ერთგვარი წარმოდგენა… აიკიდოს შესახებ

ეს ინტერვიუ გამოქვეყნდა ჟურნალის „აზიის ტრადიციული საბრძოლო ხელოვნებები“ N°55-ში, 2002 წლის იანვარში.

საბრძოლო ხელოვნებები: შეგიძლიათ აღგვიწეროთ თქვენი ვარჯიშები იქამდე, ვიდრე თქვენ თვითონ გახდებოდით მასწავლებელი?

ფილიპ ვოარინო: აიკიდო 1977 წელს დავიწყე ნიცის ძიუდოს კლუბში. სწორედ იქ შევხვდი პიერ შასანს, რომელიც დროდადრო ტექნიკურ დახმარებას უწევდა ბოგერს. პიერს კანის აიკი კლუბში გავყევი და ამ დროს დავიწყე ბეჯითად დასწრება ნაბუიოში ტამურას გაკვეთილებზე, ვისგანაც 1-ი და მე-2 დანები მივიღე. 1986 წლის თებერვალში საფრანგეთიდან იაპონიაში გავემგზავრე. ივამაში მორიჰირო საიტომ უჩი დეშად მიმიღო. და მომდევნო შვიდი წელი ო-სენსეის ისტორიულ დოჯოში გავატარე. მორიჰირო საიტოსაგან მივიღე მე-3, მე-4, მე-5 და მე-6 დანები, ისევე როგორც ხუთივე ტრადიციული მოკუროკუ, რაც ნამდვილი იაპონური სერტიფიკატია, აიკი კენისა და აიკი ჯოს ცოდნას ადასტურებს და უფლებას ანიჭებს მფლობელს, ასწავლოს ეს.

ს.ხ.: რა მიზეზებმა მიგიყვანათ აიკიდოში ვარჯიშის დაწყებამდე?

ფ.ვ.: იმ ღრმა მიზეზების დანახვას, რომლებმაც აიკიდოში ვარჯიშის დაწყებამდე მიმიყვანა, წლები მოვანდომე. როდესაც ადამიანი იწყებს, რასაკვირველია, მან არაფერი არ იცის. მხოლოდ ცოდნის შეძენის მოთმინებით აღსავსე პროცესში გამოიკვეთება ხოლმე ნელ-ნელა მიზეზები და მიზნები. საწყისი მოტივაციები ყველაზე ხშირად ზედაპირულია და ნამდვილი მიზეზების დაზუსტებასთან ერთად თანდათანობით ქრება ხოლმე.

ამის თქმით შემოვიფარგლები: ო-სენსეიმ გვაჩუქა ინსტრუმენტი, რომელიც ადამიანს საშუალებას აძლევს, შეიცნოს სამყარო, თანაც არა მხოლოდ ინტელექტუალურად ან სპეკულატიურად, არამედ ოპერატიულადაც და ამ საქმეში სხეული იმავე ხარისხით ერთვება, რა ხარისხითაც გონება. ესაა უმნიშვნელოვანესი. აიკიდო რეაბილიტაციას უკეთებს სხეულს, რომელიც ცოდნის შეძენის არსებით საყრდენად იქცევა ხელახლა. და ამგვარად ჩვენივე საკუთარი კულტურის დაფარულ, უხილავ კონსტანტას ვპოულობთ. იესო ამბობდა: „თუ ხორცი სულის გამო გაჩნდა, ეს სასწაულია; ხოლო თუ სული ხორცის გამო გაჩნდა, ეს უკვე სასწაულთა შორის სასწაულიაო“.

ს.ხ.: ახლა იმ მიზეზებზე მოგვითხრეთ, რომელთაც აიკიდოს სწავლებამდე მიგიყვანათ.

ფ.ვ.: რეგულარულად 1986 წლიდან ვასწავლი. საუკეთესო პასუხი მაგ შეკითხვაზე ერთ პატარა ამბავში ძევს. საიტო სენსეი დაჟინებით მოითხოვს, რომ მოწაფეებმა სრულად დაიცვან „კოტაის“ პრინციპი ვარჯიშის დროს. კოტაი არის ნელი, ზუსტი, ძლიერი და შედარებით სტატიკური სამუშაო,რომელიც ჯერ აიკიდო არ არის, მაგრამ აუცილებელია აიკიდოს საფუძვლის შესაქმნელად.

