იატაკქვეშა აიკიდო

ბ-ნი ჟურდენი პროზას ისე ქმნიდა, რომ არც კი იცოდა, მე კი იატაკქვეშა აიკიდოს ისე ვაკეთები, რომ ეს ეჭვადაც არ გამოვლია გონებაში.

იატაკქვეშა ნიშნავს, რომ რაღაცა მიწის ქვეშაა და ფესვს იქიდან იღებს. მარცვლის სახითაა და მას ვერავინ ვერ ხედავს. ესაა ფიქრი, რომელიც ძალებს იკრებს და საყოველთაოდ გავრცელებული აზრების ფეხქვეშ ემზადება. მაგალითად, იატაკქვეშა იყო ეკოლოგიური მოძრაობის დაბადება სამოციან წლებში, იმ ხანაში, როდესაც კაცობრიობა გარემოს მოურიდებლად აბინძურებდა და პლანეტას არად დაგიდევდა. გიჟი უნდა ყოფილიყო კაცი, ეს რომ ერწმუნა. არადა სწორედ ამ სიგიჟემ მიიყვანა ქვეყნები კიოტოს შეთანხმებამდე (1). იატაკქვეშეთი ალტერნატიული კულტურაა, განსხვავებული აზროვნებაა, ის წამოიმართება და აღუდგება ხოლმე წინ თიხისფეხებიან კოლოსს: კონსენსუსს. რადგან კონსენსუსი ცვალებადი რამეა და მასთან ერთად წესრიგი და ძალაუფლება თავსახურივით აწვება ზევიდან ყველაფერს.

მეც ისეთივე „ფედერალი“ ვიყავი, როგორც ყველა და ყველაფერი ვყლაპე, რაც სამზარეულოდან მომართვეს. მაგრამ როდესაც პირველად დავბრუნდი ივამადან 1986 წელს, იმდროინდელი FFAB-ს ყველა კლუბს დავუგზავნე პატარა ბარათი პატარა ტექსტით, რომელსაც სათაურად წავუმძღვარე „აიკიდო = ტაიჯიცუ + ბუკივაზა“. ამით გულუბრყვილოდ ვცადე ამეხსნა, რომ აიკიდო არ იყო მხოლოდ შიშველი ხელის ტექნიკა, რომ აიკი კენი და აიკი ჯო ზუსტად ისევეა აიკიდო, როგორც „სხეულის“ ტექნიკა. ახალგაზრდა ვიყავი და არ მესმოდა, რომ კედელს ცერცვს ვაყრიდი.

ფედერალურმა ადმინისტრაციამ იტვირთა ჩემთვის ამის გაგებინება. ბუკივაზის კონცეფციამ, თვითონ სიტყვამ გამოიწვია დაბნეულობა და სამუდამოდ მომაწებეს ყველაფერის თავდაყირა დამყენებლის იარლიყი. ხელს ვუშლიდი ყელში გაჩხერილი ძვალივით. ეს ის დროა, როდესაც ტამურა სენსეი დაიმუქრა, რომ არ მიიღებდა მონაწილეობას კოლ-სიურ-ლუს სემინარში, თუკი იქ მე აიკი კენისა და აიკი ჯოს სწავლებას დავიწყებდი.

დღეს, ოცი წლის შემდეგ, ტერმინი ბუკივაზა აიკიდოს მასწავლებლის სახელმწიფო დიპლომის ფედერალურ პროგრამებში წერია.

სულ არ ვამაყობ ამით. ეს ერთი უბრალო ბუშტუკია, რომელიც ზედაპირზე ამოტივტივდა. თითქმის ყველაფერი ჯერ კიდევ გასაკეთებელი რჩება. ჯერ კიდევ რამდენი დაბრკოლება უღობავს გზას ო-სენსეის აიკიდოს. რამდენი რამეა ჯერ კიდევ მიწის ქვეშ. რადგან ო-სენსეის აიკიდო იატაკქვეშეთშია. მან იცოდა, როცა ამბობდა, არავის არ უნდა ჩემი ხელოვნებასთან ზიარებაო.

