მშვიდობით, „ბეწვის ხიდზე მავალო“

„ბეწვის ხიდზე მავალი“… ეს შეგარქვა ოჯახის ექიმმა კანტალის ერთ პატარა სოფელში, სადაც დაიბადე, იმიტომ რომ ბავშვობაში არაერთხელ შეგიწუხებია ის. ზუსტადაც განსაზღვრა, სიკვდილს დაბადებიდან, 1919 წლიდან ეთამაშებოდი, თუმცა ბედისწერამ ისე ინება, რომ ახალგაზრდობაში არაფერი დაგმართნია. სიკვდილმა ახლა, ამ 2013 წლის აპრილის თვის მიწურულს გაიტანა თავისი.
პიერ, უთუოდ შენ გითქვამს ჩემთვის, რომ თავგადასავლების მოყოლას დიდი მნიშვნელობა არა აქვს და ხალხი ამას არსებითად მხოლოდ გულის გადასაყოლებლად აკეთებს, მაგრამ მე თუ ორიოდ სიტყვას დავწერ შენს ცხოვრებაზე, ამას იმისთვის გავაკეთებ, რომ შენს ნაცნობ-მეგობრებს უკანასკნელ მოგონებად უბრალო გარდაცვალების შეტყობინების სიცივე და სევდა არ დარჩეთ.

იმ სამხედრო ბანაკში ათასობით იყავით. როდესაც 1940 წლის ივნისის დასაწყისში პოლკოვნიკმა კარი გაუღო გერმანული ჯარის ნაწილებს, ამით უაზრო სიკვდილისგან იხსნა ახალგაზრდა ახალწვეულები. ამ ათასებიდან სამი გაიქცა, ორი საკუთარ ოჯახში დაბრუნდა, შენ კი ქვეცნობიერად გესმოდა, რომ გულხელდაკრეფილი ჯდომა არ შეიძლებოდა. არავითარი გეგმა არ გქონდა, გენერალ დე გოლს 18 ივნისის მოწოდება ჯერ არ გამოეცა და შენც შენს გულისთქმას მიჰყევი. საქციელი მართლა შეიძლება გიჟური ყოფილიყო, ცა და დედამიწა რომ არ შეერთებულიყო და ადამიანისთვის ის არ მიეცა, რაც მას სჭირდება. ბედისწერა მაშინ ერთ კანადელ ქალში განსხეულდა, რომელიც თავისი მანქანის საჭეს უჯდა და სენ-ჟან-დე-ლიუზისკენ იმ იმედით მიდიოდა, რომ გემებს მიუსწრებდა. ამ გემებს პოლონეთის არმია ინგლისისკენ გადაჰყავდა. პოლონელებმა უნიფორმა გათხოვეს და ქუდზე არწივით, ვიღაც ქალთან ხელკავით და ხელში ატატებული ბავშვით, უსიტყვოდ გაიარე ფრანგული სამოქალაქო გვარდიის მწკრივებს შორის და იმავე გემზე ახვედი, რომელზეც მორის შუმანი იყო.