ერთ დღეს ბევრმა მოწაფემ დაარღვია ეს მითითება ვარჯიშის დროს. საიტო სენსეი განრიხდა და ასეთი აზრი გამოთქვა:

თქვენ აქ გასართობად არა ხართ. თქვენ აქ იმისთვის ხართ, რომ ისწავლოთ, როგორ გახდეთ კვალიფიციური მასწავლებელი. მე აქ თქვენი სიამოვნებისთვის კი არ გასწავლით, არამედ იმისთვის, რომ ერთ მშვენიერ დღეს თქვენ შეძლოთ ო-სენსეის აიკიდოს გადაცემა სხვებისთვის. - საიტო სენსეი

მესიჯი ნათელი იყო. აიკიდო გასართობი არ არის. ეს ადამიანის აღზრდის მეთოდია. მაგრამ ეს მეთოდი შეიძლება დაიკარგოს, თუ ზუსტად არ იქნა გადაცემული.

გარემოებებმა საშუალება მომცა, მესწავლა აიკიდო ყველაზე წმინდა წყაროსაგან, რაც კი დღეს არსებობს: ივამას დოჯოში, სადაც ო-სენსეიმ ოცდარვა წელიწადს იცხოვრა. იქვე ცხოვრობდა მორიჰირო საიტო, რომელმაც იქ მასთან ერთად ოცდახუთი წელი გაატარა. მე ბევრს ვმოგზაურობ, როგორც დასავლეთში, ისე აღმოსავლეთში. და აიკიდოს ვარჯიშისას იმ ქვეყნებში, სადაც ჩავდივარ, არ იცავენ იმ საბაზო ტექნიკას, რაც მე გადმომეცა, როგორც ფუნდამენტური რამ და რამაც საშუალება მომცა, ჩავწვდომოდი ამ ხელოვნების უდიდეს ღირებულებას.

ამ აღმოჩენამ გულგრილი ვერ დამტოვა და გადავწყვიტე, მეცადა და გადამეცა ის ცოდნა, რაც მივიღე, და არ შემენახა ჩემთვის.

ს.ხ.: რა შთაბეჭდილებები შეგექმნათ იმ სხვადასხვა ოსტატზე, რომელთა შეხვედრიხართ?

ფ.ვ.: ოსტატი სიტყვაა, რომელსაც ხანდახან იმისთვის ვხმარობ, რომ ლაპარაკი გავიადვილო, მაგრამ ეს ძალიან სახიფათო სიტყვაა და შეიძლება არასწრორ გზაზე დაგვაყენოს. ბოლომდე საქმე არავის მიუყვანია. ოსტატობა და დაუფლება ყოველთვის ხვალინდელ დღეს გულისხმობს. ერთმა ჟურნალისტმა ჰკითხა ო-სენსეის, რომელსაც ოთხმოცი წელი შესრულებოდა, რას ისურვებდით ესოდენ სავსე სიცოცხლის ბოლოსო. ო-სენსეიმ უპასუხა: „კიდევ ოთხმოცი წლის სიცოცხლეს, ეს ჩემი ხელოვნება რომ გავამუჯობესოო“. გზა არასოდეს მთავრდება, ის ჯერ კიდევ და ყოველთვის გასავლელია.

აიკიდოს გზაზე ორი კაცი მიაბიჯებს ჩვენ წინ. ესენი არ არიან ჩვენი ოსტატები, მასწავლებლები, ისინი ჩვენი მეგზურები არიან. მათ შეუძლიათ, დაგვეხმარონ, მაგრამ ვერ გადადგამენ ნაბიჯს ჩვენ მაგივრად. ადამიანი თვითონ დგამს ერთ ფეხს მეორის წინ.

