დრაკონზე ამხედრება

კარგად რომ დავუკვირდეთ, აიკიდოს ფუძემდებელი ისევე ახლოა ჩვენთან, როგორც რომელიმე უკიდურესი ჩრდილოეთის მკვიდრი. ვარსკვლავთშორისი სივრცე იმ სიტყვებსა, რომელსაც იგი ამბობს „ბუდოში“, თავისი ხელოვნებისადმი მიძღვნილ ერთადერთ ტექნიკურ წიგნში, და რომელიმე დამწყების დონეს შორის ამ უზარმაზარი სიმდიდრის შემცველ წიგნს სრულიად უსარგებლოს ხდის აიკიდოს საბაზო ტექნიკის ათვისების საქმეში.

რატომ არ გამოიყენა მორიჰეი უეშიბამ ეს შემთხვევა სწავლების მეთოდის საჩვენებლად, რაც ყველას, ვინც ამ გზას მის კვალდაკვალ დაადგა, ბევრი უთავბოლო და გზააბნეული ხეტიალისგან იხსნიდა? რამე რთული ამოცანა იყო ეს მისთვის?

პრობლემა სხვაგანაა, რადგან ამგვარი სამუშაოს სირთულე არ უკავშირდება მხოლოდ იმ ადამიანის უნარებს, ვინც აკეთებს ამას. ვნახოთ, რატომ.

პლატონმა ადამიანი განსაზღვრა, როგორც ორფეხა, უბალნო არსება. ცინიკოსმა დიოგენემ მაშინ მამალი გაპუტა და ფილოსოფოსის მოწაფეების წინ ისროლა ამ სიტყვებით: „აი ადამიანი პლატონის მიხედვითო!“. გაკვეთილივით უნდა გვახსოვნეს, რომ ყველა განსაზღვრება არასრულია და რეალობას გარკვეულად ამცირებს.

ჰოდა იგივე ხდება აიკიდოშიც. ყოველგვარი პედაგოგიკა შემოფარგლულია. როგორი ღირებულიც არ უნდა იყოს სწავლების მეთოდი, ის მაინც ყოველთვის საგანთა ერთ ასპექტს ითვალისწინებს. და ვინც პირველად დგამს ფეხს აიკიდოს ტატამიზე, მას არა აქვს წინ სწორი და განათებული გზა, რაც მის მართებულ განვითარებას უზრუნველყოფდა.

ზოგადად ცნობილია, რომ გარკვეული ილეთები, როგორებიცაა იკიო და შიჰო ნაგე, ან კიდევ ნიკიო და კოტე გაეში, ერთმანეთის შემავსებლებია. და ამგვარ კავშირებზე პედაგოგიკის აგება დიდი ცდუნებაა, რადგან ეს სწავლის იმ რაციონალურ ჩარჩოებში მოქცევას ნიშნავს, რომელიც ადამიანურ ლოგიკას მოსწონს. ასეთ ცდუდებას წავაწყდებით ორმოცდაათიანი წლების პიონერების, ტადაში აბესა და ჟან ზენის ნაშრომებში. ზემოთ ნახსენები ილეთები იქ მონათესავეობის პრინციპითაა დალაგებული, შესაბამისად - იკაჯო და ნიკაჯო.

ეს კლასიფიცირება სულაც არაა გაუმართლებელი, რადგან ის ბრუნვის მიმართულებებს შორის არსებულ სიმეტრიაზე დაფუძნებულ ტექნიკათა რეალურობას ითვალისწინებს. იკაჯოს შემთხვევაში კავშირი უკეს იდაყვზე ბრუნვითი სახის მოქმედებაში ძევს, რაც, ერთი მხრივ იკიოთი ბოლოვდება, ხოლო საპირისპირო მხარეს - შიჰო ნაგეს ტექნიკით. ნიკაჯოსთვის მიმართება ამავე ბუნებისაა, თუმცა ამჯერად ზემოქმედების მდებარეობა მაჯასთანაა და, ბრუნვის მიმართულების მიხედვით, ან ნიკიოა, ან კოტე გაეში.

