აიკი კენი #8 – ო-სენსეის ირიმი – 1-ლი ნაწილი

ტექნიკური დოსიე, რომელიც აქ იწყება, უთუოდ ყველაზე რთულია იმათ შორის, რომელთაც ოდესმე შევხებივარ. რამდენიმე ნაწილი დამჭირდება, საქმეს კარგად რომ გავუძღვე.

ყველაზე სადაოც, გარკვეული თვალსაზრისით, „საიტოს მეთოდ“-ზე უფრო სადაოც კი. ყველანაირი სიმართლე არ არის კარგი სათქმელი და გარკვეულ მიზეზებს სამართლიანად შეიძლებოდა გადაეფიქრებინა ჩემთვის ამის დაწერა.

ო-სენსეის ნამდვილი გადაადგილების სამზეოზე გამოტანა, ახსნა და ჩვენება იმისა, რომ ირიმის მისეულ ტექნიკას არაფერი აქვს საერთო იმასთან, რაც თანამედროვე აიკიდოს სხვადასხვა მიმდინარეობებში კეთდება, მართლაც უაღრესად დამაბნეველი ინფორმაციაა იმ მოვარჯიშეთათვის, რომელთაგან ძალიან ცოტაა მზად ამის მისაღებად. დიდი შანსია, რომ ამგვარი ინფორმაცია ყველაზე კარგ შემთხვევაში უსარგებლოდ მიიჩნიონ – რასაც მეხსიერების იმ უჯრაში ჩაუძახებენ, რომელსაც აღარასდროს გამოაღებენ – ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი საშიშად, იმდენად, რამდენადაც მას შეუძლია სრულად არიოს პრაქტიკა, რომელიც საკმარისად მყარ ბაზებზე არ არის დაფუძნებული.

მეორე მხრივ, შემდეგი შეკითხვა ჩნდება: რა აზრი აქვს, ცხოვრება მიუძღვნა ადამიანმა კომპეტენციის შეძენას აიკიდოს შესწავლის კონვენციურ ფორმაში, რაც ბევრ რამეში სრულად ეწინააღმდეგება ო-სენსეი მუშაობას, თუკი არასდროს დატოვებ პედაგოგიური მიზნებისათვის შექმნილ ამ ხელოვნულ ჩარჩოს? რა აზრი აქვს ყოველ დღე ესალმო ფუძემდებლის პორტრეტს კამიზასთან, თუკი მთელი ცხოვრების მანძილზე მისგან სრულიად განსხვავებულ რამეს აკეთებ?

ეს, ცხადია, არ ეხებათ იმათ, ვინც გულწრფელობას იჩენს იმ ფენომენში რომელიც ფართოდ სცდება ამ ინდივიდთა მასშტაბს. მაგრამ მე ვერ დავიჯერებ იმათ გულწრფელობას, რომელთაც ო-სენსეისთვის ყურის გდებას ანებეს თავი და ამასთან უნდათ გვაფიქრებინონ, რომ მათ გააუმჯობესეს აიკიდო… ამგვარი პარანოია კი იმაზე მეტადაა გავრცელებული, ვიდრე ჩვენ წარმოგვიდგენია.

შემდეგ მოსაზრებას დავუმატებ: ო-სენსეიმ აიკიდო იქიდან ამოიღო, სადაც ის იდო, მან საფლავიდან ამოთხარა ცოდნა, რომელიც იმავე ხნისაა, რა ხნისაც თავად კაცობრიობა, მაგრამ ეს განძი მყიფეა და ვერავინ იტყვის, ის კვლავაც ვერ დაიკარგებაო. პირიქით, ყველაფერი გვაფიქრებინებს, რომ თანამედროვე აიკიდოს „სპორტულ ბუდოდ“ – სადატერუ არიკავას გამონათქვამია – ტრანსფორმაცია დეგრადაციისა და დავიწყების პროცესის დასაწყისია.