მაინც რა მოხდა ასეთი ამ აიკიდოს სამყაროში? სრულიად ჩვეულებრივი, ბანალური რამ: მემკვიდრეობის მიტაცება. ო-სენსეის აიკიდოს ტაძარი ჯერ მიწიდან არ იყო ამოსული, რომ უკვე ეკლესია აღიმართა მის ადგილას. ამ ეკლესიის პაპიც უეშიბას გვარს ატარებდა და ყველამ ჩათვალა, რომ ეს ლეგიტიმურობის გამოხატულება იყო. მაგრამ აიკიდო არაა მემკვიდრეობითი. ო-სენსეი გარდაცვალების შემდეგ კიშომარუ უეშიბამ გადაიბარა მსოფლიო აიკიდოს თავკაცობა მეტადარადამაჯერებელი არჩევნების შედეგად. კოიჩი ტოჰეი კანდიდატი იყო და სულ ერთი ბეწო დააკლდა, რომ დოშუ გამხდარიყო.

მან მიიღო ო-სენსეის ყველა მოწაფის, ანუ ყველაზე ძველების – სემპაიების ხმა. კიშომარუმ კი თავის მოწაფეებისგან, ანუ ახალი თაობისგან მიიღო ხმები, ანუ ახალგაზრდებისგან, რომელბმაც აიკიდო ისწავლეს მისგან, ტოკიოში და რომლებიც მას მასწავლებლად აღიქვამდნენ. შეიძლება ითქვა, კიშომარუ ახალგაზრდების კუმირი იყო. მათი წყალობით ის ახალი ეკლესიის კუმირიც, დოშუც გახდა. ამ პოსტზე მან იგივე გააკეთა აიკიდოსთვის, რაც წმინდა პავლემ ქრისტიანობისთვის: მიითვისა ის მესიჯი,რომელიც მას არ ეკუთვნოდა, შეცვალა ინტერპრეტაცია, უზრუვნელყო მთელ მსოფლიოში გავრცელება და ამისთვის საერთაშორისო ორგანიზაციის ლოჯისტიკური სახსრები გამოიყენა, რასაც ფუძემდებელი ვერ იზამდა და, დაბეჯითებით შეიძლება ითქვას, ვერც კი მოისაზრებდა.

მე მუხლს არ ვიდრეკ კერპების წინაშე, მაგრამ პატივს ვცემ ადამიანებს და კიშომარუ უეშიბას მიმართ, ვისთან ერთადაც არაერთხელ ვმჯდარვარ სუფრასთან, ძალიან დიდი პატივისცემით ვარ განმსჭვალული. რაც ამ ადამიანმა გააკეთა ცხოვრების მანძილზე, პატივისცემას იმსახურებს: მან მთელი პლანეტის მასშტაბით გაშალა იდუმალებით მოცული, ელიტარული ხელოვნება, რომელიც რამდენიმე წლით ადრე იაპონიის არისტოკრატულ წრეებში დაიბადა. ქედს ვიხრი მის წინაშე! ეს უნდა გაკეთებულიყო! და თუკი მამამ შექმნა აიკიდო, უდაოდ შვილმა გააცნო ის ქვეყნეირებას. ის რომ არა, მე, ვინც ახალ ალას ვწერ, განა ოდესმე მეღირსებოდა შიჰო ნაგეს გაკეთება?

ისევე, როგორც პავლეს მიერ გაკვავლულ გზაზე ჭეშმარიტი ქრისტესმიერი გაქანების ინსტრუმენტალიზაციით ეკლესიამ დროებითი ხელისუფლება შექმნა, კიშომარუმ თავის მხრივ Aikikai World Headquarters დააარსა, რასაც მამამისის მიერ შექმნილ აიკიდოსთან მხოლოდ გარეგანი მსგავსება აკავშირებდა. მინდა, რომ სწორად გამიგონ აქ: ეს უთუოდ აუცილებელი იყო. როგორც ჩანს, სხვაგვარად არც შეიძლებოდა. იმისათვის, რომ ტრანსმისია (გადაცემა) მომხდარიყო, ო-სენსეის აიკიდო უნდა მოდიფიცირებულიყო, ტრანსფორმირებულიყო და დეფორმირებულიყო. ვერაფერს ვერ იტყვი. ყველაფერი ასეა.