როგორი საფუძვლიანიც არ უნდა იყოს კავშირი, ერთი მხრივ, იკიოსა და შიჰო ნაგეს შორის და, მეორე მხრივ, ნიკიოსა და კოტე გაეშს შორის, მათი სიახლოვე ამ კუთხით რეალობის მაინც მხოლოდ ერთ წახნაგს ასახავს. რადგან მოძრაობის ბრუნვის მიმართულებათა სიმეტრია არ ქმნის სხვა ისეთსავე მნიშვნელოვან შესაბამისობებს, როგორიცაა, მაგალითად, კავშირი იკიოსა და ირიმი ნაგეს შორის გადაადგილების თვალსაზრისით.

ამიტომ ირიმი ნაგეს ამოღებით იკაჯოს კატეგორიიდან და გოკაჯოს კატეგორიაში მისი გადატანით, არასრული სისტემა იქმნება. ეს სისტემა ჭეშმარიტების ერთ ნაწილს ჩრდილში აქცევს, ანდა, თუ გნებავთ, ორი ჭეშმარიტებიდან ერთს ირჩევს. რადგან სხეულის მუშაობა და გადაადგილება ირიმი ნაგეთი გდების დროს და იკითი ჩაყვანის დროს ზედმიწევნით მსგავსია. საქმის ამ ასპექტის გათვალისწინებით ასევე გამართლებული იქნებოდა ამ ორი ილეთის ერთმანეთთან დაახლოება სწავლებისა და პედაგოგიკის თვალსაზრისით. ხოლო მათი დაცალკევება და იკაჯოსა და გოკაჯოს კატეგორიებში მოთავსება უსამართლო და არასწორი ხდება.

შევადაროთ ახლა ირიმი ნაგე და კოტე გაეში. გდების დროს ფეხების გადაადგილების თვალსაზრისით ჩანს, რომ ეს ორი ილეთიც ერთმანეთის იდენტურია. გამოდის, მათი დაცალკევებაც ნიკაჯოსა და გოკაჯოს კატეგორიებში მოთავსებით ასევე უსამართლო და არასწორია.

მაგარამ თუკი იკიო, კოტე გაეში და ირიმი ნაგე გადაადგილების პრინციპით ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული ილეთებია, მაშინ რატომ არ შევქმნათ ახალი კატეგორია, რომელიც ამ სამ ილეთს გააერთიანებდა?

ამგვარი კატეგორია გამართლებული იქნებოდა ამ სამი ილეთის ფუნდამენტური ნათესაობით გადაადგილების იდენტურობის კუთხით და ყველაფერი გადაიფარებოდა იკაჯო-ნიკაჯო-გოკაჯოთი. ეს საშუალებას მოგვცემდა იკაჯოს კატეგორიის ნაკლოვანებები შეგვევსო. თუმცა ისიც არასრული იქნებოდა, რადგანაც ამ ნათესაობის მიღმა დარჩებოდა სხვა ისეთი მოძრაობების მსგავსება, როგორებიცაა შიჰო ნაგესი, კოტე გაეშისა და ირიმი ნაგესი ამჯერად სამი სხვა ასპექტით - წონასწორობიდან გამოყვანის კუთხე, გდების სპირალი და სივრცეში უკეს დაცემის ადგილი, რაც ასევე კონსტანტებია.

ხომ არ უნდა შეგვექმნა მაშინ მესამე კატეგორია, რომელიც პირველ ორს გადაფარავდა, შემდეგ მეოთხე, მერე მეხუთე... და სად მივალთ ასე?