21 წლისა კაცი თავის ბედის ვარსკვლავს ენდობა. ლონდონის დაბომბვები კი თავშესაფრების ნაცვლად ჩვეულებრივი სახლების სახურავებქვეშ გადაიტანე. სანახაობა დიდებული იყო და შენც ბეჯითად უხსნიდი ყველას, ვისაც შენი მოსმენა უნდოდა, რომ ასეთი სიმაღლიდან გამოშვებულ ყუმბარას ძალიან მცირე შანსი ჰქონდა ისეთ პატარა წერტილში მოსახვედრად, როგორიც შენ იყავი ამ უზარმაზარ ქალაქში. ერთ დილას ერთ-ერთი ფაბის პატრონმა, ვისი ლუდსახარშიც სასწაულებრივად გადარჩენილიყო ჩანგრეულ სახურავსა და კედლებს შორის, გამოდო წარწერა: „Open as usual“. ის ბრიტანული უდრეკელობა, რომელსაც ასე სცემდი პატივს, სრულად ემთხვეოდა შენსას. ხშირად გითქვამს ჩემთვის, მთავარია გაუძლო კაცმაო.
გაძლება იოლი არ არის, დროებითი ზავის ხელმოწერის შემდეგ ფრანგების უმრავლესობა, რომელიც ინგლისში იყო გადასული, საფრანგეთში დაბრუნდა, „რადგან ამიერიდან მდგომარეობა დარეგულირებული იყო“. ქერლთონ გარდენსში, საფრანგეთის თავისუფალი ძალების მთავარ შტაბში, თავდაუზოგავად ცდილობდი მათ შეკავებას, უმეორებდი, „საფრანგეთი ისევ ოკუპირებულიაო“, მაგრამ ბოლოს მაინც სულ რაღაც ერთ მუჭა ამხანაგებთან ერთად დარჩი გენერალ დე გოლთან.
მერე თავისუფალი საფრანგეთის პირველ დივიზიაში ჩაეწერე, დიდხანს იომე ჩრდილოეთ აფრიკაში, პირისპირ კი უდაბნოში გენერალი რომელი, გერმანიის აფრიკული ნაწილები და ნამდვილი მოწინააღმდეგეები გედგნენ.
ვიშის მთავრობამ საფრანგეთის თავისუფალი ძალების ყველა თანმხლებ პირს სიკვდილი მიუსაჯა, შენ კი 1943 წელს „მარშალო, ჩვენ აქა ვართ“ სიმღერით ნეაპოლში ფრანგულ საექსპედიციო კორპუსთან და ახალგაზრდობის იმ ნაწილთან ერთად შეაბიჯე, რომელსაც ამ თავგასულობის უფლება ჰქონდა, რაკიღა სიკვდილზე მიდიოდნენ.
ჯიპით, რომელსაც გარილიანოს ბრძოლის დროს მართავდი, გზა აგერია და, გაუაზრებლად, გერმანელების მიერ გაუკაცრიელებულ რომში ამოყავი თავი, რის გამოც შენ ალიანსის ძალების პირველი ჯარისკაცი აღმოჩნდი, ვინც მარადიულ ქალაქში მის გასათავისუფლებლად გენერალ ჟუენზე ადრე აღმოჩნდი. შენ ეს სიცილით მიამბე, უბრალო ანეგდოტივით, იმ დღეს, როცა აიკიდოს გამო ლატიუმში აღმოვჩნდით, თითქოს წარსულის ადგილებში დაბრუნება ყოფილიყოს აუცილებელი, რომ ჩაძირული მოგონებები ისევ ზედაპირზე ამოტივტივებულიყო. ზოგს წარსული აწმყოთი ცხოვრებაში უშლის ხელს, შენ კი ეს არ გეხებოდა, ყოველთვის ამბობდი, უბრალოდ, დროში ვარო, და ამიტომაც ბოლომდე ახალგაზრდად დარჩი.
პროვანსში მოხვედრამ კანში წაგიყვანა და იქაურმა წყნარმა ცხოვრებამ მოგხიბლა, იქამდე, ვიდრე მთელი საფრანგეთის გადაკვეთა არ მოგიწია ფრანშ-კომტემდე, ბელფორის გასათავისუფლებლად.
რა ადგილები არ მოიარე, პიერ, და თან იმ დროს, როცა ბევრმა ხალხმა ვერ გაბედა ეს! და მე დაგემოწმები, რაოდენი თავშეკავებითა და მორიდებით იხსენებდი ამ მომენტებს. არასდროს არ გიცდია არანაირი დიდების მოპოვება. ეს ყველაფერი იმდენად ბუნებრივად გეჩვენებოდა, რომ აზრადაც არ მოგსვლია, რამე სახის ანაზღაურება მოგეთხოვა ომისდროინდელი იარების გამო. ასეთი იყო შენი სამყარო… და ეს შენ იყავი, სხვას ვერაფერს ვიტყვი. ხუთწლიანი განსაცდელისა და ტანჯვის ბოლოს, დემობილიზაციისას, 30 ფრანკიანი ანგარიშისა და შენი კოლტ 45-ის ამარა დაბრუნდი. და სამშობლოს მადლობებით.

