ეს ჩვენი ქვეყანაა!

ეს სტატია გამოქვეყნდა ჟურნალის Aikido Journal N°1-ში, 2002 წლის თებერვალში. http://fr.aikidojournal.net/

საფრანგეთის სახელმწიფო არაა კომპეტენტური სპორტის ყველა სახეობის სპეციფიკურ მხარეში. ამიტომაც უნაწილებს თავის ძალაუფლებას სპორტული ფედერაციების თავკაცებს. ამგვარი უფლებამოსილება ყოველ დისციპლინაში თითო ფედერაციას აქვს მინიჭებული.

ფრანგული აიკიდოს მტრულად განწყობილი ორი ფრთის – საფრანგეთის აიკიდოსა და ბუდოს ფედერაციისა (FFAB) და საფრანგეთის აიკიდოს, აიკიბუდოსა და მსგავს დისციპლინათა ფედერაციის (FFAAA) – პასუხისმგებელმა პირებმა იციან, რომ საფრანგეთის აიკიდოს ერთიანი დიდი ფედერაცია ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტროსთვის ერთადერთი პირობაა ძალაუფლების გადასაცემად. სწორედ ამიტომაც, უნდათ თუ არ უნდათ, ოცი წელია, ერთიანობის გზაზე მიაბიჯებენ.

ამ მიზნით FFAB-ის მმართველმა საბჭომ თავი მოუყარა თავის კადრებს 2001 წლის ზამთარში და დებატები მოაწყო აიკიდოს სწავლების ტექნიკური ჰარმონიზაციის შესახებ FFAAA-სთან შერწყმის გათვალისწინებით.

დისკუსიაში სწავლების მეცნიერულად ორგანიზების მეთოდის შემუშავების აუცილებლობა გამოიკვეთა. უნდა შექმნილიყო ერთგვარი პედაგოგიური მოდელი, რომელიც საერთო ყალიბში ჩამოსხმსული სენსეებისაგან მასწავლებელთა ერთგვაროვანი კორპუსის ჩამოყალიბებას მოახერხებდა.

FFAB-ის ერთ-ერთმა დამაარსებელმა ეს მოსაზრებები აიკიდოს ღირებულებებისგან დაშორებულად მიიჩნია და გვერდით მჯდომ ტამურა სენსეის ყურში ჩასჩურჩულა: „ამ ყველაფრისგან, სენსეი, რა დაემართება აიკიდოსო?“

ტამურა სენსეის მზერაში შუქი გამოკრთა და ულმობელი პასუხიც ასე ჩამოიღვენთა: „განა ეს თქვენი ქვეყანა არ არის?!“

ტადაში აბე სენსეი

ცოტა ჩვენს ქვეყანაზეც ვილაპარაკოთ. საფრანგეთი, ისევე როგორც დედა ეკლესიის უფროსი ქალიშვილი, აიკიდოს უფროსი ქალიშვილიცაა. საფრანგეთში დასახლდა აიკიდოს პირველი მასწავლებელი, რომელმაც იაპონიის გარეთ ასწავლა – ტადაში აბე. აიკიდო მან 1942-1952 წლებში იავამაში, ფუძემდებელ ო-სენსეი მორიჰეი უეშიბასთან შეისწავლა.

1952-1960 წლებში საფრანგეთიდან, სადაც ის ცხოვრობდა, ტადაში აბემ შექმნა ევროპული აიკიდოს ბაზები იმ ხანებში, როდესაც ჯერ გაგონილიც კი არავის არაფერი ჰქონდა აიკიდოს შესახებ.

1960 წელს თავისი პიონერის მისია შესრულებულად ჩათვალა და იაპონიაში დაბრუნდა. მაგრამ მისი ხანგრძლივი არყოფნის განმავლობაში აიკიკაი შეცვლილიყო, ტოკიოელი მოწაფეები ფუძემდებლის მიერ გავლებული ხაზიდან კარგა გვერდზე გასულიყვნენ და მათ აიკიდოს უკვე აღარაფერი ჰქონდა საერთო აბე სენსეის მიერ ო-სენსეისგან ნასწავლ აიკიდოსთან.