რაც შეეხება კატეგორია სანკაჯოს, ის ისეთ მონათესავე მოძრაობებს აერთიანებს, როგორებიცაა სანკიო და კაიტენ ნაგე. ამასთან ყურადღება მივაქციოთ, რომ ტრიალი ამჯერად იმავე მხარესაა, მაშინ როდესაც იკაჯოსა და ნიკაჯოს შემთხვევაში ის სიმეტრიულია. მოძრაობები უჩი კაიტენ სანკიო და უჩი კაიტენ ნაგე მონათესავეები იმითაა, რომ იდენტურებია (გდებას თუ არ ჩავთვლით) და არა სიმეტრიულები. მაშასადამე სანკაჯო არ არის ნიკაჯოს გაგრძელება, ის არის კატეგორია, რომლიც შინაგანი წესიც განსხვავდება წინა ორისაგან. ეს მოცემულობა, ცხადია, გათვალისწინებულ უნდა იქნეს, მაგრამ ეს პრობლემას წარმოადგენს თავისთავად.

უფრო სერიოზული ის ფაქტია, რომ ეს კატეგორია ვერ წარმოაჩენს ისეთივე მნიშვნელოვან კავშირს, როგორიც უჩი კაიტენ ნაგესა და შიჰო ნაგეს შორის არსებობს (რაც უკუგდებულია იკაჯოს კატეგორიაში). არადა როდესაც ტორი გიაკუ ჰანმიდან უჩი კაიტენ ნაგეს აკეთებს თუ აი ჰანმიდან შიჰო ნაგე ომოტეს, ის ორჯერ ზუსტად ერთსა და იმავე მოძრაობას ასრულებს ფეხებით, ხელებით და სხეულის მთელი ერთიანობით.

ამ თვალსაზრისით შიჰო ნაგესა და უჩი კაიტენ ნაგეს ძალიან ბევრი საერთო აქვს, რაც სრულიად უგილებელყოფილია, თუკი მათ სხვადასხვა, იკაჯოსა და სანკაჯოს კატეგორიებში მოვათავსებთ.

თუმცა, სიმართლე ითქვას, ბევრად უხერხული აქ ის ამბავი უფროა, რომ ამ კატეგორიათაგან ვერც ერთი ვერ წარმოაჩენს კავშირს, რომელიც შიჰო ნაგესა და უჩი კაიტენ ნაგესა აქვს ჰაპო გირისთან - ხმლის მოძრაობასთან, რომელიც იმავე თვისებისაა, რა თვისებაც თავისი საერთო წარმოშობით (იჩი გენ) ამ მოძრაობათა კომპლექსში მონაწილეობს. არადიფერენცირებული ერთიანობა იმ ფორმათა ოჯახებს უდებს სათავეს, როგორებიცაა შიჰო ნაგე, უჩი კაიტენ ნაგე და ჰაპო გირი, რაც „იარაღი-შიშველი ხელის“ დაპირისპირებას სცდება და გვიჩვენებს, თუ რარიგ არ არის საშური ამგვარი დაყოფა. კატეგორიათა საზღვრებს გადაცილებული კავშირები თითქმის უხილავი ხდება, როგორც კი სხვადასხვა კატეგორიებიდან გამოვყოფთ, ამ კატეგორიებს კი სწავლის სხვადასხვა სფეროდან გამოვყოფთ: ერთი მხრივ ტაი ჯიცუს და მეორე მხრივ ბუკი ვაზას. დიდი ილუზიაა ის აზრი, რომ „აიკიდოს იარაღის“ სწავლა „აიკიდოს შიშველი ხელის ტექნიკისაგან“ დამოუკიდებლად შეიძლება. ეს ორი გამოთქმა აზრს მოკლებული ხდება, როდესაც მათ ცალ-ცალკე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იღებენ. რადგან მათი ჭეშმარიტება მხოლოდ მათ ერთიანობაში არსებობს და ესაა სრულყოფილი.