ომის მერე პარიზი და მისი მაგია იყო. ცხოვრება ხელოვანთა შორის და ის ყველაფერი, რაც ადამიანის მხეცური და უაზრო სისულელის დავიწყების საშუალებას იძლეოდა. შამპანური უხვად იყო, ხშირად, როგორც მეომრის დასვენება, თუ გნებავთ. მახსოვს, როგორ ლაპარაკობდი პიაფზე და როგორ განიცადე მონტანის სიკვდილის ამბავი.
ალჟირის ომის დროს განზე იდექი. ლიონში, 1944 წლის მიწურულს დივიზია „გაათეთრეთ“ ჩრდილოეთში ასასვლელად, თუმცა შენ მშვენივრად იცოდი, რომ ვერმახტის ელიტურმა შენაერთებმა ალჟირელი, მაროკოელი, ტუნისელი და სენეგალელი ქვეითების წინაშე დაიხიეს უკან მონტე კასინოსა და მთელ იტალიაში. ამ ხალხის, შენი იარაღისმიერი ძმების - რომელთაგან ზოგი ხელში ჩაგაკვდა და ზოგმა ეგებ შენი სიცოცხლეც გადაარჩინა - დასახოცად რა წაგიყვანდა მათსავე მშობლიურ მხარეებში?