მაშინ მისთვის მე-7 დანის მისანიჭებლად შეკრებილი აიკიკაის ფონდის თავკაცების წინაშე მან შემდეგი მოულოდნელი და საზეიმო განცხადება წარმოთქვა:

მე უარს ვამბობ ამ ხარისხზე. მე დანებს ფუძემდებლისგან ვიღებ და არა ფონდისგან. აიკიდო, რომელიც მე ო-სენსეისგან ვისწავლე, ბუდო იყო. იაპონიაში დაბრუნების შემდეგ ვამჩნევ, რომ იმას, რაც აქ ისწავლება, საბრძოლო ხელოვნებისა აღარფერი სცხია. მე თქვენთან აღარაფერი მაქვს საერთო. გიბრუნებთ ჩემს მენჯოს – ჩემი ხარისების სერტიფიკატს.

ტადაში აბე არ იყო ჩვეულებრივი ადამიანი. მისი ოჯახი საიმპერატორო კართან იყო დაახლოებული. ის კამიკაძედ მსახურობდა იაპონიის საზღვაო ფლოტში, წყალქვეშა გემ-ყუმბარას მართავდა მისიით – ამერიკელთა გემებს დასჯახებოდა – და მხოლოდ იმიტომ გადარჩა ცოცხალი, რომ ომის დასასრულმა მოუსწრო. მის მორალურ და ტექნიკურ ავტორიტეტში ეჭვის შეტანას ვერავინ ბედავდა, მას ყველა პატივს სცემდა მისი ნამოქმედარის, სიმამაცისა და იმ მაღალი აზრის გამო, რომელიც მას ჰქონდა აიკიდოს შესახებ.

ჰოდა, როდესაც აიკიკაის იერარქიაში ასეთი წონის და მნიშვნელობის ადამიანი უარს ამბობს თავის ხარისხებზე, აუცილებლად უნდა დაუფიქრდეს კაცი ამ მოვლენას და ეს უბრალო სასაცილო ამბად არ უნდა აქციოს. რადგან იაპონიის საზოგადოების ქცევის წესები ომისშემდგომ პერიოდში ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი იყო. საკუთარ სახლზე და საკუთარ ოჯახზე უარის თქმა უკიდურესი სიმძიმის აქტია, რასაც იაპონური არისტოკრატიის წარმომადგენელი არასდროს იზამდა ძალიან სერიოზული მოტივის გარეშე.

აიკიკაის გაკიცხვით ტადაში აბემ მესიჯი გასცა. და ეს მესიჯი ჩვენ უნდა წავიკითხოთ: უკვე სამოციანი წლების აიკიკაი აღარ იყო – არც ტექნიკურად და არც სულიერად – ჭეშმარიტი აიკიდო. აბა ასეთ შემთხვევაში როგორ მოახერხა იმხანად უკვე დაღმავლობის გზაზე დამდგარმა აიკიკაიმ დღევანდლამდე მსოფლიო აიკიდოში უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური როლის შესრულება? პასუხი ნაწილობრივ იაპონური დიპლომატიის სიმარჯვეში, ნაწილობრივ კი ფრანგულ გულუბრყვილობაში უნდა ვეძიოთ. მართლაც, ისე მოხდა, რომ საფრანგეთი შესანიშნავი ნიადაგი და ასპარეზი აღმოჩნდა ამ დიპლომატიისთვის. პირველ რიგში იმიტომ, რომ მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანი ვარჯიშობს აიკიდოს საფრანგეთში და თვით იაპონიასაც კი უსწრებს ამაში. მეორე მხრივ, საფრანგეთში არსებულმა ძალიან ძლიერმა ასოციაციურმა ტრადიციამ აიკიკაის უმთავრესი როლი მიანიჭა მსოფლიოში აიკიდოს გავრცელებისა და დამკვირდების საქმეში.


ტადაში აბე სენსეი

ევროპის აიკიდოს ფედერაცია

ყოველი ქვეყანა, ბუნებრივია, საკუთარ ორგანიზაციებს ავითარებს, მაგრამ აიკიდოს ყველა საერთაშორისო ორგანიზაციის განვითარების სათავეებთან საფრანგეთი დგას. ეს უკანასკნელნი საფრანგეთიდან და საფრანგეთის გავლით დაარსდა და ამუშავდა.

