აიკიდო და ვიტრუვიუსის მამაკაცი #7

აიკის ილეთებს ერთი მნიშვნელობა აქვს. — მორიჰეი უეშიბა, ‘ტაკემუსუ აიკი’, ტომი III, გვ. 65, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი.

ისე ვერ განვიხილავ იმ თემას, რომელიც ახლა ჩვენი შესწავლის საგანია, კიდევ ერთხელ რომ არ მივაგო პატივი ტანაკა ბანსენს და მისი ნააზრევი რომ არ მოვიშველიო, როგორც ეს უკვე გავაკეთეთ #21 et #23 კაჯოების შემთხვევაში.

ამ კვლევისას უკვე ვაჩვენეთ, რომ ვიტრუვიუსის მამაკაცის მიერ ნაკარნახევი 23°-იანი კუთხე ერთადერთია – მათემატიკური მიზეზებით – რომელსაც ადამიანის სხეულის მოძრაობის დაწყება ძალუძს, რომელიც სამყაროს მოძრაობასთან გეომეტრიულადაა დაკავშირებული და რომელიც მოქმედების პრინციპს ემორჩილება. ავიღოთ ახლა ტრანსპორტირი და ტანაკა ბანსენის მომცრო ნახატზე ნაჩვენები კუთხე გავზომოთ, რომელიც მის წიგნშია, სახელად აიკიდო შინზუი (აიკიდოს არსი):

23°… კიდევ ერთხელ.

ტანაკა ბანსენი მორიჰეი უეშიბას მოწაფე 1936 წლიდან, ანუ მეორე მსოფლიო ომამდე კარგა ხნით ადრიდანვე იყო. მასთანვე ისწავლა 1969 წელს ო-სენსეის გარდაცვალებამდე და, განსაკუთრებით აღსანიშნავია ის, რომ ოსაკაზე წელიწადნახევრის განმავლობაში თავის სახლში შეიფარა 1950-იანი წლების დასაწყისში. მაშასადამე ძალიან ახლოს იყო ფუძემდებელთან იმ დროს, როდესაც ეს უკანასკნელი უკვე ფლობდა თავის სიმწიფემიღწეულ აიკიდოს. სწორედ ასე მიიღო ტანაკა ბანსენმა ის სწავლება, რომელმაც მას გზა გაუხსნა საიდუმლო თუ არა, ყოველ შემთხვევაში, დაფარული ცოდნისკენ მაინც. 23°-იანი კუთხე ამის ერთ-ერთი ნაწილია.

არანაირი შემთხვევითობა არ არის იმაში, რომ ტანაკა ბანსენის ნახატი იმავეზე მეტყველებდეს, რაზეც ლეონარდო და ვინჩისა. ცოდნა, რაზეც აქაა ლაპარაკი, სამყაროს ერთ-ერთი კანონია, რომელიც თანამედროვეობამ დავიწყებას მისცა და რომლის კვალიც ისტრორიულ პერიოდს სცდება და კაცობრიობის დამარხული ცოდნის ფსკერზე ძევს. შესანიშნავია, რომ აიკიდო საშუალებას გვაძლევს, ის ისევ მზის შუქზე გამოვიტანოთ. თუმცა არც უნდა გაგვიკვირდეს, რადგან აიკიდოც იმავე საგანძურს მიეკუთვნება.

ტანაკა ბანსენის ჩანახატი შეიძლება უკეს წონასწორობიდან გამოყვანის მიმართულების მაჩვენებლად მივიჩნიოთ – რაც, გარკვეულწილად ასეცაა – მაგრამ თვალნათლივი საგნები ხშირად სხვა რაღაცეებს ფარავს, რაც ამის გამო ძნელად დასანახი ხდება. მართლაც, უკე და ტორი ერთია და თუ უკე წონასწორობას კარგავს 23°-იან კუთხეზე, ეს სინამდვილეში იმიტომ ხდება, რომ ტორი ასრულებს თავის მოძრაობას 23°-იანი ბრუნით და ამგვარად მიჰყავს უკე ამ კუთხით. უკე რომ 23°-იანი კუთხით კარგავს წონასწორობას, ეს სხვა არაფერია, თუ არა ტორის 23°-იანი ხრახვნის შედეგი.

ტანაკა ბანსენის ნახატი, რომელიც ერთი შეხედვით თითქოს მხოლოდ უკეს წონასწორობის კარგვაზე ამახვილებს ყურადღებას, გამოდის, რეალობის ბევრად უფრო სიღრმისეულ რამეს გვიმხელს, რაც იმ კუთხის ზომაში გამოიხატება, რომელზეც ტორის სხეული უნდა დატრიალდეს გდების ან კონტროლის მომენტში: 23°. ირიმი ნაგე შესანიშნავი თვალსაჩინოებაა იმ კავშირისა, რომელიც ამგვარად ტორისა და უკეს შორის მყარდება:

23°-იანი კუთხე – გარდა იმ ორი ჭრილისა, სადაც ის უკვე აღვწერეთ – ტრიალის დროსაც გამოიყენება.

