მოულოდნელი ქრისტე

მთლიანობაში მე ვარ ერთგვარი ძალა, რომელიც მტოვებს. ფერნანდო პესოა – წარმართული ლექსები

ოცდაათი წელი მაშორებს მორიჰირო საიტოსთან პირველი შეხვედრიდან. ის ოცდაათი წლით უფროსი იყო ჩემზე. დღეს მე ვარ მისი ასაკისა.

სამოცი წელი, საკმარისი დროა იმისათვის, რომ ადამიანმა პირველად გახედოს თავის მიერ განვლილ გზას და თვალი შეავლოს ზურგს უკან დარჩენილ ამ პეიზაჟს. ამაში არაფერი ნოსტალგიური არ არის. დაინახავს, რომ ახალგაზრდულმა დაუდგრომელმა ენერგიამ და მოწიფული ასაკის საქმიანობამ ისე შთქნთქეს მისი წლები, რომ თავად ვერც კი მიხვდა ამ წინ სიარულის მიზეზებს; პირველი დაღლილობა, პირველი დაქანცულობა ნიშანია მისთვის, რომ მფლანგველობის დრო დასრულებულია და რომ დგება ჟამი იმ გზაზე დასაფიქრებლად, რომელიც გასავლელი რჩება. თუკი დავუშვებთ, რომ ბედისწერა და შემთხვევითობა ერთადერთი ბატონ-პატრონია, რომელიც გვიწყვეტს ჩვენ ბედ-იღბალს, ეს ბედისწერა ვერ მოიქცევა ისე, რომ ეს ბედ-იღბლები არ დაემორჩილონ მას, თუკი ისინი შინაგან ლოგიკას დაექვემდაბარებიან. იმისათვის რომ ადამიანმა საკადრისად წარმართოს თავისი ცხოვრება, საჭიროა, მიჰყვეს ამ ლოგიკას.

ათასჯერ ამიხნია, თუ რატომ ვვარჯიშობდი აიკიდოს, მაგრამ სიმართლე ის გახლავთ, რომ მე სრულიადაც არ ვიცნობ სიღრმისეულ მიზეზებს, რომელთაც მე ამ გზის არჩევისკენ მიბიძგა. განა რომელიმე მხატვარმა იცის, რატომ ხატავს? ხელოვნებას არ სჭირდება გამართლება, ის თავად ამართლებს თავის თავს, ბედნიერია ის, ვისაც მისი ნაწილის გადაცემა შეუძლია სხვისთვის. თუკი ხელოვნება აგრერიგად მცირედ გამოვლინდა ჩემში, ეს იმის ბრალია, რომ მე საამისოდ სხეულს ვიყენებ. მე თიხით არ მიძერწავს და ქვაში არ გამომიქანდაკებია, ჩემ მიერ გამოყენებულ-დამუშავებული მასალა ის იდუმალებით მოცული საჩუქარია, რომელიც დაბადებისას მივიღე. სხეული კიდევ უფრო მეტად უნდა გაოცებდეთო, ეუბნებოდა ლაკანი თავის მოწაფეებს და მე ვიზიარებ ამ მოსაზრებას. სხეულმა გონების კარი გამიღო და მე აღმოვაჩინე, რომ გზა, რომელიც სხეულსა და გონებას შორის არსებობს, არ არის საუკეთესო მაცნე გონებისათვის. ამის გამო და მიუხედავად იმისა, რომ მეგზურად მუდამ ლოგიკასა და საღ აზრს ვიყენებდი, მე არ გახლავართ დეკარტის მიმდევარი.