სწორედ ამ პარიზული პერიოდის ბოლოს გაგიტაცა აიკიდომ. განა სხვა, უფრო ნოყიერ ნიადაგს სადმე იპოვიდა აიკიდო? ერთ დღეს მიამბე სიზმარი, რომელიც ნაკაძონომ ნახა და მერე შენ გაგანდო, მას შენ აიკიდოს ფუძემდებლად დაესიზმრე. შეიძლება უცნაურად ჟღერდეს, მაგრამ რაც დრო გადის, მეჩვენება, რომ ეს სიზმარი წინასწარმეტყველური გამოდგა. მართლაც, რა ფუნდამენტური მოვლენები მოხდა თანამედროვე აიკიდოში, რომელთა სათავეშიც შენ არ იდექი?
1952 წელს საფრანგეთში ერთი გადარჩენილი კამიკაძე, ტადაში აბე ჩამოდის. გუშინდელი მტერი გზას შენი პატივისცემისა და კეთილი გულის წყალობით იკაფავს. შენ ორგანიზებას უკეთებ ჯერ თავად მის, შემდეგ კი მისი შემცვლელების - ნაკაძონოსა და ნოროს - სწავლებას. ეს ის დროა, როცა მთელი საფრანგეთის გზები გადაკვეთე რამდენიმე პიონერთან ერთად და ძველ დოფინში ჩახვედი იმდროინდელი იაპონელი ოსტატის კარზე დასაკაკუნებლად, მიუხედავად იმისა, რომ დარწმუნებული არ იყავი, გაგიღებდა თუ არა კარს და ინებებდა თუ არა რამდენიმე მოძრაობის სწავლებას თუნდაც საკუთარ სასტუმრო ოთახში, როცა ავეჯს აქეთ-იქით მისწევ-მოსწევდა. კლუბში დაბრუნებულს, რასაკვირველია, მეგობრები გეკითხებოდნენ, რა ისწავლეო, და სწორედ ასე დაიწყე სწავლება… შეცდომებისა, ცხადია, მაგრამ, როგორც თავად განმარტავდი ხოლმე, გამოცდილება ხომ სხვა არაფერია, თუ არა შეცდომების ერთობლიობა.
1962 წელს ევროპის აიკიდოს კულტურული ასოციაციის წესდებას ქმნი, რომელიც შემდეგ, 1977 წელს აიკიდოს ევროპულ ფედერაციად გარდაიქმნება რომელსაც სათავეში დიდხანს უდექი. ამავე დროს ყველა, ფრანგული, ბელგიური, შვეიცარიული, მაროკოული და სხვა კულტურული ასოციაციების შექმნაში მიიღე მონაწილეობა…
1963 წელს ხვდები და საფრანგეთში საცხოვრებლად იღებ ნობუიოში ტამურას. 1966 წელს მისთვის მუდმივი ცხოვრების უფლებას და მუშაობის ნებართვას შოულობ მეგობრობის წყალობით, რომელიც იმდროინდელ დეპუტატ და თავისუფალი საფრანგეთის ძალების ყოფილ კომპანიონ ლუი ვალონთან გაკავშირებდა. ის ამ ნებართვებს იმდროინდელი სოციალურ საქმეთა მინისტრის, ჟან-მარსელ ჟენენესგან შოულობს. პიერ, ტამურას მოწაფეები საფრანგეთში ან ევროპაში მცირედ მადლიერებას მაინც თუ გრძნობენ, სხვაგვარად ვერ მოიქცევიან და წუთიერი დუმილით პატივს მოგაგებენ. თავს უფლებას მივცემ, ვურჩიო, კარგად გაიაზრონ, თუ რაოდენ ვალში არიან შენთან, თუ რამდენი რამ გახადა შესაძლებელი შენმა ჩარევამ, რისი შედეგებითაც ისინი მომდევნო ორმოცი წლის მანძილზე იკვებებოდნენ.
1975 წელს აიკიდოს საერთაშორისო ფედერაციას უყრი საფუძველს, რაც დღესაც ინსტრუმენტია მსოფლიოში აიკიდოს განვითარებისა. FIA-ს გენერალური ხაზინადარობიდან და უმაღლესი სათათბიროს წევრობიდან მაშინ გადადექი, როცა აიკიკაი ამ ორგანიზაციის მართვის სადავეებს დაეპატრონა, რადგან ფიქრობდი, რომ ასოციაცია ამიერიდან აღარ ემსახურებოდა საზოგადო ინტერესს.
1981 წელს შენ იღებ გადაწყვეტილებას, რომ უკვე მიუღებელია, აიკიდო კვლავაც ფრანგული ძიუდოს ადმინისტრაციულ დაქვემდებარებაში დარჩეს. და იმ ვეებერთელა უმრავლესობის წინააღმდეგ, რომელიც მეტ-ნაკლებად მოერგნენ FFJDA-ს დიქტატურას, შენ საფრანგეთის აიკიდოსა და ბუდოს თავისუფალ ფედერაციას აარსებ. FFLAB თავის დროზე FFL-ით დაიწყო, მაგრამ ეს ნიშანი შენი ახალგაზრდობის უბრალო გახსენებაზე მეტი იყო, ეს თავსმოხვეული წესრიგის წინააღმდეგ გალაშქრებას ნიშნავდა. ეს იგივე უარი იყო, ყველა პროპორციის შენარჩუნებით, რაც გერმანიის მიერ საფრანგეთის დაპყრობისას თქვი. და, სხვათა შორის, შემთხვევით არ ჟღერდა პეტენისეული აქცენტები იმ გრძნობებში, არგუმენტებისა და ლექსიკონში, რომლებსაც მაშინ შენ წინააღმდეგ იყენებდნენ. დისიდენტი და რენეგატი გახდი, „მოსაშორებელი კაცი“, როგორც მაშინ წერდნენ საბრძოლო ხელოვნებების ჟურნალებში. მაგრამ შენ კერკეტი კაკალი იყავი და ეგ ჩვევაში გქონდა. დისიდენტობა არსებულ წესრიგთან მიმართებაში ფასდება. მაგრამ ვინ განსაზღვრავს არსებული წესრიგის ლეგიტიმურობას? ბოლოს ამას მაინც ისტორია აკეთებს. ისტორიამ გაგამართლა 80-იანი წლების დასაწყისში, ისევე როგორც თავის დროზე 1945 წელს უმრავლესობის მიმართ და წინააღმდეგ. და დღეს თუ ფრანგული აიკიდო სრულიად დამოუკიდებელია ძიუდოსაგან, სამართლიანობა მოითხოვს აღვნიშნოთ, რომ ეს პიერ შასანის დამსახურებაა.
დიდ პატივად მივიჩნევ, პიერ, შენთან ერთად ტაკემუსუ აიკი ინტერკონტინენტალის (TAI) დაარსებას. ეს უკანასკნელი ასოციაციაა, სადაც შენ სული და გული ჩააქსოვე, თან კარგად იცოდი, რა გაუგებრობასაც გამოიწვევდა ეს ახალი წამოწყება, მაგრამ ამაზე არ გიწუხია, რადგან, როგორც ყოველთვის, სამართლიანი მოქმედება გამოძრავებდა და მხოლოდ ეს იყო შენთვის მთავარი.