მე ორი მეგზური მყოლია: პიერ შასანი და მორიჰირო საიტო. და უკიდურესად გამიმართლა, რომ ეს ორი ადამიანი ერთმანეთს ავსებდა.

მორიჰირო საიტო მოთმინებით მაჩვენებდა აიკიდოს რაციონალურობას და იმ ლოგიკურ მიზეზებს,რომელთა გარეშეც მოძრაობებს ვერ დახვეწდა ო-სენსეი ისე, როგორც დღეს არის ისინი დახვეწილი. იმ აუცილებელ მიზეზებს, რომელთა გამოც მეცინება ხოლმე, როდესაც მესმის დღესაც, რომ ო-სენსეის აიკიდო უნდა „განვითარდეს“.

რაც შეეხება პიერ შასანს, ის დამეხმარა, კავშირი დამემყარებინა ფიზიკურ პრაქტიკასა და აიკიდოს მეტაფიზიკურ განზომილებას შორის.


ვარჯიში ივამას დოჯოში.

ს.ხ.: ხმას არ იღებთ ტამურა სენსეიზე, ვისთანაც წლების განმავლობაში ვარჯიშობდით.

ფ.ვ.: საქმე ის გახლავთ, რომ ტამურა სენსეი მეგზური არ არის. ოღონდაც ეს კრიტიკა არ გეგონოთ ჩემი მხრიდან, ეს მხოლოდ გამოცდილებასა და ფაქტებზე დაყრდნობილი მოსაზრება გახლავთ და მეტი არაფერი. ერთი მაგალითით აგიხსნით.

საფრანგეთის აიკიდოსა და ბუდოს ფედერაცია, რომელიც ნობუიოში ტამურას დამქირავებელი გახლავთ, სთხოვა მას სისტემურად და თანმიმდევრულად ეტვირთა ფრანგი მასწავლებლების მომზადება. ამ უკანასკნელმა შემოთავაზებულ წინადადებაზე უარი თქვა და ეს იმით ახსნა, რომ სწავლება მხოლოდ და მხოლოდ ხალხმრავალი სემინარების ჩატარებით ერჩივნა.

რაც არ უნდა იყოს ინტერესი ხალხმრავალი სემინარების მიმართ, თუ გავითვალისწინებთ, რომ ტამურა სენსეი ნაციონალურ რანგში ტექნიური მრჩეველია, ანუ, სხვაგვარად რომ გამოვხატოთ, ფედერალური აიკიდოს ტექნიკის მიმართ ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა მას აკისრია, სამართლიანად შეიძლება დავინტერესდეთ იმ მიზეზით, რომელიც მას მასწავლებელთა სპეციფიკურ მომზადებაზე უარის თქმისკენ უბიძგებს.

ს.ხ.: არადა სწორედ მასწავლებელთა ეს კორპუსი არ არის ერთადერთი გარანტი მომავალი აიკიდოსი?

ფ.ვ.: და თუკი მეგზურისა და წინამძღოლის დანიშნულება იმათთვის ამაღლების საშუალების მიცემაა, ვინც მას კვალდაკვალ მისდევს, აქედან მარტივად გამოდის, რომ ნობუიოში ტამურას ისტორიული მისია გარშემო მყოფთა განვითარებასა და ამაღლებაზე ზრუნვა კი არა, დასავლელი პუბლიკისათვის აიკიდოს უკეთ წარმოჩენა და რეკლამირება ყოფილა. ეს კი სულ სხვა რამეა.

ტამურა სენსეის კი უკლებლივ ყველა ის თვისება აქვს, რაც ამ საქმის შესასრულებლადაა აუცილებელი. ეს არის აიკიდოს ვირტუოზი და ძალიან მიმზიდველი ადამიანი. ამგვარმა თვისებებმა, რომელთაც ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში ევროპაში იჩენდა, იგი იაპონური კულტურის უმაღლესი ხარისხის ელჩად აქცია.