ასევე, მიუხედავად იმიას, რომ ქრისტიანული ტრადიციით აღმზარდეს, ვეჭვობ, ვინმემ ჩემში ქრისტიანის თვისებები აღმოაჩინოს. მართლაც, ჩემი რწმენა ემყარება არა დოგმას, არამედ იმ კავშირის მკაფიო გააზრებას, რომელიც სხეულის პრინციპსა და გონების პრინციპს უყრის ერთად თავს. არ ვიცი, უნდა მოვუხმოთ ხოლმე თუ არა სიწმინდეებს, როდესაც არსებობის უმთავრეს პრინციპებზე ვლაპარაკობთ. ქრისტე, რომელთანაც მიკამათია, შეიძლება ბოლოს და ბოლოს მეტაფიზიკის მეტი არც არაფერი იყოს, მაგრამ, ყოველ შემთხვევაში, მე ეს მეტაფიზიკა თავისთავად არ მიმიღია, მე ის მოვიპოვე. მართალია, ის გვიან მოვიდა, მაგრამ ეს იმის გამო მოხდა, რომ მე ყველა ჩემი დღე დამჭირდა იქამდე მისასვლელად და იმის დასანახად, რასაც, როგორც წესი, თვალები ვერ ხედავენ. მისმა აღმოსავლეთისკენ შებრუნებულმა სახემ და მისმა დასავლეთისკენ შებრუნებულმა სახემ, რომელიც გაურბოდა ჩემს სიჯიუტეს, გამომეცნო იგი, რომელიც არ იყო იქ, სადაც მეგონა, ჩავავლე-მეთქი, ჩემში იმ მომენტში დაისადგურა, როდესაც ამას ყველაზე ნაკლებად მოველოდი, იმიტომ რომ თვით მისი არყოფნაც ჩემი სულის სიღრმეში იდო. სწორედ იქ გეძებე, და სწორედ იქ გიპოვე, ქრისტევ, მოულოდნელო, უდროოდ მოსულო სიბრძნევ. და თუ ჩემს რწმენას, რომელიც ჩემთვის გამოვიჭედე, არა აქვს დიდი შემომზღუდავი დაცვა, დიდად არც მადარდებს ეს ამბავი. რაც არ უნდა ცოტა ხანი იყოს გასული, რაც მე ის ვიპოვე და რაც არ უნდა დაუჯერებელი ჩანდეს, რომ მე ის უნდა მეპოვა, მე ის ვიპოვე. ქრისტევ, ბუდავ თუ მუჰამედო, მე ჩემი სული არც ერთი თქვენგანისთვის არ მომინდვია, უბრალოდ შევითვისე ის, რაც საერთოა თქვენთვის და მე ის ჩემად ვაქციე. ეს მე არ მაქცევს ურწმუნოდ, ყველაზე მეტი, ეულ მოწმედ გამხადოს სამყაროს დიადი სანახაობისა.

დიდხანს ვასწავლიდი აიკიდოს ისე, როგორც ბრმა მიუძღვება ხოლმე წინ უსინათლოებს, დიდი ხნის მანძილზე ჩემ მიერ წაკითხული წიგნები მხოლოდ და მხოლოდ ზრდიდა ბუნდოვანებს ჩემს გაუბედავ მსჯელობებში. და დღეს საკუთარ თავს ვეკითხები, როგორ გამოაღწია სინათლის სხივმა – ესოდენ სუსტმა – ასეთი უკუნი ღამის სიბნელიდან-მეთქი. თუმცა განა სინათლის არსიც სწორედ ის არ არის, რომ წყვდიადის სიღრმიდან გამოტყვრეს? განა შეიძლება, ეს სინათლე სხვაგან იშვას, თუ არა ყველაზე ბნელ უკუნში, რომელსაც ის ერევა და იმოგზაუროს სხვაგვარად, თუ არა ბნელეთის შუაგულის ყორნის შავ ფრთებზე? ერთი სიტყვით, შეიძლება იყოს სინათლე, თუკი არ იარსებებს წყვდიადი? და მე წყვდიადს არ მივიჩნევ მოწინააღმდეგე მხარედ.

აიკიდოს ამ გზაზე, სადაც თავს უფლება მივეცი, პაუზა გამეკეთებინა, როცა ვტრიალდები ახლა და ისევ წინ ვიყურები, ჯერ კიდევ ცუდად ვარჩევ იმ პეიზაჟს, რომელიც ბურუსიდან ნელ-ნელა გამოდის გარეთ. მაგრამ ბოლოს და ბოლოს ფეხქვეშ მიწა გამიმყარდა და შემიძლია ვიარო იქამდე და იმდენ ხანს, რომდენსაც ფეხები გამატარებენ, იმ მომენტამდე, როდესაც ძალა, რომელმაც მიმატოვა, საბოლოოდ შეუერთდება იმ სხვა ძალას, რომელთან შესაერთებლადაც გავჩნდი ამ ქვეყანაზე.

ფილიპ ვოარინო, 2017 წლის 8 ივნისი

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/moulodneli-kriste
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)