ობოლი მზე

რა არის აიკი? აიკი არის ხე, რომლის ფესვები ციდან იკვებება და რომლის ტოტებიც ნიადაგს ანოყივრებს, ესაა სამყაროს ღერძი, ცის ხიდი, საიდანაც იშვა მზე, აიკიდო და კიდევ სხვა უთვალავი რამ. ასეთ ხეს ვერ უზამ იმას, რაც მოგეპრიანება, პატივისცემითა და მოკრძალებით უნდა დავტოვოთ იქ, სადაც მისი ადგილია, ვეცადოთ ჩავწვდეთ მის ჩუმ, უხმო მესიჯს. ადამიანები მეტი ყურადღებით უნდა მოეკიდონ ხეების ენას.

შენ შენი დიდრონი ფეხები ჩემი ფანჯრების წინ ჩარგე, რამდენიმე საუკუნით ადრე, ვიდრე ჩემი ქვის სახლი თავისთავად ამოიზრდებოდა მიწიდან, თითქოს იმისათვის, რომ კარგა ხნით ადრე მოემზადებინა თავისი ვეებერთელა ბორჯღი. რა ენერგია, რა მოთმინება დასჭირდა საიმისოდ, რომ ცად აეტყორცნა ეს მონუმენტალური შტამბი, რომელმაც ტოტების ფოიერვერკად იფეთქა და საიდანაც თითოეული ტოტი ნამდვილი ხის ზომისა შეიქნა. ეს გახლდათ პირველი აღფრთოვანება ჩემი ახალგაზრდული წლებისა, დიდი ხნით ადრე, ვიდრე ამ შეუზღუდავი ხვავრიელობის სილამაზის შეცნობას შევძლებდი და შევიგრძნობდი იმ მოწიწებას შევიგრძნობდი, რომელსაც წყნარი და ღირსეული ძლიერება აღუძრავს და შთააგონებს ადამიანს. მთელი იმ დროის განმავლობაში, რომელიც სკოლაში გავატარე, ვფიქრობ, შენზე უკეთესი მასწავლებელი არასდროს მყოლია. შენ შემასწავლე ყველაზე უკეთ - სიტყვების ნაცვლად შენი ყლერტები ირხეოდა ქარში - მადლიერება, რომელიც გულის სიღრმეში უნდა შეიგრძნოს ადამიანმა ცხოვრებაში მიღებული არაჩვეულებრივი რაღაცეების გამო.

რა თქმა უნდა, შენი ახალგაზრდობისდროინდელი პეიზაჟიდან ბევრი აღარაფერი დარჩენილიყო, სივრცე კი შენ გარშემო შაგრენის ტყავივით შევიწროებულიყო. შენ კი არ იყავი უადგილო ადგილას, არამედ პრეტენზიული შენობები წამოიმართა გარშემო, რომლებმაც, მიუხედაბად ყველაფრისა, მაინც გაასწრეს სიმაღლეში შენს დიდებულ ტოტებს. ამპარტავანი ბეტონის მკვიდრთ ერთ დღესაც გადაწყვიტეს, რომ შენ მათ მზეს უბნელენდი, შენ, ვინც ადამიანთა ოც მადლიერ თაობას საკუთარ ჩრდილში იფარებდი.

იპოვეს გამკეთებელი ადამიანი ამ თავხედი ტოტების შემოსასხეპად და ლიბანის კედარი ისე გასხლეს, როგორც ბუჩქებს კრეჭენ ხოლმე. რასაკვირველია, არსებობს ბევრად უფრო საშინელი და შემზარავი დანაშაულებიც, მაგრამ განა არსებობს რამე ამაზე უფრო სულელური და ნაკლებად ესთეტიკური?

მაშინ, დიდო კედარო, შენ გოლიათისთვის ერთადერთი ღირსეული რამ გააკეთე, გოლიათისთვის, რომელსაც უღელისა და სიკვდილის გარდა სხვა არჩევანი არ დაუტოვეს: რამდენიმე თვის შემდეგ შენი მარადმწვანე ბორჯღი ნახევარი ათასწლეულის მანძილზე პირველად გაყვითლდა და შენ ისე მოკვდი, როგორც იცოცხლე: ზეზეულად. ამის შემდეგ სამი დღე დასჭირდა იმას, რომ ოთხ კაცს დასაქოქი ხერხებით დაეხერხათ შენი დიდებული სხეული და მერე რამდენიმე სატვირთო მანქაში ჩაეყარათ. შენი სიკვდილით კიდევ ერთი და უკანასკნელი გაკვეთილიც მომეცი: ადამიანი არ ცხოვრობს იმის ფასად, რასაც ზოგჯერ სისულელე, უმეცრება და უგემოვნობა მოითხოვს მისგან. მე არასდროს დამავიწყდება ეს გაკვეთილი ისე, როგორც ბავშვობაში მავიწყდებოდა ხოლმე მიღებული გაკვეთილები.

როდესაც ფანჯრებს ვაღებ, უზარმაზარი სიცარიელე მხვდება შენს ადგილას. მაგრამ თუკი დავხუჭავ თვალებს, ისევ შემიძლია შენი დანახვა და გეუბნები ისევ ჩემივე თავის დასამშვიდებლად, გარიჟრაჟზე ობოლი მზისა, რომელიც აღარ ასხივოსნებს შენს ურიცხ ნემსებს, რომ ერთი კარგი რამაა სიკვდილში - ის ერთბაშად გვათავისუფლებს, როგორც ჭუჭყს და ნაგავს ჩამოვიბერტამთ ხოლმე, ყველა იმ ყეყეჩისაგან, რომელიც დედამიწის ზედაპირზე მკვიდრობს და რომელთა მოშორებაც ჩვენი მზისაგან ბევრად უკეთესი იქნებოდა, ვიდრე შენი მოშორება.

ფილიპ ვოარინო, კასანო, 2017 წლის 27 აპრილი.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 2 ივნისი, 2017, BTAF National Course, Fakenham, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/oboli-mze
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)