ო-სენსეის გადაადგილება #10

ექვსი გარე მიმართულება

ბოლო 3 გარე მიმართულებას იწყებს უკანა ტერფი

გარე მიმართულება n°6

გარე მიმართულება n°6-ში აიტე, მოწინააღმდეგე, მოდის წინიდან:

გარე მიმართულება n°6 ო-სენსეის შემდეგი ფოტოთია ილუსტრირებული:

პატივს მივაგებ იმ უცნობ ფოტოგრაფს, რომელმაც ეს შესანიშნავი მომენტი დააფიქსირა და ბედის
მადლიერი ვარ, რომ ამ სურათმა ჩვენამდე მოაღწია, მიუხედავად იმ აშკარად რთული პირობებისა, რომლებიც ამ ფოტოსურათს ხვდა წილად.

გარე მიმართულება n°6 ტორისაგან მხოლოდ მისი უკანა ფეხისათვის მისადგომად ყველაზე დაშორებულ სექტორში გადაადგილებას მოითხოვს და ესაა ზემოთ ნაჩვენები სექტორი II:

ეს მე-6 გარე მიმართულება შიდა მე-6 მიმართულების სრულიად სიმეტრიულია (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #4): თუკი შიდა მე-6 მოითხოვს სხეულის წინა მხარის გაღებას (ჰიტო ე მით), რათა უკანა მხარემ 270°-იან სექტორს შიგნიდან მიაღწიოს, გარე მე-6 პირიქით, სხეულის წინა მხარის დახურვას მოითხოვს (ჰიტო ე მის უსახელო ოპოზიტით), რათა უკანა მხარემ 270°-იან სექტორს გარედან მიაღწიოს.

ინისა და იანის საოცარი წონასწორობაა. ამ ყველაფერს 12 მიმართულების ორ-ორი შესაბამისობის კვალზე გავყავართ, თუმცა პერსპექტივებით მდიდარი ეს პუნქტი ცოტა უფრო გვიანი დროისათვის გადავდოთ.

ეს უკანასკნელი მიმართულება ჰანმის დგომიდან 12 შესაძლო (6 შიდა + 6 გარე) გადაადგილების სერიას ხურავს, რაც აიკიდოსთვისაა დამახასიათებელი და რაც ო-სენსეისეული გადაადგილების ამ კვლევაშია გაანალიზებული.

მჯერა იმ განსაკუთრებულად გამახვილებული ყურადღების შედეგისა, რომელიც მკითხველებს ამ ბოლო ათი ტექნიკური რვეულის კითხვისათვის ვთხოვე. აქ ახსნილიდან არაფერია ადვილი და კარგად მესმის, რომ ერთი შეხედვით ეს ყველაფერი შეიძლება ჩინურ თავსატეხს მოგვაგონებდეს (და ჩვენ ვნახავთ, რომ ეს მინიშნება ჩინეთზე უბრალოდ მოტანილი სიტყვის მასალა არ გახლავთ).

არადა ჩემი სიამოვნებისთვის არ გამირთულებია არაფერი. აიკიდოს გადაადგილების სისტემა ემორჩილება კანონებს, რომლებიც შესწავლილ უნდა იქნეს, თუკი გვინდა აიკიდოს კეთება, ისევე, როგორც ადამიანმა უნდა შეისწავლოს მუსიკის ან ფიზიკის კანონები, თუკი მას მუსიკოსობა ან ფიზიკოსობა სურს.

თავს უფლებას მივცემ, უგულებელვყო ის საყვედურები, რომლებიც ბუნებრივად წოდებული რაღაცეების ერთი შეხედვით ზედმეტი თეორიზების გამო შეიძლება გამოითქვას.

მართლაც, გავრცელებულია აზრი, თითქოსდა ყველას შეეძლოს აიკიდოს ზუსტი მოძრაობის სპონტანურად და თავისუფლად აღმოჩენა იმ მიზეზით, რომ აიკიდო უნივერსალურია, და ამიტომაც თითქოსდა იმდენნაირი ხერხი არსებობდეს აიკიდოს კეთებისა, რამდენი ინდივიდიცაა.