1960 წელს ნიცაში დაარსდა ევროპული აიკიდოს კულტურული ასოციაცია (ACEA). მისი პრეზიდენტი, რენე რობინე, ანტიბელი იყო. ეს სულ მთლად პირველი საერთაშორისო ასოციაცია აიკიდოს განვითარების ღრმად ევროპულ კონცეფციას წარმოგვიჩენს, რომელიც, მაასტრიხტის ხელშეკრულებამდე ოცდათხუთმეტი წლით ადრე, ევროპელ მოვარჯიშეებს აერთიანებდა.

ბელგიელებმა ACBA-თი, შვეიცარიელებმა ACSA-თი, ლუქსემბურგელებმა ACLA-თი, მაროკოელებმა ACMA-თი და ფრანგებმა ACFA-თი აიკიდოს პირველი ნამდვილი საერთაშორისო ორგანიზაცია შექმნეს.

აიკიკაიმ 1962 წლის 5 ოქტომბერს აქტით ცნო ACEA , 1973 წლის 23 აგვისტოს ოფიციალურად დაადასტურა ევროპაში აიკიდოს განვითარებაზე პასუხისმგებელ ერთადერთ ცენტრალურ ორგანიზაციად. აიკიკაიმ კონვენციაზე ხელმოწერით გაუკეთა რატიფიცირება ამ ექსკლუზიურ აღიარებას. ეს კონვენცია შედგენილია იაპონურ და ფრანგულ ენებზე და 1973 წლის 14 სექტემბრიდან ოფიციალურად დამტკიცებული და რეგისტრირებული აქტის სახით ინახება პარიზში იაპონიის საელჩოში. 1977 წლის 23 მარტს საფრანგეთის რესპუბლიკის ოფიციალურ ჟურნალში გატარებული შესწორებით ACEA-მ შეიცვალა სახელი და მას ევროპის აიკიდოს ფედერაცია ეწოდა (FEA).

ACEA-ს წიაღში ან მასთან კავშირში გატარებულმა წლებმა აიკიდოს დამკვიდრებისა და განვითარების საქმეში ევროპის მმართველთა შორის მეგობრული კავშირები გაამყარა. ამ მეგობრობამ კონკრეტული სახე მადრიდში 1975 წლის 2 ნოემბერს აიკიდოს საერთაშორისო ფედერაციის (Fédération Internationale d'Aikido - FIA) დაარსებით მიიღო.

აქედან გამომდინარე, FIA ACEA-ს ბუნებრივ გაგრძელებად უნდა ჩაითვალოს. არსებობს კიდეც ამ ნათესაობის კარგი ინდიკატორი – მისი პირველი თავმჯდომარე, ისევე როგორც ACEA-სი, ფრანგი იყო: გი ბონფონი.

საერთაშორისო არენაზე საფრანგეთის უზენაესობის ამ კონტექსტში ერთ სიმბოლურ მოვლენას მოჰყვა დიდი შედეგი: 1980 წელს FIA-ს მესამე კონგრესი პარიზში ჩატარდა. მასში მონაწილე ევროპელმა მასწავლებლებმა და მოვარჯიშეებმა თავიანთი გაწეული სამუშაოს დადებითი მხარეები და თავიანთი ორგანიზაციების ეფექტურობა წარმოაჩინეს.

ეს ყველაფერი კი იმით დასრულდა, რომ დოშუ და იაპონური დელეგაცია დარწმუნდნენ, რომ აიკიკაი მართლა კარგავდა თავის წონასა და გავლენას საერთაშორისო ასპარეზზე.

საერთაშორისო აიკიდო

1984 წელს გამოსულ თავის წიგნში „აიკიდოს სული“ კიშმარუ უეშიბა, გზის მცველი და აიკიკაის უზენაესი ფიგურა სრულად მოიხმობს ერთ-ერთ სტატიას იაპონური გაზეთ „ნიჰონ კეიზაი შიმბუნის“ 1980 წლის 30 სექტემბრის ნომრიდან. ჟურნალისტი სიხარულს გამოხატავს პარიზში ჩატარებული FIA-ს მე-3 კონგრესის გამო, რადგან დასძენს – ეს ხომ ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ იაპონური ბუდო ძალიან პოპულარული გახდაო.