თუმცა ის აიკიდოს მასწავლებელი არ არის. მისგან ჭეშმარიტი სწავლების მოლოდინი გაუგებრობას იწვევს. და იმის ფიქრი, რომ შეიძლება „მოიპარო, ჰაერში დაიჭირო ტექნიკა“ სერიოზული პედაგოგიური და მეთოდოლგიური მომზადების გარეშე, მხოლოდ და მხოლოდ ილუზიაა. ტამურა სენსეი ენთუზიაზმით ავსებს და ხიბლავს გულწრფელ მოვარჯიშეთა დიდ ჯგუფებს, მაგრამ ტამურა სენსეის ცხოვრების ბოლოს ისევ და ისევ არა ჰყავს მოწაფეები.

ს.ხ.: როგორ შეგვიძლია შევადაროთ ერთმანეთს აიკიდოს იაპონელი და დასავლელი ექსპერტები?

ფ.ვ.: აიკიდო იშვა იაპონიაში ერთი კაცის გენიალურობისა და უდრეკობის წყალობით. ეს კაცი იყო ო-სენსეი, რომელიც თითქმის ექსკლუზიურად იაპონელებს ასწავლიდა. დიდი ხნის მანძილზე იაპონელი ექსპერტები ერთადერთი მფლობელები იყვნენ ამ ცოდნისა და აიკიდოს შესწავლის ყველა მსურველის გზა მხოლოდ მათზე გადიოდა.

ო-სენსეის საპირისპიროდ, მისმა უშუალო მოწაფეებმა სწავლება პრივილეგირებულად დასავლეთის წარმომაგენლებისკენ მიმართეს:

  • კოიჩი ტოჰეი შეერთებულ შტატებში,
  • ტადაში აბე საფრანგეთში,
  • და მორიჰირო საიტომ ბევრ ქვეყანაში იმოგზაურა და ივამაში წლების განმავლობაში ასობით უცხოელი უჩი დეში მიიღო.

დოშუ კიშომარუ უეშიბას საუკეთესო მოწაფეებიც ასევე მოიქცნენ:

  • ტაფია იტალიაში,
  • ტამურა და ნორო საფრანგეთში,
  • იამადა, საოტომე და კანაი შეერთებულ შტატებში,
  • ასაი გერმანიაში,
  • ჩიბა ინგლისში...

იმ დროს, როდესაც დასავლეთში ასწავლიდნენ, ცხადია, ეს მასწავლებლები იაპონელებს არ ასწავლიდნენ. ამ სიტუაციას შედეგად ხარისხის დაცემა მოჰყვა მეორე და მესამე თაობის იაპონელ მასწავლებლებში და საპირისპირო მდგომარეობა შეიქმნა დასავლეთის კვალიფიციურ მასწავლებლებში.

დღეისთვის ყველა პირობაა თავმოყრილი საიმისოდ, რომ ევროპაში ო-სენსეის სწავლების ერთგული, მაგრამ ამა თუ იმ იაპონელი ექსპერტისაგან დამოუკიდებელი აიკიდო დაიბადოს.

ამიერიდან ჩვენ აღარ გვაქვს არავითარი საფუძველი, შევტრიალდეთ იაპონიისკენ ყოველ ჯერზე, როცა კი ავთენტურობის გარანტია დაგვჭირდება. ერთადერთი მანია, რომელიც ჯიუტად შემოგვრჩა და გვიბიძგებს ამისკენ, მითია იაპონელი ოსტატის შესახებ, რომელიც ჯერ კიდევ ხშირად გვაბრმავებს და გვაიძულებს, ბავშვებივით ვიმოქმედოთ.

ამის თქმით მე სულ არ ვგულისხმობ, რომ იაპონიასთან ყველა ხიდი უნდა მოიჭრას, პირიქითაც კი. უნდა გაგრძელდეს იაპონელი მასწავლებლების მოწვევა ევროპაში, მაგრამ ცოდნის გაცვლისა და თანამშრომლობის სულისკევეთებით, თანასწორობის საფუძველზე და აღარ უნდა ვიყოთ მათზე ისეთივე დამოკიდებულები, როგორც ეს წინათ იყო.