ვმ # 4-ში მართლაც ვნახეთ, რომ 23°-იანი კუთხე ერთადერთია, რომელიც სხეულის ვერტიკალურ ღერძს (ხერხემალს, უფრო ფიზიკური გამოხატულება თუ გვინდა) ხელის გავლით წრეწირთან აკავშირებს და რომ – სწორედ ამ მიზეზით – ხელით მიწოლის შემთხვევაში აუცილებლად უნდა დავიცვათ ეს კუთხე ილეთთა შესრულებისას. თორემ ჰიტო-ე-მის სამკუთხედი ვეღარ გადაიქცევა წრედ:

მაშასადამე 23°-იანი კუთხე, როგორც ამას წინათ ავხსენით, ზეაღმართვის ჭრილში მიიღება.

ბოლოს კი, ვმ #6-ში ამ ნახაზამდე მივედით:

თან უკვე ახსნილი გვაქვს, თუ რატომ ჩნდება 23°-იანი კუთხე მიმართულებათა ჭრილში.

წინამავალ არგუმენტაციაზე დაყრდნობით შემდეგი რამ შეგვიძლია დავწეროთ.

აიკიდოს ყველა მოძრაობაში 23°-იანი კუთხე სივრცის სამივე განზომილებაშია დაცული:

  1. ბრუნვისას (სიგანეში)
  2. ზეაღმართვისას (სიმაღლეში)
  3. მიმართულებაში (სიღრმეში)

აქ ძალაუნებურად ჩემი მასწავლებელი მორიჰირო საიტო მახსენდება. როდესაც ივამაში იკიოს ვაკეთებდით, თითქოს ჩაქუჩით გვიჭედავდა თავში, იმდენს გვიმეორებდა ლიტანიასავით:

იგივე ბრუნვა ერთდროულად სამ რამეს წარმოშობს:

  • წინა ტერფის გახსნა (ჰიტო-ე-მი)
  • წინა ხელის დარტყმა
  • უკანა ხელით მიწოლა

თითქოს უნდოდა, რომ ყველაფრისდა მიუხედავად და ზედმეტი მკაფიოობის გარეშე, მაინც დაეტოვებინა კვალი იმისა, რაც საპოვნელია.

აღფრთოვანებით მივდივართ იმ დასკვნამდე, რომ აიკიდოში მოვარჯიშე მოძრაობისას ამას აკეთებს მიმართებით, რომელიც მას კოსმოსის მოძრაობასთან ანათესავებს. გავიხსენოთ, რომ მართლაც, მთვარე – დედამიწის გარშემო ბრუნვისას – ჩვენს პლანეტის დახრილობას 23°-იანი კუთხით აჩერებს და ამგვარად ეკლიპტიკის სიბრტყეს განსაზღვრავს ამავე კუთხით.

თან სწორედ აქაა ყველაზე შესანიშნავი, რომ ადამიანის მოქმედება, რომელიც გეომეტრიულ კავშირშია კოსმოსთან, თვით ბუნების მიერ განსაზღვრული პროპორციების აუცილებლობათაგან გამომდინარე ხორციელდება, პროპორციებისა, რომელთა დანახვისა და გაგების საშუალება ლეონარდო და ვინჩის ამ არაჩვეულებრივმა ნახატმა მოგვცა.

ადამიანი მიკროკოსმოსია, გეომეტრიით თვლად კავშირში მაკროკოსმოსთან და ამიერიდან ვეღარ მოვისვრით ნაგვის ყუთში აზრს, რომელსაც აიკიდოს ფუძემდებელი მეტაფორის სახით გამოხატავდა. არა, ის გამოთქვამდა ჭეშმარიტებას, რომელის ჩვენებაც შეიძლება, და რეალობას, როცა აცხადებდა:

სამყარო და ადამიანის სხეული ერთი და იგივეა. ვისაც ეს არ ესმის, ის ვერც აიკის გაიგებს. იმიტომ, რომ აიკი სამყაროს ერთიანობის მოძრაობიდან მომდინარეობს. — ო-სენსეი მორიჰეი უეშიბა, ‘ტაკემუსუ აიკი’, ტომი III, გვ. 83, სენაკლის გამოცემა, საფრანგეთი.

ჩვენ აქამდე არ გვესმოდა, რომ ის ამას კონკრეტულად ამბობდა, მორჩა და გათავდა.

რისი დამტკიცებაც გვევალებოდა

PS :
ბოლო კვირების განმავლობაში, როცა თვალი ვიტრუვიუსის მამაკაცისკენ მქონდა მიშვერილი, არაერთხელ დამიჭერია მისი მზერა და დასასრულ მინდა შევნიშნო ის, რაც შეიძლება სცილდება კიდეც აიკიდოს საზღვრებს და რაც ჩემამდე უთუოდ სხვებსაც დაუნახავთ. მიუხედავად ყველაფრისა, მაინც გამოვთქვამ:

ან შეიძლება ეს განსხვავება ერთი პერსონაჟის ორი სახეა, როგორც ჰერმესს გამოსახავდნენ ოდესღაც ორი სახით, ვითარცა ცოცხალთა მეგზურს და ვითარცა გარდაცვლილთა მეგზურს.

ფილიპ ვოარინო, 2013 წლის 21 სექტემბერი.

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aikido-da-vitruviusis-mamakaci-7
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)