დოშუმ თავისი მისია უზადოდ შეასრულა. ყველაფერი თავის ადგილასაა. საიტო სენსეი თავის ადგილას იყო და ტრადიციას იცავდა. მე ჩემს ადგილასა ვარ და ვცდილობ, გავაუმჯოვესო ის, რისი გაუმჯობესებაც შეიძლება. ამაო და უაზრო ნათქვამი არ გახლავთ, ჰარმონია საპირისპიროთა წონასწორობააო. გზა, რომლითაც ხორციელდება ის, რაც უნდა განხორციელდეს, გაუთვალისწინებელია, მაგრამ მომხდარის მერე უკვე გასაგებიც ხდება.

ამასობაში კი კიშომარუ უეშიბა მსოფიო აიკიდოს სახე გახდა ნაცვლად იმისა, ვისაც სინამდვილეში ეკუთვნოდა ეს ყურადღება: მამამისისა, მორიჰეისი. ცხადია, პლანეტის ყველა დოჯოს კედლებზე დიდი მოწიწებით დაკიდეს ო-სენსეის ფოტო, შემდეგ კი მშვიდად და წყნარად ასწავლეს ამ დოჯოებში ის აიკიდო, რომელიც მისი საკუთარი კი არა, მისი ვაჟისა იყო.

ღირებულებათა ასეთი დამახინჯების დროს, როდესაც ყველა თავდაყირა დააბიჯებს, იმას, ვინც ფეხებით დადის, გიჟად აღიქვამენ. და მაშინ მათ სხვა რესურსი აღარ რჩებათ, ან უნდა დადუმდნენ, ან იატაკქვეშეთში წავიდნენ. მხოლოდ იქიდან შეუძლიათ მათ მოქმედება და იქ მომავლის მარცვლები ჩათესონ. სწორედ მიწისქვეშეთში იქმნება და მუშავდება მომავლის ღირებულებები, ღირებულებები,რომელბიც ამ ცხოვრების ბორბალს ატრიალებს.

როდესაც TAI-ს საიტის ამ ახალ რუბრუკაზე „გავრცელებული შეცდომები“ ვმუშაობდი, ნათლად გამოჩნდა, რომ იმ შეცდომების უმრავლესობას, რომელიც დღეს აიკიდოს სახელით ისწავლება, საერთო წარმოშობა აქვს. ჰოდა მეც ამ ერთ წყაროზე ვკონცენტრირდი.

ჩემზე იტყვიან, ამათ თავი დაუკარგავსო… არა, მე ის ვიპოვე. და სწორედ ესაა ჩემი ფარი. რადგან ამ თავმა შექმნა ყველა ოსტატი, რომლებმაც მერე შექმნეს მასწავლებლები, რომლებმაც თავის მხრივ შექმნეს მოწაფეები, რომლებიც დღეს ვარჯიშობენ. აზრი არა აქვს მოქმედებას, თუ მიზეზებს არ შეუტევ. ესაა რაციონალური მეთოდი. მართალია, ცოტა დიპლომატიურობა აკლია ამ მეთოდს. არც ყველაზე ნაკლებად სახიფათო მეთოდია. მაგრამ დრო აღარ ითმენს. მე რომ იაპონელი ვიყო, ჩემი კულტურა დამავალდებულებდა ან ქედი მომეხარა, ან სეპუკუ გამეკეთებინა. მიშიმამ ტელევიზიის პირადპირ ეთერში გადაიხსნა მუცელი, რომ იაპონიისთვის წესრიგი და ტრადიციული ღირებულებები შეეხსენებინა. ეს რადიკალური საშუალებაა, აიძულო სხვა, დაფიქრდეს. მე ამ მიზნის მიღწევას არგუმენტების მოშველიებით ვეცდები. მაგრამ ამას ვიზამ პატიოსნად და შეულამაზებლად, იმ ჩემი ადგილიდან, რომელიც იატაკიქვეშეთში მეკუთვნის, და გავიმეორებ ძველ დასავლურ გამონათქვამს: „გააკეთე, რაც გევალება და რაც მოხდება, მოხდება“.

ფილიპ ვოარინო, 2006 წლის 7 ოქტომბერი

(1) კიოტოს შეთანხმება – ეს არის საერთაშორისო ხელშეკრულება, რომელიც მიზნად გამონაბოლქვისა და სათბურის ეფექტის შემქმნელი გაზების გაშვების შემცირებას ითვალისწინებდა და რომელსაც ხელი 1997 წლის 11 დეკემბერს მოეწერა კიოტოში, იაპონიაში.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/iatakkvesha-aikido?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)