ასეთ დროს დგება იმის პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ხედავს ამ პროცესს და ვინც მის სათავესაც ამჩნევს. მდუმარედ და გულხელდაკრეფილმა უყუროს, როგორ უბრუნდება აიკიდოს სასწაულები იმ სამარეს, საიდანაც ო-სენსეიმ ამოიღო? ეს არ არის ჩემი არჩევანი, რადგაბ მგონია, რომ თავად ო-სენსეიმაც აირჩია მსოფლიოსთვის გაეცნო ის ჭეშმარიტება, რომელსაც თვითონ მიაგნო. და მეც მასავით ვფიქრობ, რომ ამიერიდან აღარ უნდა დარჩეს ეს დამალული,

რამეთუ არა არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს და არცა საიდუმლოჲ რომელი არა საცნაურ იყოს. — მარკოზი, 4, 22

ყველაფრი ერთი ფოტოსურათით დაიწყო. აი ამ ფოტოთი, რომელიც ჩემმა მეგობარმა ჟაკ დიუპუემ მაჩუქა 1980-იანი წლების ბოლოს. იმხანად ახალგაზრდა მასწავლებელს აიკიდოს ჩემი პირველი დოჯო მქონდა ახლად გახსნილი:

აიკიდოს ფუძემდებლის გაეში ძუკი მორიჰირო საიტოს წინააღმდეგ, ივამას დოჯოში. საოცარად სიმბოლური იყო ჩემთვის. ახლად დაბრუნებული ვიყავი ივამადან, სადაც საიტო სენსეიმ ერთიმეორის მიყოლებით გამიქარწყლა წინა ათი წლის მანძილზე ნაგროვები წარმოდგენები აიკიდოს შესახებ. კიდევ ერთხელ გმადლობ, ჟაკ, ამ ყურადღებისთვის. არ ვიცი, საიდან გქონდა შენ ეს, მაგრამ იმხანად კიდევ უფრო მეტად არ ვიცოდი, სადამე მიმიყვანდა მე ეს და სადამდე წაიყვანდა ყველას მათ, ვინც დამთანხმდება და მხედველობაში მიიღებს იმას, რის ახსნასაც ახლა შევეცდები.

ჩარჩოში ჩასმულ ამ ფოტოს წლების განმავლობაში საპატიო ადგილი ეკავა იმ დოჯოების კამიზასთან, სადაც მე ვასწავლიდი. მახსოვს საიტო სენსეის მხიარული ღიმილი, როდესაც მან ეს 1989 წელს ანტიბში, ჩემს დოჯოში აღმოაჩინა: „ფურუი შაშინ“-ო, ასე თქვა. კი, ძველი სურათი, ფოტო, რომლის ამოღებაც შეუძლებელი გახდა დამცავი მინიდან, რადგან წლების მერე ბრიუსელის ერთ-ერთ დოჯოში, სადაც წვიმა ჩამოდიოდა, წყალი შევიდა შიგნით.
თუმცა პრობლემატური ფოტოც ამასთან.

რამდენადაც ბედნიერი ვიყავი იმით, რასაც მიდასტურებდა ფოტო, იმდენად უბედური გახლდით ო-სენსეი ტერფების პოზიციის ხილვისას. ეს პოზიცია დაუჯერებელი იყო, ხატმებრძოლური, ის არაფერს არ შეესაბამებოდა, რაც ივამაში მქონდა ნასწავლი: განზე გაზიდული ტერფებით, მოქმედების საპირისპიროდ მიმართული, არავითარი შეცნობადი ჰანმი ან ჰიტო ე მი. ახსნას ვერ ვპოულობდი. იმდენად იყო გასაგები, რამდენად გასაგებიც კითხვის ნიშნის წერტილია. და ბოლოს ის ვქენი, რასაც ზოგადად ასეთ შემთხვევებში შვრებიან: შევწყვიტე ამაზე ფიქრი და პრობლემაც ასე გადავჭერი. ფოტო კამიზასთან დავტოვე, მაგრამ აღარ ვუყურებდი ო-სენსეი ტერფების სრულიად დაუჯერებელ პოზიციას, რომელიც ინტერპრეტირების იმედის ნიშან-წყალსაც კი არ იძლეოდა. შეცნობის ჟამი ჯერ არ დამდგარიყო.