კაჯოს კატეგორიათა ეს მიმოხილვა არასრული იქნებოდა ერთი ბოლო შენიშვნის გარეშე. იკიოს, ნიკიოს, სანკიოს, იონკიოსა და გოკიოს კლასიფიცირება ხუთ სხვადასხვა კატეგორიად არ გვაძლევს საშუალებას, გავითვალისწინოთ ღრმა კავშირები ამ ხუთ „ტექნიკას“ შორის, რომლებიც თანამიმდევრული ნიშნებით წესრიგდებიან იდენტური გადაადგილებისაგან წარმოქმნილი ერთი კონცენტრული სპირალის გარშემო. ამ კონცენტრული სპირალის თვალსაზრისით - იმ გაგებით, თუკი გვინდა ის თვალნათლივ გამოვაჩინოთ და სხვასაც გავაგებინოთ - დინების აღმა ცურვას წააგავს ამ ხუთი ტექნიკის ხუთ სხვადასხვა კატეგორიად დაყოფა, რაც დამწყებს აფიქრებინებს, ხუთი განსხვავებული მოძრაობა ყოფილაო, მაშინ როცა სინამდვილეში აქ ლაპარაკია ერთადერთ მოძრაობაზე, რომელსაც განსხვავებული მხოლოდ ფინალური ფორმები აქვს.

ამ წერტილამდე რაკი მოვაღწიეთ, ჩემი სიტყვები ცუდად რომ არ გაიგონ, გავიმეორებ, რომ კატეგორიები იკიო, ნიკიო, სანკიო, იონკიო და გოკიო გამართლებულია და ფრიად სახარბიელოც არის იმ მიმართებების გამო, რომელთაც ისინი წარმოგვიჩენენ სხვადასხვა სახით. თუმცა ზემოთ მოხმობილი მაგალითების შუქზე ნათლად ჩანს, რომ პედაგოგიური მეთოდების აგებას კატეგორიებად დაყოფამდე მივყავართ და რომ ეს დაყოფა გვაიძულებს ტექნიკათა დაახლოების კრიტერიუმებს შორის არჩევანი გავაკეთოთ. ეს არჩევანი შეიძლება სამართლიანიც იყოს და სასარგებლოც, მაგრამ ის აუცილებლად სხვა, ასევე მნიშვნელოვანი კრიტერიუმების უგულებელყოფის ხარჯზე ხორციელდება და მოვარჯიშეს არც ისე მცირე საფრთხეს უქმნის იმისა, რომ ის არ მოსწყდეს აიკიდოს რეალობას და უარი არა თქვას შემოთავაზებულ პედაგოგიურ მეთოდზე.

პედაგოგიკის სირთულე ის კი არ არის, როგორი სიმარჯვითა და მოხერხებით შევიმუშავებთ მუშაობის მეთოდებს, არამედ თვით აიკიდოს ბუნება, რაც ყველაფერს მოიცავს, ცოცხალი ერთიანობასავითაა, რომელშიც ყველა ეს ელემენტი თანაარსებობს ურთიერთდამოკიდებულების კავშირებით, როგორც რომელიმე ორგანიზმში, რომელშიც თითოეული ნაწილი ყველასგან დამოუკიდებლად ვერ იმართება. ნებისმიერი პედაგოგიური არჩევანი გარდაუვლად ამარტივებს ამ რეალობას და ზოგჯერ ისე გარდაქმნის კიდეც მას, რომ ცნობა შეუძლებელი ხდება.

ამიერიდან შეუძლებელია დაინტერესდე აიკიდოს იარაღებით და მაშინვე ვერ შენიშნო, რომ ეს სადაო გამოთქმა უკვე ერთგვარი პედაგოგიური არჩევანია. ასწავლო ერთი საათის განმავლობაში აიკიდოს შიშველი ხელის ტექნიკა და მერე ერთი საათი აიკი კენი ან აიკი ჯო, არაა ბუნებრივი რამ, ეს უკვე მუშაობის მეთოდია. და ეს მეთოდი, ისევე როგორც ყველა მეთოდი, უბრალოდ ყურადღების მიღმა ტოვებს საგანთა სიღრმისეულ რეალობას.

ჰაპო გირის შემთხვევაში ვნახეთ, თუ რა მიმართება შეიძლება აერთიანებდეს აიკიდოში ხმლის ტექნიკასა და სხეულის ტექნიკას. იგივე მიმართებები არსებობს შუბის ტექნიკებისთვისაც.