მაგრამ დოშუს სიტყვებით, ეს განსაკუთრებულად გონებაგამჭრიახი ჟურნალისტი სტატიას შემდეგი გაფრთხილებით ამთავრებს:

და მაინც, იაპონელებს უნდა ახსოვდეთ, რომ დიდ აღმასვლას დიდი დაღმასვლა მოჰყვება ხოლმე.

კიშომარუ უეშიბა აშკარად გააოცა ამ სტატიამ, რომელსაც გრძელ კომენტარს უკეთებს, თითქოს ჟურნალისტის ეს სიტყვები მისი საკუთარი წუხილის გამოძახილი ყოფილიყოს. ის წერს:

თავს მოვალედ მივიჩნევ ტრადიციული იაპონური საბრძოლო ხელოვნებების დასავლეთში განვითარების საქმეში წვლილი შევიტანო (…)ხელოვნების ცენტრი მალე გადავა იმ ქვეყნებში, რომლებიც ფიზიკურად ძლიერ და ტექნიკურად ბრწყინვალე პრეტენდენტებს აყალიბებენ და მე არა მგონია, რომ ეს ინტერნაციონალიზაციის გარდაუვალი საპირწონე იყოს.

ვისაც კითხვა შეუძლია, იმას არც ეჭვი შეეპარება, რომ 80-იანი წლების დასაწყისში აიკიკაის გაუჩნდა შეგრძნება, რომ იგი კონტროლს კარგავდა საერთაშორისო აიკიდოზე.

და თუ ამას დადასტურება სჭირდება, ამას ამერიკაში აიკიკაის ოფიციალური წარმომადგენლის, იამადა სენსეის არაორაზროვან სიტყვებში იპოვით. 1982 წელს პარიზში ფრანგული ჟურნალ ბუშიდოს შეკითხვაზე:

  • ფიქრობთ, რომ აიკიკაის ეშინია იმ წონისა, რომელიც აიკიდომ შეიძინა საზღვარგარეთ?

იამადა სენსეი მკაფიოდ პასუხობს:

  • დიახ, მე ვფიქრობ, რომ აიკიკაის ეშინია იმ წონისა, რომელიც აიკიდომ შეიძინა საზღვარგარეთ.

აიკიკაის შორსმჭვრეტელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი მიხვდა – საერთაშორისო ასპარეზზე მისი პოლიტიკური დეკადენსი ფრანგული აიკიდოს გაძლიერებამ გამოიწვია, რომლის გავლენაც კიდევ უფრო გაიზარდა, როცა შიდა, ეროვნულ ასპარეზზეც მოახერხა გაერთიანება.

1973 წლის ოქტომბერში ფრანგული აიკიდოს სამი მთავარი ჯგუფის წარმომადგენლებმა (ტამურამ ACFA-დან, ნოკემ CAT-ის სახელით და მოშიძუკიმ იოსეიკანის სახელით) მართლაც მოაწერეს ხელი შეთანხმებას საფრანგეთში აიკიდოს სწავლების საერთო მეთოდის შემუშავებაზე და ამას ნაციონალურ მეთოდი დაერქმეოდა.

სხვადასხვა მიმდინარეობათა ეს გაერთიანება 1977 წელს აიკიდოს ეროვნული კავშირის (UNA) შექმნით დასრულდა და ფრანგული აიკიდო უკვე ლეგალურად გაერთიანდა.

თუმცა UNA საფრანგეთის ძიუდოსა და მსგავს დისციპლინათა ფედერაციის (FFJDA) წევრად რჩება, როგორც ეს აიკიდოს საფრანგეთში მოსვლის დღიდან მოყოლებული და მთელი მისი განვითარების მანძილზე იყო.

