კაჯო #23

კაჯო #21-ში წარმოვადგინეთ ბანსენ ტანაკას ნახატი მისივე წიგნიდან „აიკიდო შინზუი“ (აიკიდოს არსი).
მარჯვენა ზედა კანჯი „სიცარიელის ენერგიას (კის)“ ნიშნავს. სიცარიელე არარაობა არ არის, სიცარიელე ისაა, რაც ჯერ არ არის, ენერგიაა, რომელიც წინ უსწრებს რაღაცის გაჩენას. სიტყვები უძლურია მათ გადმოსაცემად.
ქვედა მარჯვენა კანჯი კი „ქაღალდის ფურცლის სისქეს“ ნიშნავს.
წრეში ვერტიკალურად ჩაწერილი ორი კანჯი „არყოფნასა“ და „ყოფნას“ ნიშნავს.
და ეს ასე შეიძლება ითარგმნოს: არყოფნიდან ყოფნისკენ ჰარმონიული გადასვლა სიცარიელის ენერგიიდან შობილი სპირალითაა შესაძლებელი, რომელიც ტრიალებს და თავის ადგილს ქაღალდის ფურცლის სისქეში პოულობს.

ამ პირველი ნახატის ზუსტად გვერდზე ბანსენ ტანაკა მეორე ნახატსაც იყენებს, რომელიც, ერთი შეხედვით, თითქოს წონასწორობის უბრალო კარგვას უნდა ასახავდეს, მაგრამ სინამდვილეში იგი გასაოცარ გასაღებს მისცემს მას, ვინც ამას კაჯოებში მოწოდებული ცნობების შუქზე წაიკითხავს:

და აი ჩვენც დასაწყისს, კაჯო #2-ს დავუბრუნდით:

 სამყარო და ადამიანის სხეული ერთი და იგივე რამაა. თუ ვინმემ ეს არ იცის, ის ვერ გაიგებს აიკის. იმიტომ, რომ აიკი სამყაროს ერთიანობის მოძრაობიდან გამოდის.
— მორიჰეი უეშიბა, ტაკემუსუ აიკი - ტომი III – სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი.

აიკიდოს კანონები სამყაროს კანონებია.
განსხვავება ისაა, რომ ამიერიდან ვიცით, რა ვიგულისხმოთ ამ კანონებში, ვიცით, რომ ქაღალდის ფურცლის სისქე 23°-ია, ვიცით, რომ ამ კუთხეს ირჩევს სიცარიელე, რათა დასაბამი მისცეს ტაკემუსუ აიკის ილეთებს რვა მიმართულებით და ვაჩვენეთ, თუ რა შემოაქვს ამას კონკრეტულად აიკიდოში.

რასაკვირველია, შეიძლება წრეწირის დახატვა ადამიანის გარშემო, გაგება იმისა, რომ ეს საზღვარია მისი შესაძლებლობებისა და გაგება იმისაც, რომ ამ ადამიანის ძალა, როგორიც არ უნდა იყოს მისი ფიზიკური ღონე, მნიშვნელობადაკარგულია, როგორც კი ის ამ წრეწირის გარეთ აღმოჩნდება, თუნდაც ამავდროულად საკუთარი წრეწირის შუაგულში დარჩეს.
მაგრამ ეს მხოლოდ პირველი დონეა ბანსენ ტანაკას ნახატის წაკითხვისა, კონსტატაციაა.
ამ ნახატის წაკითხვის მეორე დონე ისაა, რომ ამ კონსტატაციის მიღმა იგი ხერხსაც გვიზიარებს, თუ როგორ გამოვიყვანოთ მოწინააღმდეგე ამ წრეწირის გარეთ.
ეს ხერხი მდგომარეობს იმაში, რომ „ღვთიურობას უნდა მიენდო“, როგორც უაშიბა ამბობს ამას, ანუ უნდა აცადო სიცარიელეს იმოქმედოს. და ეს ლიტონი სიტყვა არ გახლავთ, რადგან ჩვენ უკვე ვიცით კაჯოების კვლევის ბოლოს, თუ როგორ მოქმედებს სიცარიელე: როგორც ვაჩვენეთ, ის ოთხ გონს ეყრდნობა და 23°-იანი კუთხით სპირალურად ვითარდება.

დასასრულ, შემდეგ არქეტიპს მივადექით, სადაც მწვანე სპირალი ამოვიღეთ და ზოგიერთი ილეთის მცდარი მააი შევასწორეთ, როგორც ეს აქამდე იყო ნაჩვენები:

აქამდე გამოყენებული ყველა ნახაზიდან ეს უკანასკნელია ერთადერთი, რომელიც საბოლოოდ უნდა დავიხსომოთ. ყველა დანარჩენი ნახაზი საყრდენად გვადგებოდა ჭეშმარიტებისკენ სავალ გზაზე. ისინი არასწორი და არასრულებია, თუმცა თან აუცილებელიც ერთბაშად რთულად გასააზრებელ-გამოსახატავი კანონების თანდათანობითი გაგებისათვის. აუცილებელი მათთვის, ვინც ჩემს ნაწერებს კითხულობს, თუმცა აუცილებელი ასევე და განსაკუთრებით ჩემთვის, ვინც ბოლოს აი ამას მივხვდი: თუ საქმეში მადლი არ ჩაერია, ჭეშმარიტება მხოლოდ და მხოლოდ გასწორებული შეცდომაა.