მაგრამ თუ მასწავლებელი კუმიჯოებს ასწავლის სერიის სახით, დამწყები ამგვარად წარმოდგენილ სავარჯიშოებში მხოლოდ ჯოს ხმარების ასათვისებლად სასარგებლო „ორთაბრძოლის“ გარდა ძნელად თუ დაინახავს რასმე. ამგვარად მიწოდებულ ვიწრო ჩარჩოებში ის ამ სავარჯიშოს სხვას ვერაფერს ვერ დაუკავშირებს. სწორხაზოვანი გაგება პირდაპირი შედეგია მისთვის შეთავაზებული პედაგოგიური მეთოდისა.

ოღონდ, მე აქ არ ვამბობ, ამგვარი სწავლება უსარგებლოა-მეთქი, პირიქით, აუცილებელიც კია. უბრალოდ, მინდა ყურადღება გავამახვილოთ იმაზე, რომ ცოდნის გადაცემა პედაგოგიკის წინასწარ ფიქსირებულ საზღვრებში ექცევა ყოველთვის. ეს აუცილებლობაა და არაა დამოკიდებული იმ ტექნიკურ დონეზე, რომელიც მასწავლებელს შეიძლება ჰქონდეს სწავლების დროს, რაც სულ სხვა რამაა.

თუკი მასწავლებელს არ უნდა, რომ თავისი მოწაფეები რომელიმე კონვენციური სავარჯიშოს სტერილური გამეორებების (გარკვეული ნიშნულის შემდეგ) ჩარჩოებში მოაქციოს, ერთ მშვენიერ დღეს მან აუცილებლად უნდა მიატოვოს საწყისი პედაგოგიური ჩარჩოს ეს ხელოვნული სფერო და აიკიდოს რთულ რეალობაში შეაბიჯოს.

მაგალითად, უნდა აჩვენოს, თუ როგორ არ განსხვავდება არაფრით მეექვსე კუმიჯოს მოძრაობა ტაიჯიცუს ილეთებისაგან, როგორიცაა იკიო ომოტე კატა დორიდან ან მუნა დორიდან და რით არ განსხვავდებიან თავისთავად ეს ტექნიკები ჯოს სუბურისაგან, სახელად კატატე ჰაჩი ნო ჯი გაეში, ანდა იმ ერთ-ერთი კოკიუ ნაგესაგან, რომელიც ჯო დორის დროს სრულდება. უნდა აჩვენოს ის საერთო წამოშობაც, რომელიც შესაძლებელს ხდის ამგვარ მიმართებებს. უნდა გაუხსნას გონება მოწაფეებს ნათესაური კავშირებისა და ოჯახის დასანახად, რითიც ჩანს, რომ აიკიდო რაღაც უბრალო და უბადრუკი „ჰობი“ არ არის, როგორც ცდილობს მთელი ძალით ამის წარმოჩენას ჩვენი სპორტის სამინისტრო. ასწლოვანი მუხის ტოტებზე გაზრდილი სულ პატარა ფოთოლიცა და მსხვილი, დიდებული მერქანიც ერთი მარცვლიდან არის წარმოქმნილი. მთელი ამ უზარმაზრი ხის განვითარება საწყისი თავიდან ერთ პატარა რკოში იყო მოქცეული და ხის თითოეული ნაწილი - რაკი ამ პრინციპით დაიწყო ყველაფერი - დანათესავებულია ყველა სხვა დანარჩენთან.

თუ მოწაფე თანდათანობით არ შევაფხიზლეთ და არ შევახედეთ ო-სენსეის ხელოვნების გულის სიღრმეში, ბოლოს იფიქრებს, აიკიდო მთლიანად შემოთავაზებულ და ჩემგან გათავისებულ პედაგოგიურ მეთოდში მდგომარეობსო. ვერ გაიგებს, რომ ეს მხოლოდ ინსტრუმენტია მის ხელთ. რა მომავალი ექნებოდა მეავეჯეს, რომელიც შალაშინს უკვე გაშალაშინებული ფიცრისთვის აიღებდა ხელში?