ფრანგული აიკიდოს დაყოფა

1981 წელს, პარიზში ჩატარებული FIA-ს მე-3 კონგრესის მომდევნო წელს, ტამურან, რომელიც ამასობაში UNA-ს ერთ-ერთი თავკაცი გახდა, ძიუდოს ზედამხედველობა მეტისმეტად სამძიმოდ მიიჩნია და რეგიონთა თავკაცებს დაეკითხა: „FFJDA რომ დავტოვო, გამომყვებითო?“

ენთუზიაზმი ერთსულოვანი იყო და გადაწყვეტილებაც მიიღეს. დაარსდა საფრანგეთის აიკიდოსა და ბუდოს თავისუფალი ფედერაცია (Fédération Française Libre d'Aikido et de Budo - FFLAB). აიკიდო დამოუკიდებელი გახდა.

მაგრამ უეცრად, ისე რომ ამის მოლოდინის არავითარი საფუძველი არ არსებობდა, აიკიდოს კლუბების დაახლოებით ნახევარი უკან დგამს ნაბიჯს და ამით FFJDA-სადმი ერთგულებას გამოხატავს.

ეს ლოიალურობა ეფემერული აღმოჩნდა, რადგანაც ამ ერთგულმა კლუბებმა რამდენიმე თვის თავზე და სრულიად უდრტვინველად დატოვეს FFJDA და საფრანგეთის აიკიდოს, აიკიბუდოსა და ასოცირებულ დისციპლინათა ფედერაცია (Fédération Française d'Aïkido, Aikibudo et Affinitaires - FFAAA) დააარსეს.

1982 წელს სქიზმა გარდაუვალი აღმოჩნდა. ფრანგული აიკიდოს გაყოფა ოფიციალურად გაფორმდა.

და აიკიკაი ერთი შეხედვით უცნაურ პოზუციას იკავებს. ტამურა სენსეი მსოფლიო აიკიდოს ფიგურაა, აღიარებული ავტორიტეტის პატრონი ყველა ქვეყანაში, განსაკუთრებით კი აიკიკაის ოსტატთა ძალიან ჩაკეტილი და ძალიან გავლენიანი გაერთიანების, შიჰანკაისერთ-ერთი წარჩინებული წევრია. ყველანაირი ლოგიკით მოსალოდნელი იყო, რომ FFLAB -ს, რომლის ეროვნული ტექნიკური მრჩეველიც ის იყო, აიკიკაის ოფიციალური აღიარება მიეღო.

საპირისპირო კი მოხდა: აიკიკაიმ უარი თქვა FFLAB-ის აღიარებაზე და ოფიციალურად განაცხადა, რომ საფრანგეთის მიწა-წყალზე ერთადერთს, ვისაც დაელაპარაკებოდა, FFAAA იყო.

სინამდვილეში პარადოქსი მხოლოდ და მხოლოდ მოჩვენებითია. დიპლომატიურ წესში - „დაყავი და იბატონე“, მხოლოდ დაყოფა არ კმარა. მთავარ მოქმედ პირთა ძალებიც უნდა გააწონასწორო. ესაა აუცილებელი პირობა, რომ მათმა მოქმედებებმა ერთმანეთი გაანეიტრალოს.

ცხადია, იაპონელის თვალში FFLAB, რომელსაც ტამურა სენსეი უძღვებოდა, საკმარისად ძლიერი იყო საიმისოდ, რომ FFJDA-სგან დამოუკიდებლად გაეძლო და ეარსება. სამაგიეროდ ვერც FFAAA რჩებოდა გამარჯვებული, რომელსაც თავის რიგებში არ ჰყავდა ასეთი ქარიზმატული ფიგურა.

მაშ, ლოგიკურია, რომ აიკიკაი ამ ორ ფედერაციათაგან უფრო სუსტს, FFAAA-ს მიემხრო და დრო მოაგებინა, რომ ამ უკანასკნელს ფესვები გაემაგრებინა ფრანგულ მიწაში.

ამ მხარდაჭერის მაგალითი ტამურა სენსეისთვის საფრანგეთის მიწაზე აიკიკაის ხარისხების გაცემის მონოპოლიის გაუქმება იყო. კრისტიან ტისიემ FFAAA-დან იგივე პრივილეგია მოიპოვა. ფედერაციებს შორის განსხვავება პრესტიჟულობის თვალსაზრისით ასევე გააქრეს. მათი პრეროგატივები და შანსები ამიერიდან გათანაბრებული იყო.