ს.ხ.: ორგანიზაცია თაკემუსუ Aიკი Iნტერცონტინენტალ იზიარებს ამ სურვილს, შექმნას დამოუკიდებელი ევროპული აიკიდო?

ფ.ვ.: ზუსტადაც. T.A.I-ს აქვს ერთადერთი მიზანი – ევროპასა და მსოფლიოში შექმნას ყველაზე ხელსაყრელი პირობები მომავალ თაობას გადასცეს ო-სენსეის აიკიდო, ო-სენსეის მთელი აიკიდო, ერთადერთი აიკიდო – ჩემი აზრით.

ეს არის საერთაშორისო ასოციაცია, რომელიც ინდივიდებს აერთიანებს. ის სრულიად დამოუკიდებლად გასცემს საკუთარ საერთაშორისო ხარისხებს გამოცდის შედეგად, რომელიც ძალიან სცილდება კითხვა-პასუხის კლასიკურ სქემას, რაც ჩვენი ხელოვნების მოთხოვნებს საერთოდ არ ერგება.

T.A.I საგანგებო ძალისხმევას ხვალინდელი აიკიდოს, ანუ მასწავლებელთა მომზადებისკენ მიმართავს და მუშაობს აიკიდოს მასწავლებლის ევროპული დიპლომის შემუშავებაზე, რომელიც საერთოევროპულ მოთხოვნებთან იქნება შესაბამისობაში.

მიუხედავად იმისა, რომ T.A.I-ს ზოგიერთი წევრი ჩემსავით უჩი დეშად იყო ივამაში, ორგანიზაცია სრულიად დამოუკიდებელია ნებისმიერი მიმდინარეობისაგან და თავისუფალია ნებისმიერი კუთვნილებისაგან.

ტაკემუსუ „სტილის“ აღმნიშვნელი სიტყვა არ არის, ტაკემუსუ ო-სენსეის აიკიდოს აღმნიშვნელი სიტყვაა. ეს არის ბრძმედი, სადაც უნდა დასრულდეს და გამოდნეს აიკიდოს კვლევის სხვადასხვა გზები. T.A.I არის სრულიად გახსნილი და უდოგმებო ასოციაცია, თუ არ ჩავთვლით კანონთა იმ სკრუპულოზურ დაცვას, რამაც ო-სენსეის საშუალება მისცა აიკიდო შეექმნა.

ს.ხ.: გამდლობთ, ფილიპ ვოარინო, თქვენი პასუხებისთვის. ხომ არ გნებავთ, რამე დაუმატოთ ზემოთთქმულს?

ფ.ვ.: მე ვიცი, რა პრეტენზიებიც არსებობს ჩემ მიმართ. ბრალს მდებენ იმაში, რომ მრავალ პოლემიკას ვუდებ სათავეს.

მინდა ვთქვა, რომ აიკიდოს ისტორიასთან დაკავშირებული ფაქტების გამომზეურება არ ნიშნავს, რომ მე პატივისცემა მაკლია ამ ისტორიის მომქმედი პირების მიმართ. უნდა გქონდეს გამბედაობა და არ დაიბრმაო თავი ჭეშმარიტების ზოგიერთი ელემენტის წინაშე.

დაე, შეამოწმონ და დარწმუნდნენ, რომ ყველაფერს მართალს ვამბობ! მე სხვა რამე არ მინდა. ზოგიერთ მითს სქელი კანი აქვს. ჩვენ ჩვენს მასწავლებლებს სიყვარულით შევცქერით. მაგრამ სიყვარული ვერ გაამართლებს აიკიდოს ისტორიის მიჩქმალვას ათასგზის გადამოწმებული ფაქტების დავიწყებით ან დეფორმაციით.

თუ მაინც უნდა მომაკერონ რამე ტყუილი იარლიყი, მაინც ათასჯერ მირჩევნია ხატთმგმობობა, ვიდრე კერპთაყვანისმცემლობა.

გმადლობთ, რომ აზრის გამოხატვის საშუალება მომეცით.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/ertgvari-carmodgena-aikidos-shesaxeb?language=fr
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)