შეუძლია შეასრულოს ტაი ნო ჰენკა (ურა მოძრაობების საფუძველი) პარტნიორთან, რომელსაც იგი მთელი ძალით უჭირავს, ილუზია იქნებოდა, გვეფიქრა, რომ ეს შესაძლებელია მოძრაობაში, იმიტომ რომ ჩავლებამდე ვამოძრავებთ ხელს. ოცდაათი წელი შეიძლება ივარჯიშო ასე და ვერ აღმოაჩინო ტაი ნო ჰენკას საბაზო ტექნიკა. აი ასე ედარება ერთმანეთს იანუსის ორი სახესავით სწავლების ეს ორი კონცეფცია და თითოეულ მათგანს თავისი საშიშროება აქვს.

საიტო სენსეის მეთოდში ის საფრთხე ძევს, რომ შეიძლება ადამიანს დაავიწყდეს სტატიკური მუშაობის ხელოვნურობა და საჭიროზე მეტ ხანს გააგრძელოს შრომა საბაზო ტექნიკის შესაძენად. ეს ხანდახან ზოგიერთ მის მოწაფეს ერთგვარ „სწორხაზოვნებას“ ანიჭებს, სადაც სიცოცხლის დინამიკურობის ცნება ჯერჯერობით არა ჩანს.
ტამურა სენსეის სწავლების საფრთხე პირიქითაა. იგი მდგომარეობს იმ სიიოლეში, რომელშიც შეიძლება ჩავარდეს მოწაფე რეალურობას მოკლებული მრავაჯერადი დინამიკური ვარჯიშისაგან, სადაც საბაზო ტექნიკის პერმანენტული კონტროლის არარსებობა მომდინარეობს იქიდან, რომ შეუძლებელია ოსტატის კი ნო ნაგარეში შესრულებული დემონსტრაციიდან ამ საბაზო ტექნიკას „ჩაავლო“.
მაშ რა ავირჩიოთ? ნუთუ ყოველთვის საჭიროა რომელიმე ბანაკი, რომ იქ დროშა ჩაარჭო? თუ ასეა, მაშინ ჩემი ბანაკი აიკიდოა. ტამურა სენსეისა და საიტო სენსეის დაპირისპირება სიბეცის გამოვლინება იქნებოდა. განა ტაო – და აქვე უნდა დავძინო, რომ აიკიდოც – არ გვასწავლის, რომ საპირისპირო მხარეები სინამდვილეში ერთია? ვინ თქვა, რომ გამოსუნთქვა სჯობს? ან ვინ თქვა, რომ ჩასუნთქვა უკეთესია? სუნთქვა ორი საპირისპირო რამის ერთიანობაა, კოკიუ კი ერთი სიტყვაა. საიტო სენსეი თავისი პედაგოგიური არჩევანით ინია – მას ხელოვნების ფესვები აინტერესებს. ტამურა სენსეი კი თავისი პედაგოგიური არჩევანით იანია – ის აიკიდოს წარმოაჩენს, როგორც აყვავებულ ხეს. ორივენი ერთად კი სწავლების კონკრეტულ პლანში აიკიდოს აერთიანებენ. ისინი ერთმანეთს ავსებენ და პედაგოგიური სიმდიდრის წყაროს წარმოადგენენ და მათსავით ცოტა ვინმე თუ ცდილობს ერთგულად და დაუმახინჯებლად გადასცენ მომავალს ო-სენსეის დანატოვარი.

სწორედ ამაში დარწმუნებულმა და ტამურა სენსეის თანხმობით დავპატიჟე საიტო სენსეი საფრანგეთში დიდი ტურნეს ჩასატარებლად 1989 წლის ოქტომბრის მიწურულს.

ფილიპ ვოარინო, 1989 წლის ივლისი

Café de Paris-ის საგანგებო გადაცემა აიკიდოს შესახებ არხზე TMC 1989 წელს. ინტერვიუსთან ერთად საფრანგეთში საიტო სენსეის მოგზაურობის ამსახველი ნაწყვეტებიცაა.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ostati-ivamadan-saito-senseis-mogzauroba-saprangetshi-1989-cels?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)