ო-სენსეისა და საიტო სენსეის ამ ფოტოს დანახვა ქვედა ფოტოს – რომელიც დღეს ასევე ძველი ფოტოა – უკანა პლანზეც შეიძლება, სადაც მე მორიჰირო საიტოს შომენ უჩიკომოთ ვუტევ. ის ზუსტად შუაში, საიტო სენსეისა და ჩემ შორისაა შემაერთებელი ხაზივითაა, ან განსხვავებასავით, ან სიმბოლოსავით, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის დღეს ესაა:

მე ყოველთვის მიყვარდა 1989 წელს ფრანსის დრუაკურის გადაღებული ეს ფოტო. მეჩვენება, რომ ჰავაიზე ტამურასთან ერთად გადაღბულ ო-სენსეის ცნობილ ტაჩი დორის ფოტოს მსგავსია:

მსგავსი, ზუსტი სიტყვაა. არა იდენტური… მიუხედავად იმისა, რომ დიდხანს ვერ ვხედავდი, რით იყო ეს ორი ფოტო ერთმანეთისგან ფუნდამენტურად განსხვავებული. ჩვენ ბრმები ვართ სინამდვილეში, ჩვენ მხოლოდ იმის დანახვა შეგვიძლია, რისი დანახვის საშუალებასაც მოცემულ მომენტში გაგების ჩვენი დონე გვაძლევს.

ის ამბავი, რომ ერთი მარცხნიდანაა გადაღებული და მეორე მარჯვნიდან, ცხადია, არაა მთავარი სხვაობა. არც ტაიმინგშია განსხვავება, რადგან თვალნათლივ ჩაბს, რომ შეტევისა და ტექნიკის ერთი და იგივე მომენტია ორგანვე ასახული:

არა, განსხვავება იმაშია, რომ ორივე ფოტოზე, ორივე შემთხვევაში სწორედაც ტორის მარცხენა ფეხია წინ და ეს მაშინ, როცა ერთ შემთხვევაში ტორი ნარჯვნივ გადის, მეორეში კი მარცხენა მხარეს. გამოდის, წესით, ტერფების პოზიციები ურთიერთსაპირისპირო უნდა ყოფილიყო.

უცნაური შემთხვევა თუ პირველი მტკიცებულება ფუძემდებლის ნამდვილი გადაადგილების ძიების გზაზე?

რამდენი დრო დამჭირდა ამის დასანახად! ვგულისხმობ, რამდენი დრო დამჭირდა მართლა დასანახად, ანუ სწავლებაში გამოსაყენებლად! მართლაც, მალე ვნახავთ, რომ ო-სენსეის პოზიცია შომენ უჩიკომზე ამ შესვლის დროს მჭიდრო კავშირშია მის პოზიციასთან ჯოს მიმართ, გაეში ძუკით საიტოს წინააღმდეგ, რომელიც საიდუმლოდ რჩებოდა ჩემთვის დიდი ხნის განმავლობაში. და აქედან ავუყვებით წითელ ძაფს, რომელიც მორიჰეი უეშიბას ირიმის გაგებამდე მიგვიყვანს. რადგან ერთი უმთავრესი რამ არ უნდა დაიკარგოს მხედველობიდან: ბოლოს და ბოლოს ო-სენსეისეული ირიმი ერთადერთია, რომელიც შეიძლება და რომელიც უნდა იყოს ავტორიტეტული ყველა იმ მეთოდის მიღმა, რომლებიც ფუძემდებლის გარდაცვალების შემდეგ გაჩნდა, დაწყებული ყველაზე უფრო სერიოზულებითა და ახლომყოფებიდან, დამთავრებული ყველაზე უფრო მიდებულ-მოდებულებითა და დაშორებულებით.