ყველა მეთოდის თანმხლები საშიშროების შესახებ გაკეთებული ამ გაფრთხილების შემდეგ არ მინდა, რომ ვინმემ ცუდად გაიგოს და უარი თქვას აიკიდოს საბაზო ტექნიკის შესწავლისთვის გამიზნული რომელიმე პედაგოგიური მეთოდის შემუშავებაზე. ბოლოს და ბოლოს რაღაცით ხომ უნდა დაიწყოს ახალმოსულმა და, სამწუხაროდ, ხშირად ისე ვერ ხდება, რომ თითოეულ მოწაფეს თითო მასწავლებელი ედგეს ზურგსუკან, როგორც ეს უნდა ხდებოდეს ოსტატისაგან მოწაფისთვის ცოდნის გადაცემის შემთხვევაში. დღეს ჩვენ ფედერაციები გვაქვს. კარგები, საშუალები, მნიშვნელობა არა აქვს, ისინი ყველანი ცოდნის გადაცემის პრობლემის წინაშე დგანან. სხვა გზა არა აქვთ, უნდა შეიმუშაონ სასწავლო და საგამოცდო პროგრამები. ეს საკრიტიკო არ არის და ამ თვალსაზრისით უნდა ვაცალოთ მათ მუშაობა. თუმცაღა ორი პირობით.

პირველი პირობაა, რომ ტექნიკური პროგრამები არ უნდა იქნეს შეთავაზებული, როგორც აიკიდო, არამედ ის, რაც სინამდვილეშია: სწავლისთვის აუცილებელი ბოროტება.

მეორე პირობაა, რომ მასწავლებლები ფორმირებული უნდა იყვნენ ისე, რომ შეეძლოთ მოვარჯიშე არ მიატოვონ მარადიული და გამოუვალი სწავლის ანაბარა, შეეძლოთ, როცა დრო დადგება, შეუყენონ ის აიკიდოს ჭეშმარიტ გზას, და ამისთვის საწყისი სასკოლო წესები დაარღვიონ.

მე კი არა, თვითონ ო-სენსეი გვიჩვენებდა ამ გზას:

ბუნ ვა მატა ომოტე ნი ტატერუ სონო ტოკი ვა მიტავა ვა ცურუგი იუროზუ ნიჩიბიკუ

როცა სწავლა ზედმეტი ხდება,
აცალეთ მოძრაობის წარმართვა თქვენს გულს, რომელიც ცეცხლივით იჭრება თქვენს სულსა და სხეულში.

მორიჰეი უეშიბა, დოკა 65

არ მინდა, ასე დავასრულო და არა ვთქვა ხმამაღლა, რომ ეს გზა რომელიმე კატალოგით სწავლის სრულიად საწინააღმდეგოა. კატალოგი მკვდარი და უსიცოცხლო რამაა. რაგინდ დახვეწილი იყოს ის, მაინც ვერ მიგვიყვანს აიკიდოს მიერ შემოთავაზებულ თავისუფლებამდე. ყველა კატალოგი, თუ ის შესაბამისი სიფრთხილით არაა შედგენილი, ბოლოს მცოდნე მაიმუნის შექმნის გარდა სხვა ვერანაირ შედეგს ვერ გამოიღებს. აიკიდო, რომელსაც საგამოცდო ფურცლებზე ვხედავთ, აიკიდო აღარაა, ის სისხლისგან დაცლილი დიდაქტიკა და გამომშრალ-გამომხმარი სიძველეა მუზეუმის ვიტრინის მიღმა.