თუ გათვლა ასეთი იყო, შედეგიც შესაბამისი გამოიღო. რადგან ფრანგული სიცუდე მაშინვე მთელ მსოფლიოს მოედო. ფრანგული აიკიდოს დაყოფა-დანაწევრებამ გაუგებრობები გამოიწვია და დააავადა საერთაშორისო ორგანიზაციები.

80-იანი წლების დასაწყისში ციურიხის კონგრესის დროს საფრანგეთის წარმომადგენლობის გაყოფამ ევროპის აიკიდოს ფედერაციის მთავარი კომიტეტის გახლეჩა გამოიწვია, რადგანაც FFAB მხარს უჭერდა ბ-ნი ანდრე გონზის თავმჯდომარეობას, FFAAA-ს ჯგუფი კი ბ-ნი ჯორჯიო ვენერისას. ისე მოხდა, რომ FEA-ს ახლა ორი თავი აქვს და ასეც მოიხსენიებენ „ორი FEA“-ო, გეგონება, ევროპის ორი ფედერაცია არსებობდესო.

ამგვარად, FEA-ს წონა აიკიდოს სამყაროში ძალიან შემცირდა და თითქმის სრულიად უმნიშვნელო გახდა. ყოველ შემთხვევაში აიკიკაის ვეღარაფერი შეუშლიდა ხელს.

ამავე დროს – საოცნებო დამთხვევა აიკიკაის ინტერესებისთვის – იგივე ჯორჯიო ვენერი, რომელიც კვლავაც FFAAA-ს თავმჯდომარეობდა, აიკიდოს საერთაშორისო ფედერაციასაც (Fédération Internationale d'Aïkido - FIA). ჩაუდგა სათავეში. უცნაურია და სწორედ იმ ხანად შეერწყა ერთმანეთს FIA-სა და აიკიკაის ხაზინები და იაპონია იქცა მთავარ ქვეყნად FIA-ს კონგრესების მოწყობის საქმეში.

ამ „დაახლოებას“ შედეგად ის მოჰყვა, რომ დღეს FIA-სა და აიკიკაის ინტერესები ისე გადაიხლართა ერთმანეთში, რომ აღარავინ განასხვავებს უკვე ამ ორ ორგანიზაციას. FIA დე ფაქტო ჰომბუ დოჯოს სახედ საზღვარგარეთ და აიკიკაის საერთაშორისო მორალურ განსახიერებად იქცა. ხოლო FFAAA-ს პასუხისმგებელი პირები კიდევ უფრო ღრმად არჭობენ ლურსმანს, როდესაც სერიოზულად აცხადებენ, FIA

... აიკიკაის ჰომბუ დოჯომ დააარსაო - კრისტიან ტისიე, Aikido Today Magazine, n°43.

ფრანგული აიკიდოს დესტაბილიზაციითა და დასუსტებით აიკიკაიმ როგორც იქნა დაიბრუნა კონტროლი მსოფლიო აიკიდოზე. განა ასეთი დიპლომატიური წარმატება შესაძლებელი გახდებოდა საფრანგეთის წარმომადგენელთა აქტიური დახმარების გარეშე?

წავიკითხოთ იმავე კრისტიან ტისიეს სიტყვები ჟურნალ „Arts et Combats“-ის 26-ე ნომერში:

ჩემი ფედერაციისთვის (FFAAA) მე აიკიკაის ისეთივე წარმომადგენელი ვარ საფრანგეთში, როგორიც ტამურა სენსეია თავისი ფედერაციისთვის (FFAB).

ყველა წარმომადგენელი, ყველა ელჩი იმის ინტერესებს იცავს, ვინც მისიას ანიჭებს მას. და უნდა ითქვას, რომ ტამურა სენსეის უეცარი სურვილი, დაეტოვებინა FFJDA 1981 წელს, იქცა უაღრესად ხელსაყრელ მოვლენად ფრანგული აიკიდოს დასანაწევრებლად აიკიკაის ინტერესებისათვის უაღრესად სასურველ მომენტში.

რასაკვირველია, მომავალი FFAAA -ს მომავალი კადრები ალბათ არ უყურებდნენ ცუდი თვალით შესაძლებლობას, რომელიც ამგვარად მიეცათ წელში გასამართავად და ტამურა სენსეის ჩრდილიდან გამოსასვლელად. და მათი ეს სწრაფი მანევრი, მაშინ, როცა ისინი მზად იყვნენ ტამურა სენსეისთან ერთად FFJDA დაეტოვებინათ, შორს არ დგას ამ მოსაზრებებიდან.