სინამდვილეში ეს აზრი უცოდინარობა და სიზარმაცეა, რომლებიც, ხელიხელჩაჭიდებულნი, სინდის-ნამუსს ერთობლივად ამშვიდებენ და ადამიანს ილუზიებით კვებავენ.

ყველაფერი პირიქითაა: მკაფიო კანონების დაუცველად არაფერი მუშაობს. ვერ გაუშვებ თანამგზავრს დედამიწის გარშემო, თუ მიზიდულობის კანონებს არ მიიღებ მხედველობაში. კანონები კი ადამიანის არჩევანსა და გემოვნებაზე არაა დამოკიდებული: ისინი არსებობს. ადამიანს არ ძალუძს, უგულებელყოს ან გადააკეთოს ისინი, მას შეუძლია მხოლოდ დაემორჩილოს მათ, ზუსტად ისევე, როგორც ემორჩილება იგი სუნთქვისას, სმისას, ჭამისას, თუკი უნდა, რომ იცოცხლოს.

აქ თვალსაჩინოდ ქცეული ო-სენსეის გადაადგილების კანონები არაა საკამათო, რადგან ეს კანონები მათემატიკური ხასიათისაა და მათი ჩვენება და გადამოწმება სახაზავით, ფარგლითა და ტრანსპორტირით შეუძლია, ვისაც უნდა. ისინი ერთი ადამიანის შეხედულებას არ ასახავენ. ჯერ უნდა შეიცნო ისინი და მერე მათ არსს ჩასწვდე. მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება მათით ტკბობა.

მაგრამ მათი ეჭვქვეშ დაყენება, მათზე კამათი – თანაც უბრალოდ, მათ ნახვამდეც კი – იგივეა, რომ თავი შემოქმედის რანგში ჩაიყენო, ან შესაქმის, ანდა კიდევ, ჩინელების თქმისა არ იყოს, ციური ღვთაების. ეგოს სასაცილო გამოვლინება იქნებოდა ეს და მეტი არაფერი.

ისიც მართალია, რომ ამ კანონების შეცნობა და ტატამზე მათი აღსრულების მცდელობა თითოეულ მოვარჯიშეს ახალ ო-სენსეიდ ვერ აქცევს. რადგან აიკიდოს ფუძემდებელი ამ გადაადგილებათა ცონდის მიღმა, ამავდროულად ცოტა უფრო მეტს რასმე ფლობდა, რაზე კამათიც აქ სრულიად უსარგებლო იქნებოდა.

ამასთან, თუკი გადაადგილების ამ კანონების ცოდნა ოსტატი უეშიბას გმირობათა მიღწევის გარანტიას ვერ იძლევა, სამაგიეროდ დადგენილია, რომ მათი არცოდნა გარდაუვლად ხურავს აიკიდოსთან მისასვლელ ყველა კარს. ჰანმის დგომიდან 12 შესაძლო ირიმი მართლაც საფუძველია, რომელსაც ამ ხელოვნების სასწაულებრივი კონსტრუქციაა ეფუძნება.

ექვსი შიდა და ექვსი გარე მიმართულებების უცოდნელად ერთადერთი გზა რჩება საიმისოდ, რომ ყველაფრისდა მიუხედავად მაინც აკეთოს კაცმა აიკიდო, და დიდი გულისტკივილით მიწევს ამის თქმა, რომ სწორედ ეს გზა არჩია – თავისდა უნებურად – ო-სენსეის მემკვიდრეთა სრულმა უმრავლესობამ: ესაა პაროდია.