შეიძლება გულუბრყვილოა ჩემი მოთხოვნა, რომ ფედერაციათა ტექნიკაზე პასუხისმგებელ პირებს ეს უმთავრესი პრობლემა უნდა ესმოდეთ: რატომ არ დაარქვა ო-სენსეიმ სახელი არც ერთ მოძრაობას, რომელსაც თვითონ ასრულებდა? უნდა დავუფიქრდეთ ამას. დღეს ჩვენს ხელთ არსებული ტექნიკური ტერმინები არ არის მისეული. სხვებმა, მის შემდეგ მოიგონეს ისინი. რატომ? განა ფუძემდებელს, ვინც ეზოთერულ პოემებს თხზავდა და თითქმის მთელი ცხოვრება შინტოისტური მითოლოგიის შესწავლას მიუძღვნა, არ შეეძლო რამდენიმე უბრალო სახელი მაინც მოეგონებინა თავისი ილეთებისთვის? რატომ არ გააკეთა ეს? და ნამდვილი შეკითხვაც სწორედ აქ ჩნდება: განგებ ხომ არ მოიქცა ასე? ამ შეკითხვას ვერ ავიცილებთ თავიდან, გვინდა-არგვინდა მოგვიწევს პასუხის გაცემა.

მაგრამ თუ კითხვა ვიცით, ო-სენსეი თავად წერს პასუხს:

შინ ნო ბუ ვა ფუდე ია კუჩი ნივა სუბეკარასუ კოტობურე ნასება კამი ვა იურუსაზუ.

ნაწერები და სიტყვები არ გვაახლოებენ ჭეშმარიტ მიზანთან; ღმერთები არ გვაძლევენ ნებას, რომ სიტყვებს უკან ამოვეფაროთ.

მორიჰეი უეშიბა, დოკა 8

ო-სენსეი მარტო არ იყო ისტორიაში, ვინც ასე ფიქრობდა. ეს აზრი ბევრად უფრო ძველია. არქული კელტური კულტურა უდამწერლობოდ განვითარდა. დრუიდებმა უარი თქვეს თავიანთი ცოდნის ჩაწერაზე. ჩაწერა, როგორც ჩანს, გარკვეულ სამყაროთა კარებს ახშობს. აიკიდოში ჩაწერა ნაწილებად შლის წყლისა და ცეცხლის ერთიანობისაგან შობილ ცოცხალ მოძრაობას და დამღლელი ტექნიკური მარვცლოვანი დამწერლობა შემოჰყავს, რომელსაც სიცოცხლის ნიშან-წყალიც არ ეტყობა. ამ ჭაობში მოვარჯიშე მარტოა და არ უნდა დაკარგოს რწმენა.

სიცოცხლისა და თავისუფლებისაკენ მავალი გზა მაშინ იხსნება, როდესაც ადეპტი ხედავს იმას, რისი დანახვაც ნეოფიტს არ შეუძლია. როდესაც აიკიდოს ილეთების ფორმათა ხილული განსხვავებების მიღმა ის შეამჩევს, თუ რა ქმნის მათ საერთო ძირს, თუ რა აკავშირებს მათ, თუ რა აცოცხლებს და რა შთაბერავს მათ სულს, თუ რა იწვევს იმას, რომ ბოლოს და ბოლოს ხედავ, როგორ აღარ არის ისინი ცალკეული ილეთები. სწორედ ეს აზრი მიგვიყვანს იქამდე, რომ დავივიწყებთ ყველა ილეთს, ყველა კატალოგს, ყველა მეთოდს, რომ მხოლოდ ის კავშირები გვახსოვდეს, რომლებიც ამ ფორმებს აერთიანებს. სწორედ ესაა დრაკონზე, კოსმიური გველზე ამხედრება, რომელიც ცასა და დედამიწას აკავშირებს, ანდა მორიჰეი უეშიბას სიტყვები რომ მოვიშველიოთ: „ცის მოტივტივე ხიდზე დავდგეთ“.

ფილიპ ვოარინო, ვალბერგი, 2010 წლის 25 დეკემბერი

ილუსტრაცია: კენინჯი კიოტოს ტაძრის დრაკონი


კენინჯი კიოტოს ტაძრის დრაკონი

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Friday, 24 ნოემბერი, 2017, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/drakonze-amxedreba
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)