ღია წერილი ბატონ რესპუბლიკის პრეზიდენტს

ბრძოლაში ყველანაირი ხრიკი დასაშვებია ერთადერთი მიზნის მისაღწევად: გამარჯვებისთვის.

აი, რას გვიხსნის რუსეთის პრემიერ მინისტრი ერთ-ერთ DVD-ში სახელად „შეისწავლეთ ძიუდო ვლადიმირ პუტინთან ერთად“. მან „ფიგაროსთან“ ერთ-ერთი საუბრის დროს ასევე განაცხადა, საფრანგეთის პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი საბრძოლო ხელოვნებებითაა დაინტერესებული და ჩემთან უნდა ვარჯიშის დაწყებაო.

კრომანიონელიდან მოყოლებული ადამიანი გადარჩენისა და იმ უპირატესობისთვის იბრძვის, რომელიც სხვაზე გამარჯვებას ახლავს ხოლმე თან მეტ-ნაკლებად. მაგრამ ჩვენს სამყაროში ყველაფერი დაკავშირებულია ერთმანეთთან, არ არსებობს გამარჯვება დამარცხების გარეშე. ვატერლოოდან ტრაფალგარამდე, პიერ დაკისგან ვიცით, რომ ერთთა გამარჯვება მეორეთა დამარცხებას ნიშნავს.

ამართლებს ბატონი პუტინის გონებაში ამ ტიპის გამარჯვება იმ აზრს, რომ ყველანაირი ხრიკი დასაშვებია?

ის განათლება, რომელიც მე აიკიდოს სწავლისას მივიღე, ბატონო პრეზიდენტო, მაფიქრებინებს, რომ თქვენ ცოტათი უნდა დაფიქრდეთ იმ იდეების თაობაზე, რომლებიც რუსეთის პრემიერ მინისტრის ამ სიტყვების მიღმა იმალება, ვიდრე მისგან ძიუდოს გაკვეთილებს მიიღებდეთ, თუკი მართლა გაქვთ ასეთი განზრახვა.

ძალიან ზედაპირულია ის აზრი, რომ ჭეშმარიტი მებრძოლი თავის თავს თითქოს იმით ზომავდეს, თუ როგორ შეუძლია მოწინააღმდეგის სხეულს გადაუაროს. რაც მას ახასიათებს, უფრო მოულოდნელია, მკაფიო და გამოცდილებით შეძენილი ცოდნაა, რომ კონფლიქტის არსს, რა უპირატესობებიც არ უნდა მოგცეს ადამიანს აქა-იქ, გამოსავალი მაინც არა აქვს სამყაროს ბუნებრივ წესრიგში. და სწორედ გონებათა გასახსნელად იყენებდა აიკიდოს შემქმნელი ომის ხელოვნებასთან დაკავშირებით ესოდენ პარადოქსულად შემდეგ ფორმულირებას: „თქვენ იმ მომენტში დამარცხდით, როდესაც განიზრახეთ, ჩემთვის შეგეტიათო.“

მართლაც, სხვაზე გამარჯვების სათუოობა, განსხვავებით იმისაგან, რაც ყველაზე ცხადად ჰგონიათ ხოლმე, მხოლოდ და მხოლოდ იმაში მდგომარეობს, რომ ამ უკანასკნელს სურს სხვაზე უფრო ძლიერი ან უფრო მზაკვარი გამოჩნდეს. რეალურად და სიღრმისეულად, დამარცხება იბადება სიგიჟისგან, რაც სამყაროს კანონების უგულებელყოფით მოქმედებაში მდგომარეობს.

თუ მინდა, რომ მეტოქე ხმლის დაკვრით შუაზე გავაპო, ამისათვის, ვიდრე ქვევით მისკენ დავუშვებდე, ჯერ ზევით უნდა ავწიო ხმლის ალესილი პირი. ეს წამი ჩემი განზრახვისთვის და მოქმედებისთვის აუცილებელია. და სწორედ ეს შეიძლება დამიჯდეს სიცოცხლის ფასად, თუკი პირისპირ ისეთი მებრძოლი მიდგას, ვისაც სამყაროს კანონების შეცნობა და მათი დაცვა შეუძლია. რადგან სწორედ ამ წამს, რაგინდ ეფემერულად ჩანდეს ეს, მე სრულიად მოწყვლადი ვარ.