მაგრამ თუკი შემთხვევით აიკიკაი FFAAA-ს დაუჭერდა ოფიციალურად მხარს FFLAB-ის საზიანოდ, განა ზემოხსენებული კადრების კრიტიკა დიდად წაქეზებული და გახშირებული არ იქნებოდა?

უნდა გამოვხატოთ კი FFAAA-ს ამჟამინდელ პრეზიდენტთან, მაქსიმ დელამთან ერთად ჩვენი, „სიყვარული და ერთგულება აიკიკაის მიმართ“ (Akido Magazine, 2001 წლის ნოემბერი)?

ისე კი უნდა ითქვას, რომ წინამორბედი სცენარი უკეთ ვერ იმუშავებდა, რომ ეთანამშრომლა და ერთად მოეფიქრებინა, ერთად უზრუნველეყო და ერთად აემუშავებინა საფრანგეთში აიკიკაის ორივე წარმომადგენელს, თუნდაც ეს თვით აიკიკაის წაქეზებით მომხდარიყო.

წერტილი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის

რაც არ უნდა იყოს, აიკიკაის საფრანგეთის მიმართ ძალიან ადრევე დაეწყო ქიშპობის სურვილი. ამ გრძნობის წარმოშობა უთუოდ ACEA -ს დაარსებას უკავშირდება.

მართლაც, იაპონია მხოლოდ და მხოლოდ უნდობლობით შეიძლებოდა მოჰკიდებოდა იმას, რასაც არ იცნობდა და ვერ იმორჩილებდა. და ეს დემოკრატიული, ასოციაციური და არამომგებიანმიზნებიანი სტრუქტურა, რასაკვირველია, სრულიად უცხო იყო იერარქიასა და ხეირზე დაფუძნებული იაპონური სისტემისათვის. სიმართლე ითქვას, ACEA-ს მიზნები, ორგანიზაციული მოწყობა და მუშაობის ყაიდა ნამდვილი გამოცანა უნდა ყოფილიყო იაპონური აზროვნებისათვის, როდესაც აიკიკაიმ ეს ორგანიზაცია აღიარა 1962 წელს.

განა მხოლოდ დამთხვევა უნდა დავინახოთ იმ ფაქტში, რომ ტამურა სენსეი 1963 წელს საფრნგეთში საქორწინო მოგზაურობით ჩავიდა? მაგრამ აიკიკაიმ დაავალა, ესარგებლა ამ შემთხვევით და შექმნილი გარემოებით და შეესწავლა აიკიდოს ევროპული ორგანიზაციების მუშაობის ყაიდა და ამის შესახებ ინფორმაცია იაპონიაში გაეგზავნა.

ასევე განა FFAB-ის დიდი მოუხერხებლობა არ გამოსჭვივის იქიდან, რომ აიკიდოს ეროვნული სკოლის (Ecole Nationale d'Aikido - ENA) დასაარსებლად პროვანსის ერთი შორეული და ძნელად მისადგომი სოფელი აირჩიეს.

წყალი არ გაუვა, რომ ENA-ს ვერასდროს ვერ ეწევა ის ბედი, რომელიც შეიძლებოდა სწეოდა, თუკი ის სადმე უფრო სტრატეგიულ ადგილას დაფუძნდებოდა საფრანგეთის მიწაზე. აიკიკაის მესვეურთ მშვიდად შეუძლიათ იძინონ, ENA ვერასდროს მოუყრის თავს იმ აუცილებელ ძალებს, რომლებიც ფრანგული აიკიდოს გაერთიანებას სჭირდება, რაც, თავისთავად ასე ძლიერ აწუხებდათ ამ მესვეურთ.

მაგრამ ბედმა ძალიან გაუღიმა ტამურა სენსეის, რომ ეს პატარა სოფელი სულ რამდენიმე კილომეტრში იყო მისი სახლიდან.