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ო-სენსეის უმნიშვნელოვანეს ტექსტს, რომელიც აიკიდოს ამ 12 ირიმისკენ წამიძღვა მე, რადგან არასდროს არ არის ზედმეტი კიდევ ერთხელ იმის გონებაში ჩაბეჭდვა, რაც აქ წერია:

  1. „…გახსენით ტერფები ექვსი მიმართულებით და პირისპირ დაუდექით მოწინააღმდეგეს აიკის ირიმი ჰანმის დგომში.“
  2. „რაც შეეხება გადაადგილებას, არსებობს ექვსი გარე (სოტო როპო) და ექვსი შიდა მიმართულება (უჩი როპო), ასევე ერთი გარე სპირალი (სოტო ტომოე) და ერთიც შიდა სპირალი (უჩი ტომოე).“
  3. „ყოველი მოძრაობის ბოლოს ყოველთვის გახსენით ტერფები ექვსი მიმართულებით (როპო), აუცილებელია ასე ვარჯიში.“

1938 წელს, „ბუდოში“ ო-სენსეის ხელით დაწერილ ამ ტექსტს ცუდად მოეპყრნენ ინგლისურად და ფრანგულად მთარგმნელები, რომელთაც ისე დაამახინჯეს ის, რომ გაუგებრად აქციეს. უფრო მძიმე კი ისაა, რომ ზოგიერთი მონაკვეთი უბრალოდ გამორჩათ მთარგმნელებს (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #1).

იაპონური დედანი ტექსტის ამ რამდენიმე პწკარის გარეშე კი უთუოდ ვერასდროს ავაღწევდი ო-სენსეისეულ ავთენტურ გადაადგილებამდე. წითელ ძაფს ვქაჩავდი, რომლის მთელ სიგრძეზეც ეს 12 მიმართულება იყო გამობმული. აღფრთოვანებიდან აღფრთოვანემაბმდე ამ სიარულისას გრძნობა, რომელიც თანდათან მეუფლებოდა, ნამდვილად ჯადოსნურ თევზაობას ჰგავდა.

მორიჰეი უეშიბას მიერ დატოვებული, გამგების საყურადღებოდ განკუთვნილი ეს პწკარები, ბევრად უფრო მეტ ინფორმაციას გვაწვდის აიკიდოს შესახებ, ვიდრე ერთად აღებული ყველა ტექნიკური სახელმძღვანელო.

ხელახლა ვსვამ შეკითხვას, რომელიც ჯონ სტივენსს („ბუდოს“ ინგლისურად მთარგმნელს) დავუსვი ამ ექვსი შიდა და ექვსი გარე მიმართულების გამოკვლევის დასაწყისში (შდრ. ო-სენსეის გადაადგილება #1), რადგან დღემდე არ მიმიღია პასუხი:

„რატომ არ ითარგმნა ო-სენსეის სიტყვების ნაწილი, ხოლო რაც ითარგმნა, რატომაა ის ნაწილი ისე დიდად დაშორებით დედნის არსიდან, რომ მისი ყოველგვარი გაგება შეუძლებელი ხდება?“

მეჩვენება, რომ ეს საკითხი უკვე სერიოზული გამოკვლევის საგანი უნდა გახდეს და ევფემიზმი იქნებოდა იმის თქმა, რომ ამით აიკიდოს ისტორიის მხოლოდ უმნიშვნელო პუნქტი წამოიჭრება. ეს ასობით ათას მოვარჯიშეს შეეხება მთელ მსოფლიოში, რომელთაც ალბათ სურთ, შეიტყონ, თუ რატომ გადაუკეტეს ამით ფუძემდებლის აიკიდოს გაგებისკენ მიმავალი ყველა გზა.

გასაღები დაიკარგა. მე ვერ ვხედავ აიკიდოს სამყაროში ვერავის, ვინც ამ თორმეტ მიმართულებას ასწავლიდეს. ნეტა იაპონიაში თუ რჩება ვინმე, ვინც ამ ცოდნას ფლობს? შთაბეჭდილება მექმნება, რომ ო-სენსეის სწავლების უწინარესი და უარსებითესი სახე მიჩქმალულ-მიჩუმათებული იქნა. რატომ? ყოველ შემთხვევაში, მე არა მგონია, რომ ეს ლეგიტიმური იყოს. და არა მგონია, რომ ეს კარგი იყოს.

ფილიპ ვოარინო
2014 წლის 21 ივნისი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/o-senseis-gadaadgileba-10?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)