ბანსენ ტანაკას ეს პატარა ნახატი ნამდვილი სამკაულია.
მთელი აიკიდო ამ ორ ჩანახატშია. ისინი ისეთი ლაკონურებია, რომ შეიძლებოდა დედამიწის იმ მესიჯთა გვერდით ყოფილიყო, რომლებიც კოსმოსში, ჩვენი გალაქტიკის სხვა ცივილიზაციებისთვის გააგზავნეს 1972 წელს „პიონერ 10“ ზონდით.

დიდი მადლობა ამისთვის ამ დიდ ბატონს, მორიჰეი უეშიბას მოწაფეს 1936 წლიდან და ფუძემდებლის ახლობელს, რომელმაც მას ოსაკაში, თავის სახლში მრავალგზის და ხანგრძლივად უმასპინძლა.

დიდი მადლობა ასევე ტადაში აბეს, ო-სენსეის პირდაპირ მოწაფეს, ოღონდ ცოტა უფრო გვიან, უშუალოდ ომის შემდეგ.
სწორედ მან დატოვა სიკვდილის შემდეგ კაჯოთა კვალი, როდესაც ჯიუტად ასწავლიდა ამას 1950-იან წლებში საფრანგეთში, იმ დროს, როცა ასეთი ცოდნა თანამედროვეობის შემოტევებისგან ქრებოდა.
მის გარეშე კაჯოთა ეს კვლევა ვერასდროს იხილავდა დღის სინათლეს.

რასაკვირველია, მადლობას ვუხდი მორიჰირო საიტოს, ჩემს მასწავლებელს ივამაში.
მისი ერთგულება აიკიდოსადმი და მთელი მისი ცხოვრებია სამაგალითოა.
თუ მას ჩემთან პირდაპირ კაჯოებზე არ ულაპარაკია, მან წლების განმავლობაში მოთმინებით და სკრუპულოზურად მომცა ყველა აუცილებელი ტექნიკური ელემენტი მათ გასაგებად.

მადლობას ვუხდი ჩემს მეგობარს, პიერ შასანს, ტადაში აბეს მოწაფეს.
ჩვენი საუბრები აიკიდოს ირგვლივ ეს ბოლო ოცდაათი წელია, მისი ხედვა, ენთუზიაზმი და მუდამ სიღრმისეული სწავლება ცოდნისა და მოტივაციის წყარო იყო, რამაც იმ გრძელ გზაზე გამაძლებინა, რომელსაც აიკის სასწაულებთან მივყავართ.

და ბოლოს, მადლობა ჩემს მეგობარს, ალენ გრაზონს.
ჩვენმა ბოლოდროინდელმა ვარჯიშებმა და საუბრებმა ახალი გზები გაგვიხსნა, რომლებმაც, ჰანმისა და ჰიტო ე მის გავლით, კაჯოს ამ პუბლიკაციებამდე მოგვიყვანა.

ბოლოს მეგობრულად უნდა ჩავუკრა თვალი ამ ძველ ამონიტს, რომელმაც მილიონობით წელი გამოიარა იმისათვის, რომ მე აიკიდოს გაგებაში დამხმარებოდა. სწორედ მისით დავიწყე ეს სტატიები (შდრ. კაჯო #1) და სწორედ მისითვე დავასრულებ. ცხოვრება გრძელი ჯაჭვია და არ შემიძლია კიდევ ერთხელ არ გავიმეორო პითაგორას ეს სიტყვები:

 შენ გაიგებ, რამდენადაც ეს მოკვდავისთვისაა შესაძლებელი, რომ ბუნება ყველაფრით ჰგავს თავის თავს.

ცხადია, არაფერი არ მთავრდება ამ 23-ე კაჯოთი.
აქამდე აიკიდოს მხოლოდ და მხოლოდ ნაწილი, ტაი ჯიცუ, და ისიც ძალიან მოკლედ მიმოვიხილეთ.
იგივე სამუშაოა ჩასატარებელი აიკი კენისა და აიკი ჯოსთვის.
მათ, ვისაც ამ მიმართულებით სურთ ძიება, გზას ორად-ორი სიტყვით ვუჩვენებ: ჰაპო გირი, რვა მხარეს ჭრა.


მართლა, იცით, რას ნიშნავს კაჯო?

ხაზების გადაკვეთას…

ვერ ვიტყვით, რომ გზაზე საგზაო ნიშნები არ შემხვედრია. უბრალოდ თვალები უნდა გაახილო და წინასწარ შექმნილი წარმოდგენები უნდა ჩამოიშორო ადამიანმა.

ძალიან დიდ მადლობას ვუხდი ყველას, ვინც აქამდე გამომყვა, ხოლო მათ, ვისი დარწმუნებაც აქამდე ვერ შევძელი და ისევ ჰგონიათ, რომ ეს ყველაფერი მე გამოვიგონე, ვეტყვი, რომ ისინი ამით მე ზედმეტად დიდ პატივს მომაგებენ.
ვერავინ ვერ გამოიგონებს ასეთ სასწაულებრივ სისტემას. მათთვის შეხედვა მხოლოდ მადლიერებით სავსე გულით შეიძლება და ღმერთს მადლობა შევწიროთ, რომ მან ეს დაგვანახა.
მატერიალურად კი ჭეშმარიტი და ერთადერთი მადლობა მისი პრაქტიკაში გამოყენება იქნება.

ფილიპ ვოარინო, ანტიბი, 2012 წლის 3 აგვისტო.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/kajo-23?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)