მეთოდის მიღმა #86

ჯუსან ნო ჯოს თვლა n°10

ჩემი პირველი დაბრუნებისას ივამადან, 1986 წელს, საფრანგეთში პირველმა ვიხმარე ერთ-ერთ სტატიაში ცნება ბუკი ვაზა აიკიდოში იარაღის ტექნიკათა ერთობლიობის გამოსახატავად. სწორედ ამ ტერმინს იყენებდა მორიჰირო საიტო. ჩემი მიზანი გახლდათ, დამეფიქრებინა მოვარჯიშეები იმ ფაქტზე, რომ იმხანად ჩვენ არაფერი გაგვეგებოდა ამ ცნების შესახებ, და კითხვის ნიშნის ქვეშ დამეყენებინა ჩვენი ჩვევა, "აიკიდოს იარაღების" ამ კატეგორიაში მოგვეთავსებინა სხვადასხვა იაპონური ბუდოებიდან ამოკრებილ ზოგიერთ ტექნიკა, რომელთაც არაფერი ჰქონდა საერთო აიკიდოსთან.

ამ სტატიას გოგირდის სუნი აუვიდა ზოგიერთი სრულუფლებიანის ცხვირისათვის – იაპონელების ჩათვლით – და ამას მოჰყვა არც თუ ისე თავაზიანი წერილების ტალღა იმ ფედერაციის პასუხისმგებელი პირების მხრიდან, რომლის წევრიც გახლდით იმხანად. მე მადლობას ვუხდი ამ ადამიანებს, რომელთა მართლმადიდებლობაც ასე გულუბრყვილოდ შევარყიე, მათი წყალობით ჩემი ცხოვრების სწორედ იმ მომენტში შევედი დისიდენტობაში, რასაც აღარასდროს დავუტოვებივარ და რამაც თავიდან ამარიდა ის კომპრომისები, რომლებითაც ამთავრებენ ხოლმე ადამიანები, როდესაც თავიანთ ბორკილებს ეგუებიან.

დაახლოებით ათი წლის შემდეგ, რაკი შუბს ხალთაში მარადიულად ვერ დამალავ კაცი და რახან, რაც მოსახდენია, ის ერთ მშვენიერ დღეს მაინც მოხდება, საფრანგეთის სპორტის სამინისტროს მიერ აღიარებულმა აიკიდოს ორმა ფედერაციამ რუბრიკა და ტერმინი "ბუკი ვაზა" თავიანთ ოფიციალურ საგამოცდო კატალოგებში შეიტანა!

ოცდაათი წლის შემდეგ, ახლა, როცა ამას ვწერ, აიკიდოს კუმიტაჩები და ჯუმიჯოები მთელ მსოფლიოში ისწავლება და, არა მგონია, აიკიდოში რომელიმე მოვარჯიშეს გაგონილი მაინც არ ჰქონდეს კი მუსუბი ნო ტაჩი, სანჯუ იჩი ნო ჯო ან ჯუსან ნო ჯო.

მე ბედნიერი ვარ, რომ ეს ევოლუცია შედგა, ბედნიერი ვარ, რომ ხელი შევუწყე ამას საიტო სენსეის სხვა მოწაფეებთან ერთად, რომ ავამოძრავე ცოდნის ხაზები ამ სფეროში. და თუკი გარიყვა ერთადერთი მადლობა იყო, რომელიც მე ამისათვის მივიღე, არა უშავს, ადამიანი იმისათვის არ მოქმედებს, რომ მადლობები დაიმსახუროს.

მე უკანმოუხედავად განვაგრძობ წინ სიარულს და უკვე რამდენიმე წელია, ვცდილობ ავხსნა, რომ ჩვენ წინაშე უკვე სხვა ეტაპი დგას, წინა ეტაპზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი და რომ ყველაფერი, რაც კი აქამდე გვისწავლია და აგვითვისებია, ერთადერთ მიზანს და საფუძველს ემსახურება - მოამზადოს ნიადაგი იმისათვის, რაც მომავალში იქნება და რაც სრულიად განსხვავებული ბუნებისაა. სწორედ ამის გამო უნდა მოვიხსნათ ტყვიის ჯაჯები, რომლებიც ბევრად უფრო მძიმეა გუშინდელ ჯაჯებთან შედარებით.