ნათლად ჩანს, როგორ გამოვიდა შენი ხელიდან საფრანგეთსა და საერთაშორისო ასპარეზზე აიკიდოს განვითარების საქმეში ყველა მნიშვნელოვანი ორგანიზაცია და როგორ ახდა საბოლოოდ ნაკაძონოს სიზმარი. აქვე ისიც მინდა დავძინო, რომ შენ ერთი სანტიმიც კი არ მიგიღია არასდროს ამ უზარმაზარ შრომაში, რომ სულაც პირიქით, იქით ჩაგიდია ფული, რომელიც მერე ვერასდროს აგინაზღაურებია. სიტყვა ‘მოხალისე’ უძლურია მთელი შენი გარჯის აღსანიშნავად. მათ, ვინც ამის საპირისპირო წარმოიდგინეს, ამით მხოლოდ საკუთარი საცოდაობა გამოააშკარავეს.
ერთხელ, 80-იანი წლების ბოლოს, როგორც უჩი დეში, ივამას დოჯოში ტატამზე ვსადილობდი მორიჰირო საიტოსა და აიკიდოს ფუძემდებლის ვაჟთან, კიშომარუ უეშიბასთან ერთად. როდესაც შენგან მოკითხვა გადავეცი დოშუს, მისი პასუხით მივხვდი, თუ რაოდენ პატივს გცემდა. რა დაავიწყებდა ადამიანს, რომელმაც 1976 წელს, ტოკიოში, აიკიდოს საერთაშორისო ფედერაციის პირველ ყრილობაზე აიკიკაის ყველა შიჰანისა და ოცდარვა ქვეყნის წარმომადგენელთა ასამბლეის წინაშე ასეთი რამ შეჰკადრა ხმამაღლა: „ერთ მშვენიერ დღეს იაპონელები ევროპაში ჩამოვლენ აიკიდოს სასწავლადო“.

ვერ დავასრულებ ამ პატარა გახსენებას, რომ არ აღვნიშნო შენი დამსახურება დღეისთვის ო-სენსეის აიკიდოს უკეთ გაგების საქმეში. დიდი დახმარების გარეშე, შენი უსასრულო ძალისხმევისა და უდრეკობის წყალობით შენ აღმოაჩინე აიკიდოს სული და გული: ირიმი-ტენკანი, ღერძის ბრუნვა თავის გარშემო. შენ შეძელი ჩვენი ყურადღების მიპყრობა აქეთ და მისი წარმოჩენა, როგორც ყველა ტექნიკის სათავისა. განსაკუთრებით ამისთვის მადლობა, პიერ, მადლობა და ბრავო.
არაფერი არ არის, არაფერიო, სიცვდილამდე ცოტა ხნით ადრე მითხარი, და არაფრიდან იშვა რაღაც. ეს საიდუმლოებაა, დიდი საიდუმლოება და ამის ამოხსნაში აიკიდო გვეხმარება ჩვენ. შენ გააკეთე ეს, შენ აქციე აიკიდო შენი ცხოვრების საქმედ და აიკიდომ შეცვალა შენი ცხოვრება.

კანში, სადაც შენ ცხოვრობდი, შენი ფანჯრების წინ გამავალ პროსპექტს ახლახანს ეწოდა პირველი ფრანგული თავისუფალი დივიზიის სახელი. ძალიან გიხაროდა ეს. შენ თუ ამის საზეიმო გახსნაზე არ დაგპატიჟეს, იმიტომ, რომ არასოდეს გიგრძვნია ყოფილ მებრძოლთა ასოციაციაში გაწევრიანების საჭიროება, ხალხმა კი არ იცოდა, რომ შენ ამ დივიზიის ერთ-ერთი უკანასკნელი ცოცხალი წევრი იყავი, თანაც უფალი თავისებურ პატივს მიაგებს იმათ, ვინც მის გზას მიჰყვება, და ეს პატივი მოკრძალებაა. ამ მოკრძალებული ყურადღების გამოა, რომ შენ ზუსტად იმ დღეს გარდაიცვალე, რომელ დღესაც აიკიდოს ფუძემდებელი.
მშვიდობით, პიერ, მშვიდობით, მეგობარო, მშვიდობით, შენ, ვინც გაკვალე გზა და ამდენი ხალხი აღავსე ასეთი ენთუზიაზმით, მათ შორის მეც. შენ გარდაიცვალე, მაგრამ როგორც თავად დაწერე ტადაში აბეს გარდაცვალებისას, „შენ ერთი იმათთაგანი ხარ, ვინც არ კვდება“, რადგან კვალი, რომელიც შენ დატოვე მათ სულებში, ვინც შენ გიცნობდა, სამარადჟამოდ აღიბეჭდა კაცობრიობის არამატერიალური მემკვირდეობის საგანძურში.

ფილიპ ვოარინო
2013 წლის 2 მაისი, ხუთშაბათი

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/mshvidobit-becvis-xidze-mavalo
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)