თქვენ მართალი ბრძანდებით, ტამურა სენსეი, ეს ჩვენი ქვეყანაა. ამას რომ ამბობთ, უთუოდ იმას გულისხმობთ, რომ ეს თქვენი ქვეყანა არ არის. ეს ქვეყანა ხანდახან ძალიან ბრმაა. და მთელი ისტორია ასე რომ წარმართულიყო, ჩვენი ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრო ოცი წლის მანძილზე დაღვრიდა ოფლს და სისხლს იმის აღდგენაში, რაც გააზრებულად განადგურდა უცხოეთიდან წარმართული და ადგილობრივი მესვეურებისაგან ხელშეწყობილი პოლიტიკური ანგარებითა და დიპლომატიური მოქმედებებით.

მაგრამ უფრო მნიშვნელოვანი ისაა, რომ ამგვარი მოქმედებით მსოფლიო აიკიდოს ბედი იმათ ხელში აღმოჩნდებოდა, ვინც დღეს შესაძლოა ყველაზე ნაკლებად კვალიფიციურნი არიან ო-სენსეის ტაკემუსუ აიკის მაღალი იდეალების წარმართვის საქმეში.

ვაგლახ, ამიერიდან ვეღარ შევძლებ დღეს გარდაცვლილ თქვენს მასწავლებელს, დოშუ კიშომარუ უეშიბას მივმართო. მაგრამ რაკი თქვენ, ტამურა სენსეი, ყოველ ეჭვს გარეშეა, მისი ერთ-ერთი საუკეთესო მოწაფე ბრძანდებით, მიიღეთ, თუ შეიძლება, მისი სახელით შემდეგი სიტყვები.

მართალია, რომ აიკიდომ დღის სინათლე იაპონური კულტურის წიაღში იხილა. მაგრამ ტრადიციული ღირებულებები, რომელთაც აიკიდო ატარებს, სულაც არაა ექსკლუზიურად იაპონური. ის ევროპის ხალხების სულებში დასაბამიდან ცოცხლობს. შეიძლება მიძინებულია, მაგრამ მკვდარი არ არის. უთუოდ ეს იგრძნო ტადაში აბემ, როდესაც სამარისებურ სიჩუმეში განაცხადა 1976 წელს ტოკიოში FIA-ს პირველი ოფიციალური კონგრესის დროს, აიკიდოს პოვნა თუ გინდათ, ამიერიდან იაპონიაში კი აღარა, არამედ ევროპაში უნდა ეძებოთო.

თუკი აიკიდო ევროპელთა გულებში ჩაკარგულ ამ ტრადიციულ ცოდნას გამოაცოცხლებს, განა ეს არ სურდა ო-სენსეის და განა ეს ხიდი არ უნდოდა გაედო აღმოსავლეთა და დასავლეთს შორის? გულწრფელად გწამთ, რომ საკუთარი ლეგიტიმურობის პრობლემებში ჩაფლულ აიკიკაის ძალუძს ამ ვეებერთელა მოვალეობის შესრულება?

და რაც უფრო მნიშვნელოვანია, გჯერათ კი, რომ აიკიკაის მართლა უნდა ო-სენსეის ამ სურვილის ასრულება?

დღეს ყველაფერი შეცვლილია. თუ დასავლელებს უნდათ გაგება, თუ სურთ უარის თქმა თავმოყვრეობის შელახვაზე პირფერული, ლაქუცა და კერპთაყვანისმცემლური ქცევით, ბავშვებივით რომ გამწკრივდებიან ხოლმე მათი უფროსი იაპონელი ძმის მზრუნველობის წინაშე, მაშინ ისინი თავიანთ მიწაზე ააგებენ ჭეშმარიტ აიკიდოს პატივისცემითა და მოწიწებით იმის წინაშე, რაც მათ იაპონიისგან მიიღეს და, რასაკვირველია, იაპონიასთან თანამშრომლობით, მაგრამ თავისუფლებისა და სრული პასუხისმგებლობის გათვალისწინებით.

მათ ეს შეუძლიათ და მათ ეს მისია აკისრიათ. დე, ღირსეულად გაართვან თავი ამ გამოწვევას.

ფილიპ ვოარინო, 2002 წლის თებერვალი


კიშომარუ უეშიბა

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/es-chveni-kveqanaa?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)