ვიცი, რომ ბევრი ადამიანი, ვინც აიკიდოში ვარჯიშობს და შესანიშნავად იცის ჯუსან ნო ჯო, ვერ იცნობს ამ ვიდეოში ამ სავარჯიშოს მე-10 მოძრაობას. არადა აქ სწორედ ესაა, ამის დასანახად გონება უნდა შეიცვალოს. მე მათ ვთხოვ, უბრალოდ დაფიქრდნენ ყველა იმ განსხვავებაზე, რომლებმაც შეიძლება გააცალკეოს ხელოვნური, სწორხაზოვანი, შესწავლისათვის გააზრებული სავარჯიშო საბრძოლო, რეალური და სპირალური მოძრაობისაგან, რომლის სწორხაზოვანი სავარჯიშოც სხვა არაფერია, თუ არა მისი პედაგოგიური გამოხატულება.
ასევე ვთხოვ მათ, არ გამოეპაროთ მხედველობიდან, რომ ჯო, რომელსაც ისინი იყენებენ, სინამდვილეში ბევრად უფრო გრძელი, ორივე ბოლოში ალესილი, წვეტიანი და ორივე მხარეს მჭრელი პირებით აღჭურვილი შუბია და ამიტომაც "ჯო" დარტყმისთვის არაა გამიზნული, ის ჩხვლეტს და ჭრის.

ვიდეოზე საკმაოდ მკაფიოდაა ნაჩვენები ის ორი ხერხი, რომლებითაც სპირალური შესვლა შეიძლება აქ განხილული წრის უბანში. ეს უბანი მატერიალიზებულია სივრცით, რომელიც ორი თავდამსხმელს შორის არსებობს. სწორედ იმიტომაც, რომ ორად ორი შესაძლებლობა არსებობს როტაციისა (მარჯვნისაკენ და მარხცნისაკენ), არსებობს ორად ორი ყაიდა შესაძლო მოქმედებისა ოთხი მიმართულებიდან თითოეულში. ამიტომაცაა რვა ძალა (ჰაჩი რიკი), იმ ფრაზის მიხედვით, რომელსაც ო-სენსეი იყენებდა თავისი აიკიდოს შესაჯამაებლად: "იჩი რეი, ში კონ, სან გენ, ჰაჩი რიკი".

ირიმი-ტენკანით ტრიალი, მარცხნისაკენ ან მარჯვნისაკენ, გარემოებათა მიხედვით (ჯუსან ნო ჯოს თვლა n°10 მარჯვნისაკენაა), მატერიალიზებულია ყოველ ჯერზე ორი დამახასიათებელი ნაბიჯით, რომლებიც აქაა ნაჩვენები. ამას ვუწოდებ მე ო-სენსეის სპირალს, სხეულის მიერ ბერნულის სპირალის უცვლელობის კანონების მიხედვით დახატულ გეომეტრიულ სპირალს. ეს სპირალი ყოველთვის თავისი თავის იდენურად იბადება, აიკიდოს ნებისმიერ სიტუაციაში, რა მიმართულებაც არ უნდა იყოს არჩეული სამოქმედოდ… eadem mutata resurgo. შესაბამისი მოქმედება დამოკიდებულია პრინციპზე, აიკიდოში, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა დარგში, პრინციპი კი აუცილებლად თავისი თავის იდენტური რჩება, წინააღმდეგ შემთხვევაში ის უკვე აღარ იქნებოდა პრინციპი.

ფილიპ ვოარინო, 2018 წლის მარტი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/metodis-migma-86
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)