უეშიბამ აიკიდო მიიყვანა იქ, სადაც სხვას არავის მიუყვანია და ატარა იმ გზით, სადაც შეიძლება არავის დაუდგამს ფეხი. და ჩვენ უკვე მოვიხმეთ ფუძემდებლის ეს საშინელი ფრაზა:

თუ პატივს არავინ დამდებს და არ შემოტრიალდება ჩემკენ, არ მეყოლება თანამგზავრი. ― მორიჰეი უეშიბა, 'ტაკემუსუ აიკი', ტომი III, გვ. 54, სენაკლის გამომცემლობა, საფრანგეთი

ძალ-ღონეს არ დავიშურებთ, რომ ო-სენსეი არ დარჩეს უთანამგზავროდ. და სინამდვილეში ჩვენ გხვდება წილად ბედნიერება და ჩვენ ვიკისრებთ ამ მოვალეობას.

ფილიპ ვოარინოს მომდევნო სემინარი: Saturday, 28 ივლისი, 2018, BTAF National Course, Lutterworth, England

რუბრიკები

რა არის ტრადიციული აიკიდო?


აიკიდო სპორტი არ არის, ეს საბრძოლო ხელოვნებაა, რომლის კანონებიც (ტაკემუსუ) ჰარმონიაშია სამყაროს კანონებთან. ამ კანონების შესწავლა ეხმარება ადამიანს, მიხვდეს, სადაა მისი ადგილი ამ სამყაროში აიკიდო დაიბადა ივამაში, ო-სენსეიმ ამ სოფელში ტაი ჯიცუს, აიკი კენისა და აიკი ჯოს სინთეზი განახორციელა.

სად ვივარჯიშოთ ტრადიციული აიკიდო?


ტაკემუსუ აიკიდოს საერთაშორისო ფედერაცია (ITAF) მოვარჯიშეს უქმნის სტრუქტურას, რომელიც საშუალებას მისცემს, მუშაობისას არ დაშორდეს აიკიოდოს დამფუძნებლის, მორიჰეი უეშიბას მიერ განსაზღვრულ რეალობას. მისი ოფიციალური ადგილობრივი წარმომადგენლობები დამფუძნებლის მიერ ნაანდერძევი სწავლების სიზუსტეს უზრუნველყოფენ..

აიკიდოში ხმარებული იარაღი, აიკი კენი და აიკი ჯო


თანამედროვე აიკიდოში იარაღი ნაკლებად ან საერთოდ არ ისწავლება. ო-სენსეის აიკიდოში კი პირიქით, აიკი კენი, აიკი ჯო და ტაი ჯიცუ ერთიანობაში ქმნის ისეთ კავშირს, რომელსაც ეწოდება რიაი, ერთ პრინციპზე დამყარებული ჰარმონიული ილეთების ოჯახი. აქ თითოეული ილეთი ყველა სხვა ილეთის გაგებაში ეხმარება.

აიკიდო ბრძოლის ხელოვნებაა თუ მშვიდობისა?


მშვიდობა ადამიანის წონასწორობაა გარესამყაროსთან. ჭეშმარიტი საბრძოლო ხელოვნების მიზანი ის კი არაა, რომ მოწინააღმდეგეზე უფრო ძლიერი გახდე, არამედ იპოვო მეტოქეში საშუალება ამ ჰარმონიის რეალიზებისა, ასეთ შემთხვევაში აღარ არსებობს მტერი, როგორც ასეთი. ასეთ დროს იგი გაძლევს საშუალებას ერთიან კის მიაღწიო.

http://www.aikidotakemusu.org/ka/articles/aiki-keni-8-o-senseis-irimi-1-li-nacili?language=en
Copyright TAI (Takemusu Aikido Intercontinental)