დაუცველობის ამ მომენტს არ უნდა მივაბათ რამე მორალური ღირებულება. აზრი არა აქვს, ვლადიმირ პუტინის პრაგმატიზმს რამე ეთიკური არგუმენტი დავუპირისპიროთ. მაგრამ უნდა გავიგოთ, რომ შეუძლებელია მოწყვლადობის ამ წამის გაქრობა დარტყმებით ან მსგავსი რამეებით, როგორც ამას ბ-ნი პუტინი ფიქრობს. იმიტომ, რომ პრობლემა ინდივიდთა კომპეტენციას ან ნიჭს არ უკავშირდება, ის თავად სისტემის კოჰერენტულობიდან და ჩვენი სამყაროს შინაგანი ლოგიკიდან გამოდის.

ვისაც არ ძალუძს თავისი გონება ამგვარ ხედვას გაუღოს, ის ვერც ერთადერთ და ღირებულ, ანუ აბსოლუტურ გამარჯვებას მიაღწევს. რადგან საშუალება, იყო მუდამ გამარჯვებული სინამდვილეში არსებობს. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნება არ უნდა დავამცროთ ბრძოლის მეტ-ნაკლებად რთულ და დახვეწილ ტექნიკამდე. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნება გონებას სხეულიდან და მათი ერთიანობიდან გვაპოვნინებს, და ადამიანს ზრდის მანამ, სანამ არ მიახვედრებს, რა უნდა იყოს გამარჯვების ერთადერთი და ღირსეული მისწრაფება.

ეს მისწრაფება, ბატონო პრეზიდენტო, და ეს მიზანი, ვშიშობ, ძალიან შორსაა ბატონი პუტინის ძიუდოს მეთოდში წარმოდგენილი მიზნებისაგან.

ფილიპ ვოარინო, ბუა ლე ვანი, 2008 წლის 11 ნოემბერი

ბორის სვ-ს ფოტო ლიცენზიით CC-BY-NC-ND

კომენტარები

დიდებულია, რომ სტატიის ავტორმა ქვეყნის მეთაურს თავისი ხედვა საბრძოლო ხელოვნებისა გააცნო - მან თავისი ვალი მოიხადა ისეთი მოქალაქის წინაშე, როგორიც ქვეყნის პრეზიდენტია. აი, თავად ადრესატი კი როგორ მიიღებს ამ მოწოდებას, ეს მხოლოდ პირადად მისი გონების და სურვილის საქმეა. აქ, ვფიქრობ უადგილო არ იქნებოდა უდიდესი ბრძენი ლაო ძის გამონათქვამების მოყვანა - ჭეშმარიტი სიტყვა არ არის ლამაზი, ლამაზი სიტყვა არ არის ჭეშმარიტი; უდიდესი მრუდი სწორს ჰგავს, უდიდესი სიცრუე სწორს ჰგავს. თუ დავუშვებთ, რომ კეთილმყოფელი სული უკვდავია, მაშინ აიკიდოში განვითარება ღრმა მოხუცებულობაშიც დროულია და უბრალოდ გამომდინარე აიკიდოს ჭეშმარიტობიდან - მისი პრაქტიკა არასდროს არ იქნება მავნე.

აქ წარმოდგენილი ძიუდო ბრძოლა წესების გარეშე უფროა ვიდრე საბრძოლო ხელოვნება, იქაც აქვთ ზოგიერთი მსგავსი ილეთი, ოღონდ დამოკიდებული კუნთის ძალაზე და თავისთავად დასაშვებია ყველანაირი დარტყმა

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/gia-cerili-baton-respublikis-prezidents?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)